Print

ზვიად გამსახურდია - 74 [სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის] წერილი მეხუთე

2013 წ. 15 მარტი

წერილი მეხუთე:

ზვიად გამსახურდიას 74-ე წლისთავთან დაკავშირებით მკითხველებს გვინდა შევთავაზოთ ოთხნაწილიანი გამოკვლევის - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“ - საჯარო განხილვა. თავდაპირველად წარმოგიდგენთ გამოკვლევაში განხილულ საკითხთა ჩამონათვალს:

შესავალი

პირველი ნაწილი:

     1. წინარე ისტორია

     2. დევნილობაში მყოფი კანონიერი ხელისუფლება

მეორე ნაწილი:

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“

განსაზღვრული საკითხები

მესამე ნაწილი:

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღესრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობით ნაკარნახევი სამართლებრივი ნაბიჯები.

    1.1 აუცილებელი საკადრო და საკონსტიტუციო ცვლილება

    1.2 დასკვნის მაგიერ

მეოთხე ნაწილი:

კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრის საკითხისათვის

        1. საქართველოში დე-ფაქტოდ არსებული უკანონო

           ხელისუფალის მიერ გაკეთებული იძულებითი აღიარება

        2. 1995 წლის 28 ოქტომბრის [14 ნოემბრის] შემდგომად

            შექმნილი მდგომარეობის სამართლებრივი ასპექტები

 

მესამე ნაწილი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას

მოწამეობრივად აღსრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობით ნაკარნახევი სამართლებრივი ნაბიჯები

 

1. აუცილებელი საკადრო და საკონსტიტუციო ცვლილება

საბჭოთა კავშირად წოდებული რუსეთის იმპერიული ძალებისა და საქართველოში მომქმედი კრიმინალური ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევით, 1991 წლის 22 დეკემრიდან - 1992 წ. 6 იანვრამდე მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას, ქვეყნიდან: საქართველოს რესპუბლიკის კანონერი ხელისუფლების  იძულებითი განდევნა მოჰყვა.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სულისკვეთების ერთგული, და კრიმინალურ-მოძალადე ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის მთქმელი, 1992 წ. 6 იანვრიდან საქართველოდან იძულებით განდევნილი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი დეპუტატების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, 1992 წლის 12 მარტს ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გამართულ სხდომაზე, კონსტიტუციის 114-ე მუხლის თანახმად - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თანმჯდომარედ არჩეული დეპუტატი - მერაბ კიკნაძე, ქ. ზუგდიდში, - 1993 წ. ივლისში გამართულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხდომაზე, - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, მიზეზთა გამო, მერაბ კიკნაძემ უარი განაცხადა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობაზე.

1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღსრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობა, კონსტიტუციურ ნორმაზე [მუხლი 1218] დაყრდნობით აგებულ სამართლებრივ დარეგულირებას მოითხოვდა.

როგორც ზემოთაც აღინიშნა - კონსტიტუციით, გათვალისწინებულია - საგანგებო შემთხვევათა ალბათობისას, საპრეზიდენტო უფლებამოსილების უწყვეტობის მექანიზმი:

- „თუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ამა თუ იმ მიზეზის გამო აღარ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი უფლებამოსილებანი ეკისრება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს სამი თვის ვადაში“ [მუხლი 1218].

ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარეს, ან - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, კონსტიტუციური მოთხოვნის თანახმად, როგორც მინიმუმ - სამი თვით შეუძლია იყოს ამ თანამდებობაზე, რამეთუ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, სწორედ - „სამი თვის ვადაში“ უნდა გაიმართოს.

სწორედ ამ კონსტიტუციურ მოთხოვნათა დაცვის მიზნით - 1994 წლის 24 თებერვალს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაკრძალვიდან ერთი თვის, ხოლო დაღუპვიდან სამი თვის შემდეგ, კონსტიტუციის 108-ე მუხლზე დაყრდნობით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ - გროზნოში, 1994 წლის 1-2 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესიის სხდომა იქნა მოწვეული.

1994 წლის 1 აპრილის სხდომაზე მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის არჩევის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ [აქ: მერაბ კიკნაძემ - გ.ს.] უფლებამოსილება მოიხსნა, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (აქ: ნემო ბურჭულაძე - გ.ს.) ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 114-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ბატონი ბიძინა ჩოლოყაშვილი;

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ბ.ჩოლოყაშვილი

 გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი“

 

იმავდროულად, მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მორიგი დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვადამდე გადარჩევის შესახებ“:

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის 1994 წლის 31 მარტის განცხადების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის სურვილი და ბატონი მერაბ კიკნაძე გადარჩეულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან;

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ბ.ჩოლოყაშვილი

 გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი“.

 

კონსტიტუციურ მოთხოვნათა თანახმად, საჭირო იყო პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტთან მიმართებაში მიღებულიყო კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. კერძოდ:

- ვინაიდან, ქვეყნის უმაღლესი კანონის მიხედვით - „... საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით...“ [მუხლი 123];

- ვინაიდან, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 104-ე მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო - „რეგულარულად ისმენს მის მიერ შექმნილი ან არჩეული ორგანოების, აგრეთვე მის მიერ დანიშნულ ან არჩეულ თანამდებობის პირთა ანგარიშებს, წყვეტს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრთა კაბინეტის ცალკეული წევრებისადმი ნდობის საკითხს“.

- ვინაიდან, 124-ე მუხლის თანახმად - „... ნდობის გამოცხადების საკითხს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ინიციატივით საქართველოს მინისტრთა კაბინეტის თუ მისი ცალკეული წევრისათვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი უნდა დაუჭიროს უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ორმა მესამედმა მაინც...“,

შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღსრულებით შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 104,23-ე, 123-ე და 124-ე მუხლებზე დაყრდნობით, 1994 წლის 1 აპრილის სხდომაზე მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ“:

„საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:

1. განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ბესარიონ გუგუშვილი;

2. ეს დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ბ.ჩოლოყაშვილი

 გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი“.

 

აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, სხდომაზე გაიმართა ხანგრძლივი მსჯელობა  - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით.

ვინაიდან „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ თანახმად:

„თუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ამა თუ იმ მიზეზის გამო აღარ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი უფლებამოსილებანი ეკისრება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს სამი თვის ვადაში“ [მუხლი 1218],

ხოლო კონსტიტუციური მოთხოვნის [„... საქართველოს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს სამი თვის ვადაში“] შესრულება [საქართველოში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება] ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოდან იძულებით განდევნილ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერ ხელისუფლებას - არ შეეძლო, შექმნილი ჩიხური მდგომარეობის სამართლებრივად გადაჭრის მიზნით, სხდომის მონაწილეთა წინაშე დადგა - საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.

კონსტიტუციის 185-ე მუხლში ვკითხულობთ - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლა ხდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც მიიღებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ორი მესამედი“.

კონსტიტუციურ მოთხოვნათა სრული დაცვით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა კანონი - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 131 თავის - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“მოქმედების შეჩერების შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკა ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ და ფაქტობრივად ანექსირებულია დსთ-სთან, რაც შეუძლებელს ხდის საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მოთხოვნების პრაქტიკულ განხორციელებას, კერძოდ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104- მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:

1. შეჩერებულ იქნას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 131 თავის – „საქართვლოს რესპუბლიკის პრეზიდენტი მოქმედება საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე;

2. ეს კანონი ძალაშია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე .ჩოლოყაშვილი

 გროზნო, 1994 წლის 2 აპრილი“.

 

მოყვანილი - საკადრო და კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების შემდეგ, 1994 წლის 2 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იღებს სპეციალურ განცხადებას - „ეროვნული გმირის - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას დაღუპვასთან დაკავშირებით“, რომელშიც ვკითხულობთ:


„1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში მოწამეობრივად აღესრულა ქართველი ხალხის ეროვნული გმირი - საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქი, კავკასიური მოძრაობის სულისჩამდგმელი, დისიდენტი, მეცნიერი და მწერალი ბატონი ზვიად გამსახურდია.

ბატონი ზვიად გამსახურდია სიყრმიდანვე ჩაება ქართველი ერის სულიერი აღორძინებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის უკომპრომისო ბრძოლაში, რამაც შესაძლებელი გახადა საუკუნოვანი ეროვნული ოცნების აღსრულება - დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ამ ფასდაუდებელი ღვაწლის პასუხად საქართველოს პირველი პრეზიდენტი გარემოცული იყო ხალხის უდიდესი ნდობითა და სიყვარულით.

რუსეთის ნეოიმპერიალისტური ძალებისა და კომუნისტურ-ნომენკლატურული ხუნტის მიერ 1992 წლის დამდეგს საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად იგნორირებული სახელმწიფო სუვერენიტეტისა და კანონიერების აღდგენის მიზნით, ხალხის მოთხოვნით 1993 წლის შემოდგომაზე სამშობლოში დაბრუნდა დევნილობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია.

ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის იმედი პრეზიდენტთან იყო გაიგივებული, საქართველოს თავისუფლების მტრებმა - რუსეთის ნეოიმპერიალისტური ძალების სპეცსამსახურებმა და მათმა ადგილობრივმა აგენტურამ, განახორციელა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მკვლელობა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს რესპუბლიკის პეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თანაგრძნობას უცხადებს ბატონ ზვიად გამსახურდიას ოჯახს და სრულიად საქართველოს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დევნილობაში ერთგული რჩება ბრძოლის მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებისა და აგრძელებს მოღვაწეობას ქვეყანაში კანონიერების, საქართველოში ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 522-523].

 

1.2 დასკვნის მაგიერ

1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღსრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობა, 1994 წლის 1-2 აპრილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ - გროზნოში გამართული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესიის სხდომაზე, კონსტიტუციურ ნორმაზე დაყრდნობით, მიღებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, შემდეგნაირად დარეგულირდა:

- „შეჩერებულ იქნას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 131 თავისსაქართვლოს რესპუბლიკის პრეზიდენტი მოქმედება საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე“;

- საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ბესარიონ გუგუშვილი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან;

- დაკმაყოფილდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის სურვილი და ბატონი მერაბ კიკნაძე გადარჩეულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ბატონი ბიძინა ჩოლოყაშვილი;

- კონსტიტუციით დადგენილმა: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ [მუხლი 104] - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ერთხმად მიღებული იურიდიული აქტის საფუძველზე განაცხადა, რომ: „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დევნილობაში ერთგული რჩება ბრძოლის მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებისა და აგრძელებს მოღვაწეობას ქვეყანაში კანონიერების, საქართველოში ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის“.

1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთვის, 1994 წ. 1-2 აპრილს გამართული სხდომა გახლდათ, კონსტიტუციის 86-ე მუხლით განსაზღვრული ხუთწლიანი დროის ფარგლებში [1995 წ. 28 ოქტომბერი/14 ნოემბერი], ჩატარებული ბოლო შეკრება.