დიდგორის ომის მიმდინარეობის ეტაპები
დიდგორის ბრძოლის ამსახველი სურათი
დღეისათვის ცნობილ
საისტორიო წყაროთა მიხედვით
დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებული ცნობები დაცულია, როგორც _ ქართულ, ასევე სომხურ,
ფრანგულ და არაბულ-სპარსულ ისტორიულ წყაროებში. ესენია:
_ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (XII ს. I მესამედი), `ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისი~;
_ მათე ურჰაელი (XII ს. I მესამედი), `ჟამთააღმწერლობა~;
_ იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი (XII ს. შუაწლები), `მაიაფარიკინის ისტორია~;
_ გოტიე კანცლერი (XIII ს. I მესამედი), `ანტიოქიის ომები~;
_ იბნ ალ-ასირი (XIII ს. I მესამედი), `თარიხ ალ ქამილ~;
_ სიბთ იბნ ალ-ჯაუზი (XIII ს. I ნახევარი), `ეპოქის სარკე გამოჩენილ პირთა ისტორიის მიხედვით~;
_ ქემალ ად-დინი (1192-1262 წ.წ.), `ალეპოს ისტორია~.
მათში არსებული ინფორმაციების შეჯერებით, გთავაზობთ _ დღეისათვის ცნობილ საისტორიო წყაროთა მიხედვით აღდგენილ:
დიდგორის ომის გამომწვევი მიზეზების, უშუალოდ ბრძოლისა და მიღებული შედეგების ამსახველ ერთიან სურათს.
1120 წლიდან - 1121 წლის აგვისტომდე,
ანუ დიდგორის ომის გამომწვევი მიზეზები
_ `...ხოლო ესე მეფე დავითი იყო მამაცი და ძლიერი სპარსეთის წინააღმდეგ [მიმართულ] ომებში.
მან მრავალჯერ სძლია უცხოელთა ჯარები და დაამხო მთელი ძლიერება...
იყო დავითი წმინდა და სათნო, ყოვლად შემკული ღვთის მოსავობით და კეთილი სამართლიანობით...
განამტკიცა ეკლესიები და მონასტრები მრავლად...~
(მათე ურჰაელი, იხ. 7, გვ. 247-248);
_ `... ამ 514 (1120) წელს, მოხდა გურჯების მუსულმანთა ოლქებში შემოჭრა.
აქამდე ისინი (ხშირად) იჭრებოდნენ,
მაგრამ მელიქშაჰის დროს და მუჰამედის მეფობის ბოლომდე ისინი თავს იკავებდნენ;
თუმცა ამა წლის დადგომიდან ისინი გამოვიდნენ ყივჩაღებთან და სხვა მეზობელ ხალხებთან ერთად...~
(იბნ ალ-ასირი, იხ. 3, გვ. 104);
_ `... თუესა ნოემბერსა წარვიდა მეფე აშორნიას, დაესხა თურქმანთა, მოსრნა და იავარყვნა...
და მასვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვნტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი...
წარმოვიდა მსწრაფლ აფხაზეთით თოვლთა საშინელთა, გარდაათხრევინა მთა ლიხისა,
სადა გარდანაკუეთსა თოვლისასა აქუნდა სიმაღლე მხარი სამი.
და დახვდა მზად სპა მისი, და პირველ ამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს.
და აღავსო ლაშქარმან მთით მტკურამდე და გაგთათ ბერდუჯამდე.
და მოსრეს პირთა მახვილისათა, რომელ არა დაუშთა მთხრობი ამბავსა.
ქრონიკონ იყო სამას ორმოცდაერთი, თუე მარტი...
გაზაფხულ განდიდნა მტკუარი, რომელ ნადინებსა ვერ დაეტია.
ამისითა მინდობითა ჩადგეს თურქმანნი ბარდავს გულდებითა.
მაშინ მონახნა მეფემან იგინიცა
და ალონს მტკუარსა გაცურდა ყივჩაყითა დაუზრავსა მას წყალსა,
მოსრნა თურქნი, არბია ბარდავი, დაყო მუნ ორი დღე,
და ნებიერად მოვიდა შინა სავსე ალაფითა. თუე იყო ივნისი~
(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, იხ. 1, გვ. 339-340; 2, გვ. 322-323);
_ `... კვლავ სომეხთა წელთაღრიცხვის 570 (1121) წელს ვინმე ამირამ,
განძაკის ქვეყნიდან, სახელად ხაზიმ, კაცმა სისხლისმღვრელმა, ბილწმა და ბოროტმა ეშმაკმა...
წაიყვანა... 30.000-იანი თურქთა ლაშქარი და ქართველთა ქვეყანაში შევიდა.
ერთი ნაწილი დაატყვევა და გააძევა ქართველთა ქვეყნიდან,
[ხოლო თვითონ] წავიდა და დაბანაკდა თავის ადგილას.
როდესაც შეიტყო ეს [ამბავი] ქართველთა მეფე დავითმა,
ჯარები გაგზავნა აქ ქართველთა ქვეყნისა,
[თვითონაც] მოვიდა [და] მოულოდნელად თავს დაესხა თურქთა ჯარებს.
გაჟლიტა მათგან 30.000 კაცი, ყველა მათი ცოლო და შვილი...
`...თურქთა ჯარებისაგან გადარჩენილები საშინლად შეშფოთდნენ.
შემოიფლითეს თავიანთი ტანსაცმელი, თავზე მიწა დაიყარეს, შავადმოსილნი
და თავშიშველნი შეჰღაღადებდნენ ქალაქ განძაკში თავიანთ სულტანს მელიქს თაფარის შვილს,
გლოვით იჩივლეს მის წინაშე თავიანთა დანაკარგის გამო.
ხოლო სხვებმა მიაღწიეს არაკაპელთა მხარეს კარმიანის ქვეყანაში ამირა ხაზიმდე,
[რომელიც იყო] არდუხის ძედ
და საშინელი ტირილით მოუთხრეს მას თავიანთი გაწყვეტის შესახებ...~
(მათე ურჰაელი, იხ. 7, გვ. 244);
_ `... ამათ ესევითარითა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქნნი
და კუალას ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე,
და ყოვლისა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთამე პირნი,
და რომელთამე ხელები, და რომელნიმე სრულიად;
და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნული მათ ზედა,
რომლითა აღძრნეს წყალობად თვისა, და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა...~
(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, იხ. 1, გვ. 340; 2, გვ. 323-324);
_`...ხუთასმეთხუთმეტე (1121/2) წელს
თბილისის მცხოვრებლებმა მოწვევა გაუგზავნეს ნაჯმ ად-დინ ილღაზს,
რათა მათ გადაეცათ მისთვის თბილისი...~
(იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი, იხ. 3, გვ. 101);
_ `... წელი ხუთას მეთექვსმეტე (1122-1123)...
მაშინ მოხდა დიდი ომი ილ-ღაზსა და ურწმუნოებს შორის თბილისის გამო.
მოთხრობა მისი მიზეზის შესახებ.
თბილისის მცხოვრებთა ერთ-ერთი გვარი, რომელსაც უწოდებდნენ ბანუ-ჯაფარს,
ფლობდა (ქალაქს) ორას წელიწადს.
შემდეგ ამ გვარის მოხუცები გადაშენდნენ და დარჩნენ (მხოლოდ) ყმაწვილები,
რომელთაგან თითოეული (მართავდა თბილისს) ერთ თვეს.
ასე დაჰყვეს მათ ორმოც წელს. დავითმა, მეფემ აფხაზთა და ქართველთა,
ძლიერ შეავიწროვა ისინი.
მათ გაგზავნეს თუღრულ იბნ მუჰამად შაჰთან, არანის ბატონთან (კაცი).
მან გამოგზავნა თავისი შიჰნა, მან კი სარგებლობა არ მოიტანა...~
(სიბთ იბნ ალ-ჯაუზი, იხ. 3, გვ. 106);
_ `... ქართველთა მეფის მხრიდან მათი შევიწროება არ წყდებოდა.
მაშინ ისინი შეთანხმდნენ მასზედ, რომ ყოველწლიურად გადაეხადათ მისთვის
ათი ათასი დინარი და ყოფილიყო მათთან მეფის ნაცვალი (მოადგილე)
მხოლოდ ათი მხედრით.
ამ მდგომარეობაში რჩებოდნენ ისინი, რამოდენიმე ხანი.
შემდეგ მათ გაუგზავნეს ნაჯმ ად-დინს მოწვევა (ჩამოსულიყო)...~
(იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი, იხ. 3, გვ. 101);
მუსულმანთა გაერთიანებული ლაშქრის შეკრება
_ `მაშინ სულტანმან მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს, სადაყას ძესა
და მოსცა ძე თვისი მალიქი და ყოველი ძალი მისი;
და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუხისი, კაცი დაჰმანი და მრავალ-ღონე;
და უბრძანა თურქმანობასა, სადაღაცა ვინ იყო,
დამასკოთ ჰალაბითგან ამოღმართ ყოვლისა მხედრობად შემძლებელსა,
ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა.
ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი (1121 წ.)...~
(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, იხ. 1, გვ. 340; 2, გვ. 324);
_ `... მათ მისწერეს ნაჯმ ად-დინსა და მხარეთა მფლობელებს:
შამს ად-დაულა თუღანს, არზანისა და ბადლისის ბატონს, სულთან თუღრილსა და სხვა...~
(სიბთ იბნ ალ-ჯაუზი, იხ. 3, გვ. 106-107);
_ `... მასთან ერთად გამოემართა აგრეთვე სეიფ ად-დაულ დუბეის იბნ სადაყა ალ-მაზიადი,
რომელიც იყო ნაჯმ ად-დინის შვილის გოჰარ-ხათუნის ქმარი.
ისინი ჯერ კიდევ იმ წელს გაერთიანდნენ. და აი, ის დაიძრა ჯართან ერთად.
მას თან ახლდნენ ყაზი ელმ-ად-დინ იბნ ალ-ჯაბრი და მისი შვილი აბუ-ლ-ფატჰი,
ამ დროისათვის მარდინის ყაზი და ვეზირი თამამ იბნ აბდუნი...~
(იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი, იხ. 3, გვ. 101);
_`... მოილაპარაკეს რა მიმოწერის მეშვეობით,
მათი (ქართველების) ქვეყნის მეზობელი ემირები შეიკრიბნენ.
მათ შორის იყვნენ ილ-ღაზი, დუბაის იბნ-სადაყა, რომელიც იმ დროს მასთან იყო
და მეფე თოღრული შვილი მუჰამედისა,
და მისი ათაბაგი ქენ-თოღდი. თოღრულს (იმ დროს) ეკუთვნოდა ორი ოლქი
არანი და ნახიჩევანი არასამდე (არაქსამდე)...~
(იბნ ალ-ასირი, იხ. 3, გვ. 104);
_ `... მან თავისი უფლებამოსილებით და სიამაყით ბრძანა
შეკრებილიყო მისი დიდი ჯარი ყოველი თურქთა ტომიდან,
დაწყებული ბერძენთა ქვეყნიდან, ვიდრე აღმოსავლეთამდე _
მთელი კარმიანის [ჩათვლით].
მისი ჯარები, რიცხვით 150.000 გახდა...
შემდეგ იხმო თავისთან არაბთა მეფე, რომელსაც ერქვა საღა ტუჰაისის ძე.
ის წავიდა მასთან 10.000-ანი [ჯარით]...
ამავე დროს გავიდა განძაკის სულთანი მელიქი 400.000 მამაცი ცხენოსნით...~
(მათე ურჰაელი, იხ. 7, გვ. 244-245);
`...მუსლიმანების მხარეს იყო ბევრი ჯარი (ლაშქარი) დაახლოებით ათასი...~
(იბნ ალ-ასირი, იხ. 3, გვ. 104);
_ `... სელჯუკთა მეფე თოღრულმა ქართველების
და მათი მეფის დავითის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა ილ-ღაზი ორთოკის ძეს,
რომელიც გაემართა მისკენ მრავალრიცხოვანი არმიით;
მას თან ახლდა დუბეის სადაყას ძე...~
(ქემალ ად-დინი, იხ. 20, გვ. 503);
_ `... (ალაბით წამოსულმა ელ-ღაზიმ) თურქმანთა
და აგრეთვე არაბთა ურიცხვი ჯარი შეჰკრიბა...
ივერიაში ლაშქრობა გადასწყვიტა ერთ ხორასნელ სულთანთან ერთად...
სულთანი და თვით ელღაზი ექვსასი ათასი მეომრით მეფის ქვეყანაში საომრად შესულან...~
(გოტიე, იხ. 3, გვ. 99);
მუსულმანთა გაერთიანებული ლაშქრის
საქართველოში შემოსვლის მარშრუტი
_ `... ასე მივიდნენ ისინი არზან არ-რუმში.
იქ ყაზი და ვაზირი წაკამათდნენ,
ხოლო ის (ნაჯმ ად-დინი) ლაშქრით გაემართა ყარსისაკენ
და შევიდა იქ (საქართველოში _ ს.ს.) თრიალისით (თრიალეთით).
შეიკრიბა დიდი ლაშქარი;
სულთანი თორღული მივიდა განძის მხრიდან,
ხოლო ფახრ ად-დინ თუღან არსლან კუზიანი _ დვინის მხრიდან.
და ლაშქარმა იმდენი იარა ვიდრე მასსა და თბილისს შორის დარჩა
მთა ნახევარი დღის სავალი...~
(იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი, იხ. 3, გვ. 101);
_ `... გამოვიდა განძაკის სულთანი მელიქი...
გაეშურა უდიდესი ლაშქრით და შევიდა ქართველთა ქვეყანაში.
თბილისის მხარეს მთის [მიმართულებით], რომელსაც დეკორი ეწოდება...~
(მათე ურჰაელი, იხ. 7, გვ. 245);
_ `... შეხვედრის ადგილი დათქმული იყო თბილისის კართან.
შეჩერდა იგი (ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი თბილისთან) უფრო ნაკლებ,
ვიდრე ნახევარი დღის (სავალ გზაზე)...~
(სიბთ იბნ ალ-ჯაუზი, იხ. 3, გვ. 106);
ქართველთა ლაშქრის
ოდენობა და განლაგების ადგილი
_ `...როდესაც შეიტყო ამის შესახებ ქართველთა მეფე დავითმა...
წავიდა საბრძოლველად თურქთა ჯარის წინააღმდეგ 40.000 ძლიერი და მამაცი ვაჟკაცით
და ომში ნაცადი მეომრით, ჰყავდა აგრეთვე სხვა ლაშქარიც.
ხაფჩახთა (ყივჩახთა) მეფისაგან _ 15.000 მამაცი და რჩეული კაცი,
ალანთა ტომისაგან _ 500 კაცი,
ხოლო ფრანგი _ 100...~
(მათე ურჰაელი, იხ. 7, გვ. 245-246);
_ `...ეს მეფე დავითი წმიდა ჯვარის ნიშნით აღჭურვილი,
ოთხმოცი ათას მიდიელ და ქრისტეანი მეომრით,
მოაწყო რა რაზმები, ერთ ხეობაში დაალაგა დადგა,
ორ მთათა შუა დაბურულ ტყეში...~
(გოტიე, იხ. 3, გვ. 99);
მთავარი ბრძოლის ადგილის გასასვლელის ჩახერგვა,
ანუ ლაშქრისათვის ზურგის გამაგრება
_ `...ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა...
წინა განაწყო სპა მისი... ყოველი საქმე შუენიერად და ღონივრად ყო...~
(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, იხ. 1, გვ. 341; 2, გვ.324);
_ `... მეფე დავით... მოაწყო რა რაზმები, ერთ ხეობაში დადგა,
ორ მთათა შუა დაბურულ ტყეში...
დადგა და წარმოსთქვა ესრეთ:
`ეჰა, მეომარნო ქრისტესანნო...
რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ,
ამ ხეობის შესასვლელი რომლითაც შემოვსულვართ,
ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ, და მტკიცე გულით მტრებს,
როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ ...~
(გოტიე, იხ. 3, გვ. 99);
დავით აღმაშენებლის პირველი ტაქტიკური ნაბიჯი _
`დამარცხებისათვის დაგეგმილი პირველი ბრძოლა~,
ანუ - `შემოტყუება~
_ `...შეკრბეს ესე ყოველნი,
შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა,
რომლითა აღივსო ქუეყანა...
ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა,
თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად
და ღონიერად ყო, რაბამ რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით
და ყოვლად ბრძნად განაგო...~
(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, იხ. 1, გვ. 340-341; 2, გვ. 324);
_ `... მუსულმანები, რომლებმაც თავდაპირველად დაამარცხეს ისინი,
მისდევდნენ მტერს ბილიკით, და მოექცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე...~
(ქემალ ად-დინი, იხ. 20, გვ. 503);
დავით აღმაშენებლის მეორე ტაქტიკური ნაბიჯი -
`ორასი მეომარი~,
ანუ - `მოულოდნელობის ეფექტი~
`... შეხვდნენ რა ერთმანეთს, ორივე არმია მოეწყო (გაემზადა),
რათა შებრძოლებოდნენ...~
(იბნ ალ-ასირი, იხ. 3, გვ. 104)
_ `...მყის ხეობის მეორე ნაწილში ანუ ფრონტზე, ჯარისკაცთა ძლიერი ყიჟინით,
ცხენთა და აბჯართა უკიდურესი ხმაურით, ურჯულოთა ზარ-დამცემი ბაირაღები ჩნდებიან,
და ამავე დროს, სხვადასხვაგვარ საკრავთა ხმაურობით მთა და ბარი ბანს აძლევენ.
ხოლო მეფე დავით ამდენ სიმხეცეს მოთმინებით განიცდის
და თავისიანებს მამაცი სულით ამხნევებს და ანუგეშებს.
უმტკიცებს, რომ ურჯულოთა გაამაყებული სიმრავლე, ძალითა და შეწევნითა წმინდა ჯვარისა,
ნაკლები ჯარით და სწრაფად დაითრგუნება...~
(გოტიე, იხ. 3, გვ. 100);
_ `... წინ გამოვიდა ყივჩაღთა 200 კაცი.
მუსულმანებმა იფიქრეს, რომ ისინი აპირებდნენ დანებებოდნენ ამანს
და ამიტომაც არ მიიღეს უსაფრთხოებისათვის საჭირო ზომები,
შეერივნენ მათ (აირივნენ მათში) და (საპასუხოდ) ისრები მიიღეს (მათგან).
მუსლიმანთა რიგები აირია და ამიტომ მათ,
რომლებიც მოშორებით იდგნენ, ეგონათ რომ (დავმარცხდით და)
გაქცევა (ლტოლვა) დაიწყოო და (თავადაც) გაიქცნენ....~
(იბნ ალ-ასირი, იხ. 3, გვ. 104);
დიდგორის ომის გენერალური ბრძოლა
_ `... აგვისტოს თვის 13-ს (მეორე ვარიანტით 15-ში, უფრო ზუსტად კი 18 _ ს.ს.),
ღვთისმშობლის მარხვის (შემდგომ –ს.ს.) ხუთშაბათს მოხდა სასტიკი ბრძოლა ორ მთას შორის.
ლაშქართა საშინელ ყიჟინს მთები ბანს აძლევდნენ...~
(მათე ურჰაელი, იხ. 7, გვ. 246);
_ `...მეფე დავითი გამოემართა დასავლეთის მხრიდან,
ხოლო მისი ძე დემეტრე (თავს) დაატყდა მათ მთის მაღლობებიდან,
როდესაც ისინი (მუსულმანები) მის (მთის) ძირთან იმყოფებოდნენ.
დაიხოცა აურაცხებელი რაოდენობის მუსულმანი...~
(იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი, იხ. 3, გვ. 101);
_ `... ლაშქარი ერთმანეთის მიყოლებით (თავგზაბნეული) გარბოდა,
და ძლიერი ჭყლეტვის გამო ერთმანეთს თელავდნენ,
რის შედეგადაც ბევრი მათგანი დაიხოცა...~
(იბნ ალ-ასირი, იხ. 3, გვ. 104);
_ `...ღვთის თითის ქნევით,
ბოროტნი ქრისტეს მსახურთა და მიდიელთა მახვილის მსხვერპლად იქცევიან...~
(გოტიე, იხ. 3, გვ. 100);
_ `... მაშინ ღვთის წყალობამ უწია ქართველთა ლაშქარს
და ბრძოლათა შენივთებისას თურქთა მთელი ლაშქარი სირბილით უკუიქცა...~
(მათე ურჰაელი, იხ. 7, გვ. 246);
_ `... ქართველები გზაზე შემოუბრუნდნენ მათ
და დაამარცხეს მუსულმანები...~
(ქემალ ად-დინი, იხ. 20, გვ. 503);
მთავარ ბრძოლაში მიღწეული
ძირითადი გარდატეხა
_ `... აგვისტოსსა თურამეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა,
რომელ თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა.
ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა...
ზეგარდმოითა შეწევნითა პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი
და სივლტოლად მიდრიკნა იგინი, რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა
და ძალი ზეგარდამოი ჰფარვიდა მას;
და წმიდაი მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად
წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა
მოსრვიდა ზედა-მოწევნულითა უსჯულოთა მათ წარმართთა,
რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართა აღიარებდეს
და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისსა...
ხოლო მეფისა დავითისი ესეოდენითა მიმართ წინა-განწყობაი სამ ჟამადმდე იყო...~
(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, იხ. 1, გვ. 341-342; 2, გვ. 324);
_ `... მარცხი განიცადა და ტყვედ იქნა აყვანილი
შეუჯამებელი ოდენობის მუსულმანი და არაბი...~
(იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი, იხ. 3, გვ. 101);
_ `...ჩამოვიდა დავით მეფე მთიდან დიდი ლაშქრით,
დაამარცხა ისინი და ხელთ იგდო მათი ქონება... ~
(სიბთ იბნ ალ-ჯაუზი, იხ. 3, გვ. 107);
გაქცეული მტრის დევნის პირველი ეტაპი
_ `...და გავიგეთ ამ ომის მნახველთაგან, რომ (18 აგვისტოდან (19, 20, 21) ათვლით- ს.ს.)
სამი დღის მანძილზე გაქცეულთა ოთხასი ათასი მოისრნენ მეფის მახვილითა~
(გოტიე, იხ. 3, გვ. 100);
_ `... და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი,
და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯვით და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა,
რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა...~
(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, იხ. 1, გვ. 341; 2, გვ. 324);
_ `... იმ დღეს (ე.ი. 18 აგვისტოს – ს.ს.) მოხდა თურქთა ჯარების
სასტიკი და საშინელი ხოცვა-ჟლეტა მთათა ხევები და მდინარეები გვამებით აივსო
და მთების ყოველი ქარაფნი დაფარა...~
(მათე ურჰაელი, იხ. 7, გვ. 246);
გაქცეული მტრის დევნის მეორე ეტაპი
_ 18 აგვისტოდან (19, 20, 21 ... 24, 25, 26) ათვლით:
`რვა დღის [განმავლობაში] ხაფჩახთა (აქ _ ყივჩაღთა) და ქართველთა ჯარები
ქალაქ ანის საზღვრებამდე სდევნიდენენ [მათ]~
(მათე ურჰაელი, იხ. 7, გვ. 246);
_ `... ურწმუნოები მისდევდნენ მათ 10 ფარსახის (1 ფარსახი უდრის 6-7 კმ. –ს.ს.) მანძილზე,
ხოცავდნენ და ტყვედ იგდებდნენ მათ.
უმრავლესობა მათგანი (მუსლიმანთა ჯარებისა) განადგურებულ იქნა
და ტყვედ იქნა აყვანილი ოთხი ათასი კაცი...~
(იბნ ალ-ასირი, იხ. 3, გვ. 104-105);
_ `... ნაჯმ ად-დინი და დუბაისი გაიქცნენ...~
(სიბთ იბნ ალ-ჯაუზი, იხ. 3, გვ. 107);
_ `... თვით ელღაზი, თავში დაჭრილი,
დაჰკარგა რა თითქმის ყოველივე ღვთის ნებით,
მცირეოდენი ლტოლვილით, უიარაღო და დამშეული,
არაბთა მეფის წინამძღოლობით სახლში დაბრუნდა, ნახევრად მკვდარი~
(გოტიე, იხ. 3, გვ. 100);
_ `... (ქართველებმა) წაართვეს მათ მდიდარი ნადავლი...
როდესაც მუსლიმანები განადგურდნენ,
ნაჯმ ად-დინი გაემართა დუბეისთან ერთად ოცი მხედრის მეთაურობით,
და დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
და ყველა, ვინც მასთან იყო, წავიდა, ხოლო თვითონ დაბრუნდა მაიაფარიკინში...~
(იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი, იხ. 3, გვ. 102);
_ `... მისდევდნენ რა, ქართველები ხოცავდნენ და ტყვედ იგდებდნენ მათ.
დუბეისი, რომლისგანაც წართმეულის ღირებულება შეადგენდა 300.000 დინარს,
ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზისთან ერთად გაემართა მარდინში უვნებელად...~
(ქემალ ად-დინი, იხ. 20, გვ. 503);
დიდგორის ომის შედეგი
_ `... მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა,
თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი,
და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო,
რაბამ რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო,
და თუ ვითარ თვისნი სპანი დაიცვა უვნებლად, _ ამათ ყოველთათვის არა ჩუენი,
არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა
ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედამიწევნით ყოველსავე...
ხოლო სპანი ჩუენნი და უფროისადა ყოველი სამეფოი
თუ ვითარ-ესე აღივსო ოქროითა და ვერცხლითა, არაბულითა ცხენებითა,
ასურულითა ჯორებითა, კარვებითა და სარაფარდებითა
და სხვითა ურიცხვითა ჭურჭლებითა საბრძოლელითა,
თვითო-სახელითა ქოსთა [მიერ] დაფილაკავანთა,
სასმურთა ტურფათა და სანადიმოთა, საბანელთა და სამზარეულოთა, _
რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად! რამეთუ გლეხთა, _
იხილემცა, ოდეს _ არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყუედ;
და სხუათა გოლიათთათვის რადარ რაიმცა გვინდოდა თქუმად!..
ხოლო მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი,
პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა,
და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ
და სახლად თვისად საუკუნოდ.
ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაორი (1122 წ. –ს.ს.)...~
(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, იხ. 1, გვ. 341-342; 2, გვ. 324);
გამოყენებული ლიტერატურა
1) `ქართლის ცხოვრება~, რედ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ.;
2) `ქართლის ცხოვრება~, მთავ. რედ. რ. მეტრეველი, თბ. 2008 წ.;
3) ქ. ჩხატარაიშვილი, ივ. შაიშმელაშვილი, `დიდგორის ბრძოლა~, თბ. 1973 წ.;
4) ქ. ს. ე., ტ. 11, თბ. 1987 წ.;
5) ქ. ს. ე., ტ 6, თბ. 1983 წ.;
6) ლეონ მელიქსეთ-ბეგი, `ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია~, თბ. 1941 წ.;
7) ლ. დავლიანიძე, `მათე ურჰაელის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ~,
კრებ. `საქართველო რუსთაველის ხანაში~, თბ. 1966 წ.;
8) ქ. ს. ე. ტ., 5, თბ. 1980 წ.;
9) გ. კუტალია, `ნარკვევებიდამოგონებები~, თბ. 2004 წ.;
10) ქ. ს. ე., ტ. 3, თბ. 1978 წ.;
11) საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ. 1979 წ.;
12) რ. მეტრეველი, `დავით IV აღმაშენებელი~, თბ. 1990 წ.;
13) ივ. ჯავახიშვილი, `თხზულებანი~, ტ II, თბ. 1983 წ.;
14) ქ. ს. ე., ტ. 10, თბ. 1986 წ.;
15) შ. მესხია, `დიდგორის ბრძოლა~, თბ. 1965 წ.;
16) შ. მესხია, `ძლევაი საკვირველი~, თბ. 1972 წ.;
17) ვ. კალანდაძე, `კალენდარი მუდმივი და უნივერსალური~, თბ. 1973 წ.;
18) სულხან-საბა ორბელიანი, `ლექსიკონი ქართული~, ტ. I, თბ. 1991 წ.;
19) გ. გვინჩიძე, `დიდგორის ბრძოლის მიმდინარეობის საკითხისათვის~, ცისკარი, #5, თბ. 1979 წ.;
20) გ. კუტალია, `ქემალად-დინის ცნობები დიდგორის ბრძოლის შესახებ~, მოამბე, ტ. 74, # 2, თბ. 1974 წ.;
21) ჯ. ღვინჯილია, `სული აღმაშენებელი~, თბ. 1989 წ.
საბა სალუაშვილი
ისტორიის ბაკალავრი
ტელ: მობ. 0(5) 98 63-63-36,
სახლის : 2 63-63-36