Print

სულიერ-ფიზიკური აღდგომის საკითხისათვის

აღდგომის მომლოდინე

ბოლო ჟამში მაცხოვრებელთ და ბოლო ჟამის თემატიკით დაინტერესებული მკითხველისათვის!!!

 

შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ [თეზისურად] გამოვთქვა ჩემი შეხედულება, მასზედ, რის თაობაზეც [ვრცლად] არაერთხელ გვისაუბრია...

ბოლო ჟამის დროთა მდინარება ერთ მთლიანობაში კრავს ყველაფერ იმას, რასაც პირობითად - „სამოთხიდან - სამოთხემდე“ არსებული გზასავალი ჰქვია.

უზენაესი ძალის მიერ, თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი ორი არსისაგან შედგება:

1. სული და

2. სხეული.

აქედან, პირველი, ანუ სული - უკვდავია და მარადიული...  ცოდვით დაცემისა გამო სამოთხიდან გამოძევებული, უკვდავი სულის მატარებელი ადამის მოდგმა - მოკვდავი სხეულით აღიჭურვა...

აქედან მოყოლებული, სამოთხისეული არსისაგან განსხვავებით, სამოთხის გარეთ მყოფი ადამის მოდგმის სიცოცხლისეულ ყოფას - უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის ერთად ყოფნა განაპირობებს;

შესაბამისად, სიკვდილი - ამ უკვდავი სულისა და მოკვდავი სხეულის განშორების შემდგომად დგება...

უკვდავ სულს განშორებული მოკვდავი სხეული, ვითარცა მიწის მტვერისაგან შექმნილი, კვლავ მიწას უბრუნდება. უფლის განკაცებამდე, ცოდვით დაცემის გამო სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმის უკვდავი სული, თავის სხეულთან განშორების შემდგომად ეშმაკის ხელში ხვდებოდა...

მაცხოვრის მოვლინებამდე, მთელს დედამიწაზე ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებელნი მხოლოდ ებრაელები იყვნენ... დანარჩენი კაცობრიობა, გამონაკლისის გარეშე - კერპთაყვანისმცემელი იყო.

მესიის, ანუ მხსნელის მომლოდინე და დამპყრობელთა ხელში მოხვედრილი ებრაელი ერი - ფიზიკური ტყვეობისაგან განთავისუფლებას ელოდა... ამიტომაც ვერ შეიცნეს მათ წიაღში მოვლენილი უფლის მთავარი მისია: უფლის პირველი მოსვლის [გაცხადების] არსი - ადამიანის სხეულში მყოფი თვალით უხილავი სულის ხსნაში მდგომარეობდა...

უფალმა იესუ ქრისტემ, თავისი: განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით, ცოდვის ტვირთისაგან განთავისუფლებით, დაიხსნა - ეშმაკის კლანჭებში მოხვედრილი [თუ ამისათვის განკუთვნილი] ადამის მოდგმის უკვდავი სული...

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მობრძანების [გაცხადების] არსი - თანდაყოლილი ცოდვის, ანუ ხრწნადი სხეულის ტყვეობისაგან განთავისუფლებაში მდგომარეობს. განკითხვის დღეგამოვლილი ადამის მოდგმა, მიწიური საქმიანობის შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, თავის მარადიულ სამყოფელში განმწესდება:

1. უკვდავი სულის მქონე ადამის მოდგმის ნაწილი - მარადიულ სხეულს შეიძენს და სასუფევლის შვილებად წოდების ღირსნი გახდებიან;

2. ცოდვის სიმძიმით დატვირთული - უკვდავი სულის მქონე ადამის მოდგმის მეორე ნაწილი, თავის მარადიულ სამყოფელს ჯოჯოხეთის ტყვეობაში ჰპოვებს...

როგორც ითქვა - მაცხოვრის განკაცებამდე, მთელს დედამიწაზე ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებელნი მხოლოდ ებრაელები იყვნენ... შესაბამისად:

- ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთიდან მომდინარე სიტყვის ჩამწერი, მხოლოდ ამ ერთი ღმერთის მაღიარებელი ერი შეიძლებოდა ყოფილიყო, და [სულიწმინდის კარნახით] სწორედ მათი შედგენილია ძველი აღთქმის წიგნები...

- ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებელი ერის წიაღი გახლდათ ის ერთადერთი ადგილი, ცოდვის მორევში მყოფი კაცობრიობისა, სადაც უნდა შობილიყო ამ ჭეშმარიტი უზენაესი ძალის მიერ მოვლენილი ძე - უფალი იესუ ქრისტე...

- ამიტომ, ახალი აღთქმის წიგნები [სულიწმინდის კარნახით] მათი შედგენილია, რომლებიც თან ახლდნენ და ისმენდნენ განკაცებული უფლის მოძღვრებას...

ამ ორი წიგნის კრებული, ანუ - ბიბლია, არის კიდეც ის მთავარი [და ამ მხრივაც ერთადერთი] გზამკვლევი, რომელმაც კვლავ სამოთხეში უნდა დააბრუნოს, გადარჩენის მოიმედე [და ღირსქმნილი], ადამის მოდგმა.

ბიბლიურ და, დღეისათვის ჩვენთვის ცნობილ, სხვა წერილობით ძეგლებზე დაყრდნობით, მათდა გასაგონად, ვისაც ყური სასმენლად აქვს, კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხდოთ, რომ:

საქართველო არის - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლისწინა, ანუ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ძირითადი ადგილი;

შესაბამისად, ქართული ენის ღვთისგან ბოძებული მისიაა -  გამოიკვლიოს და დაამოწმოს - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადება...

ებრაელმა ერმა, თავისი მისია - მის წიაღში ეშვა უფალი, ღვთის წყალობით, წარმატებით აღასრულა...

იმედს ვიტოვებთ, რომ ღვთის წყალობის მოიმედე ქართველი ერი და ქართული ენა, უზენაესი ძალის მიერ დადგენილი განგებულების ძალით, ასევე წარმატებით გაართმევს თავს მის წინაშე მდგარი [ზემოთხსენებული] უმძიმესი [და უმთავრესი] მისიის შესრულებას...

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2013 წ. 28 აპრილი

ბზობა, ანუ იერუსალიმში უფლის

დიდებით შესვლის აღნიშვნის ბრწყინვალე დღესასწაული.