Print

კოდირებული 94-ის არსის მატარებელი: 25.02. 2014 წ. - 25.02. 2015 წ.

გასამდა, ანუ დაიწყო - „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

იოანე-ზოსიმეს „ქებაჲ...“ არაერთი კუთხითა რომაა მნიშვნელოვანი ამის შეხსენება მკითხველს არ სჭირდება. ჩვენის მხრივ, აღნიშნულ ძეგლთან მიმართებაში ბევრჯერ გვისაუბრია. ამჯერად მის ერთერთ საკვანძო მინიშნებას გვინდა შევეხოთ.

მე-10 საუკუნის ხელნაწერში ვკითხულობთ - „და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული, სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა. და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე, და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ - ესე წილი ანბანისაჲ“.

აღნიშნულიდან გვეუწყება, რომ - მეორედ უფლის მოსვლასთან მიმართებაში, თურმე გამორჩეული დატვირთვის მატარებელია - ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“.

ბოლო ჟამის თემატიკისეული კუთხით, კოდირებული ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, როგორც ადრეც აღგვინიშნავს, რამოდენიმე არსობრივ მხარეს მოიცავს. კერძოდ:

1. როგორც ვიცით - 1993 წ. 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსრულების ამბავი მე-20 საუკუნის 94-ე წლის პირველივე რიცხვებიდან გავრცელდა და ეს, მართლაც რომ, სასწაულებრივი მოვლენა დღესაც კი უამრავი მითქმა-მოთქმის საფუძველს შეადგენს.

ამდენად, ჩვენის აზრით, იოანე-ზოსიმესეული: „სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, ერთ-ერთი კუთხით მე-20 საუკუნის 94-ე წელზე უნდა გვანიშნებდეს;

2. როგორც ვიცით - 1918 წლის 26 მაისს მოპოვებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, არასრული სამი წელი გაგრძელდა და 1921 წ. 25 თებერვალს ჩვენს ქვეყანაში საოკუპაციო საბჭოთა რეჟიმის დამყარებით დამთავრდა.

თავის მხრივ - „...საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ანუ 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, „ქებაჲ...“-ში მინიშნებული - „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, 2011 წლის 26 მაისიდან - 2012 წლის 26 მაისამდელ დროით მონაკვეთს მოიცავს...“ [იხ. გაზ. 23 (816), გვ. 4].

დიახ, 1918 წლის 26 მაისიდან ათვლით 93 წელი შესრულდა 2011 წლის 26 მაისს. ამდენად, კოდირებული - „და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, რუსთაველის გამზირზე დატრიალებული 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ტრაგედიითა, და შემდგომად იქვე ჩატარებული სამხედრო აღლუმით დაიწყო, და 2012 წლის 26 მაისს დასრულდა.

საქართველოს მოსახლეობისათვის ხსენებული 94-ე წელი მართლაც რომ სასწაულებრივი აღმოჩნდა - 2011 წ. ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განაცხადს 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის დასასრულის დასაწყისი მოჰყვა.

3. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების თაობაზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდან ათვლით 93 წელი - 2014 წ. 25 თებერვალს შესრულდა, და ათვლა დაიწყო - „ოთხმეოც და ათოთხმეტმა წელმა“.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, წინასწარმეტყველება ჩვენი საქმე არ გახლავთ. შესაბამისად, ამჯერადაც თავს შევიკავებთ შესაძლო პროგნოზის გაკეთებისაგან... თუმცა გვჯერა, რომ  2014 წ. 25 თებერვლიდან ათვლილ დროში, იოანე-ზოსიმესეული მინიშნება - „და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, თავის „სიტყვას იტყვის“.

წინამდებარე თხრობას კი, გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის ბოლო მონაკვეთის შეხსენებით დავამთავრებთ - „უფლის სახელით“ მომქმედი ჯგუფის მიერ წარსამართი საქმიანობის მისტერიული ანარეკლი... 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნების თემატიკას უნდა უკავშირდებოდეს.

აღნიშნულ პროცესებში ჩვენი ქმედება უკვე „ახალი“ სახელდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ იქნება წარმართული, რომლის შესახებაც საუბარს, თუ ღმერთი ინებებს, შემდგომში გავაგრძელებთ“ [გაზ. №8 (904), გვ. 5].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს! – „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

მიხეილ [გელა] სალუაშვილი