Print

ზვიად გამსახურდია - 74 [სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის] წერილი მეოთხე

2013 წ. 13 მარტი

წერილი მოთხე:


ზვიად გამსახურდიას 74-ე წლისთავთან დაკავშირებით მკითხველებს გვინდა შევთავაზოთ ოთხნაწილიანი გამოკვლევის - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“ - საჯარო განხილვა. თავდაპირველად წარმოგიდგენთ გამოკვლევაში განხილულ საკითხთა ჩამონათვალს:

შესავალი

პირველი ნაწილი:

     1. წინარე ისტორია

     2. დევნილობაში მყოფი კანონიერი ხელისუფლება

მეორე ნაწილი:

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“

განსაზღვრული საკითხები

მესამე ნაწილი:

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღსრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობით ნაკარნახევი სამართლებრივი ნაბიჯები.

 

მეორე ნაწილი

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“

[რომელიც მიღებულია საქართველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის მიერ 1978 წლის 15 აპრილს; საქართველოს სსრ 1984 წლის 7 იანვრის, 1986 წლის 5 ივლისის, 1989 წლის 18 ნოემბრის, 1990 წლის 20 მარტის და 18 აგვისტოს; საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 14, 15, 22 ნოემბრის, 11, 28 დეკემბრის, 1991 წლის 29 იანვრის, 27, 28 თებერვლის, 20 მარტის, 14, 23, 27 აპრილის, 23 მაისის, 14 ივნისის, 25 ივლისის, 2, 10, 26 აგვისტოს, 11 და 30 ოქტომბრის კანონებით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით]

განსაზღვრული საკითხები

 

I. თავი

ზოგადი შესავალი - უფლებამოსილების ვადები

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ თანახმად, მკაცრადაა განსაზღვრული ქვეყნის სახელისუფლო შტოების უფლებამოსილების ვადები, კერძოდ:

1. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“ [მუხლი 104].

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია, ხოლო საკრებულოების - 3 წელი“ [მუხლი 86];

2. „საქართველოს სახელმწიფოს - საქართველოს რესპუბლიკის მეთაურია - საქართველოს რესპუბლიკის  პრეზიდენტი [მუხლი 1211].

„... საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით...“ [მუხლი 1212];

3. „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანოა და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს“ [მუხლი 122].

„... საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით და თავის უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე“ [მუხლი 123].

კონსტიტუციის მოთხოვნათა თანახმად - საქართველოს რესპუბლიკის  პრეზიდენტის უფლებები 1214 მუხლითაა განსაზღვრული. მათ შორის არის ორი ასეთი უფლებაც:

- „6) საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით აყალიბებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს და შეაქვს მის შემადგენლობაში ცვლილებები, უზენაეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით ათავისუფლებს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს“; და

- „12) აქვს უფლება  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ დაითხოვოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. უზენაესი საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს დათხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა“.

 

II. თავი

სახელისუფლო შტოების

უფლებამოსილებათა უწყვეტობის საკითხისათვის

 „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ნათლადაა ჩამოყალიბებული - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არამარტო არჩევის, არამედ მათი უფლებამოსილების უწყვეტობის დაცვის საკითხები. მოდით მივყვეთ მათ თანამიმდევრულ განხილვას. 

 

1.1 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

კონსტიტუციის თანახმად - „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის აღმასრულებელ - განმკარგულებელი ორგანოა და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს“ [მუხლი 122].

თავის მხრივ - „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი შედგება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მისი მოადგილეებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრებისაგან. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით...“ [მუხლი 123].

კონსტიტუციაში გაწერილია - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ფორმირების მექანიზმი. კერძოდ:

- „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი... საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით აყალიბებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს და შეაქვს მის შემადგენლობაში ცვლილებები, უზენაეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით ათავისუფლებს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს...“ [მუხლი 1214,6];

- „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო... საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მის მიერ წარმოდგენილი საპროგრამო განცხადების განხილვის შემდეგ...

თანხმობას აძლევს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებაზე, მის შემადგენლობაში ცვლილებების, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების, კომიტეტებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან გადადგომის შესახებ“ [მუხლი 104,18; 22].

ქვეყნის უმაღლესი კანონის მიხედვით - „... საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით და თავის უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე“ [მუხლი 123].

აქვე მოცემულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის მექანიზმიც, რომლის ამოქმედების ინიციატორი შეიძლება იყოს - თავად მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტი და უზენაესი საბჭო:

„...საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თხოვნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა თუ მისი ცალკეული წევრებისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ნდობის გამოცხადების საკითხს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ინიციატივით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა თუ მისი ცალკეული წევრებისათვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი უნდა დაუჭიროს უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ორმა მესამედმა მაინც, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტის ინიციატივით მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხს - უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტმა“ [მუხლი 124].

 

1.2 დასკვნის მაგიერ

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების საკითხი უშუალოდაა დაკავშირებული საპრეზიდენტო ვადასთან, და გრძელდება, მისი კონსტიტუციურ ვადაში [ხუთი წელი] ამოწურვიდან [ან საგანგებო შემთვევით გამოწვეული მდგომარეობიდან ათვლით - სამ თვეში ჩასატარებელი ახალი საპრეზიდენტო არჩევნებიდან],   მაქსიმუმ - ახლადარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ახალი სამთავრობო გუნდის შერჩევა-დამტკიცებამდე.   

 

2.1 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“ - „საქართველოს სახელმწიფოს - საქართველოს რესპუბლიკის მეთაურია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“ [მუხლი 1211], რომლის უფლებამოსილების ცნობის საკითხი ასეა დარეგულირებული:

- „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობის შესახებ...“ [მუხლი 1071].

მთლიანობაში კი - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონი“ [მუხლი 1212].

კონსტიტუციით განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც შესაძლებელია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება:

- „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დაბადებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, ოცდათხუთმეტიდან სამოცდახუთ წლამდე ასაკისა, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ უკანასკნელი ხუთი წლისა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით... საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ნამდვილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა რაოდენობის ნახევარზე მეტი. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მთლიანად საქართველოს რესპუბლიკაში ხმის მიცემის მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს...“ [მუხლი 1212].

კონსტიტუციით გათვალისწინებულია საგანგებო შემთხვევათა ალბათობისას [პრეზიდენტის გარდაცვალება, ავადმყოფობით გამოწვეული შრომის უუნარობა, თანამდებობიდან გადადგომა და სხვა], საპრეზიდენტო უფლებამოსილების უწყვეტობის მექანიზმი:

- „თუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ამა თუ იმ მიზეზის გამო აღარ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი უფლებამოსილებანი ეკისრება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს სამი თვის ვადაში“ [მუხლი 1218].

 

2.2 დასკვნის მაგიერ

ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარეს, ან - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, კონსტიტუციური მოთხოვნის თანახმად, როგორც მინიმუმ - სამი თვით შეუძლია იყოს ამ თანამდებობაზე, რამეთუ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, სწორედ - „სამი თვის ვადაში“ უნდა გაიმართოს;

შესაბამისად, რადგანაც - „...საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით და თავის უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე“ [მუხლი 123], ძველი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტის მოქმედების მაქსიმალური ვადა, მხოლოდ - საგანგებო მდგომარეობის დაფიქსირებიდან [პრეზიდენტის გადადგომა, ავადმყოფობა, გარდაცვალება]  ათვლით - სამი თვის ვადაში არჩეული საქართველოს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა, და  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ახალი სამთავრობო გუნდის შერჩევა-დამტკიცებამდე გრძელდება.

  

3.1 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“ – „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო...“ [მუხლი 104], რომლის - „...უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია“ [მუხლი 86].

აქვე მოცემულია, თუ ვინ შეიძლება გახდეს ამ ორგანოს წევრი - „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად [აირჩევა - გ.ს.] – 23 წელს მიღწეული საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია არანაკლებ ათი წლისა...“ [მუხლი 92];

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო შედგება 250 წევრისაგან, რომელსაც ირჩევენ საარჩევნო ოლქების მიხედვით და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი პარტიული სიებით“ [მუხლი 105].

კონსტიტუციით - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო... ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოში დეპუტატთა არჩევნებს...“ [მუხლი 104,27], რომელიც - „... ინიშნება არა უგვიანეს ოთხი თვისა... უფლებამოსილების გასვლამდე...“ [მუხლი 86].

კონსტიტუციის 106-ე მუხლის თანახმად - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინა შემადგენლობის პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულ უზენაეს საბჭოს იწვევს არჩევნებიდან არა უგვიანეს ორი თვისა“.

აქვე განმარტებულია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დათხოვნის მექანიზმიც:

- „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს... აქვს უფლება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ დაითხოვოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. საბჭოს ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს დათხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა“ [მუხლი 1214,12].

ქვეყნის უმაღლესი კანონის თანახმად განსაზღვრულია, ამა თუ იმ მიზეზით შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას, ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს [მუხლი 104] უფლებამოსილების უწყვეტობის დაცვის პრინციპი:

- „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“ [მუხლი 112].

 

3.2 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი

კონსტიტუციის თანახმად - „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო... ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს; ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს“ [მუხლი 104,17-18].

მთლიანობაში - „... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საქართველოს რესპუბლიკის კანონებით გათვალისწინებულ ფარგლებში.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან თანამდებობის მიხედვით: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე - აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს სათავეში უდგას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე...“ [მუხლი 112].

თავის მხრივ - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთაგან ფარული კენჭისყრით ხუთი წლის ვადით და არა უმეტეს ზედიზედ ორი ვადისა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება ნებისმიერ დროს ფარული კენჭისყრით გაიწვიოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ. გაწვევის საკითხს კენჭი ეყრება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის არანაკლებ ერთი მეხუთედისა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში უზენაესი საბჭო ერთი თვის ვადაში ირჩევს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებამდე თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, ხოლო თუ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო მოადგილესაც არ შეუძლია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციების შესრულება, მაშინ უზენაესი საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან არჩეული დროებითი თავმჯდომარე“ [მუხლი 114].

 

3.3. დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც ვნახეთ, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია“ -ში დეტალურადაა გაწერილი ორი სავარაუდო შემთხვევის ალბათობა, კერძოდ:


1. პროცესების შეუფერხებლად წარმართვის შემთხვევაში:

- „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო... ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებს...“ [მუხლი 104,27];

-  მორიგი არჩევნები ინიშნება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე: „არა უგვიანეს ოთხი თვისა“ [მუხლი 86];

- და რადგანაც: „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინა შემადგენლობის პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულ უზენაეს საბჭოს იწვევს არჩევნებიდან არა უგვიანეს ორი თვისა“ [მუხლი 106], მაშასადამე

- ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმ გათვლით, რომ - ერთის მხრივ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლებამოსილების გასვლამდე 4 თვით ადრე დანიშნული არჩევნების თარიღი, და - მეორეს მხრივ, არჩევნების დღიდან აღებული, ახლადარჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს პირველი შეკრების დღემდე, კონსტიტუციით განსაზღვრული 2 თვე, ხელისუფლების უფლებამოსილების უწყვეტობის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა თანხვდებოდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ხუთწლიან ვადას [მუხლი 86].


2. საგანგებო შემთხვევისას, ანუ თუ რაიმე მიზეზის გამო - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ამოწურვის 5 წლის თავზე, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში ვერ ხერხდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მორიგი არჩევნების დანიშვნა [მუხლი 86 და მუხლი 106], მაშინ, ამ ხუთწლიანი ვადის, ანუ - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ“, სახელისუფლო ვაკუუმის შევსებისა და ხელისუფლების უფლებამოსილების უწყვეტობის პრინციპების დაკმაყოფილების მიზნით:

- „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“ [მუხლი 112].

ამასთანავე, ბუნებრივია რომ, კონსტიტუციური ნორმა - არ აკონკრეტებს, რამეთუ შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს, ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული საგანგებო შემთხვევისა გამო, დროის რა მონაკვეთი შეიძლება გავიდეს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადის გასვლიდან, კანონიერად დანიშნული და ახლადარჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე;

თუმცა, როგორც ვხედავთ, კონსტიტუცია იმპერატიულად უთითებს, რომ - „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“ [მუხლი 112], ანუ მთელი ამ დროის მანძილზე - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს [მუხლი 104] უფლებამოსილებას, „ითავსებს“ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.