Print

ბოლო ჟამის გადმოსახედიდან, ანუ - მაცხოვრის სამი სამოსის საკითხისათვის

ბოლო ჟამში შესაცნობი ნიშანთაგანი

 

მაცხოვრის ჯვარცმისეული მონაკვეთის შეცნობის გზაზე, უფალ იესუ ქრისტეს - სამოსელის თემას, თავისებური, გამორჩეული ადგილი უკავია. განკაცებული უფლის მიწიური ცხოვრების უკანასკნელი დღის მანძილზე, მაცხოვრის სამოსელთან დაკავშირებით, სახარება - სამი სახის ინფორმაციას იძლევა.

ოთხივე სახარება გვაუწყებს, რომ მღვდელმთავრებს ხუთშაბათ საღამოს შეპყრობილი იესუ, პარასკევ დილას უკვე პილატესთან მიჰყავთ.

მათეს, მარკოზისა და იოანეს სახარებათა მიხედვით ვგებულობთ, რომ პილატესთან მიყვანილ იესუს თავდაპირველად მეწამული სამოსით შემოსავენ, ხოლო მისი ჯვარზე გაკვრის გადაწყვეტილების მიღების შემდგომად კვლავ თავის სამოსელს აცმევენ უფალს:

„1. მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი. 2. და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას. 3. და მოვიდიან მისა და ეტყჳედ მას: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს ყურიმალსა. 4. გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოე. 5. გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა იგი გჳრგჳნი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი!“ [იოანე 19,1-5].

მოგვიანებით - „...როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მათე 27,31; იგივე იხ. მარკ. 15,20].

ლუკას სახარებაში დამატებით ისიც გვეუწყება, რომ, მასთან მიყვანილი იესუს შესახებ, პილატემ - „...როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში იერუსალიმში იყო“ [ლუკა 23,7].

სახარებაში იქვე ვკითხულობთ - „ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო იესუ და მასხრად აიგდო იგი; და შემოსა ბრწყინვალე სამოსით, და უკანვე გაუგზავნა პილატეს“ [ლუკა 23,11].

ლუკას სახარების მიხედვით - პილატე, სწორედ ამის შემდგომად იღებს იესუსათვის ჯვარზე გაკვრის გადაწყვეტილებას.

ამდენად, ოთხივე სახარების ამ მონაკვეთის მთლიანობაში გააზრების შემდგომად, მოვლენათა განვითარების ასეთი თანამიმდევრობითი სურათი იკვეთება:

1. მღვდელმთავრებს, შეპყრობილი იესუ პარასკევ დილით - პილატესთან მიჰყავთ;

2. პილატე, გაიგებს რა რომ იესუ გალილეველიაო, ცდილობს თავიდან აიცილოს მისაღები გადაწყვეტილება და გალილეის მთავარს - ჰეროდეს უგზავნის იესუს: „ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო იესუ და მასხრად აიგდო იგი; და შემოსა ბრწყინვალე სამოსით, და უკანვე გაუგზავნა პილატეს“ [ლუკა 23,11];

3. „ბრწყინვალე სამოსით“ შემოსილი იესუ მიჰყავთ პილატესთან - „მაშინ პილატემ წაიყვანა იესუ და გააშოლტვინა. ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეულით შემოსეს იგი“ [იოანე 19,1-2].

მათეს სახარებისეული მინიშნება, რომ მაცხოვარს - „ტანთ გახადეს, და შემოსეს მეწამული ქლამიდით“ [მათე 27,28], გვაფიქრებინებს გამოვთქვათ ვარაუდი, რომ აქ - ჯარისკაცების მიერ, იესუსთვის, მანამდე ჰეროდესგან უკვე „ბოძებულ“ - „ბრწყინვალე სამოსლის“ გახდაზეა საუბარი.

4. უგუნურმა ბრბომ [ჯარისკაცებმა...] „ძოწეულით შემოსილ“ მაცხოვარს - „...დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ! და თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ, და მუხლმოყრილნი, თაყვანს სცემდნენ მას. და როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მარ. 15,18-20].

5. ჯვარზე გაკრული მაცხოვრისა და მისი სამოსელის თაობაზე ოთხივე სახარებაში ასეთი ინფორმაციაა დაცული:

„და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ [მათე 27,25];

„და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს“ [მარკ. 15,24];

„ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი“ [ლუკა 23,34];

„და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს [იოანე 19,23-24].

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პარასკევის დილიდან მოყოლებული ვიდრე ჯვარცმამდე, უფალ იესუ ქრისტეს:

1. ჯერ ჰეროდესთან შემოსავენ „ბრწყინვალე სამოსით“ [ლუკა 23,11];

2. შემდეგ პილატესთან მიყვანილს - „ტანთ გახადეს, და შემოსეს მეწამული ქლამიდით[მათე 27,28];

3. ხოლო - „... როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მარ. 15,20].

მას ასე, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთათვის ამოსაცნობი ეს მინიშნება, რომელიც უდავოდ დროისმიერ ასპექტზე უნდა გვითითებდეს, ასეთი რიგითობით ხასიათდება: „თავისი სამოსი“ – „ბრწყინვალე სამოსი“ – „მეწამული ქლამიდი“ – „კვლავ თავისი სამოსი“.

დღეისათვის მხოლოდ ამ ინფირმაციის თქვენამდე მოტანით შემოვიფარგლებით. და ვინაიდან - „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლ. 3,1], თუ ღმერთის ნება იქნება, ამ მინიშნებათა ბოლო ჟამისმიერი კუთხით გააზრების თაობაზე, სწორედ „თავის დროზე“ [გაცხადებისდა კვალობაზე], ვისაუბრებთ.

ამჯერად კი, ჩვენი წინამდებარე საუბარი, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის (ველიმიროვიჩი) მიერ: „იერუსალიმში - ქრისტეს სამი სამოსის შესახებ“ გამოთქმული მოსაზრების შემოთავაზებით გვინდა დავასრულოთ.

 

 

 

წმინდა მღვდელმთავარი

ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

„ქრისტეს სამი სამოსის შესახებ“

 

ქრისტეს სამი სამოსის შესახებ მეკითხები: მათ შესახებ, რომლითაც უფალი იყო შემოსილი თავისი მიწიერი მსახურების განმავლობაში, და მათ შესახებ, რომლითაც ორგზის გარდამოსეს დიდ პარასკევს, ჯვარცმამდე რამოდენიმე საათით ადრე:

1. რისთვის შემოსა იგი ჰეროდემ თეთრი სამოსით?

2. რისთვის შემოსა პილატემ იგი მეწამულით?

3. რისთვის ჩააცვეს სასიკვდილო მსჯავრის აღმსრულებლებმა ქრისტეს მისი საკუთარი სამოსელი?

ყველაფერი, რაც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ჟამს ხდებოდა ღრმა აზრითაა სავსე. ყველაფერი ამხელს ამა თუ იმ ჭეშმარიტებას და ხალხისათვის ჭკუის სწავლებას ემსახურება. დარიგებათა ნაწილი უშუალოა და გასაგები, სხვანი იდუმალნი და ხატოვანი არიან და განმარტებას საჭიროებენ. ქრისტეს სამ სხვადასხვა სამოსში გარდამოსვა ამ უკანასკნელს განეკუთვნება.

მეწამული: მეწამული ფერის სამოსელი - ეს რომაელ მეფეთა სამოსელია.

როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა. ამიტომ შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად, რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა.

პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდნენ რომაელთა და მსოფლიოს სხვა დანარჩენი სამეფოები.

უწმინდური მეფე ჰეროდე ელოდა, რომ ქრისტე მის წინაშე სასწაულს აღასრულებდა, მაგრამ არა გულმოწყალებისა და კაცთმოყვარების სასწაულს მოელოდა იგი, არამედ - სასწაულს ბაზრისა, ცნობისმოყვარეთათვის სასეიროს. მის წინაშე კი ამ დროს ქვეყნიერების ზურგზე უდიდესი სასწაული იყო, - უცოდველი და წმიდა ადამიანი. სრულიად განსხვავებული მისგან - გვარის წამბილწველისაგან, უფლის ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის მკვლელისაგან.

ვფიქრობ, რომ ესავის ამ უწმინდურ შთამომავალს შეეძლო, დაეჯერებინა ნებისმიერი სასწაული დედამიწის ზერგზე, მაგრამ არასოდეს - სასწაული ადამიანის სიწმიდისა და უცოდველობისა. მის წინაშე კი სწორედ ეს უდიდესი და დაუჯერებელი სასწაული იდგა. თუმცაღა, უსულოსა და უწმინდურს არ შეეძლო მისი დანახვა. ისევე, როგორც პილატეს, სიცრუესა და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაფლულს, როდესაც უცქერდა ჭეშმარიტებას, არ შეეძლო ჭეშმარიტების დანახვა, ასევე ჰეროდეს, ცოდვის შავი ქერქით დაბრმავებულს, როცა შესცქეროდა უბიწოებას, არ შეეძლო უბიწოების დანახვა.

საკუთარ მოლოდინში გაწბილებულმა ჰეროდემ ქრისტე თეთრ სამოსელში შემოსა. მაგრამ თეთრი ფერი - სიწმინდისა და უბიწოების ფერია. წაგიკითხავს, რომ უფლის ანგელოზნი, წმიდანი და უცოდველნი, თეთრი სამოსელით ეცხადებოდნენ (იხ. იოან. 20,12). ასე რომ, წყეულმა ჰეროდემ ქრისტე თავის, და სხვა მრავალ ცოდვილთა, მსგავსად მიიჩნია და იგი თეთრი სამოსელით შემოსა. და ისევე, როგორც პილატეს ჯარისკაცებმა დაცინვით აღიარეს უფალი მეფედ, ჰეროდემაც აღიარა იგი უბიწო ადამიანად. ანუ, პირველ და მეორე შემთხვევაშიც, ქრისტე თავის მოძულეთა მიერ აღიარებული და გამოცხადებული იყო - თუნდაც უნებურად და შეუცნობლად - იმად, ვინც სინამდვილეში იყო.

დასასრულ, ჯვარცმის წინ უფალი საკუთარი სამოსელით შემოსეს, ეს ის სამოსია, რომელიც მას ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობელმა მოუქსოვა. ის კვართი, რომელშიც იგი მიწაზე დააბიჯებღა და რომელზეც გოლგოთაზე ჯარისკაცებმა წილი იყარეს (იხ. მათ. 27,25).

განა ვერ ხედავ ყოველივე ამაში უდიდეს ჭკუის სასწავლებელს ჩვენთვის?

ადამიანებს საკუთარი წარმოდგენებით გამოაქვთ ჩვენს შესახებ კეთილი ან უკეთური დასკვნები, საკუთარი წარმოდგენებით განსჯიან ან აქებენ.

განა არ გვანან ეს შეფასებანი სხვადასხვა სამოსელს?

ჩვენ ხან ბრძენის კვართით გვმოსავენ, ხანაც მასხარის ძონძებით. ხან გმირობის პორფირით მოგვკაზმავენ, ხანაც მცონარების კონკებს გადაგვაფენენ. და ყველა ეს სამოსელი იცვლება ადმიანურ სამსჯავროს ცვალებადობასა და მერყეობასთან ერთად. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თითოეული ჩვენთაგანი, განკითხვის ჟამს თავისი ჭეშმარიტი სახით და საკუთარი სამოსელით წარსდგება... [„მისიონერული წერილები“ (წერილი 57)].

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!