Print

ნინო - "ტყვე ქალი" - „თეო-გნოსტა“ - ნუნე

საქართველოს გამაქრისტიანებელი პირი

და მისი სახელი

ქრისტიანული ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველივე საუკუნეში უქადაგიათ მაცხოვრის მოციქულებს - ანდრია პირველწო-დებულს, სვიმონ კანანელს და მატათას. რის გამოც, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ - „... ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად ქცევამდის საქართველოშიც უნდა არსებულიყო (რა თქმა უნდა, უპირატესად ქალაქებში, მაგ. მცხეთაში) ადგილობრივი წვრილი ქრისტიანული თემური ერთობანი...“ (ჯაფარიძე 1996: 131), სახელმწიფო რელიგიად კი, ქრისტიანობა მხოლოდ IV ს-შია დამკვიდრებული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება-დამკვიდრებაში არაერთ პიროვნებას მიუძღვის ღვაწლი, მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება - წმ. ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობის შედეგია.

ზემოთქმულზე უნდა მიგვანიშნებდეს ქართულ წყაროებში ქართველთა განმანათ-ლებლის მიმართ ნათქვამი სიტყვები - „...რამეთუ აჰა ესერა გჳსწავიეს ჩუენ შენ მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინასწარმეტყუელნი პირველნი ქრისტეს ძისა ღმრთისა და მერმე მოციქულნი ათორმეტნი და სხუანი სამეოც და ათორმეტნი და ჩუენდა არავინ მოავლინა ღმერთმან, გარნა შენ...“ (სალუაშვილი 2010ა: 45-46; აბულაძე 1963: 105), რომელიც - წმ. ნინოს იმ უდიდეს ღვაწლზე უსვამს ხაზს, რომლის შედეგადაც, ღმერთის შეწევნით, საქართველოში ქრისტიანობა - სახელმწიფოებრივ დონეზე იქნა დამკვიდრე-ბული.

ქართველთა განმანათლებლის სახელის თაობაზე ქართული და უცხოური წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიან. მოდით მივყვეთ მათ თანამიმდევრულ განხილვას.

 

1) ბერძნულ-რომაულ წყაროებში ნახსენები - „ტყვე ქალი“

ქართველთა მოქცევის თაობაზე არსებულ ცნობათა შორის ერთ-ერთი უძველესია ბერძნულ-რომაულ წყაროებში დაცული ინფორმაციები.

ბერძნულ-რომაულ წყაროთა შორის, პირველი ვინც ქართველთა გაქრისტიანებას შეეხო და შესაბამისად, გამაქრისტიანებლის სახელთან დაკავშირებული ცნობები მოგვცა არის - გელასი კესარიელი და მის მიერ დაწერილი - „ეკლესიის ისტორია“. როგორც ვიცით - „...სამწუხაროდ, თვით გელასი კესარიელის თხზულების ტექსტი დაკარგულია. მისი ნაშრომი დაცულია მხოლოდ V ს. მეოთხე მეოთხედის კომპი-ლატორის გელასი კვიზიკელის ნაშრომში...“ (ჯავახიშვილი 1979: 221).

ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ - „1914 წლამდე ამ წყაროთაგან უძველესად რუფინუსის საეკლესიო ისტორია იყო მიჩნეული. მაგრამ ანტონ გლასმა თავის 1914 წ. დაწერილსა და გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში - „გელასი კესარიელის საეკლესიო ისტორია“ დაამტკიცა, რომ რუფინუსს, სხვათა შორის, ქართველთა მოქცევის ამბავი 395 წელს გარდაცვლილი ბერძენთა ისტორიკოსის გელასი კესარიელის მიერ დაწერილი საეკლესიო ისტორიიდან აქვს ამოღებული და გადათარგმნილი...“ (ჯავახიშვილი 1979: 220).

გელასი კესარიელის პირველწყაროდან (სადაც, ტერმინი - „ტყვე ქალი“, ცხრამეტ-ჯერაა გამოყენებული (იხ. ყაუხჩიშვილი 1926: 55-63), გელასი კვიზიკელისა და რუფინუსის გარდა, თავის დროზე, არაერთ ისტორიკოსს უსარგებლია. მათ შორის - სოზომენეს, სოკრატეს, თეოდორიტე კვირელს... კერძოდ, ამ უკანასკნელის მიერ შედგენილ - „საეკლესიო ისტორიაში“, ვკითხულობთ - „...იბერიელებს კი ამ დროს ტყვე ქალი მიუძღვოდა ჭეშმარიტებისაკენ...“ (კვირელი 2008: 69).

რუფინუსი თავის თხზულებაში - „იბერთა ტომის მოქცევა ტყვე-ქალის მეშვეობით“ ტერმინს: „ტყვე-ქალი“ 14-ჯერ ახსენებს (ყაუხჩიშვილი... 1969: 229-232); სოკრატე სქოლასტიკოსის „ისტორიის“ მეოცე თავში: „როგორ მიიღეს იბერებმა ქრისტიანობა“, ტერმინი „ტყვე-ქალი“ ასევე 14-ჯერაა მოყვანილი (ყაუხჩიშვილი... 1969: 201-207); ერმია სოზომენე კი თავის „საეკლესიო ისტორიის“ მეშვიდე თავში: „როგორ მიიღეს იბერებმა ქრისტეს სარწმუნოება“, ტერმინს ტყვე-ქალი“ რვაჯერ მოიხსენიებს (ყაუხჩიშვილი... 1969: 236-241).

ამდენად, ბერძნულ-რომაულ წყაროებში ქართველთა განმანათლებლის სახელი არ გვიკონკრეტდება, და იგი მოხსენიებულია ტერმინით - „ტყვე ქალი“.

 

2) არაბულ-კოპტურ წყაროებში ნახსენები - „თეოგნოსტა“

ბერძნულ-რომაულ წყაროთა გარდა, ქართველთა გაქრისტიანებასა და გამაქრისტია-ნებლის თაობაზე, ცნობები დაცულია აგრეთვე: არაბულ-კოპტურ წყაროებში.

როგორც ცნობილია - „...1898 წ. ოსკარ ფონ-ლემ-მა გამოაქვეყნა თავისი პატარა მონოგრაფია „ქართველთა გაქრისტიანების ისტორიისათვის“, რომელშიც იგი არაბული, ეთიოპიური და კოპტური სვინაქსარებიდან ამოღებული ცნობების შედარებითი შესწავლით არკვევს, რომ იქ აღწერილი - ჰინდთა მეფეთა დესპანებისაგან ტყვედ წაყვანილი წმიდა ნეტარი ქალწული - თეოგნოსტას მოღვაწეობა, არაბულსა და ეთიო-პურში ჰონორიუსისა და არკადი კეისრების თანამედროვედ აღნიშნული, რუფინუსის საეკლესიო ისტორიაში ქართველთა მოქცევის ამბავს უდგება. კოპტურ ცნობაში თეოგ-ნოსტა ტყვედ არ იწოდება და მისი თანამედროვე ბიზანტიის მეფეებიც დასახელებული არ არიან...“ (ჯავახიშვილი 1979: 225).

მაშასადამე, ბერძნულ-რომაული: „ტყვე ქალის“ ნაცვლად, არაბულ-კოპტურ წყაროებში გამოყენებულია ტერმინი - „თეოგნოსტა“.

ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დასახელებული - „თეოგნოსტა“, არა - სახელს, არამედ, ზოგადად, განმანათლებლის არსს უნდა გადმოსცემდეს. მოდით გავიაზროთ, თუ რას უნდა გულისხმობდეს ეს ტერმინი:თეო-გნოსტ-ა.

როგორც ცნობილია, ბერძნულში: „თეო“ (tehos) - ღმერთს ნიშნავს (იხ. ჭაბაშვილი 1989: 183), „გნოსტ“ (gnostis) კი - ცოდნას, ხოლო gnostikos - შემეცნებას (იხ. ჭაბაშვილი 1989: 108). მაშასადამე, საქმე გვაქვს - „ღმერთის ცოდნის შემეცნების“ არსის მატარებელ ტერმინთან.

დასასრულს უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კ. კეკელიძის აზრით - „თეოგნოსტა ბერძნული სიტყვაა და - „ღვთის მიერ ცნობილს“, „ღვთისაგან მოძიებულს“ ნიშნავს, ის გამომხატველია ამ ქალის დამოკიდებულებისა ღვთისადმი“ (იხ. კეკელიძე 1926: 44).

 

3) სომხურ წყაროებში დაცული სახელი - „ნუნე“

მოდით ეხლა განვიხილოთ, თუ როგორაა მოხსენიებული ქართველთა განმანათ-ლებელი სომხურ წყაროებში.

სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელი, რომელიც, მისივე წყაროს მიხედვით, აგათანგელოსის ნაშრომს ეყრდნობა, ქართველთა გამაქრისტიანებლის სახელად ნუნეს ასახელებს - „...ერთი ქალი სახელად ნუნე... მოციქული ქალი გახდა: მან იქადაგა სახარება კლარჯეთიდან დაწყებული ვიდრე ალანთა და კასპიის კარებამდე, მასქუთთა საზღვრებამდე, როგორც ამას აგათანგელოსი გაუწყებს შენ...“ (ხორენაცი 1984: 170-172).

აღნიშნული ცნობა გვხვდება თითქმის ყველა სომხურ წყაროში, თუმცა - „...ფრანგმა მეცნიერმა პროფ. კარრერმა 1893 წ. გამოაქვეყნა თავისი კრიტიკული შრომა მოსე ხორენელის შესახებ... ამ თავის გამოკვლევაში კარრერი ქართველთა მოქცევის ამბავსაც შეეხო და გამოთქვა აზრი, რომ მოსე ხორენელს თავისი მოთხრობა ბერძენთა ისტორიკოსის სოკრატეს საეკლესიო ისტორიის სომხური თარგმანიდან აქვს ამოღე-ბული... სოკრატეს ბერძნულ ტექსტში, ისევე როგორც რუფინუსის ისტორიაში, ქართველთა მქადაგებელი მარტო: ტყვე-ქალად იხსენიება, მისი სახელი კი მოხსენიე-ბული არ არის, სომხურ თარგმანში იგი „ნუნე“-დ არის წოდებული ისევე, როგორც მოსე ხორენელს აქვს მოხსენიებული...“ (ჯავახიშვილი 1979: 224-225).

კ. კეკელიძე აღნიშნავს - „...სომეხ ისტორიკოსთა ცნობით (აღათანგელოსი), სომხები თაყვანსა სცემდნენ ერთს ქალ-ღმერთს, რომელსაც ისინი ნანე-ს უწოდებდნენ და რომელსაც „არმაზის ასულადა“ სთვლიდნენ. უეჭუელია, ამ ნანე-ს იბერებიც იცნობ-დნენ, და ამიტომ მათ შეეძლოთ მისი სახელი დაეკავშირებიათ ტყვე-ქალის სახელთან; ეს მით უფრო დასაჯერებელია, რომ, ჰაგიოგრაფის გადმოცემით, მირიანი პირდაპირ ეკითხება ამ ქალს: „ანუ ხარ შენ ასული არმაზისი?“ (იხ. სალუაშვილი 2010ა: 85-86; აბულაძე 1963: 131; ყაუხჩიშვილი 1955: 106; არსენ ბერი 1902: 25; ნიკოლოზ I კათალიკოსი 1908: 58; ყუბანეიშვილი 1946: 224; 7, ალექსიძე 2007: 44 - ს.ს)...“ (კეკელიძე 1926: 45).

 აღნიშნულთან მიმართებაში პროფ. ეკა ავალიანი ბრძანებს - „... დაუბრუნდები, იმ ადგილს, სადაც სომხური ქალღმერთი ნანე არმაზის ასულად არის მოხსენიებული და მირიანი ნინოს აგრეთვე არმაზის ასულად მიიჩნევს. ჩვენი აზრით, აქაც სიფრთხილეა გამოსაჩენი; სომხური ქალღმერთი - ნანე, ალბათ, უფრო წინააზიურ, ან უფრო კონკრე-ტულად, მცირე აზიურ სამყაროს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ხშირად ჩნდება - ნან/ნუნ ფუძიანი საკუთარი და ღვთაებების სახელები. ის ფაქტი, რომ ნანე შეიძლება იყოს არმაზის ასული, ლოგიკურია, მაგრამ მირიანის კითხვა, რომელიც დაესვა მოკვდავ ქალს ანუ - „ხარ შენ ასული არმაზისა?” სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მირიანი ისეთი გულუბრყვილო ფანატიკოსი იყო, რომ უცხოელი ქალი ღმერთის ასულად მიეღო. ალბათ, ამ კითხვის უკან უფრო ფარული აზრი იგულისხმება, მირიანი ეკითხებოდა ქალს მისი რელიგიური ორიენტაციის შესახებ - ხარ თუ არა მიმდევარი და „ასული“ არმაზისო? ალბათ, მეფეს იმხანად უკვე ეცნობა, რომ ქალი უცხო ღმერთის სადი-დებლად ეწეოდა მისიონერულ საქმიანობას მის სახელმწიფოში და არმაზის სამწ-ყსოში...“ (სალუაშვილი 2010ბ: 8-9).

თავად ტერმინ: „ნუნ“-ეს განმარტებისას შეიძლება ითქვას შემდეგი: იგი - „...შესაძლოა უკავშირდებოდეს ძველ ეგვიპტურს, სადაც ნუნ“ მთავარი წარმართული ღვთაების სახელია. ის იყო ყველა სხვა ღვთაების სათავე, მარადიული წყლის ქაოსი...“ (ჭუმბურიძე 1992: 175).

ცნობილი რვა ღმერთიდან - „უძველესი ღვთაება, მზის ღმერთის მამა, ღმერთების მამა, ცეცხლის ღმერთი ფთა, მსგავსი ბერძენთა ჰეფესტოსისა, სამყაროს დასაბამი, სიცოცხლის წყარო და სხვა - ღმერთთა მამამთავარია. მისი ძირითადი სამკვიდრო იყო მემფოსი, სიმბოლო - ხოჭო. მეორე მთავარი ღმერთი იყო ვერძის სახის ამონი, ამუნი, ნაყოფიერების განსახიერება; მესამე - ნეიფი (იგივე - ნეიტი - ს.ს.), ცეცხლოვანი სივრცის ქალღმერთი, მზის დედა, სიმბოლურად ძერა (საისელი ქალღმერთი); მეოთხე - „ეგვიპ-ტელთა ზევსის“ ამუნის მეუღლე სატისა, რომელსაც ბერძნები ჰერას ადარებდნენ; მეხუთე - პირველი წყვდიადის და მასში დაფარული შუქის ქალღმერთი აფორა, ძროხის სახისა; მეექვსე - ამუნივით წყალთან დაკავშირებული ბუტო (ამავე სახელწოდების ნახევრად მითიური სატახტო დღემდე შემორჩა); მეშვიდე და მერვე ღვთაებათა სახელები დაკარგულია“ (გელოვანი 1983: 151).

აქვე უნდა ითქვას, რომ ეგვიპტეში რთული თეოლოგიური სისტემა არსებობდა. ზოგადად - „პირველყოფილი ქაოსიდან იბადება შემომქმედი ღვთაება, რომელიც ქმნის დანარჩენ ღმერთებს (სამყაროს). სხვადასხვა კოსმოგონიურ სისტემებში, ამგვარი პრინციპით სხვადასხვა ღმერთებია განლაგებული. მაგალითად, უძველესი, ჰელიო-პოლისის კოსმოგონიიის მიხედვით პირველყოფილი ქაოსიდან (ეგვ. ნუნი) წარმოიშვა შემოქმედი - ატუმი, რომელმაც შექმნა შუ (ჰაერი) და ტეფნუტი (სისველე); მათ თავის მხრივ, შექმნეს გები (მიწა) და ნუტი (ზეცა), ხოლო ამ ღმერთების წყვილმა, თავის მხრივ, დასაბამი მისცა შემდეგი თაობის ღმერთებს - ოსირისსა და ისიდას, სეტხსა და ნეფტიდას - ეგვიპტური პანთეონის უმნიშვნელოვანეს ღვთაებებს, რომლებთანაც რთული მითოლოგიური ციკლებია დაკავშირებული...“ (ჯავახიშვილი 1979: 142).

ამჟამად, ჩვენ, გვერდი გვინდა ავუაროთ რთულ მითოლოგიურ ციკლებთან დაკავ-შირებული საკითხების განხილვას, და, ჩვენი საკვლევი თემატიკის შინაარსიდან გამომ-დინარე, გვსურს გამოვთქვათ ვარაუდი, და ეგვიპტური - „ნუნ“, რომელიც - „...იყო ყველა სხვა ღვთაების სათავე, მარადიული წყლის ქაოსი“ (ჭუმბურიძე 1992: 175), ეტიმოლოგიურად დავუკავშიროთ სომხურ წყაროებში „ნუნე“-ს სახელით ცნობილ წმ. ნინოს სახელს. ამასთანავე, ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობთ, გვაძლევს საფუძველს დავუშვათ, რომ ნინო/ნუნე/ნუნ ერთმანეთთან, ჟღერადობის თანხვედრის გარდა, ერთგვარი ფუნქციონალური კავშირითაც უნდა იყვნენ დაკავშირებულნი.

მაშასადამე, არაბულ-კოპტური წყაროების მსგავსად, სომხურ ტერმინ: „ნუნე“-საც სიმბოლური დატვირთვა უნდა ქონდეს. ის, როგორც ვნახეთ, ეგვიპტური სამყაროს მთავარი ღვთაების სახელის მატარებელია, რაც მასზე დაკისრებული ღვთაებრივი მისიის შესრულებაზე უნდა მიგვითითებდეს.

 

4) ქართული წყაროებისეული - „ნინო“, და „ტყუე ქალი“

ქართულ წყაროთა მიხედვით, საქართველოს გამაქრისტიანებლად დასახელებული - ნინო, „ტყვე ქალადაც“ მოიხსენიება - „...მაშინ მოვიდა სეფე ქალი ერთი, სახელით შროშანა და იხილა იგი ხესა მას ქუეშე; განკჳრდა და მოიყვანა ბერძნულად მეტყუელი დედაკაცი, და ჰკითხა გზა მისი. ხოლო წმიდამან ნინო აუწყა და უთხრა ყოველი გზა და საქმე მისი, თჳნიერ ხოლო დედა-ძმათა მისთა არა აუწყა, რამეთუ ტყუედ უთხრა თავი თჳსი...“ (ყაუხჩიშვილი 1955: 93). ტერმინი - „ტყვე ქალი“, ქართულ წყაროებში გამოყენებულია - „...როგორც უცხო, უთვისტომო ადამიანის...“ (ლომინაძე 1984: 438) აღმნიშვნელი (იხ. ჩხარტიშვილი 1982: 184-188; ჩხარტიშვილი 1996: 12-83).

ტერმინ - „ტყვე“-ს არსის გასაგებად, უდავოდ საყურადღებოა წმიდა წერილებში დაფიქსირებული გააზრებაც. პავლე მოციქული ბრძანებს - „... მე , პავლე, იესო ქრისტეს ტყვე გავხდი...“ (ეფეს. 3,1); ანდა - „ამრიგად, მე ტყვე უფლის მიერ...“ (ეფეს. 4,1); ან თუნდაც - „... ჩემი ტყვეობა ქრისტეში...“ (ფილ. 1,13). ამდენად, არ უნდა გამოირიცხოს ის მოსაზრებაც, რომ წმ. ნინო, თავის თავს, პავლე მოციქულის მსგავსად - ქრისტეს ტყვეს უწოდებდეს, რითაც თავის რელიგიურ მიმდინარეობას უსვამს ხაზს.

თავად ტერმინ „ნინო-სთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას შემდეგი - „...ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრით, შესაძლოა უკავშირდებო-დეს ასირიულ ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს...“ (ჭუმბურიძე 1992: 174). ამ სახელის განსხვავებულ განმარტებას იძლევა კ. კეკელიძე. მისი აზრით - „ნინო“, ქართველთა წარმართული პანთეონის - აინინას და დანინას სახელიდან მომდინარეობს - „...იბერებს ეჩვენებოდა, რომ ტყვე ქალი გასაოცარ სასწაულებს ახდენდა მათ შორის, ამის გამო შეეძლოთ მათ ის, დასახელებულ ქალ-ღმერთთა განხორციელებად მიეღოთ და მიეთვისებინათ მისთვის მათი სახელი, ქართული გამოთქმით ნინად, ნინოდ ქცეული...“ (კეკელიძე 1926: 45-46).

ეფრემ-მცირე თავის თხზულებაში „ქართველთა მოქცევის შესახებ“ აღნიშნავს - „...ხოლო სხუათა წერილთა შინა სახელდებით პოვნილ არს სახელით ტყჳსა მის ჩუენ ტყუეთა მჴსნელისაჲ. რამეთუ ბერძნულად „ნონნა“ უწოდიან წმიდასა მას, რომელსა ჩუენ მცირედ შეცვალებითრე „ნინოდ სახელ-ვსდევთ...“ (ყაუხჩიშვილი... 1969: 217).

 

5) დასკვნა

ყოველივე ზემოთქმული ერთგვარად შეგვიძლია შევაჯეროთ და ვთქვათ, რომ:

- ბერძნულ-რომაული წყაროებისთვის ქართველთა განმანათლებლის ზუსტი სახელი უცნობია, და მას - „ტყვე-ქალად“ მოიხსენიებს;

- არაბულ-კოპტური წყაროები ქართველთა განმანათლებლად ასახელებენ , რომელიც განმანათლებლის არსთანაა დაკავშირებული, და ნიშნავს - „ღვთიური ცოდნის შემცნობელს“, ან - “ღვთის მიერ ცნობილს“;

- სომხური წყაროების მიხედვით ქართველთა განმანათლებლის სახელია - ნუნე, რომელიც თავისი ეტიმოლოგიით ეგვიპტის მთავარი ღვთაების „ნუნ“ სახელს უნდა აღნიშნავდეს - და მასზე დაკისრებული ღვთაებრივი მისიის შესრულებაზე უნდა მიგვა-ნიშნებდეს;

- და ბოლოს, ქართული წყაროების მიხედვით ქართველთა გამაქრისტიანებლად იხსენიება - ნინო, რომელსაც მემატიანე მეორენაირად ტერმინ - „ტყვე ქალს“ უწოდებს, რაც:

ა) ერთის მხრივ ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევარს, ანუ - ქრისტეს ტყვეს გულისხმობს;

ბ) მეორეს მხრივ კი - უცხო, უთვისტომოს, ანუ მისი, როგორც ქრისტიანის, წარმართთა შორის ყოფნას აღნიშნავს.

თავად სახელი - ნინო, ერთის მხრივ ასირიული ნაყოფიერების ღვთაების - „ნინ“, და მეორეს მხრივ ქართულ წარმართულ პანთეონთა ქალღმერთების - „აინინა“-სა და „დანანა“-ს სახელებს შეიძლება უკავშირდებოდეს.


აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული, რომაული და სომხური წყაროები წმ. ნინოს ერთგვარ დახასიათებასაც გადმოგვცემენ და ჩვენი წინამდებარე საუბარიც ამ დახა-სიათების წარმოჩინებით გვინდა დავასრულოთ:

შატბერდულ კრებულში ვკითხულობთ - „...და იყო მის თანა ტყუე ერთი დედაკაცი შუენიერი, სახელით ნინო..“ (სალუაშვილი 2010ა: 12; აბულაძე 1963: 83). მოდით ვნახოთ როგორაა აღწერილი იგივე თხრობა ჭელიშურ რედაქციაში - „...და მის თანა იყო ტყუჱ ერთი დედაკაცი, მოშიში ღმრთისაჲ, შუჱნიერი ქმნულ-კეთილი, ჰგავს შვილსა მთავართასა და სახელი მისი ნინო...“ (სალუაშვილი 2010ა: 12; აბულაძე 1963: 83).

აღნიშნული ცნობების გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭელიშური რედაქციის უცნობი ავტორის მიერ წმ. ნინოს შესახებ ნათქვამი - ქართულ ისტორიულ წყაროებში დაცული წმ. ნინოს მხატვრული დახასიათების პირველი ნიმუშია, სადაც ლაკონურადაა შერწყმული წმ. ნინოს ღმერთისადმი დამოკიდებულებისა - „მოშიში ღმრთისაჲ“, და მისი გარეგნული მშვენიერების აღმწერი პოეტური შტრიხები - „შუჱნიერი ქმნულ-კეთილი, ჰგავს შვილსა მთავართასა” (იხ.სალუაშვილი 2010ა: 12;  აბულაძე 1963: 83); და კიდევ - „... ხედვიდეს პირსა ნინოისსა ვითარცა პირსა ანგელოზისასა, დასცუეთდეს სასამოსლესა მისსა მცირე-მცირესა მოსამთხუეველად სარწმუნოებით და იძულებით...“ (აბულაძე 1968: 104; ალექსიძე 2007: 27);

თეოდორიტე კვირელი ქართველთა გამაქრისტიანებელს ასე ახასიათებს - „...იგი ხანგრძლივად ლოცულობდა, ხოლო მისთვის რბილი სარეცელი და ზეწარი იყო ტომარა მიწაზე გაშლილი, ფუფუნების მწვერვალად კი მარხვას მიიჩნევდა...“-ო (კვირელი 2008: 69);

მოსე ხორენელი კი წერს - „...იგი დადიოდა სამკაულების, ყოველივე ზედმეტის გარეშე, მას არ იზიდავდა ეს ქვეყანა და არც არაფერი ამქვეყნიური, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ის ჯვარს ეცვა, სიცოცხლე საიქიოს მოთხოვნებს დაუქვემდებარა, საქმით დაა-დასტურა ღვთის სიტყვა და თავისი გულმოდგინებით სისხლის გვირგვინი მოიპოვა. გავბედავ და ვიტყვი, რომ ნუნე მოციქული ქალი გახდა...“ (ხორენაცი 1984: 172).

გელასი კესარიელი ასე საუბრობს იბერთა განმანათლებელ „ტყვე ქალზე“ – „...ამ დიდი სათნოების (ანუ გაქრისტიანების - ს.ს.) მიზეზი გახდა ერთი დედაკაცი, რომელიც მათთან იყო ტყვედ. მან სათნო ცხოვრებას მიაღწია და თავისი კრძალულებითა და სხვა კეთილი საქმეებით აღტაცებაში მოჰყავდა ყველა ისინი...“ (ყაუხჩიშვილი 1955: 55).

რუფინუსი გვაუწყებს - „... ის ეწეოდა სათნო და საკმაოდ ფხიზელ და უმანკო ცხოვ-რებას, მთელი დღეები და ღამეები დაუცხრომლად ლოცულობდა ღმრთის მიმართ... ოქროს არად აგდებს, ვერცხლს უკუაგდებს, მარხვით ისე იკვებება, თითქოს საჭმელი იყოს...“ (ყაუხჩიშვილი ... 1969: 201; 203);

სოკრატე სქოლასტიკოსი ბრძანებს - „...თავისი ცხოვრებით სათნო და უმანკო ქალი... სიბრძნისმოყვარულ ცხოვრებას ეწეოდა: უმანკოების დაცვასთან ერთად იგი მარხვასაც ზედმიწევნით ინახავდა და გულმოდგინე ლოცვებსაც ეძლეოდა...“ (ყაუხჩიშვილი ... 1969: 229-230);

ერმია სოზომენე ასე გვაუწყებს მასზე - „... ის უაღრესად მორწმუნე იყო და ღვთის-მოსავი... ძალიან უყვარდა მას მარხვა. ღამით და დღისით ლოცვა და ღმერთის დიდება...“ (ყაუხჩიშვილი ... 1969: 236).

ისტორიის აკადემიური დოქტორი

საბა სალუაშვილი