Print

1685 წლის წინანდელი ისტორია

რა მოხდა ზუსტად  - 1685 წლის წინათ, ანუ

ახ. წ. 328 წლის 20 ივლისის შაბათ დღეს

მსოფლიო ისტორიაში საქართველო გახლავთ ის პირველი ქვეყანა, რომელმაც ახ.წ. 325 წლის ზაფხულის დასაწყისში, ნიკეაში გამართული პირველ პირველი მსოფლიო კრების [19 ივნისიდან - 25 აგვისტომდე] შემდგომად - ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

ამ მოვლენის თაობაზე, ისტორიულ ხელნაწერთა დაყრდნობით, აი რა შეიძლება ითქვას:

 

უძველესი ქართული საისტორიო ხელნაწერი - „მოქცევაი ქართლისაი“, დღეისათვის ოთხი ხელნაწერის სახითაა შემორჩენილი. ესენია:

-  სინური ხელნაწერი:

ა) „სინ -50“ [IX - X  ს.ს.] და

ბ) „სინ -48“ [X ს.];

- შატბერდული ხელნაწერი: X ს. 70-იანი წლები;

- ჭელიშური ხელნაწერი:   XIV – XV ს.ს.

ამათგან სამ მათგანში შემორჩენილია ცნობა - მირიან მეფის მიერ სანადიროდ წასვლის თაობაზე, რომლის დროსაც მას თვალთ დაუბნელდება, და მხოლოდ „ნინოს ღმერთის“, ანუ უფალ იესუ ქრისტეს მიმართ აღვლენილი ლოცვის შემდეგ მოეფინება მასაც და ქვეყანასაც ნათელი. მირიან მეფე სასწრაფოდ დაბრუნდება დედაქალაქში [მცხეთა], მივა ნინოს საცხოვრებელთან, აღიარებს ნინოს ღმერთს და პირველი ქრისტიანი მეფე გახდება - სწორედ ამ დღეს, სრულიად „ქართლის სამეფოში“ [ასე იწოდებოდა მაშინ მეფის ერთიანი მმართველობის ქვეშ მყოფი ჩვენი ქვეყანა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

„მოქცევაი ქართლისაი“-ს ხსენებულ ხელნაწერებში, მირიან მეფისა და ჩვენი ქვეყნისათვის, ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მოხდენის უზუსტესი თარიღია დაფიქსირებული, კერძოდ:

- „სინ - 50“ ხელნაწერში ვკითხულობთ: „და იყო დღესა ერთსა, ჟამთა ზაფხულის პირისათა, თთუესა ივლისისასა :კ: დღესა შაბათსა...“;

- შატბერდული ხელნაწერი: „და იყო დღესა ერთსა ზაფხულის პირსა, თუესა ივლისსა ოცსა დღესა...“;

- ჭელიშური ხელნაწერი: „და იყო  დღესა ერთსა, ჟამსა ზაფხულისასა ივლისსა :კ: დღესა შაფათსა...“

[იხ. მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი, „მოქცევაი ქართლისაის პარალელური ტექსტები“, თბ. 2010 წ., გვ.90].

[ცნობისათვის: ქართული ანბანის მე- 11 ასო-ნიშანი „კან“-ის რიცხვითი სიდიდე - 20-ის ტოლია]

ახ. წ. 325 წლიდან ათვლით, ივლისის თვის ოცი რიცხვი რომ შაბათი დღე იყოს, ასეთი უახლოესი წელი გახლავთ - ახ. წ. 328 წელი [იხ. ვ. კალანდაძე, „კალენდარი მუდმივი და უნივერსალური“, თბ. 1973 წ.].

შესაბამისად, დღევანდელი დღე, ანუ - 2013 წლის 20 ივლისის შაბათი დღე გახლავთ, ხსენებული მოვლენიდან ათვლით, ზუსტად - 1685 -ე წელი.

ამდენად, 1685 წლის წინათ, ანუ ახ. წ. 328 წლის 20 ივლისის შაბათ დღეს „ქართლის სამეფოს“ წოდებულ ქართულ მიწაზე - ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

მიხეილ {გელა] სალუაშვილი

2013 წ. 20 ივლისი,

დღე შაბათი