Print

ზვიად გამსახურდია - 74 [სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის] წერილი მეორე

 

საქართველოში

კანონიერი სახელისუფლებო შტოს

სამართალმემკვიდრეობის

საკითხისათვის


2013 წ. 9 მარტი

წერილი მეორე:

ზვიად გამსახურდიას 74-ე წლისთავთან დაკავშირებით მკითხველებს გვინდა შევთავაზოთ ოთხნაწილიანი გამოკვლევის - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“ - საჯარო განხილვა. თავდაპირველად წარმოგიდგენთ გამოკვლევაში განხილულ საკითხთა ჩამონათვალს:

შესავალი

პირველი ნაწილი:

     1. წინარე ისტორია

     2. დევნილობაში მყოფი კანონიერი ხელისუფლება

მეორე ნაწილი:

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“

განსაზღვრული საკითხები

მესამე ნაწილი:

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღსრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობით ნაკარნახევი სამართლებრივი ნაბიჯები.

 

პირველი ნაწილი

1. წინარე ისტორია

1991 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ [რომელიც მიღებულია საქართველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის მიერ 1978 წლის 15 აპრილს; საქართველოს სსრ 1984 წლის 7 იანვრის, 1986 წლის 5 ივლისის, 1989 წლის 18 ნოემბრის, 1990 წლის 20 მარტის და 18 აგვისტოს; საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 14, 15, 22 ნოემბრის, 11, 28 დეკემბრის, 1991 წლის 29 იანვრის, 27, 28 თებერვლის, 20 მარტის, 14, 23, 27 აპრილის, 23 მაისის, 14 ივნისის, 25 ივლისის, 2, 10, 26 აგვისტოს, 11 და 30 ოქტომბრის კანონებით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით] პრეამბულაში (გვ. 2-3) ვკითხულობთ:

„საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, XIX საუკუნის დასაწყისში დაკარგულ იქნა უცხო ძალის ჩარევის შედეგად.

ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას.

1917 წლის თებერვალში დაემხო რუსეთის იმპერია, რამაც ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღედგინა საუკუნეზე მეტი ხნის წინ რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა.

ქართველმა ერმა თავისი პოლიტიკური ნება განახორციელა 1919 წლის 12 მარტს, როდესაც დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ქვეყნისა და ისტორიის წინაშე ცნო და დაადასტურა ადრე მღებული დამოუკიდებლობის აქტი, შემდეგ კი 1921 წლის 21 თებეტვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით (განსაკუთრებით 1924, 1936-38, 1949-51, 1956 წლებში), რისი უკანასკნელი გამოვლინება იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, ამ მოვლენამ თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა...“ [იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 26/11-1991 წ.].

XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს საქართველოში განვითარებული მოვლენებით გამოკვეთილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის დამაგვირგვინებელი მონაკვეთი, სამართლებრივი თვალსაზრისით, უნიკალური თავისებურებებით ხასიათდება.

და მართლაც, 1990 წელი - „... საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც კომუნისტური მმართველობის უსისხლოდ შეცვლისა და ქვეყნის სათავეში ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების მოსვლის წლად.

1990 წლის დასაწყისისათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ თითქმის უკვე შეძლო მთელი ერის გამოფხიზლება და მისი თავისუფლების აღდეგნის სულისკვეთებით გაჟღენთვა...

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელმაც მიაღწია მთელი მოსახლეობის კონსოლიდაციას ეროვნული თავისუფლების აღდგენის იდეის გარშემო, უაღრესად საშიშ და ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდებოდა იმპერიისათვის... მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს უკანასკნელი იჯდა გულხელდაკრეფილი, რაც გამოიხატებოდა მის მიერ ხელოვნურად მოწყობილ, ჩვენი სამშობლოს თავისუფლების წინააღმდეგ გამიზნულ, შეუწყნარებელ პროვოკაციებში.

კრემლის მიერ მოწყობილ პროვოკაციულ ჩანაფიქრს _ გაეხლიჩა და დისკრედიტაცია გაეწია ეროვნული მოძრაობისათვის, დაუყოვნებლივ აუღო ალღო ბატონ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით აღორძინებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ:

- „გამომჟღავნდა ეროვნული მოძრაობის განადგურების მცდელობა კორუმპირებული მაფიის მიერ, რომელსაც ფარულად წარმართავს ოფიციოზი... ეს ყოველივე საბოლოო მიზნად ისახავს საქართველო სამოქალაქო ომის პროვოცირებას და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რასაც დიდი ხანია ამზადებს კრემლი, რათა ჩაახშოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“ (ზვიად გამსახურდიასა და სხვათა: „მიმართვა ქართველი ერისადმი“, გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, 1990 წლის 5 მაისი).

შემდგომი მოვლენები ისე განვითარდა, რომ ზემოთ მოყვანილი მიმართვის ტექსტზე ხელმომწერნი იძულებულნი შეიქმნენ გამიჯვნოდნენ 1990 წლის 13-15 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენციის მიერ არჩეულ ეროვნულ ფორუმში მყოფთ. აი, ფრაგმენტი განცხადებისა, რომელიც 1990 წლის 12 მაისს გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში“ გამოქვეყნდა:

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი, მონარქისტული (კონსერვატიული) პარტია, წმიდა ილია მართლის საზოგადოება და სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება, გამოდიან მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატორები და სათანამშრომლოდ იწვევენ ყველა პოზიტიური, რეალური ძალის მქონე ეროვნულ-პოლიტიკურ ორგანიზაციას. მრგვალი მაგიდის მიზანია: დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალისტური კონცეფციის შექმნა“.

1990 წლის 15 მაისს გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“ აქვეყნებს იმავე წლის 11 მაისს მიღებულ - „საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის წესდებას“, იქვეა გამოქვეყნებული, მათი პოლიტიკური კონცეფცია, რომელშიც ვკითხულობთ:

„...იმისათვის, რომ საქართველოში არჩეულ იქნას ჭეშმარიტად ერის ნების გამომხატველი და მისი ინტერესების დამცველი ორგანო, რომელიც მხოლოდ არსებული, ობიექტური რეალობის გათვალისწინებით იმოქმედებს და არა სხვა ქვეყნის ინტერესებითა და მისდამი ერის ინტერესების საზიანო კომპრომისებით, აუცილებელია:

შეიქმნა პირობები, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალურმა ოპოზიციამ, რათა მოსკოვისადმი დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები, უმაღლეს არჩევით ორგანოში უმცირესობაში აღმოჩნდნენ...“.

აქ ყურადღება უნდა მიექცეს ფრაზას - „შეიქმნას პირობები“. მაინც რა იგულისხმება მასში?

ბატონი ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მოქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების ერთ-ერთი პირველი გამარჯვება იყო 1990 წლის 9 მარტს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელმაც შექმნა - მსოფლიო პრეცენდენტი, როდესაც - მმართველი რეჟიმი, თავისივე არსებული კანონების დაცვით, თავის თავს ფაქტობრივად უკანონოდ აცხადებს:

დადგენილება

საქართველოს სახელმწიფოს

სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ

 

„...საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო:

ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წელს თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით _ ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოსთვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებასა და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად:

1924 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის;

1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ“.

კიდევ ვიმეორებთ - ეს იყო ქართველო ხალხისა და მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი, მსოფლიო პრეცენდენტის არმქონე გამარჯვება.

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენციის (1990 წლის 13-16 მარტი) დადგენილებაში ჩაიწერება:

„პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას ეროვნული ფორუმი, რომელიც იქნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინირებული ხელმძღვანელობის ცენტრი, რომელიც მოიწვევს საყოველთაო ეროვნულ ყრილობას და გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური ხელისუფლების საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებს“.

ბატონი ზვიად გამსახურდია დარწმუნდა რა იმაში, რომ ოფიციოზის მიერ მართული კორუმპირებული მაფია, ეროვნული მოძრაობის განადგურების მიზნით, ცდილობდა ფორუმში შეღწევას, რაც - „საბოლოოდ მიზნად ისახავდა საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირებას და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას“, გადაწყდა: გადამჭრელი ზომების მიღებისათვის, მიეღწიათ ეროვნული მოძრაობის მთელი შინაგანი პოტენციალის მობილიზებისათვის. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ ჩათვალეს გამიჯნოდნენ - „გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური “ ხელისუფლების ფორმირების ყოველგვარ მცდელობას.

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილმა „მრგვალმა მაგიდამ“ გადაწყვიტა, რომ „შეექმნა პირობები“ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლისათვის, „რათა მოსკოვისადმი დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები, უმაღლეს არჩევით ორგანოში, უმცირესობაში აღმოჩენილიყვნენ“. ასეთი პირობების შექმნა კი, მხოლოდ ოფიციალურ ხელისუფლებაზე მშვიდობიანი ფორმებით ზეწოლის შედეგად იყო შესაძლებელი, რათა ისინი იძულებულნი გამხდარიყვნენ, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თვითონვე მოეხდინათ თავისი თავის უკანონოდ გამოცხადება - რაც უნდა გამხდარიყო სამართლებრივი საფუძველი, ახალი არჩევნებისათვის „კანონიერი“ სტატუსის მისანიჭებლად.

და აი, ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ფუნქციის შემსრულებელი „მრგვალი მაგიდის“ ძალისხმევის პრაქტიკული შედეგი - 1990 წლის 20 ივნისს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული ორი დადგენილება:

 

I. „საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება

საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტირების შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ:

1. დადგენილებას, მეათე აბზაცის შემდეგ, დაემატოს შემდეგი აბზაცი:

„აღნიშნავს რა, რომ ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდგომ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები... არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ, თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს:

უკანოონდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით (ე.წ. საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 და 26 თებერვალს, 24 მარტის გადაწყვეტილებანი და სხვა)“.

2. დადგენილებას ბოლოში დაემატოს შემდეგი ტექსტი:

„დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს სსრ და რუსეთის სფსრ შორის პრინციპულად ახალი, სუვერენული სახელმწიფოებისათვის შესაფერისი ურთიერთობების დამყარების მიზნით, რასაც საფუძვლად უნდა დაედოს 1921 წლის თებერვალ-მარტში რსფს რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის აღიარება და მისი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების სათანადო შეფასება რსფსრ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ...“;

 

II. „საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება:

საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის ძირითადი კონცეფციისა და საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების დანიშვნის თაობაზე:

1. დაევალოს საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა საბჭოების დეპუტატების არჩევნების შესახებ საქართველოს სსრ კანონის პროექტების შემმუშავებელ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის კომისიას პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და მასობრივ მოძრაობებთან ერთად, ერთი თვის ვადაში, მოამზადოს განსახილველად და მისაღებად საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის პროექტი.

2. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების კანონის პროექტს საფუძვლად დაედოს მრავალპარტიული არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით.

3. დაინიშნოს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნები კვირას, 1990 წლის 28 ოქტომბერს“.

ამდენად პირველი ეტაპი - „პირობების შექმნისა“ წარმატებით დაგვირგვინდა.

დაიწყო მეორე ეტაპი - საარჩევნო კანონი უნდა შექმნილიყო ისეთი, რომ მასზე დაყრდნობით არჩეული ხელისუფლება არ გამხდარიყო იურიდიულ-ფორმალური გამგრძელებელი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოსი.

მიუხედავად არსებული ხელისუფლების წინააღმდეგობისა, ბატონ ზვიად გამსახურდიასა და „მრგვალი მაგიდის“ მეთაურობით მოქმედი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, უდიდესი ძალისხმევის შედეგად (სამტრედიის რკინიგზის ბლოკირება და სხვა), მაინც აღწევს სასურველი საარჩევნო კანონის მიღებას... კანონისა, რომელიც აკმაყოფილებდა „მრგვალი მაგიდის“ რამდენიმე ძირითად მოთხოვნას, კერძოდ:

- საქართველოში უნდა ჩატარდეს საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი, დემოკრატიული არჩევნები;

- იმისათვის, რომ არჩევნები იყოს საყოველთაო, იგი ჩატარებულად უნდა ჩაითვალოს თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კანონიერი მოსახლეობის მინიმუმ 51%;

- არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, არ ცნობენ რა არსებული საბჭოთა ხელისუფლების კანონიერებას, რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ საარჩევნო კომისიაში, რომელიც, თავის მხრივ, დაკომპლექტებული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენლისაგან.

ამდენად, ბატონ ზვიად გამსაურდიასა და „მრგვალი მაგიდის“ სხვა წევრების ზემოთ აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც ქმნიდნენ კანონიერი არჩევნებისათვის საჭირო, ყველა სამართლებრივ ბაზისს; ეს უკანასკნელი კი იურიდიულად იმდენად უნაკლო გახლდათ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ნებისმიერი ძალა იურიდიულად დაკანონდებოდა არა როგორც - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს ფორმალური გამგრძელებელი, არამედ, ერთგვარად, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე - კანონიერი ხელისუფლება.

ყოველივე ზემოთქმული მიღწევის შემდეგ, დაიწყო უშუალოდ არჩევნებისათვის მზადების მესამე და გადამწყვეტი ეტაპი.

საარჩევნო კანონის მიღების და საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარების შემდეგ, 1990 წლის 10 სექტემბრის „მრგვალი მაგიდის“, რიგით 44-ე შეხვედრის მონაწილეებმა, მხარი დაუჭირეს ბატონ ზვიად გამსახურდიას წინადადებას და სრულიად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა „მრგვალი მაგიდის“ საარჩევნო ბლოკს უწოდეს: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საარჩევნო ბიულეტენში საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ მეთორმეტე ნომრად იყო წარმოდგენილი. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული იყო - ჰელსინკის კავშირი, წმ. ილია მართლის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, ლიბერალურ-დემოკრატიული კავშირი, ეროვნულ-ქრისტიანული პარტია.

ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა: ქართველმა ხალხმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანს, საარჩევნო ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“, რითაც, პირველად, 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის ისტორიაში, ქვეყნის სათავეში მოვიდა - კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით არჩეული, ეროვნული ხელისუფლება.

„საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობა - 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ:

საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3. 444. 002; საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2. 406. 742 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის - 69,88 პროცენტს შეადენს; ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო 2 311 923 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 67,13 პროცენტს შეადგენს. ბათილად ცნობილია 84 798 ბიულტენი.

1. პროპორციული სისტემით არჩევნებისას პარტიების (საარჩევნო ბლოკების) სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა:

3. საქართველოს კომუნისტური პარტია: 688. 382 - 29,58%

12. „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“: 1. 248. 111 - 53,99%

- „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით არჩეულია 81 დეპუტატი; საქართველოს კომუნისტური პარტიის პარტიული სიით არჩეულია 44 დეპუტატი...“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“, თბ. 2012 წ., გვ. 5-11].

საქართველოს სახელმწიფოს სათავეში მოსული კანონიერი ხელისუფალის წინაშე უმნიშვნელოვანესი ამოცანა იდგა, რამეთუ 1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების შემდგომად დაიწყო - „... ახალი ხანა, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით.

ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია, სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით, იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ძირითადი კანონი.

გარდამავალი პერიოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაში უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები.

1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგი გახდა დამატებითი სამართლებრივი და ზნეობრივი საფუძველი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისა, რითაც მთელ მსოფლიოს ეცნობა ქართველი ერისა და მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის ერთსულოვანი ნება“ [იხ. „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ პრეამბულა, გვ. 3].

საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ“ [იხ. მ. სალუაშვილი, „ზვიად გამსახურდიადან - ზვიად გამსახურდიამდე: 1991 – 1995 წ.წ.“, თბ. 1995 წ., გვ. 47].

„1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში, კანონიერების სრული დაცვით, პრეზიდენტობის ალტერნატიულ კანდიდატთა შორის, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებით, მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად, ბატონ ზვიად გამსახურდიას არჩევა...“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“, თბ. 2012 წ., გვ. 37].

რუსეთის იმპერიული ძალებისა და საქართველოში მომქმედი შეიარაღებული ოპოზიციის ერთობლივი მოქმედებით 1991 წ, 22 დეკემბერს დაწყებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, 1992 წ. 2 იანვარს შექმნილმა „სამხედრო საბჭომ“ და „დროებითმა მთავრობამ, იურიდიულ ნორმათა უგულვებელყოფით - შეაჩერა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი - დამხობილად, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო - დაშლილად გამოაცხადა.