Print

2013 წ. 27 ოქტომბრის მისტერია - მესამე ნაწილი

2. უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადება,

ანუ განკითხვის დღის დადგომა

უფალი იესუ ქრისტე, მეორედ მისი მოსვლის თაობაზე, ასე გვაუწყებს:

„და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით, და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე, და შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი, და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ“ [მათე 25,31-33];

და იქვე ამატებს, რომ ამ დიადი მოვლენის ასრულების - „... ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“-ო [მათე 24,36].

ბიბლია, აღნიშნული მოვლენის, ანუ უფლის გამოჩინების თაობაზე, ასე გვმოძღვრავს -   „...მოვა, რომ ელაპარაკოს მათ. ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. ცოცხალთ [ბოლო ჟამში მცხოვრებთ] დააყენებს მათ სამსჯავროში [აქ - განკითხვის დღეზეა მინიშნება] და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ.

მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი“ [3 ეზრა 12,32-34].

ამდენად -„განკითხვის დღე“, თავად არის - „დასასრული“, რომლის დადგომის ზუსტი დროის შესახებ, თურმე - „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36]. 

ბიბლიისეული სწავლებით, უშუალოდ „განკითხვის დღე“ ასეა განმარტებული:

„განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,43-45].

მაშასადამე, განკითხვისეულ დღეს - „ამ დრო-ჟამის“ დასასრული დგება, რაც ერთდროულად არის კიდეც - „დასაბამი მომავალი უკვდავებისა".

თუ შევაჯერებთ ზემოთქმულს მივიღებთ, რომ:

1. უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებით დგება დასასრული, ანუ - „განკითხვის დღე“;

2. „განკითხვის დღე“ არის ორი პირობითი დროის გამმიჯნავი -„დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა“;

3. არსებობს პასუხგაუცემელი კითხვა - „...რა იქნება დროითი გამიჯვნა? ან როდის დადგება წინანდელის ბოლო და მომდევნოს დასაწყისი?“ [3 ეზრა 6,7];

4. თავად ამ დიადი წამის დადგომის დრო - „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].