Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამის მე-7 ნაწილი

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

[16 პუნქტიანი პროგრამის მე-7 ნაწილი]

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და

დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხისათვის

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 7

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელი დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელი დროებითი კომისიის“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის

გამოცხადების საკითხისათვის

ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ქვეყნის, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფოს, გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდ-ინარე, ჩვენი სამშობლო ყოველთვის წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს.

ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის მუხლჩაუხრელი ბრძოლისა და პოლიტიკური განჭვრეტილობის შედეგად, მეტ-ნაკლები წარმატებით ხერხდებოდა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი კურსის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება.

საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის წინაშე, მთელი სიცხადით დადგა საკითხი - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორი-ული მთლიანობის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფომ, რომ:

ერთის მხრივ - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრა-ტეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და

მეორეს მხრივ ცალსახად თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე.

 

საუბრის გაგრძელებამდე აღვნიშნავთ, რომ 1918 წ. დამოუკიდებლობის აქტში „დამფუძნებელმა კრებამ“, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეთი ფორმულირებით დააფიქსირა:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი:

1. ქვეყანაში დღეს მომქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს „საქართველოს კონსტიტუცია“, ეფუძნება:

ერთის მხრივ 1918 წ. 26 მაისის „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“; და

მეორეს მხრივ 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

2. 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა - 98, 3%-მა, თანხმობა განაცხდა, რომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“ მომხდარიყო 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე;

3. 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ კი, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეა ფორმულირებული:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართვე-ლო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

მაშასადამე, დღეისათვის მომქმედი იურიდიული ძალის მქონე სამივე დოკუმენტი:

- 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“;

-1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, და 1991 წ. 9 აპრილს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის“ თაობაზე მიღებული დადგენილება; და

- 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუცია“,

პირდაპირ თუ ირიბად იღებს ვალდებულებას, დაეყრდნოს და გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება, რომ:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ყველაზე უფრო გავრცელებულია ე.წ. ევენტუალური ანუ კაზუალური ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს ამა თუ იმ კონკრეტულ ომში.

სართაშორისო სამართალში - ევენტუალური ნეიტრალიტეტის გარდა, მოქმედებს სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტიც.

თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში იგი ესმით, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო - სამართლებრივი სტატუსი, რომლის თანახმადაც ეს სახელმწიფო უკვე მშვიდობიანობის დროს მოვალეა არ იკისროს ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ომის შემთხვევაში იძულებულს გახდიდა ხელი აეღო თავის ნეიტრალიტეტზე ან საფრთხეში ჩაეგდო იგი.

 

სართაშორისო სამართალში თავისი შინაარსით ცნობილია ნეიტრალიტეტის ორი ფორმა:

- აბსოლუტური და კვალიფიციური.

აბსოლუტური ითვალისწინებს ნეიტრალური სახელმწიფოს აბსოლუტურ მიუკერძოებლობას (მაგ. შვეიცარია, რომელიც გაეროს წევრიც კი არ არის),

ხოლო - კვალიფიციური, წარმოადგენს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფეხმოკიდებული კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის განვითარების შედეგს, როდესაც მისაღებია გარკვეულ პირობებში (ვთქვათ სამართლიანი ან თავდაცვითი ომის წარმოებისას), რომელიმე მეომარი მხარისთვის გარკვვეული შეღავათების გაწევა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებში, მოსახლეობის მიერ სათანადო მხარდაჭერის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივ მექანიზმის გათვალისწი-ნებით, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ:

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა დააფიქსიროს ნეიტრალიტეტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

 

ამისათვის, „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ - საქართველოს მუდმივი სამხედრო“ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელ დროებით კომისიას“ წარედგინება, ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა ისეთი პაკეტი, რომლის მიზანია:

 

დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეო-სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად.

 

საკანონმდებლო რეგულაცია, ძირითადად ეყრდნობა, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ჰააგის კონვენციებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების სულისკვეთებას.

 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში დეტალურადაა გაწერილი, წინამდებარე კანონის ძალაში შესვლის შემდგომად გადასადგმელი ნაბიჯები. კერძოდ:

საქართველოს მთავრობამ [საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე], საქართველოს მიერ მუდმივი სამ-ხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თაობაზე მიღებული გა-დაწყვეტილების გაეროს უშიშროების საბჭოში გადაგზავნის შემდეგ, სპეციალური წინადადებებით უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ხუთივე მუდმივ წევრ სახელმწიფოს, რათა თითოეულ მათგანთან [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება, მათი მხრიდან - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტორად დადგომის თაობაზე.

დიახ, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში.

 

საკანონმდებლო ინიციატივაში დეტალურადაა გაწერილი საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეულ ვადაში აღსასრულებლად განსაზღვრული დავალება:

მოხდეს გარო-ს წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინა-დადების მომზადება, რათა თითოეულ მათგანთან - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მათ მიერ მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

 

დასასრულს დავსძენთ, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტისადმი გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფოს [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] მხრიდან დეკლარირებული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მყარ საფუძვლად იქცევა.