Print

საკონსტიტუციო ცვლილება - სამხარეო დაყოფა

 

საქართველოში

სამხარეო დაყოფასთან

დაკავშირებული

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები


შესავალი

ბიბლიურ წარღვნას გადარჩენილი ნოეს მოდგმა, არარატის მთების მიდამოებიდან, შინყარის ველისაკენ ინაცვლებს და ბაბილონის გოდოლის შენებას იწყებს. მოგვიანებით, ღმერთის მიერ, მიზეზთა გამო, ბაბილონის გოდოლის დანგრევას, ნოეს მოდგმის მთელს დედამიწაზე გაბნევა მოჰყვა.

`ქართლის ცხოვრებაში~ ლეონტი მროველისეული თხრობა, სწორედ ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდგომად განვითარებულ მოვლენებს გვამცნობს _ `... ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველთა ქვეყანასა და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკვიდრა ორთა მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატსა და მასისა...~ (1, გვ.3).

აღნიშნული დროიდან მოყოლებული _ კავკასიაში მკვიდრობს თარგამოსის მოდგმა, ეს ადგილი მისი შთამომავლების ისტორიული ტერიტორიაა.

აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი რძანებს _ `...ისტორიული ტერიტორია ეწოდება იმ ფიზიკურ მიწა-წყალს, რომელიც ამა თუ იმ დროს, ამა თუ იმ საზოგადოების (გვარის, სოფლის, თემის, სამთავროს, სახელმწიფოს, ხალხის, ერის), საწარმოო, სამეურნეო აუცილებელ სარბიელს შეადგენს. ვიდრე ეს საზოგადოებრივი ერთეული არსებობს და რამდენადაც არსებობს, არც ეს ტერიტორია (არც მისი ისტორიული ტერიტორია) მოიშლება. ესა თუ ის საზოგადოება და მისი ისტორიული ტერიტორია ორგანული ერთიანობაა და ერთი უმეორისოდ არ წარმოიდგინება...

... ისტორიული ტერიტორია იზრდება, იცვლება შესაფერისი საზოგადოების ზრდა-ცვლილებასთან ერთად. გვარს ერთი ტერიტორია ახასიათებს, ხალხს მეორე, ხოლო ერს კიდევ სხვა. და ეს შესაბამისად იმისა, რომ გვარი საზოგადოებრივი წარმოების ერთი გარკვეული ზედნაშენია, `ხალხი~ _ მეორესი, `ერი~ კიდევ სხვა...~ (ნ. ბეძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ. 1990 წ., გვ.12-13).

ქართველი ხალხის ისტორიულ სამკვიდრებელზე, ერის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა კონფიგურაციით შემოფარგლული სახელმწიფო წარმონაქმნი არსებობდა.

თარგამოს-ქართლოსიდან მოყოლებული და ფარნავაზით გაგრძელებული ქართველთა ისტორიული ყოფა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მმართველობის დროს, ჩვენი ქვეყნის რუსეთის იმპერიაში იძულებითი ყოფნის შემდგომად ორჯერ მოპოვებულ-აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობით, დღევანდელობაში განივთდა.

ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ჩვენეული ხედვის გაცნობამდე, ზოგადი სურათის წარმოსახვის მიზნით, გვინდა მოკლე ისტორიული მიმოხილვა შემოგთავაზოთ [სრულად იხ. `ბიბლია და `ქართლის ცხოვრებაანუ (გ)ახსნილი საიდუმლო, მიხეილ(გელა) სალუაშვილი, თბ. 2008 წ,].

 

[იხ. PDF ფორმატი: სამხარეო დაყოფა-ბუკლეტი]

 

 

საქართველოს

მხარეები და რეგიონები (რაიონები)

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის მიერ დამტკიცებული _ `საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები~-ს წინამდებარე პროექტის თანახმა საქართველო დაყოფილია შემდეგ მხარეებად:

აფხაზეთის ავტონომია, აჭარის ავტონომია, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და ცხინვალის ოლქი. ქ. თბილისი წარმოადგენს ცალკე ერთეულს.

 

თითოეული მხარის ზოგადი საზღვრები ასეთია:

1. აფხაზეთის ავტონომია _ მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. ჩრდილოეთის საზღვარი მდ. ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთით _ სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდ. ენგურზე (ქვემო დინება).

ჩრდილოეთით ესაზღვრება კრასნოდარის მხარე და ყარაჩაი-ჩერქეზეთი; აღმოსავლეთით _ მესტიისა და წალენჯიხის რაიონები; სამხრეთით _ ზუგდიდის რაიონი;

2. აჭარის ავტონომია _ მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. სამხრეთით საზღვარი თურქეთთან გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს, აღმოსალეთით _ არსიანის ქედს, ჩრდილოეთით _ მესხეთის ქედსა და მის განშტოებას (მდ-ების ნატანებისა და კინტრიშის წყალგამყოფი), დასავლეთით აკრავს შავი ზღვა.

ჩრდილოეთით ესაზღვრება ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონები; აღმოსავლეთით _ ადიგენის რაიონი; სამხრეთით _ თურქეთი;

3. გურიის მხარე _ მასში შედის შემდეგი თვითმმართველი ერთეულები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

გურიის მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას. გურიის მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, რომლისგანაც გამოყოფილია მდინარე ფიჩორით. სამხრეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლისგანაც გამოჰყოფს მესხეთის ქედი. გურიის მხარეს ასევე ესაზღვრება იმერეთის მხარე (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან) და სამცხე-ჯავახეთის მხარე (სამხრეთ-აღმოსავლეთიდან). დასავლეთიდან გურიის მხარეს 22 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს. გურიის მხარის ნაწილი ოდიშ-გურიის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო ნაწილი კი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე;

4. იმერეთის მხარე _ მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი _ კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ იმერეთის მხარე შემოსაზღვრულია: აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან _ იმერეთი,  ანუ ლიხსიქითა მხარე. იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად.

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 4 (ქუთაისი, წყალტუბო, ჭიათურა, ტყიბული), რაიონის გამგეობა - 8, სადაბო საკრებულო - 2, სოფლის საკრებულო - 161;

5. კახეთის მხარე _ მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების: კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს.

კახეთის მხარე მოიცავს _ მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა: გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის,  გურჯაანის,  დედოფლისწყაროს,  თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს;

6. მცხეთა-მთიანეთის მხარე _ მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა – 5, სადაბო საკრებულოები – 4, სოფლის საკრებულოები – 54.

მხარეში შედის: ქალაქი – 2: მცხეთა, დუშეთი; დაბა – 7: ზაჰესი, ახალგორი, ჟინვალი, ფასანაური, თიანეთი, სიონი, სტეფანწმინდა; სოფელი – 582.

7. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე _ მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს.

 მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა _ 4, სოფლის საკრებულოები _ 56. მხარეში შედის: ქალაქი _ 3: ამბროლაური, ონი, ცაგერი; დაბა _ 3: კვაისა, ლენტეხი, ხარისთვალა; სოფელი _ 251.

8. სამეგრელო და ზემო სვანეთის მხარე _ მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

დასავლეთიდან სამეგრელო-ზემო სვანეთს აფხაზეთი და შავი ზღვა, ჩრდილოეთიდან მთავარი წყალგამყოფი ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი (საზღვარი სვანეთის, ეგრისის ქედზე და ასხის მასივზეა), სამხრეთ-აღმოსავლეთით იმერეთის და სამხრეთით გურიის რეგიონი ესაზღვრება. მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: 1 თვითმმართველი ქალაქი და 7 მუნიციპალიტეტი.

9. სამცხე-ჯავახეთის მხარე _ მმდებარეობს სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების _ სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი - 5: ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა; დაბა – 7: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი, ახალდაბა, ადიგენი, აბასთუმანი, ასპინძა; სოფელი - 254.

10. ქვემო ქართლის მხარე _ მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები. მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია — 1, რაიონის გამგეობა — 6, სადაბო საკრებულო — 8, სოფლის საკრებულო — 86.

11. შიდა ქართლის მხარე _ არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია _ ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით - თრიალეთის ქედით. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის მხარეში შედის, ნაწილი _ მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა), სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი) და ცხინვალის ოლქში.  ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.

მხარეში შედის: გორის მუნიციპალიტეტი - კასპის მუნიციპალიტეტი - ქარელის მუნიციპალიტეტი - ხაშურის მუნიციპალიტეტი.

12. ცხინვალის ოლქი _ მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჩრდილოეთის საზღვარია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, აღმოსავლეთით _ ალევის ქედი, დასავლეთ საზღვარი გადაკვეთს ლიხის, რაჭისა და კედელას ქედებს, მდ-ების ძირულის, ყვირილის, ჯეჯორისა და ღარულის ზემო დინების ხეობებს და მთავრდება მამისონის უღელტეხილთან.

სამხრეთის საზღვარი შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო პერიფერიაზე გადის; ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილო ოსეთი; აღმოსავლეთით ყაზბეგის და დუშეთის, სამხრეთით _ კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის, დასავლეთით _ საჩხერისა და ონის რაიონები.

თბილისი _ მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზ.დ. 380-750 მ-ზე.

 

პროექტი

საქართველოს

კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში

ცვლილებების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.  საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. კონსტიტუციას დაემატოს მეხუთე პრიმა  თავი, სახელდებით - „მხარეები და რეგიონები (რაიონები)“, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი მეხუთე1

მხარეები და რეგიონები (რაიონები)

მუხლი 911. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციებია: აფხაზეთი, აჭარა, გურია, ერწო-თიანეთი, თორი, თრიალეთი, თუშეთი, იმერეთი, კახეთი, ლეჩხუმი,  მესხეთი,  მთიულეთ-გუდამაყარი,  რაჭა,  სამცხე, სამეგრელო, სვანეთი, ფშავი, ქართლი, ქიზიყი, ხევი, ხევსურეთი, ჯავახეთი.

მუხლი 912. საქართველო დაყოფილია _ მხარეებად და რეგიონებად (რაიონებად).

მუხლი 913. საქართველო დაყოფილია შემდეგ მხარეებად: აფხაზეთის ავტონომია, აჭარის ავტონომია, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და ცხინვალის ოლქი

ქ. თბილისი წარმოადგენს ცალკე ერთეულს.

მუხლი 914. საქართველოს მხარეების რეგიონებად (რაიონებად) დაყოფის სტრუქტურა განისაზღვრება ცალკე კანონით.

მუხლი 915. თანახმად კონსტიტუციაში დადგენილი პრინციპებისა,  მხარეები წარმოადგენენ საკუთარი უფლებებისა და ფუნქციების მქონე ავტონომიურ ერთეულებს.

მხარეებში შემავალი რეგიონები (რაიონები) წარმოადგენენ მხარეთა ხელისუფლების პირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფ ერთეულებს.

მუხლი 916. საკონსტიტუციო კანონის თანახმად საქართველოს განუყოფელ ნაწილებს _ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიებს, აგრეთვე ცხინვალის ოლქს, გააჩნიათ ავტონომიის განსაკუთრებული ნორმები და პირობები, რომლებიც შემუშავებული იქნება ცალკე კანონით.

მუხლი 917. კონსტიტუციურ კანონს მხარეთა საკრებულოების (უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს) აზრის გათვალისწინებით შეუძლია დაუშვას არსებული მხარეების გაერთიანება, ან ახალი მხარეების შექმნა, თუ ამას მოითხოვენ დაინტერესებული მოსახლეობის ერთი მესამედის რაიონული საკრებულოები და თუ ეს წინადადება მოწონებულია რეფერენდუმზე, იმავე მოსახლეობის უმრავლესობით.

მხარეთა საკრებულოების აზრის გათვალისწინებით, რეფერენდუმისა და საქართველოს კანონის მეშვეობით შეიძლება ნება დაერთოს რეგიონებსა და რაიონებს, მათი სურვილისამებრ, გამოვიდნენ ერთი მხარის შემადგენლობიდან და შევიდნენ მეორეში.

მუხლი 918. საქართველოს პარლამენტი მხარეთა ინიციატივის საფუძველზე, შესაბამის მხარეთა საკრებულოსთან კონსულტაციების შემდეგ ქმნის ახალ რეგიონებს ან ცვლის რეგიონების საზღვრებს ერთი და იგივე მხარის საზღვრებში.

მხარეს შეუძლია დაინტერესებული მოსახლეობის აზრის გათვალის-წინებით გამოსცეს კანონი, რომელიც მხარის ტერიტორიაზე შექმნის ახალ რაიონებს, სასოფლო თემებს ან შეცვლის მათ დასახელებებსა და საზღვრებს.

მუხლი 919. საქართველოს კანონებით დადგენილი ძირითადი პრინციპების ფარგლებში იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგებოდეს საერთო ეროვნულ და სხვა მხარეთა ინტერესებს, მხარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს _ საკრებულოს უფლება აქვს მიიღოს საკანონმდებლო ნორმები, ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით.

_ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

_ მხარეთა ბიუჯეტის დამტკიცება;

_ ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების, არასაბიუჯეტო სახს-რების, ადგილობრივი სესხების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოღება;

_ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფა;

_ კულტურისა და განათლების დაწესებულებათა მუშაობის უზრუნველ-ყოფა;

_ მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა; კანონით დადგენილ ფარგლებში მეურნეობისა და მზრუნველობის დაწესებულებათა მუშაობის უზრუნველყოფა;

_ ქალაქმშენებლობა;

_ ტურიზმი და სასტუმროების საქმე;

_ სამხარეო მნიშვნელობის საავტომობილო გზები;

_ მინერალური და სამკურნალო წყლები;

_ სოფლის მეურნეობა და ტყეები;

_ ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფერო;

_ კომუნალური მეურნეობის, მომსახურებისა და ტერიტორიის კეთილ-მოწყობა;

_ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფერო;

საკონსტიტუციო კანონებში მითითებული სხვა საკითხები;

საქართველოს კანონებს შეუძლიათ მისცენ მხარეებს ამ კანონების ცხოვრებაში გატარებისათვის საჭირო ნორმების გამოცემის უფლება.

მუხლი 9110. მხარე ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს წინა მუხლში ჩამოთვლილი საკითხების მიმართ, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის ისეთი საკითხებისა, რომელთა რეგულირების უფლება საქართველოს კანონებით შეიძლება გადაეცეს რეგიონებს, რაიონებს, სასოფლო თემებს ან ადგილობრივ დაწესებულებებს.

სახელმწიფოს შეუძლია მხარეებს საკანონმდებლო წესით გადასცეს სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება.

მხარე თავის ადმინისტრაციულ ფუნქციებს ახორციელებს რეგიონები-სათვის, რაიონებისა და სასოფლო თემებისათვის სათანადო დავალების გზით, აგრეთვე ამ ტერიტორიული ერთეულების დაწესებულებების გამო-ყენების საშუალებით.

მუხლი 9111. კანონით დადგენილი ფორმებით და ფარგლებში მხარეები სარგებლობენ ფინანსური ავტონომიით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სახელმწიფოს, რაგიონებისა და რაიონების ფინანსებთან.

მხარეთა განკარგულებაშია ადგილობრივი გადასახადები.

მხარეთა ფუნქციების ნორმალური განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარავად უნარჩუნდებათ სახელმწიფო გადასახადების ნაწილი.

გარკვულ ამოცანათა გადაწყვეტისათვის, კერძოდ, მთაგორიანი ადგილების განვითარებისათვის, საკანონმდებლო წესი სახელმწიფოს ცალკეულ მხარეებს გამოუყოფს სპეციალურ სახსრებს.

საქართველოს კანონების შესაბამისად მხარეებს გააჩნიათ საკუთარი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონება.

მუხლი 9112. არც ერთ მხარეს არ შეუძლია დადოს რაიმე ხელშეკრულება შევიდეს კავშირში ან კონფედერაციაში, მოჭრას ფული, გამოუშვას საკრედიტო საშუალებები, მიიღოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონები, უბოძოს თავადაზნაურული წოდებები.

საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე არც ერთ მხარეს არ შეუძლია დაადგინოს ბაჟი შემოზიდვებზე, გადატანაზე და მხარეთა შორის ტრანზიტზე. დაუშვებელია ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც ხელს შეუშლიან მოქალაქეების ან ქონების თავისუფალ გადაადგილებას მხარებს შორის.

არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება შეაიარაღოს ჯარი ან იყიდოს სამ-ხედრო ხომალდები, დადოს სხვა მხარებთან ან უცხო სახელმწიფოსთან შეთანხმება ან ხელშეკრულება, აწარმოოს ომი.

მუხლი 9113. ყველა მხარეში სრული ნდობითა და პატივისცემით უნდა მოეკიდონ მხარის ოფიციალურ აქტებს, დოკუმენტებს და სამართალწარმოების მასალებს. საერთო კანონების მიღების გზით საქართველოს პარლამენტს შეუძლია მიუთითოს ასეთი აქტების, დოკუმენტების ან სამართალწარმოების მასალების ნამდვილობის და იურიდიული ძალის დადგენის წესი.

მუხლი 9114. საქართველოს კონსტიტუციის არც ერთი დებულება არ უნდა განიმარტებოდეს საქართველოს ან რომელიმე მხარის უფლებათა საზიანოდ.

მუხლი 9115. მხარის ორგანოებია: მხარის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო და მისი თავმჯდომარე.

მხარის საკრებულო ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით.

მხარის საკრებულო ახორციელებს მხარის კომპეტენციაში შემავალი საკანონმდებლო და განმკარგულებელ ხელისუფლებას, კონსტიტუციით ან კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს. მას გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

მხარის საკრებულოს აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს მხარის გამგეობა. გამგეობის თავმჯდომარე _ გამგებელი, არის მხარის წარმომადგენელი. იგი აქვეყნებს მხარის კანონებსა და დადგენილებებს, ცენტრალური მთავრობის ინსტრუქციების შესაბამისად ხელმძღვანელობს სახელმწიფოს მიერ მხარისათვის დელეგირებულ ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებას.

მხარის გამგეობის თავმჯდომარეს _ გამგებელს, პრეზიდენტის წარ-დგინებით ირჩევს მხარის საკრებულო, საკრებულოს წევრთა შემადგენ-ლობიდან, ფარული კენჭისყრით.

კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ კენჭისყრის დროს მას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტმა.

თუ მხარის საკრებულომ არ აირჩია პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ახალ კანდიდატურას კვლავ პრეზიდენტი ასახელებს.

მუხლი 9116. მხარის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეების და გამგეობის წევრების დასახელების უფლება აქვს მხარის გამგეობის თავმჯდომარეს.

დასახელებული კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კენჭისყრის მონაწილე მხარის, საკრებულოს დეპუტატთა ნახევარზე მეტი.

მუხლი 9117. მუშაობის წარმართვისათვის მხარის საკრებულო თავის შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს (ფარული კენჭისყრით), მოადგილეებსა და ბიუროს. საკრებულო ქმნის მუდმივ და საჭიროებისდა მიხედვით დროებით კომისიებს.

არავის არ შეუძლია ერთდროულად იყოს მხარის საკრებულოსა და პარლამენტის ერთ-ერთი პალატის ან სხვა მხარის საკრებულოს წევრი.

მუხლი 9118. ყოველ მხარეს აქვს თავისი სტატუსი, რომელიც საქარ-თველოს კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად ადგენს მხარის შინაგანი ორგანიზაციის მარეგულირებელ ნორმებს. სტატუსი არეგულირებს მხარის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებისა და რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აგრეთვე მხარის კანონების, დადგენილებების გამოქვეყნებისა და ადმინისტრაციული ღონისძიების ჩატარებათა წესს.

სტატუსს იღებს მხარის საკრებულო, წევრთა ხმების ორი მესამედით და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი კანონის მიღების გზით.

მუხლი 9119. კონტროლს, მხარის ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე დეცენტრალიზებულ ფორმებში, საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს სახელმწიფოს სპეციალური ორგანო. კანონს შეუძლია გარკვეულ შემთხვევაში დაუშვას არსებითი კონტროლი, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი ექნება _ მოტივირებული შეკითხვის გზით მოითხოვოს მხარის საკრებულოს გადაწყვეტილების ახალი განხილვა.

საქართველოს კანონით დადგენილი წესით მხარეში იქმნება ადმი-ნისტრაციული იუსტიციის პირველი რიგის ორგანოები. შეიძლება დაწესდეს ამ ორგანოთა ქვეგანყოფილებები, რომელთა რეზიდენცია მხარის მთავარ ქალაქში არ იქნება.

მუხლი 9120. მხარის საკრებულო შეძლება დათხოვნილი იყოს თუ იგი ჩაიდენს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს, კანონის სერიოზულ დარღვევებს ან არ ასრულებს მთავრობის წინადადებას, გადააყენოს აღმასრულებელი ორგანო ან მისი თავმჯდომარე _ გამგებელი, რომლებმაც ჩაიდინეს ანალოგიური ქმედებანი ან დარღვევები.

საკრებულო, შეიძლება დათხოვნილი იქნას, თუ გადადგომის შედეგად ან უმრავლეობის შექმნის შეუძლებლობის გამო მას არ ძალუძს ფუნქციონირება.

იგი შეიძლება დათხოვნილი იყოს, აგრეთვე, ეროვნული უშიშროების მოსაზრებით.

დათხოვნის ფორმალური საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული დეკრეტი, რომელსაც იგი მიიღებს საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი მხარეთა საკითხების პარლამენტის ერთობლივი კომისიის აზრის გაგების შემდეგ.

დათხოვნის დეკრეტით ინიშნება მხარის საკრებულოს სამი წევრისაგან შემდგარი კომისია. კომისია ნიშნავს არჩევნებს არაუგვიანეს სამი თვისა და ახორციელებს მხარის გამგეობის კომპეტენციაში შემავალ ჩვეულებრივ მმართველობას და ყველა გადაუდებელ ღონისძიებებს, რომელნიც შემდგომში დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს მხარის ახალ საკრებულოს.

მუხლი 9122. თუ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ მხარის საკრებულოს მიერ მიღებული კანონი სცილდება მხარის კომპეტენციას, ეწინააღმდეგება ეროვნულ ან სხვა მხარეების ინტერესებს, იგი დადგენილ ვადებში აბრუნებს კანონს მხარის საკრებულოში.

თუ მხარის საკრებულო კვლავ მიიღებს ამავე კანონს წევრთა ორი მესამედით, მაშინ თხუთმეტი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობას შეუძლია აღძრას საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში ან ინტერესთა წინააღმდეგობის გამო _ პალატების წინაშე. დაეჭვების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს ვის კომპეტენციაში შედის ეს საქმე.

მუხლი 9123. საქართველოს საერთო კანონებით დადგენილი ძირითადი პრინციპების ფარგლებში რეგიონები და რაიონები არიან ავტონომიური ერთეულები. ეს კანონები განსაზღვრავენ მათ ფუნქციებს.

მუხლი 9124. რეგიონების, რაიონების და სხვა ადგილობრივი დაწე-სებულებების აქტების კონტროლს, დეცენტრალიზებულ ფორმებში, ახორ-ციელებს საქართველოს კანონით დადგენილი წესით შექმნილი მხარის ორგანო.

ეს კონტროლი შეიძლება განხორციელდეს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში გადასინჯვის შესახებ მოტივირებული მოთხოვნის შეტანის გზით.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)  სალუაშვილი