Print

ბიბლიური ნიშნები - ბერ გაბრიელზე

„გაბრიელ აუხსენი მაგას ეგ ხილვა“

 

ბოლო ჟამის დღეთა მდინარებას თავისი კანონზომიერება ახასიათებს. საქართველოს ბოლო ჟამისმიერ სინამდვილეში, არ არსებობს ასე თუ ისე გამორჩეული მოვლენა, რომელიც თავად ამ ბოლო ჟამის გზასავალის ჭეშმარიტებას არ ადასტურებდეს. ამჯერად, ბერი გაბრიელის თაობაზე ბიბლიაში დაფიქსირებული ორიოდე მინიშნება გვინდა შემოგთავაზოთ.

თხრობის დაწყებამდე რამოდენიმე ბიოგრაფიული მონაცემი გავიხსენოთ: ერისკაცობაში - გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე დაიბადა ქ. თბილისში 1929 წ. 26 აგვისტოს. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში, ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. ბერი გაბრიელი გარდაიცვალა 1995 წ, 2 ნოემბერს.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს იგი წმინდანთა რიგებში შერაცხა და უწოდა მას - წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი. არქიმანდრიტი ბერის, ქართველი წმინდანის ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.

ბერი გაბრიელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურთა იმ რიცხვს მიეკუთვნებოდა რომელთაც მართებული დამოკიდებულება გააჩნდათ [და გააჩნიათ] 1991-1992 წლბში მომხდარი ტრაგედიისა და ზვიად გამსახურდიას მამულიშვილური საქმიანობისადმი.

ყველასათვისაა ცნობილი ბერი გაბრიელის სიტყვები - „ვისაც ზვიადი არ უყვარს, იგი საქართველოს მტერია“-ო. მისი ასეთი დამოკიდებულება ერთგვარი გასაღებია ქვემოთ გადმოსაცემი ბიბლიური მინიშნებისა.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ დანიელის წინასწარმერტყველების მე-8 და მე-9 თავებში კოდირებული თხრობაა მოცემული ყოველივე იმისა, რასაც 1991-1992 წლების გასაყარიდან საქართველოში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები ჰქვია.

აღნიშნული კოდირებული თხრობა იწყება, დანიელისათვის ნანახი ხილვის ამხსნელი პირის გამოჩინებით, რომელიც - გაბრიელის სახელითაა მოხსენიებული:

„როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, წინ კაცის აჩრდილი გადამიდგა. და გავიგონე ადამიანის ხმა შუაგულ ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!

იგი იმ ადგილას მოვიდა, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა საბოლოო ჟამს შეეხებაო. ის რომ მელაპარაკებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი; მაშინ ის შემეხო და ჩემ ადგილას დამაყენა. მერე მითხრა: აჰა, გამცნობ რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს უკანასკნელ ვადა შეეხება“-ო [დან 8,15-19].

ამის შემდგომად ბიბლიაში იწყება ბოლო ჟამს მოსახდენ იმ მოვლენათა შესაცნობი ნიშნების ჩამონათვალი, რომელშიც კოდირებულად გვეუწყება - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლა და განდევნა; მის შემდგომად ოთხი რქის [იგივე მხეცის ანდა მეფის]  მოსვლა, მეოთხე მხეცის საქმეთა ჩამონათვალი და სხვა.

ბიბლიისეული თხრობის ამ მონაკვეთში დაფიქსირებული „გაბრიელი“, კიდევ ერთხელაა ნახსენები, ამავე მოვლენების განსხვავებულად წარმოჩენისეულ ტექსტში. კერძოდ ბიბლიაში ვკითხულობთ:

„ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი, ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის - ისრაელის ცოდვებს და მიმქონდა ჩემი სავედრებელი უფლის, ჩემი ღმერთის წინაშე, ჩემი ღმერთის წმიდა მთაზე. ჯერ კიდევ ლოცვაში ვიყავი, რომ კაცი გაბრიელი [„აჰა, მამაკაცი გაბრიელი“], ხილვაში რომ ვნახე პირველად, ანაზდად მოფრინდა და მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს. შემაგონებდა იგი [აქ - კაცი გაბრიელი] და მელაპარაკებოდა, მითხრა: დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო.... დაუკვირდი ამ სიტყვას და გამოიცანი ხილვა“ [დან. 9,20-23].

ყოველივე ამის შემდეგ, ბიბლიაში [კოდირებულად] მოცემულია - ზვიად გამსახურდიასა და მის შემდგომად საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის მეთაურის ედ. შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროითი ხანგრძლივობანი:

„სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ [ესაა 434 დღე, ანუ დრო: 1990 წ. 28 ოქტომბრიდან, ვიდრე 1992 წ. 6 იანვრამდე] მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება [ზვიად გამსახურდიას საქმიანობის ბიბლიური შეფასება]. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის [აქ - ედ. შევარდნაძის გზის მომსწორებელი - იოსელიანი, კიტოვანი, სიგუას] ხალხი  და მისი [აქ - ედ. შევარდნაძის] აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი.

იგი [ედ. შევარდნაძე] მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს [ჯამში ესაა 10,5 წელი]. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი [ედ. შევარდნაძე] ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს“ [დან 9, 26-27].

საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის უმრავლესობის მიერ, ქვეყანაში მოღვაწე გაბრიელ ბერისა და მისი სახელისადმი გამოჩენილი სათანადო მიმართება, დიდწილად განპირობებული გახლავთ ქვეყანაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებისადმი წმიდანისაგან გამოჩენილი მართებული დამოკიდებულებით.

ყველაფრის წინასწარგანმჭვრეტი უზენაესი ძალის მიერ, ბიბლიაში „გაბრიელი“-ს შესახებ არსებული მინიშნების თაობაზე საუბარი, გაბრიელ ბერის ლოცვისეული სიტყვებით გვინდა დავასრულოთ:

„ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!“

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი