Print

ზვიად გამსახურდია - 74 [სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის] წერილი მესამე

2013 წ. 11 მარტი

წერილი მესამე:

ზვიად გამსახურდიას 74-ე წლისთავთან დაკავშირებით მკითხველებს გვინდა შევთავაზოთ ოთხნაწილიანი გამოკვლევის - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“ - საჯარო განხილვა. თავდაპირველად წარმოგიდგენთ გამოკვლევაში განხილულ საკითხთა ჩამონათვალს:

შესავალი

პირველი ნაწილი:

     1. წინარე ისტორია

     2. დევნილობაში მყოფი კანონიერი ხელისუფლება

მეორე ნაწილი:

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“

განსაზღვრული საკითხები

მესამე ნაწილი:

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღსრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობით ნაკარნახევი სამართლებრივი ნაბიჯები.

  

2. დევნილობაში მყოფი კანონიერი ხელისუფლება

1991 - 1992 წ.წ. მოვლენების შედეგად, 1992 წ. 6 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლო შტოები - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი, იძულებული შეიქნენ დაეტოვებინათ საქართველო, და თავისი მოვალეობის შესრულება - ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიაში, დევნილობაში მყოფთ გაეგრძელებინათ.

 „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 108-ე და 113,1 მუხლზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1992 წ. 9 მარტის დადგენილებით, 1992 წ, 12-13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის მე-2 სესიის მორიგი სხდომა - ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა

[იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 457-458].

მიზეზთა გამო, ამ სხდომას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე [აკ. ასათიანი] და მისი მოადგილე [ნ. ბურჭულაძე] არ დასწრებიან.

1992 წ. 12 მარტის სხდომის გახსნის შემდეგ, დეპუტატთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის არჩევის სესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 114-ე მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. არჩეულ იქნას მერაბ კიკნაძე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თავმჯდომარედ.

2. ეს დადგენილება ძალაში შედის განკარგულების მიღებისთანავე“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 459-460].

დევნილობაში მყოფმა კანონიერმა სახელისუფლო შტომ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო, საქართველოში შეიარაღებული გზით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგებიდან გამომდინარე არაერთი აუცილებელი მიმართვა, გადაწყვეტილება თუ განცხადება [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 458-481].


„საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ქვეყნების პარლამენტარებისადმი“ გაკეთებულ მიმართვაში კერძოდ ვკითხულობთ - „... რადგანაც საქართველოს მოსახლეობას არ სურს შეურიგდეს ხუნტის მმართველობას და აგრძელებს ბრძოლას კანონიერად არჩეული ხელისუფლების აღსადგენად, სისხლისღვრა-რეპრესიების შემდგომი ესკალაცია გარდაუვალია. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის მმართველობის კანონიერი სტრუქტურების, პრეზიდენტისა და პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა.

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი მოუწოდებს გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე ყველა ქვეყნის პარლამენტს და მთავრობას, დაგმონ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ძალადობით დამხობა, პუტჩში საბჭოთა არმიის გამოყენება და ედ. შევარდნაძის სამარცხვინო ალიანსი დანაშაულებრივ ხუნტასთან; ამხილონ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევევბი; თავი შეიკავონ დიპლომატიური და ნებისმიერი სახის სხვა ურთიერთობისაგან არაკანონიერ ხელისუფლებასთან.

საქართველოს რესპუბლიკა არ არის პასუხისმგებელი ხუნტასთან დადებულ არავითარ ხელშეკრულებაზე“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 465-466].


ანალოგიური თხოვნაა ასახული - „ევროპის თანამეგობრობის საბჭოსადმი“ განკუთვნილ მიმართვაში - „... საქართველოს პარლამენტი მიმართავს ევროპის თანამეგობრობას არ ცნოს უკანონო ხელისუფლება და თავი შეიკავოს იმ ხუნტასთან ნებისმიერი კონტაქტისაგან, რომელსაც სათავეში უდგას ედ. შევარდნაძე. საქართველოს რესპუბლიკა არ კისრულობს პასუხისმგებლობას უკანონო ხელისუფლებასთან დადებულ არც ართ შეთანხმებაზე“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 475].


საქართველოში მომხდარისადმი, რუსეთის იმპერიული ძალების მხილების შემცველ მიმართვაში - „რუსეთის უზენაესი საბჭოსა და პრეზიდენტისადმი“, მკაცრადაა დაგმობილი საქართველოში მომხდარში უცხო ქვეყნის ჩარევის ფაქტი. კერძოდ მასში ვკითხულობთ - „1991 წ. 22 დეკემბერს ყოფილ პარტოკრატთა და სისხლის სამართლის დამნაშავეთა დანაშაულებრივი ხუნტის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა წამოიწყეს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ პირდაპირი მოქმედება. სამწუხაროა, მაგრამ არსებული ფაქტების საფუძველზე დგინდება, რომ რუსეთი, საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების უშუალო მონაწილეა. პუტჩისტთათვის გაწეული დახმარების მასშტაბები და რუსეთის შეიარაღებულ ძალთა აშკარა მონაწილეობა საომარ მოქმედებაში შეიძლება სევადაროთ ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელს წარმოებულ ღია სამხედრო აგრესიას...

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს მტკიცე პროტესტს ყოველივე ამის გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოს:

1. შეწყვიტოს საქართველოს რესპუბლიკის სუვერენულ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა;

2. საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო უფლებების ნორმათა თანახმად დაგმოს სამხედრო გადატრიალება, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკაში და სეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა უკანონო რეჟიმთან, რომელმაც შეიარაღებული ძალადობის გზით მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია;

3. დაიწყოს კანონიერ ხელისუფლებასთან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან და უზენაეს საბჭოსთან მოლაპარაკება, დსთ-ს ჯარების, რომლებიც რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში იმყოფებიან, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანის თაობაზე;

4. დაუყოვნებლივ გატანილ იქნას ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიული იარაღი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან...“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 467-468; 469-470].


საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება  - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„...იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს ა მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე,  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოა დგენს

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ..)  შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი,  გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორ ცსამშობლოს ღალატი...“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 472].

ამავე დღეს, ანუ 1992 წ. 13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში - „აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ“, კერძოდ ვკითხულობთ:

„...სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკაში, ხუნტის .. სამხედრო საბჭოს მიერ შექმნილი არაკანონიერი ორგანოები... უხეში ძალისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ მართონ სახელმწიფო. ამასთანავე, ისინი იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათი აზრით, სახელმწიფო კანონიერი ხელისუფლების აქტებისა და მართვის იურიდიული და ფაქტობრივი ძალის იგივეობას წარმოადგენს.

ხუნტის ასეთი ქმედება არაკანონიერი და მიუღებელია როგორც საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის აქტების თვალსაზრისით...

ხუნტა მიზნად ისახავს მისცეს ლეგიტიმური ხასიათი სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციას. ამისათვის ხუნტაც დილობს შეიმუშაოს კანონი არჩევნების შესახებ... და დანიშნოს პარლამენტის არჩევნები.

მომქმედი კანონმდებლობის... და მსოფლიო პრაქტიკის თვალსაზრისით, არჩევნების შესახებ კანონის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონის) მიღების და არჩევნების თარიღის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, ანუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელიც არჩეულია 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპარტიული არჩევნებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. .. სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეებისათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა.

2. საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად[იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 479-480].

1992 წ. 10 მარტს შექმნილი ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ მორიგი უკანონო გადაწყვეტილების მხილების მიზნით, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 113-ე მუხლის თანახმად, 1992 წლის აპრილში მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო სტრუქტურების მიერ დანიშნული სახელმწიფო ორგანოების არჩევნების შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

ვინაიდან სამხედრო ხუნტა, რომელიც თავის თავსსახელმწიფო საბჭოსუწოდებს და რომელმაც შეიარაღებული ძალადობის გზით მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ცდილობს დანაშაულებრივი რეჟიმის დაკანონებას არჩევნების ჩატარების გზით;

ვინაიდან არავის აქვს უფლება დანიშნოს არჩევნები ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გარდა;

ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, პირველი სესიის 13 მარტის სხდომაზე მიღებულ მიმართვაში მოუწოდა საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობას სამხედრო ხუნტის 

გადაწყვეტილებათა ბოიკოტისა და სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკაში ხელისუფლების უკანონო სტრუქტურების მიერ მიღებული

 საარჩევნო კანონი და ნებისმიერი აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ იურიდიული ძალის არმქონედ,  

არჩევნები - უკანონოდ,  არჩევნების შედეგები - ბათილად.

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 481-482].

უკანონო ხელისუფალის მიერ 1992 წ. 11 ოქტომბერს ჩატარებული ე.წ. არჩევნების თაობაზე, 1992 წ. 14 ოქტომბერს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გამართულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის საგანგებო სესიაზე, მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკაში ანტიკონსტიტუციური არჩევნების ჩატარების შესახებ“, სადაც გაცხადებულ იქნა, რომ:

„1992 წ. 11 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკაში ე.წ. სახელმწიფო საბჭომ, რომელმაც შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია, ანტიხალხური რეჟიმის დაკანონების მიზნით ჩაიდინა ანტიკონსტიტუციური ქმედება და უწოდა მას „პარლამენტის არჩევნები“;

ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციით, რომელიც ყველა იურიდიული ნორმის დარღვევით გაუქმებულად გამოცხადდა, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელსაც თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია;

ვინაიდან, „დებულება არჩევნების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ჩატარდა არჩევნები, სრულად არ შეესაბამება ხუნტის მიერ აღდგენილ 1921 წლის კონსტიტუციას, უპრეცედენტოა თავისი ანტიდემოკრატიულობით [არ არის განსაზღვრული მინიმალური საარჩევნო ქვორუმი, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული კანდიდატთა წინააღმდეგ მიცემული ხმები, დაკანონებულია არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის მექანიზმი], ხოლო სპიკერის არჩევა საყოველთაო კენჭისყრით არ ახსოვს მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკას, და ნიშნავს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების კონცენტრაციას და აქედან გამომდინარე ერთი პიროვნების ხელში შეუზღუდავი ძალაუფლების მოქცევას;

ვინაიდან არჩევნების უალტერნატივობა, არსებითად აღადგენს არჩევნების კომუნისტურ პრაქტიკას;

ვინაიდან უკანონო რეჟიმის მიმართ არალოიალური პოლიტიკური ძალები, თავიანთი სურვილის შემთხვევაშიც, მოკლებულნი აღმოჩნდნენ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის საშუალებას, ხოლო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა ხუნტის ერთგული პირებით;

ვინაიდან არჩევნები საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში არ ჩატარებულა;

ვინაიდან არჩევნები ჩატარდა მასობრივი ტერორის, სამოქალაქო ომის, საგანგებო, ხოლო აფხაზეთში - საალყო მდგომარეობის პირობებში და არსებითად დაქვემდებარებული იყო მხოლოდ ხიშტების კონტროლს;

ვინაიდან ამომრჩევლებს არ მიეცათ თავიანთი ნების თავისუფალი გამოხატვის საშუალება, შანტაჟსა და მუქარას [დაწყებული სამსახურიდან დათხოვნით, დამთავრებული ფიზიკური განადგურების მოთხოვნით] მასობრივი ხასიათი ჰქონდა;

ვინაიდან, საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილის მოქმედება წარმოადგენდა ტენდენციურობისა და პროტექციონოზმის მაგალითს;

ვინაიდან არსებობს უტყუარი მონაცემები იმის შესახებ, რომ არჩევნების შედეგები მთლიანად ფალსიფიცირებული იყო,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ცნობილ იქნას არაკონსტიტუციურად, ხოლო შედეგები - ბათილად;

2. დადგენილება ძალაში შედის მიღების მომენტიდან“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 487-488].


საქართველოს მოსახლეობის ჭეშმარიტი ნების გამომხატველი, საქართველოს კანონიერი სახელისუფლო შტოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული აქტებით, სამართლებრივად დადასტურებულ იქნა საქართველოში, 1992 წ. 11 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებით ჩამოყალიბებული, დე-ფაქტოდ არსებული მოძალადე ხელისუფალის უკანონობა, რომელიც თავისი ქმედების ათვლას - 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული სამხედრო შეიარაღებული გზით სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, 1992 წ. 2 იანვარს ჩამოყალიბებული ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“, ხოლო მოგვიანებით 1992 წ. 10 მარტს შექმნილი ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ საქმიანობიდან იღებს სათავეს.

თავის მხრივ, 1992 წ. 11 ოქტომბრის უკანონო, არადემოკრატიული და არათავისუფალი არჩევნებით ქვეყნის სათავეში მოსულმა ე.წ. „საქართველოს პარლამენტმა“, შეიმუშავა და 1995 წ. 24 აგვისტოს მიიღო - „საქართველოს კონსტიტუცია“, რომელიც საფუძვლად დაედო, უკანონო სახელისუფლო შტოების სამართალმემკვიდრე, დე-ფაქტოდ არსებული მმართველი ძალების საქმიანობას.