Print

"გველეშაპის დამარცხების" დრო ახლოვდება

შავი გველეშაპის დამმარცხებელი - მხოლოდ „უფლის სახელით...“ მავალი გუნდია

 

ჩვენს მიერ შემუშავებული

საარჩევნო პლაკატის არსობრივი მხარე

პლაკატის ზედა მხარეში განთავსებული ორი წარწერა, ანარეკლია უფალ იესუ ქრისტეს მიერ წინასწარნაუწყები შეგონებისა - „მე მოვედი მამის ჩემის სახელით, და არ შემიწყნარებთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას შეიწყნარებ“ [იოანე 5,43].

მოსახლეობას მოვუწოდებთ, მართებულად გაიაზრონ დღევანდელობა, რამეთუ მათ არჩევანი უნდა გააკეთონ, ერთის მხრივ  - „უფლის სახელით...“, ხოლო მეორეს მხრივ - თავისი სახელით მომავალთა შორის; რომელთაგან მხოლოდ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლებსაც უფლისმიერი სიმართლით გვსურს სიარული; ხოლო ყველა დანარჩენთათვის: ან - აშშ, ანდა - რუსეთია „სიმართლის“ ეტალონი. 

მოდით გავიხსენოთ „ამირანის ეპოსის“ ერთი მონაკვეთი.

როგორც ვიცით - ამირანის მიერ მოკლული დევის თავიდან ამომძვრალი სამი ჭია, სამ გველეშაპად იქცევა:

 „მინდორში სამნი ჭიანი მიდიან მიიმღერიან, თვალს უცემს დარეჯანის ძეს, - მაგათთან ომი მწადიან. თეთრი - ბადრს, წითელი - უსუპს, შავი ჩემდ გინებებიათ!..

რომელი მოხვალ მა მთასა, რომელი მიჰკეც მაგ გზასა, გადადი და დაუძახე ბადრსა, უსუპსა ჩემს ძმასა: თეთრიც მოვკალ და წითელიც, ნუღარ გადივლით მა მთასა.

შავმა აიღო, ჩაყლაპა, შავი ზღვისაკენ გასწია. ჩადი ბადრო, და გასძახე ხმა შენი მშვენიერია: - მაუდის დარეჯანის ძეთ ჯიბეს ჩადება დანისა, ამოღება და გამოჭრა მუცლისა გველეშაპისა“ [იხ. „ქართული ხალხური საუნჯე“, თბ. 1991 წ., გვ. 19-20].

ზოგადად, ეს სამი გველეშაპი, საქართველოს ბოლო ორასზე მეტი წლის ისტორიის, ანუ რუსეთთან მიმართებაში დაფიქსირებული  - სამი პირობითი ეპოქის ნიშანია. კერძოდ:

1. თეთრი გველეშაპი, ეს: 1801 -1917 წ.წ. მეფის რუსეთის იმპერიაში ჩვენი ყოფნის დროა [ე.წ. „თეთრგვარდიელები“];

2. წითელი გველეშაპი, ეს: 1921 -1991 წ.წ. საბჭოთა იმპერიის ტყვეობის დროსთანაა კავშირში [„წითელარმიელები“], და

3. შავი გველეშაპით, 1991-1992 წლების გასაყარიდან დაწყებული ე.წ. „გატიალების სიბილწის“ დამამთავრებელი ეტაპია გამოკვეთილი.

„შავი გველეშაპით“ სახელდებული მესამე, დამამთავრებელი ეპოქის მთავარი შემოქმედი - ედ. შევარდნაძე, და მის მიერ „დაფრთიანებული“ მ. სააკაშვილი, ნ. ბურჯანაძე და ყველა ის სხვა პოლიტიკური ძალაა, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობა, აგერ უკვე 23 წელია, ფიზიკურად და სულიერად ანგრევს საქართველოს.

მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვთ, დავსძენთ, რომ - „შავი გველეშაპის“ დამარცხება, მხოლოდ „უფლის სახელით...“ მომქმედთა და უფლისმიერ სამართალს მინდობილთა წილხვედრია.

2014 წ. აღმოსავლური კალენდრით - ცხენის წელიწადია. გამოცხადებაში ვკითხულობთ - „და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი, და მასზე მჯდომს ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რადგანაც სიმართლით განსჯის და იბრძვის“ [გამოცხ. 19,11].

პლაკატზე დატანილი ცხენზე ამხედრებული მხედარი, სწორედ ზემოთქმულის არსის გადმომცემია.

წმიდა ბერი გაბრიელის სიტყვები - „ზვიადის მტერი ღვთისა და ერის მტერია, შვილო“, ჩვენი სულისმიერი ამოძახილის თანხვედრილია, რამეთუ „უფლის სახელით...“ მავალთა პოლიტიკური ხედვა და ქვეყნისადმი დამოკიდებულება მთლიანადაა დაფუძნებული იმაზე, რა მისიითაც მოქმედებდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და ჩვენი ქვეყნის პირველი [და დღემდე ერთადერთი კანონიერი] პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

ამიტომ - აირჩიეთ სიცოცხლე რათა იცოცხლოთ!

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

2014. 23 მაისი