Print

ფარნავაზი

ფარნავაზი

 

ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძეჩამყრელად და დამაარსებლად, ქართული ისტორიული ტრადიცია, ფარნავაზს მოიაზრებს.

აღნიშნულ პერიოდზე, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და პირველწყაროს ფუნქციის მატარებელია ქართული ისტორიოგრაფიის ორი უძველეს ძეგლში _ "მოქცევაჲ ქართლისაჲ~ და `ქართლის ცხოვრებაში~ არსებული მონაცემები.

`მოქცევაჲ ქართლისაჲ~ და `ქართლის ცხოვრება~  ქართული სახელმწიფოს დაარსებისა და მისი დამაარსებლის თაობაზე, ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის. თუმცა, ვიდრე უშუალოდ მათ შორის არსებულ განსხვავებას შევეხებოდეთ, მანამდე ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ წყაროებზე არსებული ინფორმაცია.

`მოქცევაჲ ქართლისაჲ~ წარმოადგენს დღეისათვის ჩვენამდე მოღწეულ წერლილობით წყაროთა შორის ყველაზე უძველეს საისტორიო თხზულებას [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 2-51]. დღეისათჳის ცნობილია მისი ოთხი _ სინ-50, სინ-48, შატბერდული და ჭელიშური რედაქციები [იხ. მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 3-4].

სინ-50 და სინ-48 ხელნაწერები 1990-1994 წლებში მიკვლეულ იქნა სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერში, ზაზა ალექსიძის მიერ. სინ-50: IX-X საუკუნით, ხოლო სინ-48 კი ადრეული მეათე საუკუნით თარიღდება [ზ. ალექსიძე 2007: 7-8].

რაც შეეხება შატბერდულ და ჭელიშურ რედაქციებს, მათზე შეიძლება ითქვას შემდეგი _ ‘...შატბერდული კრებული, რომელიც აღმოაჩინა (1888 წ.) და გამოაქვეყნა (1890 წ.) ე. თაყაიშვილმა, გადაწერილია X ს. 70-იან წლებში შატბერდის მონასტერში იოანე ბერას ხელმძღვანელობით. ჭელიშის კრებული (მიაკვლიეს 1903 წ. ჭელიშის მონასტერში) შედგება 2 ნაწილისაგან. ‘მოქცევაჲ ქართლისაჲ~ მოთავსებულია კრებულის იმ ნაწილში, რომელიც XIV_XV ს.ს-ში უნდა იყოს გადაწერილი... ორივე რედაქცია ნაკლულია. ჭელიშურს დასაწყიში აკლია ფურცლები, შატბერდულს შიგნით. ჭელიშური რედაქცია უფრო ვრცელი და მრავალსიტყვიანია, თუმცა შატბერდული ბევრად უფრო უხვია ცნობებით... ‘მოქცევაჲ ქართლისაჲ~ ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანებული 2 თხზულებისაგან შედგება.

I ნაწილში, რომელსაც ‘ქრონიკას~ უწოდებენ, მოკლედ არის გადმოცემული ქართლის ისტორია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობიდან IX ს-მდე;

II ნაწილი, რომლის სახელი ‘ნინოს ცხოვრებაა~, მხოლოდ ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორიას გადმოგვცემს...~ [ზ. ალექსიძე 1984: 149].

_ ‘... ‘ქართლის ცხოვრება~, ძვ. ქართულ საისტორიო თხზულებათა კრებული, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყარო. შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან... ‘ქართლის ცხოვრება~ შედგენილი უნდა იყოს XII ს. I მეოთხედში, ქვეყანაში ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების არსებობის დროს (სხვა მოსაზრებით ‘ქართლის ცხოვრება~ შედგენილია VII-VIII, VIII_IX, X, XI-ის მიწურულს, XI-XII მიჯნაზე, XII-ის II ნახევარში). ‘ქართლის ცხოვრება~ ქართული ისტორიოგრაფიის ოფიციალური ძეგლია. კრებულში შეტანილი ყველა ნაწარმოების ავტორები სამეფო ხელისუფლების აქტიური მომხრეები არიან... ‘ქართლის ცხოვრება~ XII ს. შუა წლებში სომხურად ითარგმნა. XII ს. II ნახევარსა და XIII_XIV სს-ში კრებული სხვადასხვა ნაწარმოებით შეივსო, რის გამოც გაჩნდა განსხვავებული შედგენილობის ნუსხები...~ [რ. კიკნაძე 1986: 469].

`მოქცევაჲ ქართლისაჲ~-ის პირველი ნაწილის ე. წ. ‘ქრონიკების~ მიხედვით ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება არიან-ქართლიდან მოსულ აზოს მიეწერება, რომელიც ალექსანდრე მაკედონელს დაუნიშნავს ქართლში ლაშქრობისა და ამ ტერიტორიის ბუნ-თურქებისა და ჰუნებისაგან განწმენდის შემდეგ _ `... და შემდგომად რაოდენიმესა ჟამისა მოვიდა ალექსანდრე, მეფჱ ყოვლისა ქუეყანისაჲ, და დალეწნა სამნი ესე ქალაქნი და ციხენი, და ჰონთა დასცა მახჳლი... და თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოჲ, ძჱ არიან ქართლისა მეფისაჲ, და მას მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომლად და საზღვრად დაუდვა მას ჰერეთი და ეგრის წყალი და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ] და წარვიდა...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 10].

ქართლში გამეფებული აზო, თავის სამეფოდან: არიან-ქართლიდან, რაღაც ნაწილსაც გადმოასახლებს _ ‘...ხოლო ესე აზოჲ წარვიდა არიან ქართლად, მამისა თჳსისა, და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 10].

_ `... ამ ცნობის თაობაზე ზოგი სხვა ვარიანტი განსხვავებულ ციფრებს გვთავაზობს. ‘წმ. ნინოს ცხოვრების~ ახალი რედაქციის ავტორი არსენ ბერი (XII ს.) ამბობს, რომ აზომ არიან-ქართლიდან მოიყვანა ათასი სახლი ‘მდაბიოჲ სოფლისაჲ~ და ათი სახლი ‘მთავართაგან~. აზომ იქიდან მოიტანა აგრეთვე ღმერთების გაცისა და გას კერპები...~ [გ. მელიქიშვილი 1970: 437].

მაშასადამე, ‘ქრონიკების~ მიხედვით _ ქართლის პირველი მეფე არის აზო. სწორედ აზოს შემდეგ გამეფდება ფარნავაზი, რომელიც გაცი და გას გვერდით ახალ კერპს _ არმაზს აღმართავს _ ‘... და შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳრსა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო და ჰრქGან არმაზ...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 10].

აღნიშნულისაგან განსხვავებულ თხრობას ხვდებით ‘ქართლის ცხოვრებაში~. ტექსტის ის ადგილი, სადაც ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზეა საუბარი, მოთავსებულია ‘ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა~-ში, რომლის ავტორობაც თავის მხრივ, ლეონტი მროველს მიეწერება [იხ. რ. კიკნაძე 1986: 469].

ლეონტი მროველის მიხედვით ქართლის პირველ მეფედ და პირველი ქართული სამეფო დინასტიის დამაარსებლად დასახელებულია _ ფარნავაზი.

ლეონტი მროველი, ‘მოქცევაჲ ქართლისაჲ~-საგან განსხვავებით, უფრო ვრცლად აღგვიწერს, როგორც _ ფარნავაზთან, ასევე _ აზოსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს.

ლეონტი მროველის მიხედვით _ `.. აზო დამპყრობელია, რომელიც საშინლად ავიწროებს ქართველებს (ქართლოსიანებს). იგი იმორჩილებს ქართლთან ერთად ჰერეთს და ამრიგად ავრცელებს თავის ხელისუფლებას მდ. ბერდუჯიდან (დღევ. დებედა) ვიდრე ‘სპერის ზღვამდე~ (ე.ი. შავ ზღვამდე), იპყრობს აგრეთვე დას. საქართველოს (ეგრისს), ხარკს ადებს ოსებს, ლეკებს და ხაზარებს...~ [გ. მელიქიშვილი 1970: 438]. თავად ტექსტისეული თხრობა ასეთია _ ‘... იყო კაცი ძნელი და მესისხლე, და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: ‘ყოველმან ქართველთაგანმა რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი~...~ [‘ქართლის ცხოვრება~  1955: 20].

ლეონტისავე თხრობით, მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული ფარნავაზი სამი წლისა ყოფილა, როცა ალექსანდრეს დაუპყრია ქართლი, მოუკლავს სამარა და მმართველად ‘ნათესავნი მისი ქვეყნით მაკედონით~ აზო დაუტოვებია. სამი წლის ყრმა და დედამისი კავკასიის მთებში გახიზნულან _ ‘... ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა, და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმისწული სამარისი, რომელი მოსვლასა მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილიყო. ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო კავკასიად...~ [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 20].

ფარნავაზი როდესაც გაიზარდა, დაახლოებია აზოს კარს, თუმცა მოგვიანებით, დედის თხოვნითა და აზოს შიშით, ის გადაწყვეტს წავიდეს დედის ძმებთან ასპანს _ ‘... ხოლო მონადირეობითა მისითა იქმნა მეცნიერ აზონისა, და შეიყუარა იგი აზონმან მონადირეობისათჳს. ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: ‘შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურა-რას იჩინებ თავსა შენსა სიკეთესა, ნუ უკუე მოგკლან შენ~.

და იყო შიში და ძრწოლა მას ზედა. და ვითარ განმრავლდა შიში აზონისა მათ ზედა, რქუა ფარნავაზს დედამან მისმან: ‘შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წარმიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი ჴელისაგან აზონისა...~ [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 21].

და აი, სწორედ ამ ამბების აღწერის შემდეგ, მემატიანე მოგვითხრობს ფარნავაზის მიერ ნახული სიზმრისა და მის მიერ ნადირობის ჟამს განძის პოვნის ამბავს [იხ. ‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 21].

ამის შემდეგ საუბარი გრძელდება ფარნავაზისა და ეგრისის მმართველ ქუჯის შორის არსებულ კავშირზე _ ‘... ერთხელ ნადირობისას ფარნავაზი იპოვის განძს, რის შემდეგაც უკავშირდება ეგრისის მართველ ქუჯის და სთავაზობს ერთობლივ ბრძოლას აზოს წინააღმდეგ, ნაპოვნი განძის ამ მიზნით გამოყენებას და სხვა. ქუჯი თანხმდება ამ წინადადებაზე, ამასთანავე აღიარებს ფარნავაზის პირველობას (‘შენ უფალი, მე მონა~ _ ეუბნება იგი ფარნავაზს, ახსენებს რა, რომ იგი უფრო მაღალი წარმოშობისაა, ქართლოსის შთამომავალია). ფარნავაზი და ქუჯი მიიმხრობენ აგრეთვე ოსებს და ლეკებს, მათ მიემხრობა აზოს მიერ მოყვანილი ‘რომაელების~ (ბერძნების) ლაშქრიდან ათასი რჩეული მეომარიც. აზო გარბის მცხეთიდან და მკვიდრდება კლარჯეთში. აქ მას მოსდის დამხმარე ლაშქარი ‘საბერძნეთიდან~, ფარნავაზს კიდევ ეხმარება ასურასტანის მეფე ანტიოქოსი (ე. ი. სელევკიდების სამეფო). ანტიოქოსი უგზავნის ფარნავაზს სამეფო გვირგვინს, სომხეთის ერისთავებს უბრძანებს დაეხმარნონ მას და ა.შ. მეორე წელს ხდება გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც ფარნავაზი იმარჯვებს. აზო ბრძოლაში იღუპება. ფარნავაზი დალაშქრავს ‘საბერძნეთის საზღვარ ანძიაძორს~, ეკელეცის (აკილისენეს) ოლქის გავლით ბრუნდება კლარჯეთს, ხოლო იქიდან _ მცხეთას...~ [გ. მელიქიშვილი 1970: 438-439].

ფარნავაზის მიერ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, თხრობა მის მიერ დაწყებულ საშინაო რეფორმათა აღწერით გრძელდება _ ‘...მოაწყო მან სამეფო ‘სპარსთა სამეფოს მსგავსად~, დაჰყო იგი ცალკე ოლქებად _ საერისთაოებად, რომელთა სათავეშიც დააყენა ერისთავები, ხოლო ცენტრალური ოლქის (შიდა ქართლის) მმართველობა სპასპეტს _ მთავარსარდალს მიანდო, გაამაგრა ქალაქი მცხეთა და ქართლის სხვა ქალაქები და ციხეები. არმაზის მთაზე (რომელიც ადრე ‘ქართლად~იწოდებოდა) დადგა ღვთაება არმაზის კერპი, მფარველობდა აზოს ლაშქრიდან მის მხარეზე გადასულ ‘რომაელ~ (ბერძენ) მეომრებს, რომელთაც მან აზნაურობა მისცა (წყარო ამ სახელს ‘აზოს~ სახელიდან აწარმოებს). გაზაფხულობითა და შემოდგომით ფარნავაზი მცხეთაში ცხოვრობდა, ზამთარში _ გაჩიანში, ხოლო ზაფხულს წუნდაში ატარებდა. ზოგჯერ მოინახულებდა კლარჯეთსა და ეგრესს. განავრცო ქართული ენა, შექმნა ქართული დამწერლობა. გამეფდა 27 წლისა და იმეფა 65 წელი. დამარხეს იგი არმაზის კერპის წინ. ეს იყო, ‘ქართლის ცხოვრების~ თქმით, ქართლის პირველი მეფე ქართლოსის ტომიდან (ე. ი. ქართველთაგანი)...~ [გ. მელიქიშვილი 1970: 439]. [იხ. ‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 22-26].

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით შევეცადოთ და ერთი შეხედვით ‘ზღაპრული~ ენით გადმოცემულ ამბავთა თხრობაში, რეალური ისტორიული მოვლენები ამოვიკითხოთ.

დღეისათვის ქართულ ისტორიოგრაფიაში გაზიარებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ _ ‘...ქართლის (იბერიის) ერთიანი დიდი სამეფოს წარმოქმნა დედაქალაქით  მცხეთაში, როგორც ჩანს, მართებული იქნება, რომ ძვ. წ. IV-III სს. დავუკავშიროთ...~ [გ. მელიქიშვილი 1970: 444]. ასეთი ზოგადი ქრონოლოგიზაცია კი, თავის მხრივ, განპირობებულია იმით, რომ დღემდე ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებში, ფარნავაზის მეფობის კონკრეტული წლები, სამწუხაროდ, ღიად დაფიქსირებული არაა; თუმცა მისი ბიოგრაფიის აღწერისას, რამდენიმე კონკრეტული მინიშნება მაინც გვიფიქსირდება.

ქართული წყაროებიდან გვეუწყება, რომ ალექსანდრეს ქართლი დაუპყრია _ ‘... დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა... და დაუტევა ქართლს ერისთავად აზონ...~ [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 18], რის შემდეგაც ალექსანდრე ეგვიპტეში გადადის და იქ აარსებს ქალაქ ალექსანდრიას _ ‘... და წარვიდა ალექსანდრე ეგჳპტედ, აღაშენა  ქალაქი ალექსანდრია, და თორმეტ წლამდის მოვლო ყოველნი ქუეყანა, თორმეტსა წელსა შინა დაეპყრნეს ყოველნი კიდენი ქუეყანისანი...~ [იხ. ‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 19].

 დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია იმის თქმა, თუ იმ დროისათვის მის ხელთ არსებულ რომელ წყაროებზე დაყრდნობით აღგვიწერს ლეონტი მროველი ალექსანდრე მაკედონელის კავკასიაში ლაშქრობის ამბავს, რადგანაც დღეისათვის ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ერთი მოსაზრების თანახმად _ ალექსანდრე მაკედონელს კავკასიაში არ ულაშქრია.

ის ფაქტი, რომ ლეონტი მროველი საქართველოს სამეფოს შექმნას ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობასთან აკავშირებს, არაა შემთხვევითი. ასეთი ფაქტები შუა საუკუნეების ნაწარმოებებს ახასიათებთ. ეს კი აიხსნება იმით, რომ ავტორებს სურდათ ესა თუ ის მოვლენა, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენასთან დაეკავშირებინათ. ავტორისეულ თხრობაში ის ფაქტი, რომ სამეფოს შექმნა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობას უკავშირდება, ნიშნავს იმას, რომ ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის შედეგია და არა ისე ‘უბრალოდ წარმოქმნილი~, და რომ ქართული სახელმწიფო _ მსოფლიო ისტორიის განუყოფელი ნაწილია და მასთან ერთად განიხილება.

გარდა ამისა, ალექსანდრე მაკედონელის ბიოგრაფიული შტრიხების გამოკვეთით, ლეონტი მროველს, ჩვენის აზრით, სურს ფარნავაზთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენათა მოხდენის კონკრეტულ თარიღზე მიგვანიშნოს. და აი როგორ:

როგორც ცნობილია ალექსანდრე მაკედონელმა _ `... ძვ. წ. 332-331 წ.წ.... უბრძოლველად დაიკავა ეგვიპტე.… ნილოსის დელტაში ქ. ალექსანდრიის დაარსების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელი მესოპოტამიაში გადავიდა..~ [ქ.ს.ე. 1975: 294].

_ ‘...ლეონტი მროველის მიხედვით კი ეს ყველაფერი ქართლიდან მისი წასვლის შემდეგ ხდება _ ‘და ვითარ წარვიდა ალექსანდრე  ეგვიპტედ, აღაშენა ქალაქი ალექსანდრია...~-ო... მაშასადამე, ძვ. წ. 332 წ. უნდა იყოს _ მცხეთელი სამარასა და მისი ძმის, ანუ ფარნავაზის მამის მოკვდინების _ ზედა მიჯნა.

ლეონტი მროველის მიხედვით, მას შემდეგ რაც ალექსანდრე _ ‘... დადგა მცხეთას... სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრეს ექუს თუე... ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა თერთმეტ თუე...~-ო...

მაშასადამე, თუ ალექსანდრეს ქართლიდან ‘წასვლის ზედა~ თარიღი ძვ. წ. 332 წელია, მაშინ მის მიერ მცხეთის აღების, ანუ სამარასა და მისი ძმის მოკვდინების სავარაუდო დროს კიდევ _ ‘ექუს თუე~-ს დამატებული ‘თერთმეტ თუე~, ანუ _ 17 თვით გადაიწევს და ძვ. წ. 333-332 წლებს შუა მოექცევა. და აი, თუ ამ დროისათვის ფარნავაზი ‘სამისა წლისა ყრმა~ იყო, მაშინ ფარნავაზი დაბადებულა არა უგვიანეს ძვ. წ. 336-335 წლებში. რაც სავარაუდოთ, ალექსანდრე მაკედონელის გამეფების წელზე მოდის. ამდენად, ლეონტი მროველის მიერ ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებით გადმოცემული თხრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თავად _ ფარნავაზის შობისეული თარიღის მინიშნება უნდა იყოს...~ [მ. სალუაშვილი 2008: 25].

ყოველივე ზემოთქმულით ნათელი ხდება, რომ ლეონტი მროველმა ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებული მონაცემების გადმოცემით ფარნავაზის სავარაუდო შობის თარიღზე მიგვანიშნა, რაც როგორც აღინიშნა ძვ. წ. 336-335 წლებზე მოდის.

მაშასადამე, ყოველივე ზემოთქმულის შედეგად შესაძლებელი ხდება ქართლის სამეფოს დამაარსებლისა და ქართლის სამეფოს პირველ მეფე ფარნავაზთან დაკავშირებული დროითი მონაკვეთების კონკრეტული ქრონოლოგიური ზღვრების განსაზღვრა. კერძოდ:

ლეონტი მროველი ფარნავაზთან მიმართებაში _ ‘... სამ დროით მინიშნებას იძლევა:

1) ფარნავაზი სამი წლისა ყოფილა, როცა ალექსანდრეს ქართლის სამეფო დაუპყრია;

2) ფარნავაზი ტახტზე ასულა 27 წლისა და

3) უმეფია 65 წელი.

ამ, და სხვა მინიშნებათა გათვალისწინებით ვასკვნით, რომ _ ფარნავაზი:

დაბადებულა ძვ. წ. 336-335 წლებს შორის;

ტახტზე ასულა 309-308 წელს და

უმეფია 244/243 წლამდე...~ [ს. სალუაშვილი 2009: 30-31].

ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებულ საკითხში გარკვევის შემდეგ, მოდით შევეცადოთ ახსნა მოვუძებნოთ ლეონტი მროველთან მინიშნებულ კიდევ ერთ, ერთი შეხედვით, მეტად ბუნდოვან საკითხს.

ლეონტი მროველი აღწერს, რა ალექსანდრეს ეგვიპტეში ლაშქრობასა და მის მიერ ‘ყოველი კიდენი ქუეყნისანი~-ს [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 19] დაპყრობას, ბრძანებს _ ‘... მერმე მოიყვანა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნი იყვნეს სახელით: ანტიოქოზ, ჰრომოს, ბიზანტიოს და პლატონ. და მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას. და მან აღაშენა სახელითა მისითა ქალაქი ანტიოქია...~ [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 19];

ხოლო ფარნავაზსა და აზოს შორის გამართული ბრძოლის პერიპეტიების აღწერისას კი დასძენს _ ‘...ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრნა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი. და მასვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი თGნიერ კლარჯეთისა. ამან ფარნავაზ წარავლინა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა, და წარსცა ძღუენი დიდძალი. და აღუთქუა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თჳსად, და წარმოსცა გჳრგჳნი. და უბრძანა ერისთავთა სომხეთისათა, რათა შეეწიოდიან ფარნავაზს…~ [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 23].

როგორც ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი _ ‘... სელევკიდების სახელმწიფო, სელევკიდების სირიის სამეფო(ა) ( ძვ.წ. 312 _ ძვ.წ. 64), ელინისტური სახელმწიფო დას. აზიაში, წარმოიქმნა ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს ნანგრევებზე. სახელი ეწოდა დამაარსებლის _ სელევკე I ნიკატორისა და მისი შთამომავლების _ სელევკიდების მიხედვით. ტერიტორიულად მოიცავდა სირიას, მესოპოტამიას, მცირე აზიის ნაწილს, ირანის ზეგანს, შუა აზიის ნაწილს. სატახტო ქალაქები _ ტიგრის სელევკია (300-მდე) და ანტიოქია...~ [ლ. სანიკიძე 1985: 275].

თავის მხრივ კი, როგორც ცნობილია, ძვ.წ. 300 წელს ქ. ანტიოქია სელევკოს I-მა დააარსა _‘...და მამის საპატივცემულოდ უწოდა ანტიოქია. სელევკიდების სამეფოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-სახელოსნო და კულტურული ცენტრი...~ [ქ.ს.ე. 1975: 491].

_ ‘...როგორც ითქვა სელევკიდების სამეფო ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, მისი მხედართმთავრის სელევკი I ნიკატორის...მიერ ჩამოყალიბდა. ეს კი ძვ.წ. 312 წ. მოხდა. სელევკი I-ს, თავისი ძე ანტიოქე I _ ძვ. წ. 293-280 წლებში თანამოსაყდრედ ჰყავდა დასმული, რომელიც ძვ.წ. 280 წლიდან ხდება დამოუკიდებელი მართველი, და ძვ.წ. 261 წლამდე მეფობს... მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისსივე შვილი ანტიოქ II ავიდა, რომელიც ძვ. წ. 261-246 წლამდე მეფობდა. ამდენად, ძვ. წ. 309-309 წ-დან, ვიდრე _ ძვ.წ. 244-243 წლამდე ქართლოსიანთა ტახტზე მჯდომი ფარნავაზი სელევკიდების სახელმწიფოს დამაარსებელ სელევკი I-დან ათვლით (ძვ. წ. 312-280 წ.წ.)ანტიოქე I-სა (ძვ.წ. 293-261 წ.წ.) და ანტიოქ II-ის (ძვ.წ. 261-246 წ.წ.) მმართველობის დროში მეფობს...~ [მ. სალუაშვილი 2008: 33-34].

ჩვენს მიერ სათქმელის უკეთ გაგების მიზნით ‘ქართლის ცხოვრებაში~ დაცული კიდევ ერთი მინიშნება გავიხსენოთ.

`ქართლის ცხოვრებაში~ ვკითხულობთ _ `...ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქვიან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკურისა და არაგვითგან დასავლით ვიდრე ზღუადმდე სპერისა. დაიპყრა ქუეყანა ტფილისითგან და არაგვითგან დასავლით ვიდრე ზღუადმდე სპერისა...~ [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 9].

ერთი შეხედვითვე ნათელია _ `... რომ აქ მითითებული _ `ტფილისითგან~, XI ს-ის გადმოსახედიდან მოცემული ორიენტირია, რამეთუ მცხეთოსის დროს _ `ტფილისი~ საერთოდ არ არსებობდა. ასეთივე ორიენტირისეული კუთხით უნდა მივუდგეთ ლეონტი მროველის მიერ _ `ანტიოქოს ასურასტანისა~-ზე მითითებასაც. და აი, რატომ.

ლეონტი მროველის ცნობით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ალექსანდრე მაკედონელმა _ ‘... მოიყვანა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნი იყვნეს სახელით: ანტიოქოზ, ჰრომოს, ბიზანტიოს და პლატონ. და მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას. და მან აღაშენა სახელითა მისითა ქალაქი ანტიოქია... და მოკუდა ალექსანდრე~...

როგორც ითქვა, ანტიოქია ძვ.წ. 300 წელს დაარსდა... ანუ ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან 23 წლის შემდეგ. რაც შეეხება ‘ასურასტანს~, ანუ ასურეთს, მისი მოკლე ისტორია ასეთია _ ‘ასურეთი, ძვ. სახელმწიფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე; ჩამოყალიბდა ძვ. წ. III ათასწლ. შუამდინარეთის ჩრდ. ნაწილში და იარსება ძვ.წ. VII ს. ბოლომდე. ამ დროს ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდება ბაბილონეთის მოსახლეობისაგან.

სემიტურ ოჯახში შემავალი ასურული ენა ერთიანი ასურულ-ბაბილონური, ანუ აქადური ენის დიალექტია. ასურელები თაყვანს სცემდნენ ღვთაებათა მთელ ბაბილონურ პანთეონს, თუმცა მის სათავეში აყენებდნენ საკუთარ ასურულ ღვთაებას _ ასურს. ამ ღვთაების სახელი ერქვა სახელწიფოს დედაქალაქს, ხოლო მთელი ქვეყყანა ‘ასურის ქვეყნად~ ე. ი. ასურეთად იწოდებოდა…

ძვ.წ. XI ს-დან დაიწყო ასურეთის დასუსტება. ეს გამოიწვია დასავლეთიდან არამეული ტომების თავდასხმამ, რომელთა თარეში ასურელთა მიწა-წყალზე თითქმის ორის საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა...

... ასურეთმა მძიმე ბრძოლები გადაიხადა ჩრდილოეთიდან შემოსულ სკვითებთან და კიმერიელებთან. ასურბანიფალს (ძვ. წ. 669-633) დიდი ბრძოლა მოუხდა ამბოხებულ ბაბილონელებთან. ასურეთს ამ დროს ჩამოსცილდა ეგვიპტეც.

ძვ. წ. 605 წ. გაძლიერებული მიდიისა და ბაბილონის კოალიციამ ბოლო მოუღო ასურეთის სახელმწიფოს. მისი ტერიტორია გამარჯვებული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. თვით ასურელები თანდათანობით არამეულ მოსახლეობაში გაითქვიფნენ და თავიანთი ეთნიკური ინდივიდუალობა დაკარგეს~...

ამდენად, ალექსანდრე მა-კედონელის გარდაცვალების შემდეგ, ანუ ძვ.წ. 323 წლიდან, აზონთან ფარნავაზის ბრძოლისას _ ძვ.წ. 309-308 წლისათვის ასურეთი (‘ასურასტანი~) თითქმის 4 საუკუნის წინ იყო განადგურებული და მსოფლიო რუკიდან გამქრალი, ხოლო ქ. ანტიოქია კი ჯერ კიდევ არ იყო დაარსებული. მაშასადამე, აქაც ‘ანტიოქოს ასურასტანისა~, ისევ და ისევ ორიენტირისეული თვალ-თახედვითაა მოცემული...~ [მ. სალუაშვილი 2008: 34].

ამდენად, ლეონტი მროველი, `ანტიოქოს ასურასტანისა~-ზე მინიშნებით, ცდილობს არა მარტო ფარნავაზის მეფობისეული დროითი ორიენტირების გამოკვეთას _ ‘... არამედ მკითხველს უნდა დაანახოს, თუ როგორაა ჩართული ქართული სახელმწიფო და მისი მმართველი _ იმდროინდელი მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობაში...~ [მ. სალუაშვილი 2008: 34-35].

ფარნავაზთან დაკავშირებული ქრონოლოგიური ჩარჩოების განსაზღვრის შემდეგ, მოდით ლეონტი მროველის მიერ მოცემული რამოდენიმე მისტერიულ მინიშნების თაობაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

ფარნავაზ მეფის ბიოგრაფიული შტრიხების აღწერისას თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს _ სიზმრის, ნადირობისა და ფარნავაზის მიერ განძის პოვნის მონაკვეთს. ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ყოველივეს აღწერა თითქოსდა თხრობის გამრავალფეროვნებასა და გალამაზებას ემსახურება, თუმცა ეს მთლად ასე არ არის და თითოეულ დეტალს თავისი მისტერიული დატვირთვა უნდა ჰქონდეს.

როგორც ცნობილია მითოსში ‘მზე~  _ ღვთაებრიობის განსახიერებაა. ფარნავაზის სიზმარი, სადაც საუბარია ფარნავაზის მიერ სიზმარში მზის ხილვასა და მზის ცვარით მის ცხებაზე, მიუთითებს _ ფარნავაზის ღვთითკურთხეულობაზე, ანუ ამ სურათის აღწერით, ერთგვარად, მისი _ ლეგიტიმაცია ხდება.

ლელა პატარიძე საუბრობს რა ქართლის სამეფოს პირველი წარმართი მეფისა და ქართლის სამეფოს პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის ‘ლეგიტიმაციის~ საკითხებზე აღნიშნავს _ ‘...მოქცევაჲ ქართლისაჲში გადმოცემული მეფის სასწაულებრივი გაქრისტიანების სიუჟეტი _ მზის დაბნელება, ფარნავაზის გამეფების სიუჟეტთან გაბმული დიალოგია. ამ დიალოგში მირიანის მეფობის ხელახალი ლეგიტიმაციის შინაარსი იკითხება. შემთხვევითი არ არის, რომ მირიანის მოქცევის სასწაული მზის დაბნელება და ხელახლა გამოჩენაა. მირიანს _ ფარნავაზის მზე დაუბნელდა, ის მზე, რომელმაც ფარნავაზს მიანიჭა მეფობა, ის მზე, რომელმაც ფარნავაზი უკაცური სახლიდან გამოიყვანა; ის მზე, რომლის ცვარითაც იყო ცხებული ფარნავაზი და, საფიქრებელია, მისი შთამომავლობაც. მირიანის მეფობა ახალი მზის ძალით არის კურთხეული. ეს მზე კი იესო ქრისტეა. მირიანის წიგნში უკვე პირდაპირაა თქმული : ‘და შუა ღამეს ოდენ მეჩუენა მე მზეი ბრწყინვალეი ქრისტე ღმერთი ჩუენი~ ...საყურადღებოა, რომ ისევე როგორც ფარნავაზის გამეფება, მირიანის მოქცევაც ნადირობის გზით ხორციელდება... მირიანის მეფობის საკრალიზაცია ქრისტიანული რელიგიის კონტექსტში გააზრებულია, როგორც ერთგვარი დიალოგი ფარნავაზის მეფობის საკრალიზციის მითთან...~ [ლ. პატარიძე გვ. 13].

რუისის ეპისკოპოსის მიერ აღწერილ სიზმრისეულ მონაკვეთში შეიძლება ასეთი ბიბლიური პარალელები დავინახოთ _ ‘...თქვა უფალმა: ადექი ცხე მას რადგან სწორედ ეს არის ის. აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს...~ [I მეფ. 16, 12-13].

ლეონტი მროველისეული თხრობის მიხედვით, სიზმრის ნახვის შემდეგ ფარნავაზი სანადიროდ მიდის _ ‘...ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო...~ [`ქართლის ცხოვრება~ 1955: 21].

როგორც ცნობილია, ეზოთერიკაში `ნადირობა~ _ მეფობისეულ ატრიბუტიკათა შორის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისებააა.

ბიბლიური სწავლების თანახმად ნადირობასთან კავშირდება არა მარტო წარღვნის შემდგომი ქვეყნიერების პირველი მეფე ნებროთი, არამედ ისრაელიანთა მეფე დავითიც.

ნებროთის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ _ ‘...ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე. ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე [დაბ. 10, 8-9].

დავითთან მიმართებაში კი ვკითხულობთ _ ‘უთხრა დავითმა საულს: მწყემსავდა შენი მორჩილი თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლიჯავდი ხოლმე. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი~ [I მეფ. 17, 34-35].

და აი, ბიბლიაში მითითებულის მსგავსად, ლეონტისეული თხრობიდან კარგად ჩანს, რომ ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი ‘მონადირე ხელოვანია~ _ ‘...ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მჵედარი შემმართებელი და მონადირე ჵელოვანი...~ [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 21].

ზემოთ უკვე განხილული მზის თემატიკის მსგავსად, მონადირეობის თემასთანაც გარკვეული პარალელებია პირველ წარმათ მეფე ფარნავაზსა და პირველ ქრისტიან მეფე მირიანთან მიმართებაში _ ‘... ქრისტიანული რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ‘მიზეზი~, წარმართ მირიან მეფის ცხოვრებაში, სწორედ ნადირობის დროს მომხდარი შეიქმნა.

`და იყო დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით-კერძოდ...~ ...ნადირობად გასულ მეფეს ‘განსაცდელი~ დაატყდა თავს _ ‘... შუა-სამხრისა ოდენ დაბნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი, და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი... და დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული~-ო...

ნადირობად გასული მირიანი, წმ. ნინოს მიერ ნაქადაგებ ღმერთს შესთხოვს შველას _ ‘ესე ყოველი რა წართქუა, განთენა და გამობრწყინდა მზე~ ...ეს ფაქტი, ბოლო წვეთი აღმოჩნდა მირიანისათვის _ ქრისტიანობას ზიარებული მირიანი, სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებს მას...~ [მ. სალუაშვილი 2008: 4].

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფარნავაზის მიერ განძის პოვნის სიუჟეტი. როგორც ცნობილია მითოსში _ ‘განძიც~, სამეფო ატრიბუტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, განძის პოვნა, ერთ-ერთი წინაპირობათაგანია ამა თუ იმ გმირის სამეფო ტახტზე ასვლისა. შუასაუკუნეებში შექმნილ მსგავს თხზულებებშიც, თითქმის ყველა გმირი ჯერ განძს პოულობს და შემდგომ ხდება მეფე.

ასეთივე სურათია ფარნავაზის შემთხვევაშიც. სიზმრისეული გზით ღვთივკურთხეულობის მიღების შემდეგ, ფარნავაზი განძს პოულობს _ ‘...და შევიდა ქუაბსა მას. და იხილა მუნ-შინა განძი მიუწდომელი, ოქრო და ვერცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვერცხლისა მიუწდომელი...~ [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 22], რომლის საშუალებითაც იგი აყალიბებს ჯარს, დაამარცხებს აზოს და დაიკავებს კიდეც ქართლის სამეფო ტახტს.

როგორც ქართული წყაროებიდან ირკვევა, ფარნავაზი გამეფების შემდეგ იწყებს რეფორმათა გრძელ ციკლს, რომლის საბოლოო მიზანსაც ქვეყნის საბოლოო განმტკიცება-გაძლიერება წარმოადგენს,

პირველი ღონისძიება, რომელიც ფარნავაზს განუხორციელებია, ემსახურებოდა მისი პოზიციების გამყარებას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთაც. ამის ნათელი დასტურია მისი ორი დის _ ოსთა მეფესა და ქუჯი ერისთავზე გათხოვება, და მის მიერ ცოლად დურძუკი ქალის მოყვანა _ ‘...მაშინ ფარნავაზ მისცა დაჲ თჳსი ოვსთა მეფესა ცოლად, და მერმე დაჲ თჳსი მისცა ქუჯის ცოლად. მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი, და სუანეთი, და დაამტკიცა იგი ერისთავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე-გოჯი... და მოიყვანა ცოლი დურძუკელთა, ნათესავი კავკასისი...~ [`ქართლის ცხოვრება~ 1955: 24-25].

ფარნავაზის მიერ განხორციელებულ რეფორმათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია _ ადმინისტრაციულ რეფორმას. წყაროებისეული მონათხრობით ირკვევა, რომ ფარნავაზს ქართლის სამეფო რვა საერისთაოდ დაუყვია. აღნიშნულში აშკარად ჩანს თარგამოსის მიერ გატარებულ ღონისძიებასთან ერთგვარი პარალელი _ ‘... როგორც ცნობილია თარგამოსი _ ჰაოსს, არარატის მიდამოებში, ხოლო ლეკოსსა და კავკასოს ჩრდილოეთ კავკასიაში ასახლებს. დარჩენილი ხუთი შვილის საცხოვრისად სამხრეთ კავკასიის ტერიტორია დადგინდა...

სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრებული თარგამოსის ხუთი ვაჟის _ ქართლოსის, ბარდოსის, მოვაკანის, ჰეროსისა და ეგროსის საცხოვრისის _ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება კი სწორედ _ ფარნავაზის დროს (მის მიერ) ხდება...~ [მ. სალუაშვილი 2008: 22].

ფარნავაზთან მიმართებაში `ქართლის ცხოვრებაში~ ვკითხულობთ _ ‘... ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა...~ [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 25]. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, შეიძლება ითქვას შემდეგი _ ‘...მოაწყო მან სამეფო ‘სპარსთა სამეფოს მსგავსად~, დაჰყო იგი ცალკე ოლქებად _ საერისთაოებად, რომელთა სათავეშიც დააყენა ერისთავები, ხოლო ცენტრალური ოლქის (შიდა ქართლის) მმართველობა სპასპეტს _ მთავარსარდალს მიანდო, გაამაგრა ქალაქი მცხეთა და ქართლის სხვა ქალაქები და ციხეები...~ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1970: 439].

ფარნავაზ მეფის მიერ ჩატარებული ამ რეფორმის შედეგად იკვეთება არა მარტო ცალკე აღებული რვა საერისთაოს, არამედ ზოგადად _ იმდროინდელი ქართლის სამეფოს სავარაუდო საზღვრებიც. კერძოდ _ `... მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვისთაგან და მეფე იქმნა ყოვლისა ქართლისა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მხედარნი ქართლოსიანნი, განაწესა ერისთავი  რვანი და სპასპეტი.

ერთი გაგზავნა მარგჳს ერისთავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღურადმდე ეგრისისა, რიონს ზემოთ. და ამანვე ფარნავაზს აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა.

და გაგზავნა მეორე კახეთით ერისთავად, და მისცა არაგGთან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.

Mმესამე გაგზავნა ხუნანისა ერისთავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფი-ლისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.

მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი.

მეექუსე გაგზავნა ოძრPის ერისთავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.

მეშGდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. და მერვე, ქუჯი, იყო ერისთავი ეგრისისა.

ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე ტასისკარამდე და ფარნავადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა...~ [‘ქართლის ცხოვრება~ 1955: 25].

ფარნავაზის მიერ ჩატარებულ გარდაქმნათა მომდევნო საფეხური, რომელზედაც ლეონტი მროველი ამახვილებს ყურადღებას, შეეხება მის მიერ განხორციელებულ _ რელიგიურ რეფორმას.

როგორც წყაროებიდან გვეუწყება, აზოს მიერ შემოღებული კერპების _ გაცისა და გაიმის გვერდით ფარნავაზი აღმართავს ახალ, მათზე უფრო აღმატებულ კერპ არმაზს _ ‘... და ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთGს. და ქმნა სატფურება  დიდი კერპისა მისთჳს აღმართებულისა...~ [`ქართლის ცხოვრება~ 1955: 25].

და ბოლოს, ფარნავაზის მიერ გატარებულ რეფორმათა შორის, თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია _ ქართული ენისა და დამწერლობის საკითხს.

ქართული ისტორიული ტრადიციით, ქართული ენის სახელმწიფო დონეზე აყვანა და ქართული დამწერლობის შემოღება, სწორედაც, რომ ფარნავაზს მიეწერება _ ‘... და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თGნიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული...~ [`ქართლის ცხოვრება~ 1955: 26].

ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბები-სათვის ფარნავაზის მიერ ქვეყნის _ ფიზიკური, ანუ ადმინისტრაციული რეფორმით დაწყებული ბრძოლა, მის მიერ ქართული ენისათვის უმაღლესი სტატუსის განსაზღვრით, ანუ სულიერი სფეროს საბოლოო განმტკიცებით დასრულდა.

პირველი ქართველი მეფის ფარნავაზის ძალისხმევით სულიერ-ფიზიკურად გაერთიანებულმა ქართულმა სახელმწიფომ იმდროინდელ ‘მსოფლიო რუკაზე~ თავისი კუთვნილი ადგილი მოიპოვა.

 

 

 

  1) `მოქცევაO ქართლისაO~, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ. 2007 წ.; 

2) ალექსიძე ზ., ქ. ს. ე. ტ. 7, თბ. 1984 წ.; 

3) კიკნაძე რ., ქ. ს. ე. ტ. 10, თბ. 1986 წ.;

4) პატარიძე ლ., `მირიანი და მისი მეფობა: იდეოლოგიური ასპექტი~, ხელნაწერი;

5) სალუაშვილი მ., სალუაშვილი ს., `მოქცევაჲ ქართლისაჲს~ რედაქციების პარალელური ტექსტები~, თბ. 2010 წ.;

6) სალუაშვილი მ., სალუაშვილი ს, `როდის და ვის მიერაა დაწერილი `მოქცევაჲ ქართლისაჲ~, თბ. 2010 წ.;

7) სალუაშვილი მ., `ბიბლია და `ქართლის ცხოვრება~, ანუ (გ)ახსნილი საიდუმლო~, ნაწილი 5, თბ. 2008 წ.;

8) სალუაშვილი მ., `ბიბლია და `ქართლის ცხოვრება~, ანუ (გ)ახსნილი საიდუმლო~, ნაწილი 3, თბ. 2008 წ.;

9) სალუაშვილი ს., `გაქრისტიანებამდე, ანუ საქართველოში წარმართული სარწმუნოების ისტორიის ზოგიერთი საკითხი~, თბ. 2009 წ.;

10) `საქართველოს ისტორიის ნარკვევები~, ტ. 1, თბ. 1970 წ.;

11) `ქართლის ცხოვრება~, ტ. 1 რედ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ.;

12) ქ. ს. ე. ტ. 1, თბ. 1975 წ.;

13) ქ. ს. ე. ტ. 9, თბ. 1985 წ.

საბა

სალუაშვილი