Print

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აგების დროითი მიჯნები

სვეტიცხოვლის

საკათედრო ტაძრის აგების

დროითი მიჯნები

 

ქრისტიანობამ და მისგან მომდინარე მსოფლმხედველობამ ძირფესვიანად შეცვალა ქართველი ერის ისტორიული გზასავალი. მან არა მარტო ერის ცნობიერებაზე, არამედ ქართველი კაცის შემოქმედებით უნარზეც ჰპოვა ასახვა. ქრისტიანობა გახდა განმსაზღვრელი და ამოსავალი წერტილი ქართული კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ქართულ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია ქართულ არქიტექტურასა და ხუროთმოძღვრებას, რომელთა შორისაც გამოირჩევა _ საეკლესიო ხუროთმოძღვრება, და ამ მხრივ შექმნილი უნიკალური ძეგლები. მათ შორის კი, თავისი ღირსეული და უპირველესი ადგილი უკავია _ სვეტიცხოველს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, საუკუნეთა მანძილზე, ქართული ეკლესიის სიძლიერისა და ერთიანობის სიმბოლოდაა მიჩნეული. მაცხოვრის კვართის დაფვლის ადგილზე აღმართული ტაძარი თვალსაჩინო მაგალითია ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების მაღალი დონისა და უნიკალურობისა.

ქართულ წყაროებში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აშენება-განახლების სამი ძირითადი მონაკვეთია დაფიქსირებული. თავდაპირველად ეს ტაძარი პირველი ქრისტიანი მეფის _ მირიანის დროს აუშენებიათ. მომდევნო აშენება-განახლების ფაქტი V ს-ის II ნ-ში ვახტანგ გორგასლის მეფობასთანაა დაკავშირებული. დღეს-დღეისობით ჩვენამდე მოღწეული სვეტიცხოვლის ტაძარი კი XI ს-შია აშენებული _ `...XI ს-ში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა...~ (1, გვ.315).

სამწუხაროდ, დღეისათვის, ქართულ ისტორიოგრაფიაში უცნობია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის _ პირველი და მეორე მშენებლობის კონკრეტული წყლები. აქედან გამომდინარე ჩვენი წინამდებარე თემის მიზანია _ ქართულ წყაროებზე დაყრდნობით, შეძლებისდაგვარად განვსაზღვროთ თავდაპირველი ტაძრის აშენების სავარაუდო წლები და ვნახოთ, თუ რა მნიშვნელოვან მოვლენებთანაა დაკავშირებული მათი შექმნის ისტორია. მივყვეთ წყაროსეულ თხრობას.

 

1) გაქრისტიანება, ანუ სვეტიცხოვლის

პირველი ტაძრის აშენების

დათარიღებისათვის

საეკლესიო და ისტორიული ტრადიციის თანახმად სვეტიცხოვლის ტაძარი აღმართულია მაცხოვრის კვართის დაფვლის ადგილას. თავის მხრივ, ქართულ წყაროებში, მაცხოვრის კვართის თაობაზე ვკითხულობთ _ `...და წარვიდა ელიოზ და ყოველნი ჰურიანი ქართველნი და აღესრულა ყოველი აწ, რომელი ვიცით ნინოOს მიერ ევანგელეთაგან. ხოლო სამოსელი იგი ხუდა ამას ქვეყანასა წილით, და წარმოიღო ელიოზ... ხოლო ამან ელიოზ მოიღო კუართი იგი მაცხოვრისა იესუ ქრისტQსი მცხეთად, სახლად ჩუენდა, და იხილა, რამეთუ მომკუდარ იყო დედაO მისი ამას სიტყუასა ზედა... ხოლო დაO მისი მიეგებვოდა შესუარული სისხლითა, და მოეხGა ყელსა ძმისა თGსისასა და მოუღო სამოსელი იგი იესუOსი და შეიტკბო მკერდსა თGსსა ზედა, და მწრაფლ სულნი წარჰPდეს სამითა ამით სიმწარითა: სიკუდილითა დედისაOთა, და უმეტQს ტკივილითა სიკუდილსა ზედა ქრისტQსსა და სურვილითა მის სამოსლისაOთა...~ (2, გვ.81-82).

ქართველ მემატიანეთა მინიშნებით მაცხოვრის კვართის დაფვლის ადგილას ამოსულა სასწაულმოქმედი ხე, რომელ ადგილზედაც, ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სვეტიცხოვლის ტაძარი აშენებულა _ `...რამეთუ მახლობელ არს ადგილი იგი ნაძუსა მას ლიბანით მოსრულსა და მცხეთას დანერგულსა...~ (2, გვ.83).

თავის მხრივ `მოქცევაO ქართლისაOში~ ერთგვარად დაკონკრეტებულია ის ადგილი, სადაც უნდა მომხდარიყო ელიოზის დის სიდონიასა და მის მკვლავებში არსებული მაცხოვრის კვართის დაფვლა _ `...ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა დასავლით მოგუთისასა, მტკუარსა ზედა. და იყო მცირQ ბაგინი სამარხვოO მათი...~ (2, გვ.108), ე.ი. წყაროსეული მითითებით უფლის კვართის დაფვლის ადგილი, ელიოზის სახლის სიახლოვესაა, კერძოდ კი _ `მტკუარსა ზედა~, ანუ მტკვრის ჩრდილოეთით, სადაც ყოფილა _ `მცირQ ბაგინი სამარხვოO მათი~.

`მოქცევაO ქართლისაOს~ პირველი ნაწილის, ე. წ. `ქორონიკების~ მიხედვით მირიან მეფე მაცხოვრის კვართის მცხეთაში დავანების ამბავს მთავარეპისკოპოსისაგან გებულობს _ `...ვიდრე არა ისწავა მთავარეპისკოპოსისაგან, ვითარმედ: `შენ თანა არს ამას ქალაქსა შინა სამოსელი ქრისტესი ყოვლად ზეგარდმო ქსოვილი, რომელი ჯუარის მცუმელთა მათ განიყვეს, და კუართი იგი ამათ იხუედრეს, ჩრდილოსა ამას ქალაქსა შინა დაფარეს...~ (2, გვ.16-17).

რაც შეეხება მეორე ნაწილს _ `წმ. ნინოს ცხოვრებას~ _ აქ კვართის ამბავს მირიან მეფეს თავად წმ. ნინო უამბობს _ `... და წმიდამან ჰრქუა: `მეფე, ახლოს არს მიახლებაO შენი ღმრთისა; მე ვხედავ, რამეთუ არს ამას ქალაქსა შინა სასწაული ერთი: სასურველი იგი სამოსელი ძისა ღმრთისაO არს აქა, და ხალენისა მის ელიაOსი ყოფაO თქუეს ვიეთმე აქვე და მრავალნი სასწაულნი არიან აქა..~ (2, გვ.88-89).

მორიგი განსხვავება ფიქსირდება ამ ამბის მეფისადმი თქმის დროსთან დაკავშირებითაც. `ქრონიკების~ მიხედვით აღნიშნულის თაობაზე მეფე გაქრისტიანების შემდგომ გებულობს (იხ. 2, გვ.16-17), ხოლო `წმ. ნინოს ცხოვრების~ მიხედვით კი, ეს ამბავი ჯერ კიდევ მირიან მეფის გაქრისტიანებამდეა მომხდარი (იხ. 2, გვ.88-89).

წყაროებში ერთიანი თხრობაა უშუალოდ სვეტიცხოვლის ტაძართან დაკავშირებით. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ `ქრონიკებში~, `წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელ რედაქციასთან შედარებით, ეს ისტორია უფრო მოკლედაა აღწერილი.

ქართული წყაროების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის აშენება მირიანს გაქრისტიანებისთანავე გადაუწყვეტია _ `...და მეშGდესა წელსა მეფესა არწმუნა სასწაულითა ქრისტესმიერითა. და მწრაფლ აღაშენა ეკლესიაO ქუემოO სამოთხესა შინა, და სუეტი იგი იყო ძელისაO, რომელი თGთ აღემართა...~ (2, გვ.13) (იხ. აგრეთვე 2, გვ.90-96).

მაშასადამე, ქართული წყაროების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ სვეტიცხოვლის პირველი ტაძრის აშენება მირიან მეფის მოქცევის დროსთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ქართულ წყაროებში, ტაძრის შენებასთან დაკავშირებული მორიგი განსხვავება, მირიან მეფის მიერ, კონსტანტინე იმპერატორთან, სამღვდელო პირთა გაგზავნის მოთხოვნით მოციქულების წარგზავნისას ფიქსირდება:

_ `ქრონიკების~ მიხედვით მირიან მეფე მოციქულებს საბერძნეთში, მხოლოდ ტაძრის აშენების შემდეგ გზავნის _ `...და ვითარცა აღაშენა ეკლესიაO, წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოOსი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა, თხოვად მღდელთა...~ (2, გვ.13); ხოლო

_ `წმ. ნინოს ცხოვრების~ მიხედვით კი მოციქულები საბერძნეთში ტაძრის აშენებამდე იგზავნებიან _ `...მაშინ ჰრქუა წმიდამან მეფესა: `მეფე, ისმინე ჩემი, რამეთუ ღმერთმან მოხედნა ქუეყანასა ამას დღეთა მეფობისა შენისათა, და მე დედაკაცი ვარ ცოდვილი და არა ჯერ-არს ჩემგან ნათლისცემაO, არამედ მსწრაფლ წარგზავნენ მოციქულნი საბერძნეთად კოსტანტინე და ელენე მეფეთა წინაშე და წიგნიცა ჩემი, რათა მოგივლინოს ეპისკოპოსი და მღდელნი და მათ მიერ აღიბეჭდნეთ სახელსა ზედა მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა~... (2, გვ.94).

აღნიშნულისაგან განსხვავებით ქართულ წყაროებში ნათლად ჩანს, რომ საბერძნეთიდან, მირიანის მოთხოვნით, სამღვდელო პირები სვეტიცხოვლის ტაძრის აშენების შემდეგ არიან ჩამოსულნი _ `..და ვითარცა აღაშენეს ეკლესიაO, წარავლინა მოციქულნი და წიგნი ნინოOსი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა, თხოვად მღდელთა... და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი, და წიგნი ელენე დედოფლისაO, და ხატი მაცხოვრისაO და ძელი ცხორებისაO ნინოOსთGს~ (2, გვ.13-15);

_ `...და მსწრაფლ დაიწყო მეფემან და აღაშენა ეკლესიაO სამოთხესა მას შინა და განაბრწყინვა იგი ფრიადითა ოქროOთა და ვერცხლითა და შეამკო ყოვლითა სამკაულითა ესრეთ, რომელ ტრფიალებისა მისისაგან ძნიად განაშორებოდეს მეფენი და მთავარნი და ყოველნი მხილველნი მისნი. მაშინ მოვიდეს საბერძნეთით მღდელთმოძღუარი და მღდელნი და დიაკონნი. და იწყეს ნათლის-ღებად მეფემან და ყოველმან ერმან, ვითარცა ზემოწერილ არს...~ (2, გვ.104).

მაშასადამე, ყოველივე ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის პირველი აშენება დაკავშირებულია მირიან მეფის მოქცევის წელსა და მისი თხოვნით საბერძნეთიდან სამღვდელო პირთა ჩამოსვლისას არსებულ დროით მონაკვეთთან.

სამწუხაროდ, ქართულ წყაროებში, ღია მინიშნება თუ როდის უნდა ჩამოსულიყვნენ საბერძნეთიდან გამოგზავნილი _ `იოვანე ეპისკოპოსი, ორი მღდელი და ერთი დიაკონი~, არ ჩანს. თუმცა, წყაროებში აღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, ის ზედა ზღვარი, რომლის იქითაც შეუძლებელია ტაძრის მშენებლობის დამთავრების დროის გადატანა.

`მოქცევაO ქართლისაOში~ არსებულ ვრცელი `წმ. ნინოს ცხოვრების~ ე.წ. შესავალ ნაწილად სახელდებულ მონაკეთში, იქ სადაც სუჯი (სოჯი) დედოფლის მცხეთაში ჩამოსვლაზეა საუბარი, დაფიქსირებულია მინიშნება, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ _ ერთის მხრის სუჯი (სოჯი) დედოფლის მცხეთაში ჩამოსვლისა, და მეორეს მხრივ _ წმ. ნინოს დასნეულების წელი. კერძოდ:

`წმ. ნინოს ცხოვრების~ მიხედვით მთიელთა გასანათლავად წასული წმ. ნინო ბოდბეში ჩადის, სადაც დასნეულებულა კიდეც. დასნეულების შემდეგ (იხ. 2, გვ.44) წმ. ნინო სოჯი დედოფლის ხელით, მირიან მეფეს უგზავნის წერილს, რომელშიც აღწერილია მის მიერ მთიელთა მოქცევის მოკლე ისტორია (იხ. 2, გვ.34-44).

კახეთის დედოფალს სოჯის (სუჯი) მცხეთაში ჩამოსვლისას თან ხლებია გუასპურაგნელი მთავარი ასტირონი, რომელიც მეფესთან მყოფ აბიათარ მღვდელს სთხოვს მოუყვეს მისი გაქრისტიანების ისტორია. და აი, აქ, აბიათარ მღვდლის პირით, გვეუწყება ამ საუბრის გამართვის დრო, ესა: 334 წელი _ `... დღესითგან ქრისტესამდე არიან წელნი სამას ოცდათოთხმეტ...~ (2, გვ.43).

მაშასადამე, სახეზე გვაქვს: ერთის მხრივ სოჯი დედოფლის _ მცხეთაში ჩამოსვლისა, და მეორეს მხრივ წმ. ნინოს დასნეულების თარიღთან დაკავშირებული კონკრეტული დროითი მინიშნება, ესაა _ 334 წელი (ამასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად იხილეთ 3, გვ. 108-112).

აღნიშნული საკითხი ჩვენთვის საინტერსოა იმ მხრივ, რომ წმ. ნინო მირიან მეფისადმი განკუთვნილ წერილში, აღწერს რა სოჯი დედოფლისა და ასტირონ გუასპურაგნელის მოქცევის ამბავს, იქვე დასძენს, რომ _ `...და ესე ყოველნი მოისწრაფიან მანდ, მოPსენებულსა მას ქალაქსა და შეწყალებულსა მეფესა და დიდებულთა, სავსესა მას ტაძარსა ღმრთისასა, რომელ შენ აღუშQნე ღმერთსა სახლად საუკუნოდ ქუეყანასა ზედა სადიდებელად სახელისა მისისა და ხილვად სვეტისა მას წმიდასა...~ (2, გვ.39-40).

მაშასადამე, ყოველივე ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ სოჯი დედოფლის მცხეთაში მოსვლის დროისათვის, ანუ _ 334 წლისათვის მირიან მეფის მიერ მისი მონათვლიდან დაწყებული სვეტიცხოვლის შენება _ დასრულებულია. და რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის პირველი მშენებლობის დასრულების თარიღი მაქსიმურ _ 334 წლითაა შემოსაზღვრული.

როგორც ვიცით ქართული წყაროების მიხედვით დაკონკრეტებულია წმ. ნინოს გარდაცვალების თარიღი (იხ. 2, გვ.21). კერძოდ, `მოქცევაO ქართლისაOს~ შატბერდული ხელნაწერი ასეთ ინფორმაცის გვაუწყებს _ `...და შეჰვედრა სული თGსი Pელთა ღმრთისათა ქართლად მოსვლითგან მეათხუთმეტესა წელსა და ქრისტეს აღმაღღებითგან ტლQ (აქ _ 338 წ. ს.ს.) წელსა...~ (2, გვ.21).

წმ. ნინოს გარდაცვალების თარიღიდან, ანუ 338 წლიდან უკუათვლით აღებული _ `მეათხუთმეტსა წელსა~, წმ ნინოს ქართლში შემოსვლის კონკრეტულ თარიღს გამოკვეთავს, ესაა _ 323 წელი.

`მოქცევაO ქართლისაOს~ დღეისათვის ცნობილი 4 რედაქციიდან სამი მათგანი შემდეგ დროით მინიშნებებსაც იძლევა _ `...და მეოთხესა წელსა იწყო ქადაგებად და ხარებად ქრისტეს ღმრთისა შჯულისა და თქუა, რამეთუ: `ვპოვე ცთომასა შინა ჩრდილოOსა ესე ქუეყენაO~. და მეექუსესა წელსა არწმუნა ნანა დედოფალსა ცოლსა მეფისასა სენსა შინა მისსა. და მეშGდესა წელსა არწმუნა მეფესა სასწაულთა ქრისტესმიერითა. და მსწრაფლ აღაშQნა ეკლესიაO ქუემო[O] სამოთხესა შინა, ძელისაO, და სუეტი იგი იყო ძელისაO, რომელი თGთ აღემართა...~ (2, გვ.13).

`წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელ რედაქციაში წმ. ნინოს ლტოლვილობის დაწყების კონკრეტული დროებია დაფიქსირებული _ `...რიფსიმე დედოფალი და გაიანე დედამძუძQ და ორმეოც და ათი სული წარმოვემართენით თთუესა პირველსა ათხუთმეტსა და გამოვედით არეთა სომხითისათა, სამოთხესა, მას თრდატ მეფისასა. იგინი მოიკლნეს მუნ თთუესა პირველსა ოც და ათსა, დღესა პარასკევსა...~ (2, გვ.60).

წყაროებისეული ინფორმაციით წმ. ნინო ქართლის სამეფოში აღნიშნული დროიდან ერთი წლის შემდეგ შემოდის _ `...ხოლო მე წამოვედ და მოვედ ულოპორეთა, და დავიზამთრე ჭირთა შინა დიდთა. და თთუესა მეოთხესა წარვედ მთათა ზედა ჯავახეთისათა...~ (2, გვ.61-62).

წარმოდგენილ მონიშნებათა ბაზაზე, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დადგენილია, რომ _ `...წმ. ნინო ქართლის სამეფოში შემოდის 323 წლის 28 ივნისს, პარასკევ დღეს... მირიან მეფის გაქრისტიანება, ანუ _ ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება _ 322 წლის 15 მარტიდან ათვლით მეშვიდე წელს, ანუ _ 328 წლის 20 ივლისის შაბათ დღეს მომხდარა...~ (3, გვ.107).

ყოველივე ზემოთქმულის შედეგად ნათელი ხდება სვეტიცხოვლის პირველი ტაძრის მშენებლობის დაწყების ქვედა დროითი მონაკვეთი. ესაა: ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღი _ 328 წელი, უფრო ზუსტად კი _ 328 წლის 20 ივლისის შემდგომი პერიოდი.

მაშასადამე, ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დასკვნის სახით ვთქვათ _ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აშენება დაწყებულა _ მირიანის მოქცევის, ანუ _ 328 წელს, და რომ მისი მშენებლობის დამთავრების _ ზედა მაქსიმალურ მიჯნად, სოჯი დედოფლის მცხეთაში ჩამოსვლისა და წმ. ნინოს დასნეულების თარიღი _ 334 წელი უნდა მივიჩნიოთ. ე.ი. სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი, როგორც მაქსიმუმ, აშენებულია: 328-334 წლებში არსებულ დროიოთ მონაკვეთში.

 

2) ავტოკეფალია, ანუ _ სვეტიცხოვლის

ტაძრის განახლების

დროითი საკითხისათვის

ქართულ წყაროებში მომდევნო მინიშნება, რომელიც სვეტიცხოვლის აშენება-განახლებას უკავშირდება, ვახტანგ გორგასლის მეფობის ამსახველ დროით მონაკვეთში ფიქსირდება.

ჩვენს მიერ საკვლევ თემატიკაზე საუბრის გაგრძელებამდე, მოდით ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ ვახტანგ გორგასლის მეფობა და მის დროს მომხდარი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა.

როგორც ცნობილია ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანება-გაძლიერება, რომელიც მის მიერ ჩატარებული რეფორმების ლოგიკურ შედეგს წარმოადგენდა.

ჩატარებულ რეფორმებს შორის აღსანიშნავია _ ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვების ფაქტი, და საქართველოს ეკლესიის მეთაურად კათოლიკოსობის ინსტიტუტის შემოღება.

მისი მეფობის დროს, ქართული წყაროების მიხედვით, დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულა, რომელთა შორის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მირიანის დროს აგებული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აშენება-განახლებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

კათოლიკოსობის ინსტიტუტის მოპოვება-შემოღების შესახებ მსჯელობისას მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე ბრძანებს _ `...ვახტანგ გორგასლის მიერ საქართველოს საკათალიკოსოს დაარსებასთან დაკავშირებით უნდა დავასკვნათ:

V საუკუნეში ქართული ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიები გაიზარდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ვახტანგ გორგასლის დროს ბიზანტიამ საქართველოს დაუბრუნა მიტაცებული კლარჯეთი (სამხრეთ საქართველო) და ზღვისპირეთი (ციხე-გოჯიდან კლისურამდე). ცნობილია, რომ V საუკუნეში, ქალკედონიის კრების დროისათვის, გამსხვილდა ზოგიერთი ეკლესია, მაგალითად, შეიქმნა იერუსალიმის საპატრიარქო; პონტოს, ასიისა და თრაკიის დიოცეზები შევიდა კონსტანტინეპოლის პატრიარქის იურისდიქციაში. მსგავსადვე, სწორედ ამ ეპოქაში, საქართველოს გაერთიანებისა და ვრცელი ეროვნული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ ვახტანგ გორგასალმა ინება, რომ ქართული ეკლესია მოწყობილიყო, როგორც _ ერთიანი ცენტრალიზებული სამამამთავრო ეკლესია ე.ი. დედაქალაქის (მცხეთის) ეპისკოპოსი, საქართველოს ეკლესიისათვის გახდა _ საყოველთაო ეპისკოპოსი ანუ კათალიკოსი (ბერძნული სიტყვიდან _ `კათოლიოს~ _ საყოველთაო) ამ ეპოქის თითქმის თანადროული საისტორიო ქრონიკა `მოქცევაO ქართლისაO~-ში პირველ კათალიკოს პეტრეს მამამთავარი ეწოდება _ `აქათგან იწყეს კათალიკოსთა მამადმთავრობად. პირველი კათალიკოზი იყო პეტრე მეფისა ზე...~ (4, გვ.304-305).

და აი ტაძრის აშენება-განახლებასთან დაკავშირებული მორიგი მინიშნება სწორედ კათოლიკოსობის ინსტიტუტის შემოღების პარალელურად ფიქსირდება _ `...ხოლო მეფემან წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთა და ითხოვა მეფისაგან და პატრიაქისა კათალიკოზი. და მოსცეს კათალიკოზი პეტრე. და თანა ჰყვანდა სამოელ მონაზონი, კაცი წმიდაO და ღირსი, და აღაშენა ქუემოO ეკლესიაO ვახტანგ მეფემან და დასუა მუნ შიგან პეტრე კათალიკოზი. და ესე იყო ქართლის მოქცევითგან მეასსამოცდამეათესა წელსა. მეფენი გარდაცვალებულ იყვნეს ათნი და მთავარეპისკოპოსნი ცამეტნი. და აქაOთგან იწყეს კათალიკოზთა მამადმთავრობად და მწყემსა ერისა. პირველი კათალიკოზი იყო პეტრე ვახტანგ მეფისა ზე...~ (2, გვ.26).

მაშასადამე, როგორც ვხედავთ, სვეტიცხოვლის მორიგი აშენება-განახლება საქართველოში ეკლესიის მეთაურად კათალიკოსობის ინსტიტუტის შემოღებასთანაა დაკავშირებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვენი მოსაზრებით ქართლის სამეფოს გაქრისტიანება _ 328 წელს უნდა იყოს მომხდარი. ამის გათვალისწინებით ზემოთმითითებული წყაროსეული მინიშნებანი, საინტერესო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. კერძოდ:

მემატიანეს თხრობიდან გამომდინარე, ქართლში კათოლიკოსობის ინსტიტუტის დაარსება და საქართველოში პირველი კათოლიკოსის პეტრეს ჩამობრძანება, გაქრისტიანებიდან _ 170 წლის თავზე მომხდარა. და რადგანაც, ქართლის გაქრისტიანება 328 წელს მომხდარი ფაქტია, მაშინ პირველი კათალიკოსი პეტრე: 328 + 170 = 498 წელს ასულა ქართლის ეკლესიის სამღვდელმთავრო ტახტზე.

აღნიშნული თარიღის განსაზღვრა კი, თავის მხრივ, ჩვენს მიერ განსახილველი საკითხის ზედა მიჯნის გარკვევაში დაგვეხმარება.

როგორც წყაროებიდან ირკვევა პეტრე კათალიკოსი ვახტანგ გორგასლის მიერ განახლებულ სვეტიცხოვლის ტაძარში დაიდებს სამღვდელმთავრო ტახტს _ `აღაშQნა ქუემოO ეკლესიაO ვახტანგ მეფემან და დასუა მუნ შიგან პეტრე კათალიკოზი...~ (2, გვ.26).

მაშასადამე, სვეტიცხოვლის ტაძარი პეტრე კათალიკოსის ჩამოსვლისას უკვე აშენებულია, და თუ პეტრე კათალიკოსის საქართველოში ჩამობრძანების თარიღად, ჩვენს მიერ გამოთვლილ, 498 წელს ავიღებთ, მაშინ ნათელი ხდება, რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მორიგი აშენება-განახლება 498 წლისათვის უკვე დასრულებულია.

ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მეორედ აშენება-განახლება ქართული ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვებასა და საქართველოში კათოლიკოსობის ინსტიტუტის შემოღებასთანაა დაკავშირებული, რაც თავის მხრივ 498 წელზე მიუთითებს. ე.ი. ტაძრის მეორედ განახლების ზედა ზღვრად 498 წელი უნდა მივიჩნიოთ.

 

3) ერთიანი საქართველოს

ახალი სიმბოლო

უფლის კვართის დაფვლის ადგილას აღმართული სვეტიცხოვლის მორიგი აშენება-განახლება, საქართველოს ისტორიაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება.

როგორც ცნობილია საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პირველი ეტაპი სამეფო ტახტზე ბაგრატ III-ის (975-1014 წ.წ.) ყოფნას უკავშირდება.

მის მეფობასთანაა დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა საქართველოს ეკლესიის წინამძღვრისთვის _ პატრიარქის ტიტულის მინიჭება. საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი ბაგრატ III-ის უახლოესი ნათესავი მელქისედეკ I-ი ხდება, რომელიც საქართველოს ეკლესიის მეთაურად 1010-1033 წლებში გვევლინება (იხ. 6, გვ.561).

ბაგრატ III-ის მეფობასა და კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I-ის მოღვაწეობას უკავშირდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მესამე და ყველაზე მაშტაბური მშენებლობა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მშენებლობა, როგორც ეს ქართული წყაროებიდან ირკვევა, 1010 წელს დაწყებულა და ბაგრატ IV-ის მეფობის პირველ წლებში _ 1029 წლისათვის დასრულებულა (იხ. 1, გვ.315).

მაშასადამე, ყოველივე ზემოთქმულის შედეგად ნათელი ხდება, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის მესამე აშენება-განახლება საქართველოს ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, კერძოდ: ერთიანი ქართული სამეფოს ჩამოყალიბებასა და საქართველოს ეკლესიის მეთაურისთვის პატრიარქის ტიტულის მინიჭებას უკავშირდება.

 

4) დასკვნა

წარმოდგენილ კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფლის კვართის დაფვლის ადგილას აღმართული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ქართველი ერის ღვთისადმი რწმენის განმტკიცება-გაძლიერების პარალელურად შენდებოდა და ფართოვდებოდა.

სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობის სამი ძირითადი ეტაპი, თავის მხრივ საქართველოს ისტორიაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ:

_ უფლის კვართის დაფვლის ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძრის თავდაპირველად აშენება, საქარვთელოში _ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას დაუკავშირდა, რომელიც, ჩვენის აზრით, 328 მომხდარი ფაქტია. წყაროებისეული ინფორმაციით მირიანის მოქცევის შემდეგ დაწყებული ტაძრის აგება, კონსტანტინე იმპერატორის მიერ გამოგზავნილი მღვდელთმსახურების ჩამოსვლის დროისათვის უკვე დასრულებული ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელთა ჩამოსვლის დროის თაობაზე წყაროში არაფერია ნათქვამი, ჩატარებული კვლევის შედეგად მაინც მოხერხდა საორიენტაციო თარიღის გამოკვეთა.

მღვდელთმსახურთა ჩამოსვლისა და სამეფო კარისა თუ მთელი ერის განათლიდან გარკვეული დროის შემდეგ, მთიელთა მოსაქცევად წასული წმ. ნინო 334 წლისათვის უკვე ბოდბეში ჩასული ჩანს. ამ წელს, მის მიერ მირიან მეფისადმი მოწერილ წერილში _ სვეტიცხოვლის, როგორც დასრულებული ტაძრის მოხსენიება, უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მითითებულ 334 წლისათვის ტაძრის აგება კარგა ხნის დამთავრებულია.

მაშასადამე, სვეტიცხოვლის აგება, როგორც მინიმუმ 328 წელს იწყება, და ხსენებული 334 წლისათვის უკვე რამოდენიმე წლის დასრულებული ჩანს;

_ საკათედრო ტაძრის რიგით მეორე აშენება-განახლება უკვე ვახტანგ გორგასლის მეფობისას მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს _ საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასა და ქართული ეკლესიის უმაღლეს იერარქიაში კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღება-დამკვიდრებას უკავშირდება. ეს კი ჩვენი ვარაუდით 498 წელს უნდა იყოს მომხდარი. შესაბამისად, ტაძრის მეორედ აშენების ზედა ზღვრად სწორედაც, რომ 498 წელი უნდა მივიჩნიოთ;

_ და ბოლოს, ბაგრატ III-ის მეფობით დაწყებული ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა, და მისივე მეფობისას მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, საქართველოს ეკლესიის წინამძღვრისათვის _ პატრიარქის ტიტულის მინიჭება, სვეტიცხოვლის რიგით მესამე და ყველაზე მაშტაბური მშენებლობით აღინიშნა, რომელიც, როგორც ცნობილია: 1010-1029 წლებში მიმდინარეობდა.

ამდენად, ახალი წელთაღრიცხვის 30-იან წლებში საქართველოს მიწაზე ქრისტეს კვართის დაფვლის ადგილას აშენებული სვეტიცხოვლის ტაძრის აგება-განახლების სამი ძირითადი ეტაპი, ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ისტორიის ასევე უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან _ გაქრისტიანებასთან (IVს-ის 20-იანი წლები), ავტოკეფალიის მოპოვებასა (V ს.-ის 90-იანი წლები) და ერთიანი ქართული სამეფოს ჩამოყალიბების (XI-XI გასაყარი) პარალელურად წარმართულა.

 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ქ. ს. ე., ტ. 9 , თბ. 1985 წ.;

2. მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი, `მოქცევაO ქართლისაOს~ რედაქციების პარალელური ტექსტები, თბ. 2010 წ;

3. ს. სალუაშვილი, `ქართლის მოქცევის თარიღთან დაკავშირებული საისტორიო ძიებები~, თბ. 2010 წ.;

4. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, `საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია~, ტ. I, თბ.1996 წ.;

5. `საქართველოს ისტორიის ნარკვევები~, ტ. III, თბ. 1979 წ.

6. ქ.ს.ე., ტ. 6. თბ. 1983 წ.

 

საბა სალუაშვილი