Print

საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოში კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრე:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ერთის მხრივ - „საქართველოს რესპუბლიკი კონსტიტუციის“ [1978 წ. 15 აპრილის რედაქცია],  და მეორეს მხრივ - 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და 2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებათა [შესაბამისად 1992 წ. 12 მარტი და 2005 წ. 11 მარტი] თანახმად:

- „...1995 წლის 28 ოქტომბრიდან [14 ნოემბრიდან] მოყოლებული, ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენამდე, ანუ - კანონიერად დანიშნული და ახლადარჩეული საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომამდე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს [მუხლი 104] უფლებამოსილებას, კონსტიტუციის 112-ე მუხლის თანახმად, ასრულებს - 1990-1991 წლებში, აგრეთვე - 1992 წ. მარტში, 1993 წ. ივლის-ოქტომბერსა და 1994 წლის აპრილში გამართულ საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებებით ფორმირებული, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის მატარებელი ერთადერთი უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურა  -  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“ [მ. სალუაშვილი, „საქართველოში კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“, თბ. 2013 წ., გვ.31].

ამდენად, 1995 წ. 14 ნოემბერს, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტაციას ამოეწურათ მათთვის, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი ვადა [მუხლი 86 და მუხლი 112]. შესაბამისად, ამავე დღიდან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი არის ის ერთადერთი კანონიერი სახელისუფლო სტრუქტურა, რომლის უფლებამოსილებაც ამოიწურება, მის მიერ სანქცირებული არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომაზე [მუხლი 112].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოდით გავარკვიოთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავდაპირველი, ანუ

1990 წ. 14 ნოემბრიდან - 1991 წ. 22 დეკემბრამდელი შემადგენლობა

 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველივე სხდომებზე, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად მოხდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ფორმირება.

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ თანახმად:

- „... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საქართველოს რესპუბლიკის კანონებით გათვალისწინებულ ფარგლებში.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან თანამდებობის მიხედვით: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე - აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს სათავეში უდგას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე...“ [მუხლი 112].

1990 წ. 14 ნოემბერს გამართულ პირველსავე შეკრებაზე, დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დეპუტატი - ზვიად გამსახურდია.

მეორე დღეს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს დეპუტატი - აკაკი ასათიანი, ხოლო მოადგილედ დეპუტატი - ნემო ბურჟულაძე.

სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიათა ფორმირების კვალობაზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმში თანამდებობრივად გაერთიანდნენ დეპუტატები:

- ნუგზარ მოლოდინაშვილი [კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისია];

- ტარიელ გელანტია [საფინანსო საბიუჯეტო კომისია];

- გივი თაქთაქიშვილი [ეკონომიკური რეფორმების კომისია];

- რობერტ პეტრიაშვილი [ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისია];

- ბაკურ გულუა [მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისია];

- ირაკლი ჩხეიძე [სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობის და ეკოლოგიის კომისია];

- თედო პაატაშვილი [საერთაშორისო ურთიერთობის კომისია];

- ვაჟა ადამია [საზოგადოებრივი წესრიგის და სახელმწიფო უშიშროების დაცვის კომისია];

- თეიმურაზ ქორიძე [კულტურის, განათლების და მეცნიერების კომისია];

- ზაურ ქობალია [ადამიანის უფლებათა კომისია];

- ბიძინა დანგაძე [საპროცედურო საკითხთა კომისია].

მოგვიანებით, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე ზვიად გამსახურდიას არჩევასთან დაკავშირებით, განხორციელებულ ცვლილებათა შედეგად:

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დეპუტატი - აკაკი ასათიანი აირჩიეს;

- ორი: კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის და სახელმწიფო უშიშროების დაცვის კომისიათა გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა: „იურიდიული კომისია“, რომელსაც დეპუტატი - ლევან ალექსიძე ჩაუდგა სათავეში.

1991 წლის აგვისტოში მოსკოვში მომხდარი გადატრიალების უშედეგო მცდელობას, საქართველოს კომუნისტური პარტიის სასამართლო წესით გაუქმება მოჰყვა, რამაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში საქართველოს კომუნისტური პარტიის საარჩევნო სიით არჩეული დეპუტაციისათვის სადეპუტატო მანდატების შეჩერება გამოიწვია. აღნიშნულისა გამო, „იურიდიული კომისიის“ თავმჯდომარედ, ლევან ალექსიძის მაგივრად, დეპუტატი - კონსტანტინე ფირცხალავა იქნა არჩეული.

დეპუტატ ბაკურ გულუას საქართველოს ვიცე-პრემიერად გადაყვანასთან დაკავშირებით - „მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის“ თავმჯდომარის მოვალეობას, დროებით ასრულებდა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი - გელა ჩორგოლაშვილი.

მოგვიანებით, საქართველოში 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბრში მომხდარი ე.წ. „მცირე პუტჩის“ ფონზე განხორციელებული ცვლილების შედეგად, აღნიშნული კომისია მთლიანად შეერწყა - გივი თაქთაქიშვილის თავმჯდომარეობით მომქმედ „ეკონომიკური რეფორმების კომისიას“.

იმავე ხანებში, „საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის“ თავმჯდომარეობიდან გადამგარი თედო პაატაშვილის მაგივრად, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დეპუტატი - მედეა თუშმალიშვილი.

ამდენად, 1991 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, კონსტიტუციის 112-ე მუხლის თანახმად, ასეთი პერსონალური შემადგენლობით იყო წარმოდგენილი:

1. აკაკი ასათიანი [საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე];

2. ნემო ბურჭულაძე [საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე];

3. ასლან აბაშიძე [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე];

4. ვლადისლავ არძინბა [აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე];

5. კონსტანტინე ფირცხალავა [იურიდიული კომისიის თავმჯდომარე];

6. ტარიელ გელანტია [საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე];

7. გივი თაქთაქიშვილი [ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარე];

8. რობერტ პეტრიაშვილი [ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე];

9. ირაკლი ჩხეიძე [სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობის და ეკოლოგიის კომისიის თავმჯდომარე];

10. მედეა თუშმალიშვილი [საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე];

11. თეიმურაზ ქორიძე [კულტურის, განათლების და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე];

12. ზაურ ქობალია [ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე];

13. ბიძინა დანგაძე [საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე].

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის

1992 წ. 12 მარტიდან - 1995 წ. 14 ნოემბრამდელი შემადგენლობა

საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომად, 1992 წლის 12-13 მარტს ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გამართულ  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე, აკაკი ასათიანისა და ნემო ბურჭულაძის გამოუცხადებლობის გამო შექმნილი მდგომარეობის სამართლებრივი გზით გადაჭრა კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა. კერძოდ, ვინაიდან:

„...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, ხოლო თუ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო მოადგილესაც არ შეუძლია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციების შესრულება, მაშინ უზენაესი საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან არჩეული დროებითი თავმჯდომარე“ [მუხლი 114],

ამიტომ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თავმჯდომარედ, დეპუტატი - მერაბ კიკნაძე იქნა არჩეული.

ამავე სესიაზე, დეპუტატი - თეიმურაზ ქორიძე, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, და უზენაესი საბჭოს - „კულტურის, განათლების და მეცნიერების კომისიის“ თავმჯდომარედ, დეპუტატი - ბიძინა ჩოლოყაშვილი აირჩიეს.

1993 წლის ივლისის თვეში, ქალაქ ზუგდიდში გამართულ საგანგებო სესიაზე, კონსტიტუციის 114-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით [„...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში უზენაესი საბჭო ერთი თვის ვადაში ირჩევს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებამდე თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე...“] აკაკი ასათიანი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დეპუტატი - მერაბ კიკნაძე.

მოგვიანებით, ქ. გროზნოში 1994 წლის 1 აპრილს გამართულ საგანგებო სხდომაზე მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის არჩევის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ [აქ: მერაბ კიკნაძემ - გ.ს.] უფლებამოსილება მოიხსნა, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (აქ: ნემო ბურჭულაძე - გ.ს.) ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 114-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ბატონი ბიძინა ჩოლოყაშვილი;

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დროებითი თავმჯდომარე

ბ.ჩოლოყაშვილი

 გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი

იმავდროულად, მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მორიგი დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვადამდე გადარჩევის შესახებ“:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის 1994 წლის 31 მარტის განცხადების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის სურვილი და ბატონი მერაბ კიკნაძე გადარჩეულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან;

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დროებითი თავმჯდომარე

ბ.ჩოლოყაშვილი

 გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი“.

ამის შემდგომად, კონსტიტუციით განსაზღვრულ 5 წლიან ვადაში, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესია აღარ ჩატარებულა. შესაბამისად, 1995 წ. 14 ნოემბრისათვის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ასეთი პერსონალური შემადგენლობით იყო განსაზღვრული:

1. ნემო ბურჭულაძე [საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე];

2. ასლან აბაშიძე [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე];

3. ვლადისლავ არძინბა [აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე];

4. კონსტანტინე ფირცხალავა [იურიდიული კომისიის თავმჯდომარე];

5. ტარიელ გელანტია [საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე];

6. გივი თაქთაქიშვილი [ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარე];

7. რობერტ პეტრიაშვილი [ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე];

8. ირაკლი ჩხეიძე [სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობის და ეკოლოგიის კომისიის თავმჯდომარე];

9. მედეა თუშმალიშვილი [საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე];

10. ბიძინა ჩოლოყაშვილი [კულტურის, განათლების და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე];

11. ზაურ ქობალია [ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე];

12. ბიძინა დანგაძე [საპროცედურო საკითხთა კკომისიის თავმჯდომარე].

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის

დღევანდელი შემადგენლობა

1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობა, როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის თანახმად გამართული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ყალიბდება.

დე-იურედ მომქმედი 1978 წ. 15 აპრილის რედაქციის „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“  თანახმად:

- „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი... იღებს დადგენილებებს.

დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმას მისცემს პრეზიდიუმის შემადგენლობაში შემავალ პირთა უმრავლესობა“ [მუხლი 113,20].

1995 წ. 14 ნოემბერს კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის ამოწურვის, ანუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, კონსტიტუციის 112-ე მუხლის თანახმად მომქმედი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის პერსონალური შემადგენლობის არჩევნების გზით შეცვლა უკვე ვეღარ განხორციელდება.

შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილება, მხოლოდ მისი რომელიმე წევრის გარდაცვალებით შეიძლება იქნეს გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში, მისი ადგილმონაცვლის, ზემოთხსენებული მიზეზით - არჩევნების მეშვეობით გამოკვეთის შეუძლებლობის გამო, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის პერსონალური შემადგენლობა - შემცირდება.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ოთხი წევრის [ვლადისლავ არძინბა, ირაკლი ჩხეიძე, ბიძინა დანგაძე, ზაურ ქობალია] გარდაცვალების გამო, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების მატარებელი [მუხლი 112] საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, ასეთი პერსონალური შემადგენლობითაა წარმოდგენილი:

1. ნემო ბურჭულაძე [საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე];

2. ასლან აბაშიძე [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე];

3. კონსტანტინე ფირცხალავა [იურიდიული კომისიის თავმჯდომარე];

4. ტარიელ გელანტია [საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე];

5. გივი თაქთაქიშვილი [ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარე];

6. რობერტ პეტრიაშვილი [ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე];

7. მედეა თუშმალიშვილი [საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე];

    8. ბიძინა ჩოლოყაშვილი [კულტურის, განათლების და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე].