Print

მართლმადიდებლობა

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების

საკითხისათვის

 

 ქართულმა გენმა, არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, თავისი სულიერების საბოლოო ნავსაყუდელს - ქრისტიანული რელიგიის წიაღში მიაგნო.

ქრისტეს კვართისა და ღვთისმშობლის წილხვედრილობის უდიდეს მადლს ზიარებულ ქართულ მიწაზე, წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულთა მიერ გაკვალულმა გზამ, საბოლოოდ, წმ. ნინოს სუსტ მხრებზე მოკიდებული ჯვრისმტვირთველობის შედეგად, ჩვენი ქვეყანა ჭეშმარიტი რელიგიის სრულად შეცნობამდე მიიყვანა.

ნიკეაში 325 წ. შემდგარი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომად, ღმერთის ნებით, ქართლის სამეფო _ პირველი ქვეყანა გახდა, სადაც _ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული.

IV საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, საერო და სასულიერო იერარქთა შეთანწყობილი მოქმედება, დიდწილად განსაზღვრავდა, მათ მიერ ქართული სახელმწიფოებრივი უღლის ტარების შედეგად დამჩნეული ხნულის ავკარგიანობას. რომელიმე მათგანის „წაფორხილება“, მყისიერად აისახებოდა, როგორც - მეწყვილის, ასევე - მთელი ქვეყნის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

ზემოთქმულის მართებულობაში დასარწმუნებლად, ჩვენი ქვეყნის წარსულიდან ორიოდე მაგალითის მოყვანაც საკმარისი იქნება.

ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლა საბოლოოდ 1490 წელს გაფორმდა. ერთიანი ქართული სახელმწიფოს - ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებად, აგრეთვე სამცხე-საათაბაგოდ - „... დაშლას წინ უსწრებდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ერთიანობის დარღვევა... საქართველოს მთლიანობას ამ პერიოდში საგრძნობლად გამოუთხარა ძირი ბაგრატის საეკლესიო პოლიტიკამ, რომელიც მან განახორციელა დასავლეთ საქართველოს ქართლის სამეფოსაგან მოწყვეთის მიზნით. ბაგრატმა ისარგებლა იმერეთში შესაწირის შესაგროვებლად იერუსალიმ-ანტიოქიის პატრიარქის მიხაელის (1470/1474 – 1484 წ.წ.) ჩამოსვლით და მას „აფხაზეთის“ (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსად ცაიშელ-ბედიელი ეპისკოპოსი იოაკიმე აკურთხებინა. არსებული წესით კი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა და მისგან უნდა კურთხეულიყო...

აქედან მოყოლებული საქართველოში ჩამოყალიბდა ორი - მცხეთისა და აფხაზეთის საკათოლიკოსოები. მართალია XV ს-ის ბოლოს საქართველოს ეკლესიის ერთიანობა დაირღვა, მაგრამ ორივე საკათალიკოსო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა...“ [საბა სალუაშვილი, „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავართა ტიტულატურისა და მათი მონაცვლეობის საკითხისათვის“, თბ. 2011 წ., გვ. 17].

მაშასადამე, ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ერთიანობის დარღვევას, „ავტომატურად“ მოჰყვა ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლა-დაქუცმაცება.

როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერიამ 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო, ხოლო 1810 წელს იმერეთის სამეფო დაიპყრო და ქართული მიწები თავის გუბერნიად გამოაცხადა - „.. ამის შემდეგ რუსეთის იმპერიის მთავრობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გაუქმებასაც შეუდგა... მალე მთავრობამ საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ცენტრს - სინოდს დაუკავშირა. 1811 წელს გააუქმეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა რუსეთის სინოდის განყოფილება - დიკასტერია...

მოგვიანებით კი, მცხეთის საკათალიკოსოს ბედი აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსომაც გაიზიარა. რუსეთის წმიდა სინოდის მიერ, 1825 წლის 30 აგვისტოს მიღებული დადგენილების საფუძველზე... რუსეთის სინოდის საქართველოს დიკასტერია გადაკეთდა იმერეთის სინოდარულ კანტორად...“ [საბა სალუაშვილი, იქვე, გვ.19].

ამდენად, 1801 – 1810 წლებში ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, 1811 – 1815 წლებიდან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვა.

ზემოთქმულის შემდეგ, მოდით ქართული სახელმწიფოს ერთიან უღელში შებმული საერო და სასულიერო სტრუქტურების საქმიანობის განსხვავებული კუთხის წარმომჩენი მაგალითებიც გავიხსენოთ.

ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წიაღში მოღვაწე ჭეშმარიტ მამულიშვილთა მრავალწლიან დაუღალავ და თანამიმდევრულ ბრძოლას კონკრეტული შედეგი მოჰყვა - „... საქართველოს მართლმადიდებლურმა სამოციქულო ეკლესიამ - 1917 წლის 12 მარტს, 1811/1815 წლებში რუსეთის იმპერიის მიერ ძალით წართმეული ავტოკეფალია - აღდგენილად გამოაცხადა.

1917 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონ III (საძაგლიშვილი)... კათოლიკოსი კირიონი 1 ოქტომბერს, საუფლო კვართისა და ცხოველმყოფელი სვეტის ხსენების დღეს, აღსაყდრებულ იქნა სვეტიცხოველში...“ [საბა სალუაშვილი, იქვე, გვ.21].

1917 წლის 12 მარტს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენილად გამოცხადება, ის სულიერი საძირკველი გახდა, რომლის ბაზაზეც, 1918 წლის 26 მაისს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა შესაძლებელი.

ჩვენის აზრით, გადაჭარბებული არ იქნება თუკი 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა, და საქართველოს - საბჭოთა რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის გზით, საბჭოთა კავშირად სახელდებულ რუსეთის იმპერიაში აღმოჩენის მიზეზებს, საერო პროცესების პარალელურად, სასულიერო სფეროში განვითარებულ რეალობას დავუკავშირებთ.

1917 წლის 12 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის აღდგენილად გამოცხადების შემდეგ - „... მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა ეკლესიამ, მათ შორის, რაც მთავარია - კონსტანტინეპოლის, ანუ დღეს - მსოფლიო საპატრიარქომ, არ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. მიუხედავად ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელთა დიდი ძალისხმევისა, საკმაოდ დიდხანს ვერა და ვერ მოხერხდა ამ უსამართლობის დაძლევა და საქართველოსთვის კუთვნილი სტატუსის აღდგენა...“ [ნოდარ ლომოური, „ქრისტიანობის გავრცელება და დამკვიდრება საქართველოში“, თბ., 2009 წ., გვ.35].

ამდენად, ქართულ რეალობაში საერო და სასულიერო სფეროთა გასაოცარი თანხვედრა მოხდა:

- დე იურედ: საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - დამოუკიდებელი იყო; თუმცა დე-ფაქტოდ: იგი, საბჭოთა კავშირის იმპერიის ტყვეობაში იმყოფებოდა;

- თითქმის ანალოგიურად, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, მხოლოს დე-იურედ არსებობდა, რომლის რეალურ დამოუკიდებლობასაც მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყარო არ აღიარებდა.

ათეისტურ სახელმწიფოში მცხოვრებთა უმრავლესობისათვის მხოლოდ - „... 1979 წ. ე.ი. ილია  II -ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევიდან ორი წლის შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებული არ იყო...  მისი უწმიდესობა ილია II უკვე კარგა ხანია აწარმოებდა  ბრძოლას ამ ღირსების აღდგენისათვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ...“ [ნოდარ ლომოური, იქვე, გვ. 53-54].

სასურველი შედეგი მოგვიანებით იქნა მიღებული - „... 1990 წლის მარტში, სტამბოლში, როგორც იქნა, კვლავ აღიარებულ იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მისი ადგილი მართლმადიდებლურ ეკლესიათა რიგში მე-6 ადგილი...“ [ნოდარ ლომოური, იქვე, გვ. 36].

1990 წლის 4 მარტს კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II -ს გადასცა საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი; და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და ბოძების საპატრიარქო და სინოდური განჩინება [იხ. ნოდარ ლომოური, იქვე, გვ. 57].

1990 წლის 4 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო აღიარებას, თავისი „შედეგიც“ მალე მოჰყვა. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანის: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ გამარჯვებას, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით ჩამოყალიბებული ეროვნული მთავრობის ძალისხმევით, 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა.

ქართულ სინამდვილეში ყველა წინაპირობა შეიქმნა, რომ საერო და სასულიერო სფეროში დაწყებულ სასიკეთო ძვრებს სასურველი შედეგი მოჰყოლოდა. ამისათვის საჭირო პირველი ნაბიჯების კონტურები, 1991 წლის 26 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ზვიად გამსახურდიას პირველივე გამოსვლაში ასე გამოიკვეთა: 1991 წ. 7 ივნისს, საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიაზე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, კერძოდ განაცხადა

- „... საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიან ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას.

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათთვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც. სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან. დღევანდელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას,  ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით.

ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს - ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ-ზნეობრივ საწყისებს. სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას.

ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას. სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში. მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა.

ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც ემყარება. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს.

ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება, საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და მშენებლობისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრფეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავისუფლება, იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიის ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა...“

 

[„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია“,

რედ. მიხეილ(გელა) სალუაშვილი,

ტ. I, თბ. 1995 წ., გვ.119-120].

 

სამწუხაროდ, დასახული მიზნის მიღწევა საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. 1991-1992 წლების გასაყარზე, გარე ძალების აქტიური ხელშეწყობით, საქართველოში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო.

ამ დღიდან მოყოლებული აგერ უკვე ოცი წელია ვერა და ვერ ხერხდება საქართველოს დაჭრილი სხეულის გამოჯანმრთელება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, მართებულად დაწყებული, მაგრამ, მავანთა ძალისხმევით გაწყვეტილი გზასავალის გამთლიანებაშია საძიებელი. ორიენტირად, უფალ იესუ ქრისტეს მრისხანე შეძახილის ქვეტექსტში შეფარული არსის გააზრება გამოგვადგება - „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც გარედან წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც“ (მათე 23,25-26).

და მართლაც, თუ დავაკვირდებით - გარეგნულად, თითქოსდა, მართლაც ყველაფერი „წესრიგშია“: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1990 წლის 4 მარტიდან დე-ფაქტოდ და დე-იურედ ავტოკეფალურია; სწორედ ასევე: 1991 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული საქართველო დე-ფაქტო და დე-იურე დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მატარებელია.

წინამდებარე განსახილველი საკითხის თემატიკიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვეხებით საქართველოს საერო და სასულიერო სფეროთა პერსონალიების როლსა და მნიშვნელობას. ამჟამად, ჩვენი მიზანია საკითხის შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ურთიერთმიმართებაში გავერკვეთ, და ერთადერთი მართებული ორიენტირი გამოვკვეთოთ.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს.

„... ქალბატონებო და ბატონებო! ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამეობრივი, ქრისტესმიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა.

ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდთ მამა-პაპისეულ გზას, ავაღორძინოთ რწმენით თავისუფალი საქართველო.

დგება ჟამი, როცა უკლებლივ ყველა სიცოცხლე მამულს ეკუთვნის, ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ეროვნული ხელისუფლების ვალია, იყოს ღირში უდიდესი მისიისა, შეასრულოს დაკისრებული მოღვაწეობა, საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში. დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან. დაე აღსრულდეს ნება ღვთისა! ნება ერისა! ...“

[„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია“,

რედ. მიხეილ(გელა) სალუაშვილი,

ტ. I, თბ. 1995 წ., გვ.123].

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული დამოუკიდებელი საქართველო, ქართული სახელმწიფოებრივი უღლის გამწევ იმ ერთიანი სხეულის მქონე ძალად იქცევა, რომლის მიერ კაცობრიობის ისტორიაში გაკვალული გზასავალი, საუკუნეების მანძილზე ნასაზრდოებ - ივერიის გაბრწყინებით უნდა დასრულდეს.

დასახული მიზანი შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე ვერ იქნება მიღწეული. ეს უკანასკნელი კი, უნდა ეფუძნებოდეს ღმერთის თანადგომით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთიან ძალისხმევას.

უნდა გვახსოვდეს, რომ - „... დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდება. დაე, აღსრულდეს ნება ღვთისა! ნება ერისა!..“

[„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია“,

რედ. მიხეილ(გელა) სალუაშვილი,

ტ. I, თბ. 1995 წ., გვ.123].

 

დღეისათვის

მსოფლიოში არსებული რეალობის

ზოგიერთი მაგალითი

ზოგადად, რელიგიისათვის სახელმწიფო სატატუსის მინიჭება კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიული როლისა და ტრადიციების გათვალისწინებით, ესა თუ ის რელეიგია, სახელმწიფოს ნაწილი ხდება და მისი მმართველობის სფეროში ექცევა. საუბრის გაგრძელებამდე, მოდით მოკლედ გადავხედოთ, ამ კუთხით, დღეისათვის მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას.

საბერძნეთის კონსტიტუცია აღმოსავლურ მართმადიდებლურ ეკლესიას ანიჭებს სახელმწიფო რელიგიისს სტატუსს და აყენებს სხვა რელიგიებთან მიმართებაში პრიორიტეტულ მდგომარეობაში. ეს აძლევს საშუალებას ეკლესიას იქონიოს მიწები და საკუთრება, ასევე ეკლესიის მსახურებს სახელმწიფო უხდის ხელფასს, დაახლოებით იმ ოდენობით როგორც მასწავლებლებს. მისი სტატუსის წყალობით ეკლესიის კანონიკური სამართალი აღიარებულია  სახელმწიფოს მიერ. ეს რეგულირდება საბერძნეთის ეკლესიის კონსტიტუციით, რომლის კანონად მიღებასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საეკლესიო ქორწინება  და  ნათლობა აღიარებულია ოფიციალური დოკუმენტებად. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას არეგულირებს _ განათლების, ცხოვრების მანძილზე სწავლების და რელიგიურ საქმეთა სამინისტრო.

საბერძნეთის კონსტიტუციის მე-3 მუხლი აღიარებს მართლმადიდებელი სარწმუნოების უპირატესობას. საბერძნეთის ეკლესია განუყოფელია კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან და სხვა ორთოდოქსული ეკლესიებისგან.

საბერძნეთის ეკლესია საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტს წარმოადგენს. საბერძნეთის ეკლესიას განაგებს სინოდი. არ არსებობს საეკლესიო გადასახადი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიები გამოიყოფა ეპისკოპოსების, მღვდლებისა და სხვა საეკლესიო პერსონალის ხელფასებისათვის. ეკლესია თავისუფლდება ზოგიერთი ისეთი გადასახადისაგან, როგორიცაა მიწისა და საშემოსავლო გადასახადები.

 

ლუქსემბურგში საეკლესიო გადასახადი არ არის დაწესებული. ფინანსირება წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეპისკოპოსები, ეპისკოპოსები, მღვდლები და საეკლესიო პირები ხელფასს იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

პორტუგალიაში კათოლიკური ეკლესიის სტატუსი 1940 წლის კონკორდატითაა განსაზღვრული. კონსტიტუცია უპირატესობას არცერთ ეკლესიას არ ანიჭებს, არ ცნობს აგრეთვე ტრადიციული ეკლესიის სტატუსსაც. სხვა კონფესიების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კანონი, რომელიც ყველა კონფესიის მიმართ გამოიყენება, გარდა კათოლიკური ეკლესიისა.

კათოლიკური ეკლესია, კონკორდატის საფუძველზე, ბეგარისაგან განთავისუფლებულია. კანონიდან გამომდინარე სხვა კონფესიების წარმომადგენლები ამ უფლებებით არ სარგებლობენ, ასევე არ სარგებლობენ სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების უფლებით. ამ კონფესიათა თავისუფალი შესვლა საავადმყოფოებში, სახელმწიფო სკოლებში თუ ციხეებში, ასევე არაა აღიარებული. მათ არ ირჩევენ სახელმწიფო თანამდებობებზე.

 

შოტლანდიაში  სახელმწიფო ეკლესიაა შოტლანდიის რეფორმისტული ეკლესია.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მართალია დაწერილი კონსტიტუცია არ  გააჩნიათ და შესაბამისად არ არსებობს რელიგიის თავისუფლებისა და ეკლესიების თვითგამორკვევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები, მაგრამ მისი შემადგენელი ქვეყნები პრობლემის გარეშე თანაარსებობენ სახელმწიფო ეკლესიებითა და სახელმწიფო ეკლესიების გარეშე.

 

ინგლისის ეკლესია სახელმწიფო რელიგიაა, რომლის სათავეში ინგლისის დედოფალი დგას. იგი ლორდთა პალატაში 24 ეპისკოპოსითაა წარმოდგენილი.

თავისებურებას წარმოადგენს ინგლისის ეკლესიის ორგა-ნიზაცია საეკლესიო სამართლის ფორმირებაში. გენერალური სინოდი შედგება სამი პალატისაგან: ეპისკოპოსთა, მღვდელთა და მოყვარეთა. გადაწყვეტილებას სამივე პალატამ უნდა მისცეს ხმა. სინოდის გადაწყვეტილებას საპარლამენტო კანონის ძალა გააჩნია. თუ სინოდი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც პარლამენტის პრეროგატივაა, პარლამენტი კონტროლის უფლებას იტოვებს. სხვა ეკლესიები ნებაყოფლობითი გაერთიანების სტატუსით სარგებლობენ. არ არსებობს აღიარებული ეკლესიის ცნება, ისევე როგორც საზოგადოებრივ-სამართლებრივი სტატუსის მქონე ეკლესია.

 

ამ მოდელის ერთ-ერთი მაგალითია _ დანია. ამ ქვეყნის კონსტიტუციის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას სახელმწიფო რელიგიად და მხოლოდ იგი სარგებლობს სახელმწიფოს მხარდაჭერითა და მფარველობით. დანიაში მოქმედი სხვა რელიგიური გაერ-თიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს წარმო-ადგენენ.მათი შექმნისათვის სახელმწიფო ნებართვა არ არის საჭირო და რაიმე დახმარებას სახელმწიფოსაგან არ იღებენ.

 

ფინეთში ორი სახის სახელმწიფო ეკლესიაა. კონსტიტუციის 83-ე პარაგრაფი ეხება _ ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიის საკითხს. მე-80 პარაგრაფში - ორთოდოქსალურ (მართლმა-დიდებელ) ეკლესიას. გარდა ამისა ორთოდოქსალური ეკლესიის შესახებ ცალკე კანონიც არსებობს, რომლის მიხედვით ფინეთის მთავრობაში ორთოდოქსალური ეკლესია ყველაზე დიდი ავტორიტეტია. ფინეთში არსებობს აგრეთვე კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ. ამ კანონის მიხედვით რელიგიური ორგანიზაციის დაარსება შეუძლია ფინეთში მუდმივად მცხოვრებ მინიმუმ 20 ადამიანს. მათ რეგისტრაციას განათლების სამინისტრო ახდენს.

ლუთერანული და მართლმადიდებლური ეკლესიები საზოგადოებრივ-სამართლებრივ დაწესებულებებს წარმოადგენენ და მათ ერთი სასამართლო სისტემა გააჩნიათ. რაიხსტაგის გახსნისას ღვთისმსახურება სრულდება. ეკლესიის საქმეები მინდობილი აქვს განათლების სამინისტროს. იკრიბება საეკლესიო გადასახადი, განთავისუფლებულები არიან საშემოსავლო გადასახადებისაგან.

 

ისრაელის კანონი `ისრაელში დაბრუნების შესახებ~, რეპატრიაციის უფლებას აძლევს ყველა ებრაელს, მათაც, ვინც სხვა რელიგიას აღიარებს. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ებრაელი რომელიც ქრისტიანობას აღიარებს, ერთმევა ისრაელში რეპატრიაციის უფლება.

 

ისლანდიის 1944 წლის კონსტიტუცია ადგენს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის სტატუსს. თუ ისლანდიის მოქალაქე არ გადაიხდის საეკლესიო გადასახადს, მას გადასახადს იძულებით გადაახდევინებენ და მიემართება რეიკიავიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე.

 

შვედეთის კონსტიტუციის თანახმად, კანონებს მხოლოდ პარლამენტი გამოსცემს. ეს ეხება საეკლესიო კანონებსაც. გენერალურ სინოდს უფლება აქვს შეიტანოს წინადადებები საეკლესიო კანონების ცვლილებასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ეპისკოპოსებისა და პატრიარქების დანიშვნა. სინოდის წევრებს ირჩევენ ადგილობრივი საბჭოები. არსებობს საეკლესიო გადასახადები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. ფინანსურ დახმარებას სხვა რელიგიური ორგანიზაციები არ ღებულობენ.

 

განსხვავებული წესია ნორვეგიაში, სადაც რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფოსაგან ფინანსურ დახმარებას ღებულობენ მორწმუნეთა რაოდენობის პროპორციულად.

 

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული  არა მარტო ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, არამედ დღეისათვის მსოფლიოში არსებული რეალობა.


საქართველოში მართლმადიდებლობის

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისას

გასათვალისწინებელ საკითხთა

სავარაუდო ჩამონათვალი

- ქართული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ-ზნეობრივ საწყისებს.

- სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას.

- საქართველოს კონსტიტუციით: მართლმადიდებლობა  სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს. მხოლოდ იგი უნდა სარგებლობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერითა და მფარველობით.

- მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრფეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს.

- სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავისუფლება, იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

- მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიის ნიშნით.

- საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა...

 - საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს უნდა წარმოადგენდნენ. მათი შექმნისათვის სახელმწიფო ნებართვა არ იქნება საჭირო და რაიმე სახის ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსაგან არ მიღებენ.

- ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას.

- სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში. მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა.

- საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას განაგებს: საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

- საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სტატუსის წყალობით ეკლესიის კანონიკური სამართალი: „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება“ - აღიარებული უნდა იყოს  სახელმწიფოს მიერ, რაც დარეგულირდება  _ საქართველოს  ეკლესიის კონსტიტუციით [საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება], რომლის კანონად მიღებასაც პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს.

- ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

- საჯარო (საზოგადოებრივი) სამართლის იურიდიული პირის (სუბიექტის): საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა  სინოდის  გადაწყვეტილებას,  საპარლამენტო  კანონის  ძალა  გააჩნია.  თუ სინოდი  ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც პარლამენტის პრეროგატივაა, პარლამენტი კონტროლის უფლებას იტოვებს.

- სახელმწიფომ ეკლესიის საკუთრებად უნდა ცნოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული.

- სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში.

- უნდა აღდგეს სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ბუნებრივი კავშირი, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც დაემყარება.

- არ უნდა არსებობდეს საეკლესიო გადასახადი.

- ნებაყოფლობითი შემოწირულობით, გრანტებით, ინვესტიციებით, დახმარებებით, საეკლესიო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზაციითა და სხვა საეკლესიო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლების გარდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება. ამ მიხნით - ფინანსირება იწარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან [ქვეყნის ბიუჯეტის - 10%], რომელიც განკუთვნილი იქნება - საგანმანათლებლო საქმიანობის, სოციალურად დაუცველ პირთა შემწეობის, ტაძრების მშენებლობისა და აღდგენისათვის..

- სამღვდელო იერარქიის ღვთისმსახურები და საეკლესიო პირები, არსებულის გარდა, ხელფასს მიიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით იმ ოდენობით, როგორც _ მასწავლებლები.

- ეკლესია თავისუფლდება მიწისა და საშემოსავლო გადასახადებისაგან.

- საეკლესიო ქორწინება  და  ნათლობა აღიარებული უნდა იყოს ოფიციალურ დოკუმენტებად

- საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღვთისმსახურები უნდა სარგებლობდნენ სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების უფლებით.

- გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა საკითხებიც.


 

პროექტი

 

საქართველოს

კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში

ცვლილებების შეტანის შესახებ

 

       მუხლი 1.  საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც  განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში.

2. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქართველოს სა-ხელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

3. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.“.

 

2. 48-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 481 მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატებისაგან.“;

 

3. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა შედგება საყოველთაო და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 80 პარლამენტის წევრისაგან.

2. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.

3. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

4. მხოლოდ პარლამენტის წარმომადგენელთა პალატას აქვს იმპიჩმენტის აღძვრის უფლება.“;

 

4. 49-ე მუხლის  შემდეგ დაემატოს 491  და 492 მუხლები, რომლებიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 491

„1.პარლამენტის მხარეთა პალატაში შედის საყოველთაო და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით - ქ. თბილისიდან, აგრეთვე ავტონომიური, საოლქო და საქართველოს ყოველი მხარიდან, მაჟორიტარული სისტემით არჩეული 35 საერო პარლამენტის წევრი;

და - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დადგენილი წესით არჩეული 35 სასულიერო პარლამენტის წევრი.

2. პარლამენტის მხარეთა პალატის წევრები აირჩევა ოთხი წლის ვადით.

3. პარლამენტის მხარეთა პალატის საერო წევრი შეიძლება იყოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია არანაკლებ ათი წელი და არჩევის მომენტში იმ ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს სადაც ირჩევენ.

4. ქ. თბილისის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ექვს საერო პარლამენტის წევრს.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ოთხ-ოთხ საერო პარლამენტის წევრს.

6. ცხინვალის ოლქის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის სამ საერო პარლამენტის წევრს.

7. გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ორ-ორ საერო პარლამენტის წევრს.“;

 

მუხლი 491

„1. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი მის მიერვე დადგენილი წესით პარლამენტის მხარეთა პალატის წარმომადგენლად ირჩევს მღვდლობის უმაღლესი (მესამე) ხარისხის მქონე (მთავარეპისკოპოსი/ეპისკოპოსი), ეკლესიის შვიდივე საიდუმლოს შესრულების მადლისმიერი უფლების მქონე 35 სასულიერო პარლამენტის წევრს.

2. საქართველოს პარლამენტის მხარეთა პალატის თავჯდომარე არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ქვოტით არჩეული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი.

3. პარლამენტის მხარეთა პალატა საერო და სასულიერო წევრებიდან ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის თავჯდომარის თითო მოადგილეს. პარლამენტის მხარეთა პალატა ირჩევს სხვა თანამდებობის პირებს.

4. მხოლოდ პარლამენტის მხარეთა პალატას აქვს იმპიჩმენტის წესით საქმის განხილვის განსაკუთრებული უფლება. ამ მიზნით მოთათბირე  პარლამენტარები დებენ ფიცს ან იძლევიან საზეიმო პირობას.

როდესაც იხილება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე, პარლამენტის მხარეთა პალატის სხდომას თავჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე. არც ერთ პირს არ დაედება მსჯავრი პარლამენტის მხარეთა პალატის პარლამენტართა ორი მესამედის თანხმობის გარეშე.

იმპიჩმენტის საქმეებზე გამოტანილი განაჩენი ითვალის-წინებს თანამდებობიდან გადაყენებას და საქართველოს სამსახურში, რომელიმე საპატიო, ოფიციალური ან შემოსავლის მომტანი თანამდებობის დაკავების უფლების აყრას, თუმცა, ამგვარად დასჯილი პირი, კანონის შესაბამისად, შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და დაისაჯოს სასამართლოს წესით.“;

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.