Print

პასექისა და ჯვარცმისეული ეტაპის მოახლოების შესაცნობი ნიშნები

დროში განივთებული მისტერიული მინიშნებანი

 

„...მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა“

[მათე 26,56]

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში მისტერიულად ასაცხადებელ პროცესთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სახარებაში დაცული ის ინფორმაციები, რომლებიც მაცხოვრისა და მისი მოწაფეების ერთობლივი საქმიანობის ამსახველ ურთიერთობებს ეხება.

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაცხოვართან მოსაუბრე მოციქულთა შორის, [სხვათაგან გამორჩეულად] ვხვდებით - პეტრეს, ანდრიას, იოანეს, იაკობს, მათეს, ფილიპეს, ნათანაელს, თომას, იუდა თადეოზისას, იუდა ისკარიოტელს...

ამასთანავე, ამა თუ იმ  მოვლენის აღმწერი თხრობა, მოციქულთა მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს გამოყოფს, რაც ბუნებრივია არ გამორიცხავს, მაცხოვარის ირგვლივ პარალელურად მყოფ მოწაფე-მოციქულთა მოღვაწეობის ფაქტებს.

ამჯერად, სახარებისეულ თხრობაში, მაცხოვრის მიერ გამორჩეულ მოწაფეთა შორის, ხაზგასმით გამოყოფილ ოთხ მოციქულზე გვინდა შევჩერდეთ. ესენია - სიმონ-პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე.

წმიდა წერილში ვკითხულობთ - „და როდესაც მიდიოდა იგი გალილეის ზღვის პირას, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია... აქედან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობ ზებედესი და მისი ძმა იოანე...“ [მათე 4,18;21].

მაცხოვართან მყოფ ამ ოთხ მოციქულს ახსენებს სახარება პეტრეს სიდედრის განკურნებისეული თხრობის გადმოცემისას - „... და მივიდა სიმონისა და ანდრიას სახლში, იაკობსა და იოანესთან ერთად“ [მარკ. 1,29].

ბოლო ჟამში მოსახდენ ნიშანთა თაობაზე მაცხოვართან მოსაუბრე მოწაფეებს შორის, ასევე ეს ოთხი მოციქულია გამოყოფილი - „ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით, ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ გვითხარი როდის მოხდება ეს...“ [მარკ. 13,3-4].

მხოლოდ ბოლო ჟამში შესაცნობ ნიშანთაგანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ შემდგომ სახარებისეულ თხრობაში, გარკვეულ მიზეზთა გამო, ხსენებული ოთხეულიდან აღარ ფიგურირებს - ანდრია მოციქული.

ასე მაგალითად, მხოლოდ - პეტრე, იოანე და იაკობ მოციქულები ჩანს  მაცხოვრის ფერისცვალების ამბის თხრობაში - „...წაიყვანა იესუმ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით“ [მათე 17,1]; ასეთივე შემადგენლობაა 12 წლის გოგონას გაცოცხლებისას - „და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა“ [მარკ. 5,37] და სხვა.

ბოლო ჟამისათვის შესაცნობი ერთგვარი მინიშნება უნდა იყოს მოცემული იმაშიც, როდესაც, გარკვეული ეტაპის შემდეგ, უშუალოდ მაცხოვარის გვერდით აღარ ჩანს იოანეს ძმა - იაკობ მოციქული.

და ეს იმ ფონზე, როდესაც მათ თაობაზე სახარებაში არაერთი ხაზგასმითი თხრობაა მოცემული. კერძოდ:

„მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო რასაცა გთხოვთ.

იესუმ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ? და მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში [აქ - მეორედ მოსვლისას], ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ.

მაგრამ იესუმ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები მოინათლოთ? [აქ - ბოლო ჟამში ასევე შობით მომავალი ძე კაცისას მოღვაწეობისას მოსახდენზეა მინიშნება].

მათ თქვეს: შეგვიძლია. ხოლო იესუმ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები მოინათლებით. [აქ ხაზგასმაა: ბოლო ჟამში შობით მომავალ ძე კაცისასა და ძმების: იოანესა და იაკობის ურთიერთთანაცხოვრების გარკვეულ არსზე] მაგრამ მე როდი მომეცა [აქ - ბოლო ჟამში, მხოლოდ ადამიანურ რანგში ყოფნისას], თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ - მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია“ [მარკ. 10,35-40].

ხაზგასმით გვინდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნულით, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა თვალწინ მოსახდენ - კონკრეტული დროითი ეტაპის შესაცნობ პროცესზე უნდა მიგვენიშნებოდეს. კერძოდ, როგოც ითქვა, აქ მოცემული მინიშნებით უნდა გვეუწყებოდეს: ძმების - იოანესა და იაკობის, რაღაც განსაკუთრებულ [გამორჩეულ] ყოფით თანაზიარობაზე, შობით მომავალ ძე კაცისასთან.

აღნიშნულის პარალელურად, სახარებაში დაცული მინიშნებით გვეუწყება, რომ, რაღაც მომენტიდან, ორი ძმიდან ერთ-ერთი, კერძოდ - იაკობი, მაცხოვართან უშუალო ურთიერთობაში უკვე აღარ ჩანს.

ანდრია და იაკობ მოციქულებთან მიმართებით სახარებაში დაცული ეს მინიშნება, ჩვენის აზრით, ბოლო ჟამის მდინარების გარკვეული დროითი ეტაპის დაფიქსირებას ემსახურება.

აქვე უნდა ითქვას, რომ - ანდრია მოციქულის პირობითი „გამოკლების“ მიზეზზე არ საუბრის მსგავსად, ამჯერადაც, ჩვენს მიზანს არ შეადგენს იმაში გარკვევა თუ ბოლო ჟამში მოსახდენ რა პროცესზე შეიძლება მიგვანიშნებდეს, გარკვეული ეტაპიდან უშუალოდ მაცხოვრის გვერდით იაკობ მოციქულის არ ყოფნა.

[ერთგვარი მინიშნებისათვის დავსძენთ, რომ სახელი - იაკობი, ძველი აღთქმის თხრობაში დაცული აბრაამის შვილიშვილის, ისაკის უმცროსი ძის იაკობის ცნობილი მებრძოლობისა გამო („მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე“ - გამ. 32,24), სულხან საბას მიხედვით ასე განიმარტება - „...მორკინალი, გინა მწიხნელი...“ - ტ.2, გვ. 615.  თუმცა, როგორც ითქვა, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა].

შემდგომი სახარებისეული თხრობა, არაერთი მოვლენის აღწერისას, მიზეზთა გამო, გამორჩეულად იუწყება პეტრესა და იოანე მოციქულებზე, რაც ბოლო ჟამის თვალთახედვით, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, მინიმუმ ორი კონკრეტული დროითი ეტაპის მიმანიშნებელი უნდა იყოს.

ამათგან პირველი - პასექისეული ეტაპის, ხოლო მეორე - უშუალოდ ჯვარცმისეული ეტაპის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ბოლო ჟამში ასაცხადებელ მისტერიულ პროცესებს უნდა გამოკვეთდეს.

მხოლოდ პეტრე და იოანე მოციქულებზეა მინიშნება ჯვარცმისწინა პასექის აღნიშვნისეულ ინფორმაციაში - „და დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი. და გაგზავნა პეტრე და იოანე, და უთხრა მათ: წადით და მოგვიმზადეთ პასექი, რათა ვჭამოთ“ [ლუკა 22, 7-8].

მინიშნმების ფარულ არსში გასარკვევად, მითითებული ტექსტის, ძველქართული ვარიანტი გვინდა შემოგთავაზოთ: „ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს. და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო? 12. და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი [თანამედროვე თარგმანში ასეა: „...გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს“]; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ. და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და ...“[ლუკა 22,7-14]  [იგივეა - მარკ. 14,12-17].

ამჯერად დაკონკრეტების გარეშე გვინდა აღვნიშნოთ, რომ: ბოლო ჟამისმიერი თვალთახედვით აქ კოდირებული არსის მატარებელია:

1. „კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას“; და

2. „„...გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს“.

თავის მხრივ კოდი „ლაგჳნი წყლითა“ - ერთის მხრივ [აგვინი] უთითებს კოდირებული სახელის 1-ელ ასოზე - ლ“; მეორეს მხრივ კოდი „წყალი“, უნდა უთითებს დასალევზე - ლევა[ნი].

მეორე კოდირებულ მინიშნებასთან მიმართებაში კი, მხოლოდ ერთს დავსძენთ: სულხან საბასეული მინიშნებით - „ხაჭაპური ნ. ნაზუქი“-ა [ტ.2, გვ. 419]; ხოლო - „...ნაზუქი სპარსულია, სუფთასა თუ სათუთსა თუ ნაზს ამგვარს ჰქვიან და იმ მიზეზით ამგვარს პურსაც ეტყვიან...“ [ტ. 1, გვ. 561].

თუ ღმერთი ინებებს - საპასექო დროითი ეტაპის არსობრივი მინიშნებების თაობაზე, უფრო ვრცლად, მოგვიანებით ვისაუბრებთ.

სახარებაში, კოდირებული - „საპასექო ეტაპიდან“, ვიდრე - „ჯვარცმისეულ ეტაპამდე“, ბოლო ჟამის დროითი ეტაპის შესაცნობად ზემოთ ხსენებული სამი მოციქული კვლავ სხვებისგან ხაზგასმითაა გამოყოფილი, კერძოდ:

„და მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე; და თავის მოწაფეებს უთხრა: ისხედით მანდ, ვიდრე ვილოცებ. და წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე...“ [მარკ. 14, 32-33].

ამის შემდგომად განვითარებული პროცესების თაობაზე სახარებაში ვკითხულობთ - „მიუგო იესუმ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად. დღენიადაგ თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით ტაძარში, და არ შემიპყარით მე. არამედ რათა აღსრულდეს წერილი. მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა“ [მარკ. 14,48-50].

და აი, ამ მოვლენათა შემდგომად, მოციქულები - პეტრე და იოანე [მოწაფე რომელიც უყვარდა იესუს] კვლავ სხვათაგან გამორჩეულად არიან მოხსენიებულნი „მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე, და სხვა მოწაფე. ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო [კოდია]...“[იოანე 18,15].

სახარება, იოანე მოციქულთან მიმართებაში ასეთ მინიშნებას გვაძლევს - „ხოლო იესუს ჯვართან იდგნენ დედა მისი და დედის და მისი, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. ხოლო იესუმ, როცა დაინახა დედა და იქვე მგდომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედა შენი!..“ [იოანე 19,25-27].

ამჯერად ამ ინფორმაციით შემოვიფარგლოთ.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

დროითი ნიშანი - „სალომე“

სახარებაში, მოწაფეებთან ურთიერთობის პარალელურად, ხაზგასმითი მინიშნებებია დაცული მაცხოვრის ირგვლივ მყოფ ქალებთან მიმართებაშიც. ასე მაგალითად:

„ამის შემდეგ, დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული... და იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ქუშას ცოლი, და სუსანა, და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას“ [ლუკა 8,1-3];

„ხოლო ყველა მისი ნაცნობი, და ქალები, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესუს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას“ [ლუკა 23,49]; ან კიდევ

„იყო იქ აგრეთვე შორიდან მაცქერალი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესუს და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, და მარიამი, დედა იაკობისა და იოსესი, და ზებედეს ძეთა დედა“ [მათე 27,55-56].

აქ მოხსენიებულ ქალებთან მიმართებაში, ბოლო ჟამში შესაცნობი დროითი ეტაპის შეცნობა-დაფიქსირების მიზნით, ჩვენ ადრე არაერთგზის გვისაუბრია.

სხვათაგან გამორჩევით, მარკოზის სახარება, ბოლო ჟამში შესაცნობი დროითი ნიშნის გამოსაკვეთად კიდევ ერთი ქალის: სალომეს სახელს აკონკრეტებს - „იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, და მათ შორის, მარიამ მაგდალელი, და მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე“ [მარკ. 15,40].

საპასექო და ჯვარცმისეული ეტაპის გასაყარზე მინიშნების გარდა, სალომეს ხსენება ხდება აღდგომის წინარე დროით ეტაპზედაც - „და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან მივიდნენ სამარხთან, მზის ამოსვლისას“ [მარკ. 16,1-2].

ბოლო ჟამის კონკრეტული დროისმიერი ეტაპის შესაცნობად მითითებული სალომეს არსის თაობაზე საუბარს, ორი კონკრეტული ინფორმაციით დავასრულებთ:

1. „სალომე ერთერთი ქალი, რომელიც ზრუნავდა იესუ ქრისტესა და მის მოწაფეებზე გალილეაში. სალომე ესწრებოდა იესუს ჯვარცმას. მანვე მიიტანა ერთშაბათ დილით აკლდამაში ნელსაცხებლები, რომელიც აუცილებელი იყო სხეულის დასაბალზამებლად“ [„ბიბლიის ენციკლოპედია“, თბ. 1998 წ. გვ. 210];

2. სულხან საბასეული მინიშნებით: სალომე მშვიდობა“-ა [ტ. 2, გვ. 628].

დღეს ამ ინფორმაციით შემოვიფარგლოთ.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი