Print

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტი

„ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.

ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.

იმედს ნუ დაამყარებ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.

ნეტარ არს ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა,

ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე,

რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია;

რომელიც იცავს ჭეშმარიტებას უკუნისამდე;

იქმს სამართალს ჩაგრულთათვის;

აძლევს პურს დამშეულებს;

უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს.

უფალი თვალს უხელს ბრმებს,

უფალი მართავს წელმოდრეკილებს,

უფალს უყვარს მართალნი.

უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს.

იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობებში.

ადიდეთ უფალი!“

[ფსალმუნი 145,1-10]

 

საქართველოს

სამხედრო ნეიტრალიტეტის

საკითხისათვის

 

სამშობლოს არვის წავართმევთ,

ჩვენც ნურვინ შეგვეცილება...

თორემ, ისეთ დღეს დავაყრით

მტერსაც კი გაეცინება

 

შესავალი

კავკასიის რეგიონში ცენტრალური ქვეყნის ბნებრივად ბოძებული სტატუსი, საქართველოს სახელმწიფოსა და აქ მაცხოვრებელი - ქართველი, თუ სხვა ერის წარმომადგენელთათვის, სიკეთესთან ერთად, არაერთხელ გამხდარა, სხვადასხვა იმპერიული ამბიციის მქონე ძალის მხრიდან ჩვენი მიწის დაუფლების თუ არა, მასზე ჰეგემონიის მოპოვების სურვილიდან გამომდინარე, თავსდამტყდარი უბედურების მიზეზი.

ვინ-ვინ და ჩვენმა ქვეყანამ, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მახსოვრობის მატარებელმა ქართველმა ერმა, დიახაც რომ კარგად ვიცით მშვიდობის ფასი...

მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული, თითქმის ყველა საუკუნეთა მიჯნაზე, საქართველოსთვის არასასურველად დატრიალებული ბედის ჩარხის გამო, მრავალი განსაცდელისათვის უხდება გამკლავება ქართველ ერს.

ბოლო ოცი წლის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა დღის წესრიგში დააყენა, ჩვენს წინ მდგარი ორი გზიდან - უკეთესის არჩევის აუცილებლობა:

- საქართველოს სახელმწიფომ ცალსახად უნდა თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე;

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა უნდა დააფიქსიროს ნეიტრალიტეტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

 ზემოთქმულთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულების შემოთავაზებამდე, მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, ამ მხრივ, დღეისათვის, მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას. საერთო სურათის შესაქმნელად, სხვა მასალებთან ერთად, ძირითადად გამოვიყენებთ ირაკლი ხართიშვილის 2002 წლის ნაშრომს _ საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის სამხედრო ასპექტები დასავლეთევროპული გამოცდილების მიხედვით [იხ. ინტერნეტ გვერდი].

 

დღევანდელი რეალობის

მაგალითები

ზოგადად,  ტერმინი - „ნეიტრალიტეტი (გერმ. ნეუტრალიტატ, ლათ. ნეუტერ — არც ერთი, არც მეორე), საერთაშორისო სამართალში — ომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა“-ს ნიშნავს.

თავის მხრივ, ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას ომის პერიოდში ნეიტალური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის. ესენია:

- არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;

- არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთანები);

- არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა: ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).

ნეიტრალიტეტის ისტორიას რამოდენიმე საუკუნის ისტორია აქვს. ნეიტრალიტეტი, როგორც საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტიტუტი, ჩაისახა და დამკვიდრდა მაშინ, როდესაც მეომარმა სახელმწიფოებმა თანდათან აღიარეს მესამე სახელმწიფოს უფლება - მონაწილეობა არ მიეღო ამ ომში და მიუკერძოებელი ყოფილიყო მეომარი სახელმწიფოების მიმართ.

მთლიანობაში - ნეიტრალიტეტის სამართალი, არის იმ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ომში არმონაწილე სახელმწიფოს ურთირთობას მეომარ სახელმწიფოებთან.

თავისთავად ცხადია, რომ ნეიტრალიტეტის ცნება, ზოგადად, დაკავშირებულია ომის მდგომარეობასთან. საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ყველაზე უფრო გავრცელებულია ე.წ. ევენტუალური ანუ კაზუალური ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს ამა თუ იმ კონკრეტულ ომში.

მაგალითად, ცივი ომის ათწლეულებში ასეთ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ შვედეთი და ფინეთი. უნდა ითქვას, რომ რომელიმე ომში ევენტუალურად ნეიტრალური სახელმწიფო სრულიად არ არის ვალდებული ასევე ნეიტრალური იყოს ნებსმიერ სხვა ომშიც.

ჯერ კიდევ - 1907 წელს მიღებულ ჰააგის კონვენციებისა და სხვა დოკუმენტების მიხედვით:

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია ხელშეუხებელია და არ შეიძლება გადაიქცეს საომარ მოქმედებათა ცენტრად;

- მეომარ მხარეებს ეკრძალებათ მისი გავლით ჯარების, იარაღისა და სხვა სამხედრო ქონების ტრანსპორტების გადაყვანა და ა.შ.

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე იკრძალება მეომარი მხარეებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სამხედრო ფორმირებებისა და მოხალისეთა დასაქირავებელი დაწესებულებების შექმნა;

- ნეიტრალურ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალი უფლებას აძლევს შეიარაღებული ძალის მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.

სართაშორისო სამართალში - ევენტუალური ნეიტრალიტეტის გარდა, მოქმედებს სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტიც (ასეთებია: მალტა, ავსტრია და შვეიცარია).

თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში იგი ესმით, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი, რომლის თანახმადაც ეს სახელმწიფო უკვე მშვიდობიანობის დროს მოვალეა არ იკისროს ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ომის შემთხვევაში იძულებულს გახდიდა ხელი აეღო თავის ნეიტრალიტეტზე ან საფრთხეში ჩაეგდო იგი.

მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო:

ა) არ უნდა შედიოდეს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში;

ბ) არ უნდა აძლევდეს თავის ტერიტორიას უცხოური ჯარებისა და სამხედრო ბაზებისთვის;

გ) მუდმივად ნეიტრალურ სახელმწიფოს ასევე ეკრძალება უცხო სახელმწიფოს მიმართ პროტექტორატის დაწესება, თუ კი ამ უკანასკნელს მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი არ გააჩნია.

დ) მუდმივი ნეიტრალიტეტი შეიძლება იყოს გარანტირებული რომელიმე სხვა (მაგალითად დიდი) სახელმწიფოების მიერ ან არგარანტირებული.

ამჟამად ზემოთ ნახსენები სამივე მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოს ეს სტატუსი გარანტირებულია სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით.

სართაშორისო სამართალში თავისი შინაარსით ცნობილია ნეიტრალიტეტის ორი ფორმა - აბსოლუტური და კვალიფიციური.

პირველი ითვალისწინებს ნეიტრალური სახელმწიფოს აბსოლუტურ მიუკერძოებლობას (მაგალითად შვეიცარია, რომელიც გაეროს წევრიც კი არ არის), ხოლო  მეორე წარმოადგენს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფეხმოკიდებული კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის განვითარების შედეგს, როდესაც მისაღებია გარკვეულ პირობებში (ვთქვათ სამართლიანი ან თავდაცვითი ომის წარმოებისას), რომელიმე მეომარი მხარისთვის გარკვვეული შეღავათების გაწევა.

ამის მაგალითია ავსტრია, რომელიც მუდმივი ნეიტრალიტეტის მიუხედავად გაეროს წევრი სახელმწიფოა და მოვალეა აღნიშნული ორგანიზაციის წესდების თანახმად რომელიმე ქვეყნის ან რეჟიმის მიმართ გამოცხადებულ სანქციებში იღებდეს მონაწილეობას.

დღესდღეობით შვეიცარია კვლავ მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის მქონე სახელმწიფოა და აბსოლუტური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებს,  შვედეთი და ფინეთი ცივი ომის პერიოდში და დღესაც ევენტუალური ნეიტრალიტეტის პოზიციაზე დგანან.

მოდით ვნახოთ, როგორია ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოთა მიერ  შეიარაღებაზე დახარჯული ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებელი.

ა) ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოების თავდაცვის ხარჯები

1990 და 1999 წლებში

მთლიანი შიდა პროდუქტი (მლრდ. დოლარებში):

1990 წელი:ავსტრია – 157,48; შვედეთი – 219,36; შვეიცარია – 227,97; ფინეთი – 137,78.

1999 წელი: ავსტრია – 198,0; შვედეთი – 230,0; შვეიცარია – 246,0; ფინეთი – 123,0..

მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წილი ერთ სულ მოსახლეზე (პერ ცაპიტა; დოლარებში):

1990 წელი: ავსტრია – 20900; შვედეთი – 26300; შვეიცარია – 35100; ფინეთი – 27400;

1999 წელი: ავსტრია – 23400; შვედეთი – 22900; შვეიცარია – 29600; ფინეთი – 22200.

სამხედრო ხარჯები (მლრდ. დოლარებში):

1990 წელი: ავსტრია – 1,54; შვედეთი – 5,51; შვეიცარია – 4,10; ფინეთი – 1,57;

1999 წელი: ავსტრია – 1,7; შვედეთი – 5,2; შვეიცარია – 3,1; ფინეთი – 1,7.

სამხედრო ხარჯების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (პროცენტები):

1990 წელი: ავსტრია – 0,98; შვედეთი – 2,51; შვეიცარია – 1,80; ფინეთი – 1,14;

1999 წელი: ავსტრია – 0,86; შვედეთი – 2,26; შვეიცარია – 1,26; ფინეთი – 1,38.

ამრიგად, ევროპის მცირე ნეიტრალური ქვეყნების თავდაცვის ხარჯები მერყეობდა 0,8-დან (ავსტრია) 2,4%-მდე (შვედეთი) ფარგლებში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთის ამ მაჩვენებელში შეყვანილი იყო 0,5 მლრდ. დოლარამდე სამოქალაქო თავდაცვისთვის გამოყოფილი ასიგნებებიც.

ბ) ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 და 2000 წლებში

მოსახლეობა (ადამიანი):

1991 წელი: ავსტრია – 7546200; შვედეთი – 8340200; შვეიცარია – 6503800; ფინეთი – 5023200;

2000 წელი: ავსტრია – 8138000; შვედეთი – 8947000; შვეიცარია – 7090000; ფინეთი – 5183000.

მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები (მოსახლეობის რიცხოვნების პროცენტული წილი; ადამიანი):

1991 წელი: ავსტრია – 44000 (0,58); შვედეთი – 63400 (0,76); შვეიცარია – * (*); ფინეთი – 31000 (0,63).

2000 წელი: ავსტრია – 35500 (0,44); შვედეთი – 52700 (0,59); შვეიცარია – * (*); ფინეთი – 31700 (0,61).

რეზერვები (მოსახლეობის რიცხოვნების პროცენტული წილი; ადამიანი):

1991 წელი: ავსტრია – 1584000 (21,0); შვედეთი – 709000 (8,50); შვეიცარია – 625000 (9,61); ფინეთი – 500000 (9,95);

2000 წელი: ავსტრია – 1065000 (13,90); შვედეთი – 570000 (6,37); შვეიცარია – 351200 (4,98); ფინეთი – 485000 (9,36).

 როგორც ვხედავთ, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოები ცივი ომის პერიოდში და დღესაც მშვიდობიანობის დროს ინახავენ მოსახლეობის 0,45-0,75%% რიცხოვნების რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს (შევეიცარიაში ეს სისტემა რამდენადმე სახეშეცვლილია), ომის შემთხვევაში კი ვარაუდობენ სამხედრო სამსახურში მოსახლეობის დაახლოებით 10%-ის გაწვევას. ეს კი მათი მცირე ტერიტორიების გათვალისწინებით, საკმარისად სერიოზული ძალაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობნისა და სუვერენიტეტის დასაცავად. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნების ჯარებს შესაბამისი შეიარაღებაც გააჩნიათ.

გ) ევროპის ნეიტრალური ქვეყნების ძირითადი შეიარაღება

1991 და 2000 წლებში:

_ 1991 წელი:

ავსტრია: 159 საბრძოლო ტანკი, 460 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 484 საველე საარტილერიო სისტემა, 0 დამრტყმელი ვერტმფრენი, 54 საბრძოლო თვითმფრინავი.

შვედეთი: 785 საბრძოლო ტანკი, 800 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1520 საველე საარტილერიო სისტემა, 0 დამრტყმელი ვერტმფრენი, 470 საბრძოლო თვითმფრინავი.

შვეიცარია: 870 საბრძოლო ტანკი, 1350 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1485 საველე საარტილერიო სისტემა, 0 დამრტყმელი ვერტმფრენი, 289 საბრძოლო თვითმფრინავი.

ფინეთი: 120 საბრძოლო ტანკი, 558 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1150-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემა, 0 დამრტყმელი ვერტმფრენი, 118 საბრძოლო თვითმფრინავი.

_ 2000 წელი:

ავსტრია: 283 საბრძოლო ტანკი, 533 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 535 საველე საარტილერიო სისტემა, 11 დამრტყმელი ვერტმფრენი, 52 საბრძოლო თვითმფრინავი.

შვედეთი: 658 საბრძოლო ტანკი, 2067 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1050 საველე საარტილერიო სისტემა, 0 დამრტყმელი ვერტმფრენი, 250 საბრძოლო თვითმფრინავი.

შვეიცარია: 556 საბრძოლო ტანკი, 1538 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1092 საველე საარტილერიო სისტემა, 0 დამრტყმელი ვერტმფრენი, 154 საბრძოლო თვითმფრინავი.

ფინეთი: 230 საბრძოლო ტანკი, 1063 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1937 საველე საარტილერიო სისტემა, 0 დამრტყმელი ვერტმფრენი, 64 საბრძოლო თვითმფრინავი.

დ) ევროპის ნეიტრალური სახელმწიფოების სარდლობებიც ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში გეგმავდნენ მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის მობილიზებას. ასე მაგალითად:

- 5-მილიონიან ფინეთს ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში 90-იანი წლების დასაწყისში იარაღით ხელში უნდა გამოეყვანა 500 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან 300 ათასი საბრძოლო (საველე) ჯარებში და 200 ათასი ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში. გარდა ამისა, კიდევ 200 ათასი - იარაღის გარეშე (ზურგისა და დამხმარე სამსახურებში). ამ ძალებით ფინური სარდლობა ვარაუდობდა 27 ბრიგადის (ორი ჯავშანსატანკო, 20 სხვადასხვა ტიპის ქვეითი,  ერთიც სანაპირო თავდაცვის),  70-მდე ცალკეული პოლკისა და ბატალიონის, ტერიტორიული თავდაცვის 200 ცალკეული ბატალიონისა და ასეულის, სამი საბრძოლო საავიაციო ფრთის, სადაზვერვო და სატრანსპორტო საავიაციო ესკადრილიების, ოთხი საზღვაო ესკადრის (საარტილერიო, სარაკეტო და საპატრულო კატარღების, აგრეთვე სანაღმო ომის წარმოების) დაკომპლექტებას;

- 6,5-მილიონიან შვეიცარიას ომიანობის დროს  უნდა გამოეყვანა 625-ათასიანი შეიარაღებული ძალები, რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც ნაჩვენები იყო: სამი მექანიზებული, ექვსი ქვეითი და სამი სამთოქვეითი დივიზია (სულ 12 დივიზია), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ცალკეული პოლკები, ბატალიონები და დივიზიონები, 11 სასაზღვრო ბრიგადა და სხვა ჯარები; 17 საბრძოლო საავიაციო ესკადრილია;

- შვედური სარდლობა ომიანობის დროის შეიარაღებულ ძალებში (709 ათასი ადამიანი) ითვალისწინებდა 21 საბრძოლო ბრიგადისა და 100 ცალკეული ბატალიონის (დივიზიონის), ტერიტორიულ ჯარებში _ 60 ცალკეული ბატალიონისა და 400-500 ცალკეული ასეულის, 20 საბრძოლო საავიაციო ესკადრილიისა და საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავების, სარაკეტო, საპატრულო კატარღებისა და სანაღმო ომის წარმოების (ნაღმგადამღობი გემებისა და ტრალერების) ესკადრების გამოყვანას.

თავისთავად ცხადია, რომ შვედეთის, შვეიცარიისა და ფინეთის მცირე ტერიტორიებისთვის, ასეთი რიცხოვნებისა და საბრძოლო შემადგენლობის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დასაცავად.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

მ ე მ ო რ ა ნ დ უ მ ი

საქართველოს მუდმივი

სამხედრო ნეიტრალიტეტის თაობაზე

„მაშინ იესუმ უთხრა მას:

ჩააგე მახვილი ქარქაშში,

რადგან ყველა, ვინც აიღებს მახვილს,

მახვილითვე დაიღუპება“

მათე 26,52

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე:

ესწრაფვის რა - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებას; აგრეთვე

ესწრაფვის რა - ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი, სამართლებრივი ბრძოლის გზით აღდგენას; აგრეთვე

ესწრაფვის რა - ქვეყანაში მშვიდობისა და სამართლიანობის მყარად დამკვიდრებას; აგრეთვე

ესწრაფვის რა - ორმხრივად მისაღები თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური, თანამიმდევრული პოლიტიკის განხორციელებას

ჩვენი ქვეყნის ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ვაცხადებთ:

 

საქართველო უნდა გახდეს - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში;

 ვხელმძღვანელობთ რა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყნის სტატუსის მოპოვების სურვილით, წინადადებით მივმართავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რათა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ (და არამუდმივ) წევრთა წინაშე დაისვას საკითხი, მათი მხრიდან, საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის - გარანტორებად დადგომის თაობაზე;

ვხელმძღვანელობთ რა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყნის სტატუსის მოპოვების სურვილით, წინადადებით მივმართავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოს, რათა - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა;

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველო იმედს იტოვებს, რომ თითოეულ სახელმწიფოსთან, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით მიღებული გარანტია, გახდება იმის მყარი საფუძველი, რომ საქართველოს _ არასოდეს დასჭირდება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისთვის მინიჭებული უფლების - შეიარაღებული ძალების მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე - გამოყენება;

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა თავადვე გახდეს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების აქტიური ხელშემწყობი და სხვათათვის მაგალითის მიმცემი ქვეყანა.

დე, ღმერთი ყოფილიყოს უზენაესის განუსაზღვრელი ძალის მოიმედე საქართველოსა და ყველა ასეთი ქვეყნის მფარველი. ამენ!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი