ახალი წლის გამოცხადება...
უფალი ამბობს - „არ მინდა ფული,
მე მინდა წმიდა და სუფთა სული“
სიზმრად ვნახე - ვიღაც უცნობს
ცხადში ნანახს ვუზიარებდი:
უფალი ვნახე, არა სიზმარში,
ის ცხადად ვნახე დედამიწაზე...
უცნობმა სიტყვა ბანზე ამიგდო:
რას ამბობ ნეტა?
უფალს რა უნდა დედამიწაზე?..
მე და უცნობი დიდხანს ვდაობდით.
და შემდეგ მითხრა:
მე კი მგონია - შენ ზეცაში ხარ,
ალბათ იქ ნახე.
უფალს - აქ, ჩვენთან რა უნდა შვილო,
მასთან ცხოვრების რა ღირსები ვართ...
ცხარე კამათი დიდხანს გაგრძელდა.
შემდეგ კი, ისევ აღარ დავუთმე:
თუკი აღარ გსურს, ნუღარ მომისმენ,
მე მორწმუნესთვის ვამბობ ამ სათქმელს!..
და კვლავ განვაგრძე,
ოღონდ ამჯერად - ხილვას ვყვებოდი:
ზეციერთ კიბის რომელიღაც საფეხურზე ასულმა,
ვიგრძენი - თითქოს მწვერვალზე ვიდექ,
და არ მეშინოდა...
რადგან იქ სხვა დრო, სხვა სივრცე
და სხვა განზომილება იყო...
ვნახე - სამოთხე, ოქროსფერში იყო ჩაფლული...
შემდეგ იქედან, ედემის ბაღში გადავინაცვლე.
გამოვიარე ედემის ბაღი...
და რომ მოვბრუნდი, გზაზე, შორიახლოს
უფალი შევნიშნე:
ვითარც სალი კლდე,
გაქვავებული სხეულით იდგა...
მინდოდა მასთან მიახლება...
- მერე?!
- მერედა ის, რომ - რისხვისგან
ისე ბრაზობდა,
არ მიმიკარა მან თავის გულთან...
- მერე?!
- მერედა ის, რომ - კვლავ განვმარტოვდი,
და გზა განვაგრძე...
ვიგონებდი პეტრე მოციქულისეულ გულისტკივილს:
„და თუ მართალნი ძლივსძლივობით ცხონდება,
უკეთური და ცოდვიანი სადღა იყოს“...
- კაცნი იტყვიან: თუ უფალია,
გული სადღა აქვს?
- რით ვერ გაიგეთ?
ის კაცი იყო [და უფლად იქცა].
- ბოლოს კი, ვხედავ: განრისხებული,
ზეციურ კიბის ბოლო საფეხურს ჩამოდიოდა,
და სული მისი მიწიერ გზასავალს უერთდებოდა...
და ხმა რისხვისა, ექო მთებისა,
ცა და ქვეყანას აზანზარებდა:
ოდეს ყოფილა, რომ ცოდვილ მიწაზე
ღვთიური ღირსეულად გეტარებინოთ?
- კაცნი ვერ ცნობენ ზეციურ გზებს,
მათ დავალებებს...
- უფალს კაცთაგან, განა სჭირდება
„ცნობის ფურცელი“?
ოღონდ კი მერე, იკითხეთ ყველამ:
თქვენს ცხოვრებას, თქვენს მომავალს
რა დააკლდება...
შემდეგ კი ვხედავ:
გუმბათისკენ ხელგაშვერილი,
მოწყალების ყუთებს ამსხვრევდა
- ქუჩებში, გზებზე, შენობებში...
„რას დაამსგავსეთ ადგილი ჩემი
- მათხოვრის ადგილს?!
გატიალების სიბილწის ავტორნო:
ფულით ვერ გაწმენდთ თქვენს სიბინძურეს...“
უარს ამბობდა „მოწყალებაზე“:
„ფული არ მინდა, -
მე მინდა წმიდა და სუფთა სული...
ჩემი სახელით მოვაჭრენო:
განზე გადექით!..“
დინა [ნინო]
ჯიქია
თბილისი, 2014 წ. 14 იანვარი