Print

უარი ცოდვის ლეგალიზაციის მცდელობას

ვიზრუნოთ საკუთარი სულის გადარჩენისათვის

 

ბოლო ჟამის მთლიანი მონაკვეთი, მაცხოვრისეული მინიშნების თანახმად - „გაპარტახების სიბილწესთანაა“ შედარებული [იხ. მათე 23,15].

ცოცხალი ადამიანი, ანუ მოკვდავი სხეულისა და მასში დავანებული მარადიული სულის ერთობა, ამ ორი არსის ურთიერთჭიდილში ქმნის იმას, რასაც თითოეული ჩვენთაგანის ბედი ჰქვია.

პავლე მოციქულის პირით გადმოცემული ღმერთის ნება გვაუწყებს, რომ - „...სულიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი, რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.

ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ“ [გალ. 5,16-25].

„გაპარტახების სიბილწის“ მთავარი „შემოქმედი“ დასაბამისმიერი მაცდური გველი - ეშმაკი, მრავალმხრივი მეთოდით ცდილობს თავგზა აუბნიოს ადამის მოდგმას.

სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს - „...დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.

ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.

თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს" ადამიანს და ,,თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ...“.

ერთ-ერთი ამდაგვარ გამოვლენად იქცა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წ. 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“.

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი დანაშაულებრივად თანამშრომლობის გზაზე მდგარი „ქოცებისა“ და „ნაცების“ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები, არად დაგიდევენ თუნდაც დღეს მომქმედ „საქართველოს კონსტიტუციაში“ არსებულ ჩანაწერს, რომ:

„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. 3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“ [მუხლი 19,1-3].

როგორც ვხედავთ, ქვეყნის უმაღლესი კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ - „დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“, ანუ ხსენებული უფლებით მოსარგებლემ, თავისი ქმედებით, არ უნდა შელახოს სხვათა უფლებები.

ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ კი ცდილობს ერთ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს და ერთმანეთს გაუთანაბროს - სიმართლე და სიცრუე, ზნეობა და უზნეობა... მისი მიღება, გვაიძულებს - უარი ვთქვათ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებულ ზნეობრივ კატეგორიებზე.

ეს კანონი ცოდვის ლეგალიზების მცდელობის ყველაზე ვერაგული გამოვლინებაა.

იგი, ხელ-ფეხს უხსნის უზნეობისა და სიცრუის მქადაგებელთ, და ყველანაირად ბოჭავს ასეთთა წინააღმდეგ საუკუნეების მანძილზე მებრძოლ პოზიციებზე მდგომთა თანაზიარ ჩვენს თანამედროვეთ.

ამ კანონით წახალისებული „სოდომ გომორული“ ცოდვის ლეგალიზაცია, ბოლო ჟამის დადგომის არსში გარკვეულ საზოგადოების ნაწილს, კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ - „გატიალების სიბილწის“ სახელის მატარებელი ბოლო ჟამი, თავისი ლოგიკური დასასრულისაკენ მიექანება.

ამიტომ ჩვენი ვალია გავაფრთხილოთ ბოლო ჟამის მაცხოვრებელნი - მოვინანიოთ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, რამეთუ „მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ .

წერილის დასასრულს, ის ბიბლიური შეგონება გვინდა გაგახსენოთ, რომელშიც გადმოცემული მთავარი არსი, თავისი სულის გადარჩენაზე მაფიქრალი თითოეული ჩვენთაგანის მამოძრავებელ ორიენტირად უნდა იქცეს:

„აჰა, ადამის ძევ, ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენიხარ, ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი.

როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.

თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს“ [ეზეკ. 33,7-9].

საკუთარი სულის გადარჩენაზე ცნობიერად მაფიქრალი პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტართა გასაგონად ვახცადებთ - ყველაფერი გააკეთეთ, რათა არ დაუშვათ - ცოდვის ლეგალიზაცია!

გვახსოვდეს, განკითხვის დღეს, ყველანი ჩვენი სიტყვებითა და ქმედებებით ვაგებთ პასუხს!

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამარტალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი