Print

გველისა და ცხენის წელთა ურთიერთკავშირი

2014 წ. 31 იანვრიდან - 1[14] სექტემბრამდე მიმდინარე დროის

მისტერიული ასპექტები

ყოველი ახალი დღე თუ ყოველი ახალი წელი, კიდევ ერთი ნაბიჯია იმ დიადი მიჯნისაკენ სავალ გზაზე, რომელიც, ღმერთის მიერ განსაზღვრულ დროში, უფალ იესუ ქრისტე მეორედ დიდებით გაცხადებით დამთავრდება.

ჩვენს რეალობაში, ახალი წლის სამი ათვლა გვაქვს:

1. საერო კალენდრის ახალი სტილით ახალი წელი 1 იანვარს იწყება; 13 დღიანი სხვაობის შემცველი ძველი სტილის ათვლიდან გამომდინარე, ახალი წელი 14 იანვარს დგება;

2. აღმოსავლური [ჩინური] კალენდრის მიხედვით ახალი წელი 22 იანვრის შემდგომად დამდგარი ახალი მთვარის პირველი დღიდან იწყება. შესაბამისად, გველის წლად სახელდებულ 2013 წელს, 2014 წ. 31 იანვრიდან დამდგარი ცხენის წელიწადი ჩაანაცვლებს.

3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ წელიწადს 1[14] სექტემბერს იწყებს, რომლის თანახმადაც [გველის წლად სახელდებული] 2013 წელი, საერო ათვლის 2013 წ. 1[14] სექტემბერს დაიწყო და 2014 წ. 1[14] სექტემბრამდე გასტანს.

მაშასადამე, საერო ათვლის 2014 წ. 31 იანვრიდან - 1[14] სექტემბრამდე, ერთდროულად იქნება: გველისა და ცხენის წელი [რამეთუ, როგორც ვნახეთ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით იქნება 2013, ანუ - გველის წელიწადი; ხოლო საერო და აღმოსავლური კალენდრით 2014, ანუ - ცხენის წელიწადი].

ბიბლიური სწავლებით - ეშმაკი, დასაბამისმიერ გველთანაა გაიგივებული, რომელსაც მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტე ამარცხებს:

„და შეიპყრო ურჩხული, გველი დასაბამისა, რომელიც არის ეშმაკი და სატანა...“ [გამოცხ. 20,2];

 იმავე გამოცხადების მიხედვით, უფლის დიდებით მოსვლის მისტერია, კოდირებულ ცხენის არსთან ასე კავშირდება:

„და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი, და მასზე მჯდომს ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რადგანაც სიმართლით განსჯის და იბრძვის... და თავს ედგა მრავალი გვირგვინი, და ჰქონდა სახელი დაწერილი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. და ემოსა სისხლით ნაღები სამოსი, და სახელი მისი - სიტყვა ღმრთისა“ [გამოცხ. 19,11-13].

ამდენად, ცხენზე მჯდომი: „სარწმუნო და ჭეშმარიტი... სახელი მისი - სიტყვა ღმრთისა“, ანუ - მეორედ დიდებით მომავალი უფალი, ამარცხებს ბოროტების სიმბოლოს - ეშმაკს, რომელიც გველის არსთან კავშირდება... 

ვფიქრობთ, კომენტარის გაგრძელება აღარაა საჭირო იმაში გასარკვევად, თუ რა დიდი დატვირთვის მატარებელია, საერო კალენდრით ათვლილი: 2014 წ. 31 იანვრიდან - 1[14] სექტემბრამდე, ერთდროულად მიმდინარე - გველისა და ცხენის წელიწადი.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი