Print

№ 25 განმარტებითი ბარათი [ჩრდილო ქართლი (ცხინვალის რეგიონი)]

დანართი

საქართველოს კანონი

„ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს

სახელის მინიჭების შესახებ“

განმარტებითი ბარათი  

 

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებულ გეოგრაფიულ სახელდებებში, ამა თუ იმ ქვეყნის დამპყრობლური პოლიტიკის შედეგად, სხვადასხვა ე.წ. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შემოტანის კვალობაზე, არაერთი ცვლილება განხორციელებულა.

კოლონიური უღლის გადაგდების შემდეგ, ჩვენი წინაპრების არაერთი თაობა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, კვლავ ახერხებდა თავსმოხვეული ცვლილებების გამოსწორებას.

საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის ვალდებულებაა, თავისი წვლილი შეიტანოს - რუსეთის იმპერიაში იძულებითი ყოფნის გამო, საქართველოს ისტორიული კუთხეებისათვის, მიუღებელი და უცხო ტოპონიმიკის მაგივრად, თავისი ნამდვილი შინაარსის მატარებელი სახელდების დაბრუნება-დამკვიდრებაში.

 

თავი პირველი:

ისტორიული ნაწილი

1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პარალელურად, აქტიური მუშაობა გასწია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში [რაიონების, ქალაქების, დაბებისა თუ სოფლებისათვის] ხელოვნურად თავსმოხვეულ გეოგრაფიულ სახელდებათა გამოცვლის მიმართულებით.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით შექმნილმა „სამხრეთ ოსეთის ოლქის სტატუსის შემსწავლელმა კომისიამ“ [თავმჯდომარე ე. შენგელაია, მოადგილეები: ლ. ალექსიძე, გ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი], 1991 წ. დასაწყისში წარმოადგინა დასკვნა „ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთობის ისტორიიდან“ [საზ. „ცოდნა“, თბ. 1991 წ.].

აღნიშნულის გარდა, წინამდებარე „განმარტებით ბარათში“ ისტორიული ნაწილის აღწერისათვის, ვიხელმძღვანელებთ კრებულიდან - „1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის“ [მ. სალუაშვილი, თბ. 2012 წ.].

ჩვენ ვიზიარებთ, სამეცნიერო წრეებში არც თუ უსაფუძვლოდ დამკვიდრებულ შეხედულებას, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები - „ოვსები“ და „დვალები“, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიაში მყოფი - აფხაზები, აჭარლები, გურულები, თუშები, იმერლები, ინგილოები, კახელები, ლაზები, ლეჩხუმლები, მეგრელები, მესხები, მთიულები, მოხევეები, რაჭველები, სვანები, ფშაველები, ქართლელები, ჭანები, ხევსურები, ჯავახები და სხვანი, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები არიან [იხ. მაგ. „ბაგრატიონთა „ორი“ შტო, ანუ თამარი და დავითი“, მ. სალუაშვილი, თბ. 2008 წ.].

სხვადასხვა ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით უნდა ითქვას, რომ I-IX საუკუნეთა მანძილზე საუბარი შეიძლება, მხოლოდ - ქართველთა და ალანთა ურთიერთობაზე.

ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ მთისძირა ველის ტერიტორიაზე დამკვიდრებული ალანები, მოძალებული მტრული სახელმწიფოს შევიწროებისა გამო, ჩრდილოეთ კავკასიის მაღალმთიანეთისაკენ ეძებდნენ თავშესაფარს. ალანთა ტომები, თავის მხრივ ავიწროვებდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელ, ჯერ - ოვსებს, ხოლო შემდგომად „ორივენი ერთად“ [უკვე „ალან-ოსები“] - დვალებს.

„ოვსეთი“ და „დვალეთი“ რომ უძველესი დროიდანვე შედიოდა „ქართლის სამეფოში“, ეს კარგად ჩანს „მოქცევაი ქართლისაის“  და „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ცნობებიდან, რომელთა მიხედვითაც: „კარნი ოვსეთისნი“ და „ორნი კარნი დვალეთისა“ ქართლის სამეფოს ტერიტორიაა.

დღევანდელ სინამდვილეში მცხოვრები „ოსი ხალხის“ ეთნოგენეზისი, სავარაუდოდ,  X-XII საუკუნისათვის დასრულდა. მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა ორი მთავარი კომპონენტი:

- ადგილობრივი „კავკასურენოვანი“, ანუ ქართველური ეთნიკური მასივი, რომელიც ანთროპოლოგიურად მიეკუთვნება: ფართოსახიან, ბრტყელთავიან „კავკასიურ ტიპს“, და

- მოსული ირანულენოვანი ვიწროსახიანი, გრძელთავიანი ალანები.

ჯერ: „ალან-ოვსების“, ხოლო მოგვიანებით - „ოსების“ ეროვნულ სახებაში, საბოლოოდ „გაიმარჯვა“ - მოსულთა [აქ - ალანთა] ენამ, და დამხვდურთა [იბერიულ-კავკასიურმა] ფიზიკურმა ტიპმა.

რუსეთი იმპერიის მიერ ქართული სახელმწიფოს დაპყრობის კვალობაზე დამკვიდრებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთად“ წოდებული ტერიტორია, ნარატიულ წყაროთა, არქეოლოგიური ფაქტებისა და სხვა ისტორიული მასალის მიხედვით - ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში:  ეთნო-კულტურულად მხოლოდ ქართულია, და მასში არ შეიმჩნევა უცხო ელემენტების არსებობა.

მონღოლური და თურქმენული მოდგმის დამპყრობლების მიერ შევიწროებული, ჩრდილო კავკასიის ველებზე მცხოვრები, ე.წ. „ალან-ოვსების“, ანუ „ოსური“ ახალშენების შექმნა შიდა ქართლში [რომელიც ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიათა ნაწილს მოიცავდა] გვიანშუასაუკუნეებში მიმდინარეობდა.

უტყუარი ცნობა გვიანშუასაუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა კომპაქტური დასახლების შესახებ, განეკუთვნება მე-17 საუკუნის დამდეგს. საქართველოში ნამყოფი რუსი ელჩის ნ. ი. ტატიშჩევის [1604-1615 წ,.წ.] გადმოცემით ზახა [დვალეთი] და მაღრან-დვალეთი [დიდი ლიახვის სათავე] უკვე დასახლებული იყო ოსთა მიერ.

„ერთი ნასყიდობის სიგელის“ მიხედვით, რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარშია შედგენილი (1621-1650 წლებში), ოსები ზემო ჯავაშიც არ სახლობენ“ [ა. თოთაძე, „ოსები საქართველოში“, თბ. 2008].

მე-18 საუკუნის 70-იან წლებში მდგომარეობა რამდენადმე შეცვლილია. 1770 წლის დემოგრაფიული აღწერის მიხედვით ყოფილ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე - 2860 კომლი ოსი ცხოვრობდა. აქედან - 200 კომლი ქსნის საერისთავოში, 860 კომლი - სამაჩაბლოში. თვით ცხინვალში, მხოლოდ „ქართველები, სომეხნი და ურიანი“ ცხოვრობენ.

1802 წელს ახალგორში ცხოვრობენ ქართველები და სომხები; ჯავაში [ხევის-ჯავანი] - მხოლოდ ქართველები; ცხინვალში კი - ქართველები, სომხები და ებრაელები. მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან ოსებმა ინტენსიურად დაიწყეს ბარის სოფლებში ჩამოსახლება.

 

თავი მეორე:

1843 -1917 წლებში განხორციელებული ცვლილებები

1842 წელს ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობის შესამოწმებლად ჩამოსულმა რუსეთის იმპერიის სამხედრო მინისტრმა - ჩერნიშოვმა, მდგომარეობაში „გარკვევის“ შემდეგ, შესაბამისი დირექტივები მისცა ამიერკავკასიის მთავარმართებელს.

ამ მითითებათა საფუძველზე კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მცხოვრებ მთიელთაგან, რომლებიც ადრე - თბილისის გუბერნიაში შემავალ: გორის, თბილისისა და თელავის მაზრებში შედიოდნენ, შეიქმნა ახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები: თუშ-ფშავ-ხევსურეთისა და ოსეთის ოკრუგების სახით.

საქართველოს ტერიტორიაზე, „ოსეთთან“ დაკავშირებული პირველი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის - „ოსეთის ოკრუგის“ ოფიციალური გახსნა - 1843 წელს მოხდა. იგი სამი - ჯავის, პატარა ლიახვისა და ნარის [ხევი - ისტორიულ დვალეთში] უბნისაგან შედგებოდა. ამ ოკრუგის უფროსის რეზიდენცია იყო სოფელ ჯავაში.

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული 1859 წელს - ალ. ბარიატინსკის მეფისნაცვლობის [1856 – 1862 წ.წ.] დროს.

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ათასწლეულთა განმავლობაში საქართველოს განუყოფელი ისტორიული პროვინციის, ქართლ-კახეთის სამეფოში შემავალი - დვალეთის აღმოსავლეთი (უმეტესი) ნაწილი (გარდა მამისონის ხეობისა) შედიოდა - ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში (1859 წლამდე). დასავლეთი ნაწილი (მამისონის ხეობა) შედიოდა რაჭის საერისთავოთა მმართველობაში (შემდგომ – ქუთაისის გუბერნიის ონის მაზრაში).

ალ. ბარიატინსკის აზრით, სოფ. ჯავადან სათანადოდ ვერ ხდებოდა კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ნარის, ანუ ისტორიული დვალეთის გაკონტროლება.

იმის გამო, რომ ნარის უბანი ახლოს მდებარეობდა ვლადიკავკაზთან და წელიწადის ნებისმიერ დროს თავისუფლად უკავშირდებოდა მას, ალ. ბარიატინსკიმ ნარის უბანი ჩამოაცილა თბილისის გუბერნიას, და თერგის ოლქის შემადგენლობაში შეიყვანა.

ამდენად, 1859 წლიდან - ჩვენი ქვეყნის ისტორიული პროვინცია: დვალეთი (ნარა-მამისონის ქვაბული), რომელიც მნიშვნელოვანი მხარე იყო და კეტავდა ოსეთიდან საქართველოსკენ მომავალ გზას, ადმინისტრაციულად ჩამოშორდა საქართველოს. [ამჟამად ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას (ჩრდილო ოსეთი რესპუბლიკა, ალაგირის რაიონი)].

„ოსეთის ოკრუგის“ ძირითადი ნაწილი - ჯავისა და პატარა ლიახვის საპოლიციო უბნები, თბილისის გუბერნიაში შემავალ გორის მაზრის შემადგენლობაში დატოვეს.

 

 

თავი მესამე:

1917 -1990 წლებში განვითარებული მოვლენების

მოკლე ქრონოლოგია

რუსეთის იმპერიაში მომხდარი 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების შემდეგ, საქართველოს ჩრდილოეთ რაიონებში ოსებით დასახლებულ ტერიტორიაზე მომქმედი ძალების მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღების მოკლე ისტორია ასეთია:

- 1917 წელს ჩატარდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის სახალხო ყრილობა“ და შეიქმნა „ეროვნული საბჭო“;

- 1917 წ. 15-17 დეკემბერს ქ. ცხინვალში გაიმართა სამხრეთ ოსეთის დელეგატთა მეორე ყრილობა. ახლად შექმნილმა „სამხრეთ ოსეთის ეროვნულმა საბჭომ“ 1918 წ. 4 იანვარს, ოფიციალურად აცნობა „საქართველოს ეროვნულ საბჭოს“ - მუშაობას შევუდექით და ამიერიდან ყველა საკითხზე, რომელიც ოს ხალხს ეხება ჩვენ მოგვმართეთო;

- 1918 წლის 2-4 მარტს ცხინვალში გაიმართა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს პირველი სესია, რომელმაც იმთავითვე აუცილებლად მიიჩნია ე.წ. „სამხრეთ ოსეთისთვის“ ცალკე სამაზრო საკითხის გადაჭრა;

- 1918 წ. 16-22 მარტს, ბოლშევიკურად განწყობილი ძალების მიერ წამოწყებული აჯანყება ქართულმა სახალხო გვარდიამ ჩაახშო;

- 1919 წელსაც არ ყოფილა სიმშვიდე. შიდა ქართლში მომქმედი, 1918 წლის დეკემბერში არჩეული ე.წ.  „სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო“, რომელიც იმ დროს ბოლშევიკური იყო, არ ცნობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, უგულვებელყოფდა მის კანონებს და მოქმედებდა როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთში;

- 1919 წლის ივნის-ივლისში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ეროვნულმა საბჭომ“  საქართველოს მთავრობას წარუდგინა „სამხრეთ ოსეთის კანონის კონსტიტუციის პროექტი“. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის თვითმმართველობის პროექტის“ მიხედვით - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ერთეული მოიცავდა: გორის, დუშეთის, რაჭისა და შორაპნის მაზრათა იმ ნაწილებს, რომლებიც ოსებით იყო დასახლებული. ადმინისტრაციულ ცენტრად კი ცხინვალი იყო მიჩნეული.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ არ მოიწონა ეს პროექტი. მან თვითონ შეიმუშავა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული მოწყობის პროექტი, რომელიც გულისხმობდა: „ჯავის მაზრის“ შექმნას.

ოქტომბრის რევოლუციის მეორე წლისთავისათვის ბოლშევიკები მთელ საქართველოში ამზადებდნენ აჯანყებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ.

1919 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, აჯანყების დაწყებამდე დააპატიმრა ბოლშევიკთა სამხედრო-რევოლუციური შტაბისა და საგარნიზონო საბჭოს წევრები, რამაც რკპ(ბ) კავკასიის ბიურო აიძულა გადაედო აჯანყება.

სათანადოდ არაინფორმირებულობის გამო 1919 წლის 23 ოქტომბერს, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“, კერძოდ როკის რაიონში აჯანყება დაიწყო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ შედარებით ადვილად ჩაახშო;

- სიტუაცია გამწვავდა ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების შემდეგ. კერძოდ, აჯანყებულების მიერ, 1920 წლის 8 მაისს როკის რაიონში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა;

- რუსეთის სფს რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელსეკრულების ძალით რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ამავე ხელსეკრულებით ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად არის აღიარებული;

- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გ. გეგეჭკორმა, რსფსრ საგარეო საქმეთა კომისრის გ. ჩიჩერინის ნოტაში გამოთქმულ შეშფოთებას: საქართველოს განზრახვაზე - იარაღის ძალით ჩაახშოს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საბჭოთა რესპუბლიკის დამყარების მიზნით დაწყებული აჯანყება, 1920 წლის 20 მაისის წერილში ასე უპასუხა: „საქართველოს საზღვრებში არის არა „სამხრეთ ოსეთი“, არამედ საქართველოში მყოფი ოსური დასახლებები...“-ო;

- 1920 წლის მაის-ივლისში ბოლშევიკების მიერ როკის მიდამოებში დაწყებული აჯანყების ჩახშობის ფონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე ბოლშევიკების დაპატიმრებებით შეშფოთებული  საბჭოთა რუსეთი, იძულებული შეიქნა თავად მიეღო გადაწყვეტილება, მისივე ხელშეწყობით მიმდინარე აჯანყების შეჩერების თაობაზე. კერძოდ, 1920 წლის 7 ივლისს რკპ(ბ) ცეკამ დაამტკიცა ინსტრუქცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის 1920 წლის აჯანყების შეწყვეტის შესახებ. 1920 წლის 19 ივლისს გ. ჩიჩერინი სერგო ორჯონიკიძეს დირექტივას უგზავნის: „საჭიროა ოსეთის აჯანყების უმტკივნეულოდ ლიკვიდაცია...“. აჯანყებულებმა დატოვეს საქართველოს ტერიტორია და რუსეთის ფედერაციას შეაფარეს თავი;

- 1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა საქართველოს გასაბჭოება ხდებოდა, ჩრდილოეთ კავკასიაში გადასული ოსთა შეიარაღებული რაზმები, წითელი არმიის ნაწილებთან ერთად, დაბრუნდნენ საქართველოში. მათ შორის არსებული დაპირისპირების გამო, ცხინვალში არსებობდა ორი რევკომი: სამხრეთ ოსეთისა და ცხინვალისა;

- 1921 წლის 6-8 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტისა და პარტიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს „სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევისა და პოლიტიკური მოწყობის საკითხი“; და დაადგინეს: საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილიყო - „სამხრეთ ოსეთის სოციალისტური რესპუბლიკა“, დედაქალაქით - ცხინვალი. დაამტკიცეს: „სამხრეთ ოსეთის სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი“ და „სამხრეთ ოსეთის სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრების პროექტი“.  

და ეს იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ჯერ კიდევ არ არსებობდა ოსეთის: არც ავტონომიური რესპუბლიკა და არც ცალკე ოლქი [ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა - 1924 წ. 7 ივლისს; რომელსაც - 1936 წელს  ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიეცა];

- 1922 წლის 30 აპრილს, ქ. ცხინვალისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის სოციალისტური რესპუბლიკის“ ტერიტორიად მოაზრებულ საზღვრებში მოქცეული ქართული მოსახლეობის მძაფრი პროტესტის მხოლოდ ნაწილობრივად დაკმაყოფილების ფონზე, საკითხის რამოდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს სსრ ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა და სახალხო კომისართა საბჭომ, მიიღეს დეკრეტი საქართველოს სსრ შემადგენლობაში „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ შექმნის თაობაზე. ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად მიჩნეულ იქნა ქ. ცხინვალი;

- 1925 წლის იანვარში ჩრდილო ოსეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე დაისვა სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილო ოსეთის გაერთიანების საკითხი;

- 1925 წლის 27-31 მარტს გამართულ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების მე-5 ყრილობაზე, განიხილეს სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქების გაერთიანების საკითხი საქართველოს სსრ ფარგლებში. საბედნიეროდ, მიზეზთა გამო, ამ გაერთიანების, უფრო სწორად - ქართული მიწა-წყლის მიტაცების მცდელობას, შედეგი არ მოჰყოლია;

- 1922 წლის აპრილში, საქართველოს ტერიტორიაზე „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ შექმნის თაობაზე, ყოველგვარი ისტორიული და რეალური იურიდიული საფუძვლის გარეშე გადაწყვეტილების მიღება მოხდა ქართველი ხალხის სუვერენული უფლებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის ფონზე; რაც იყო შედეგი საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ძალების [რუსეთის კპ(ბ) კავკასიის ბიუროს] მოქმედებისა, რომელიც თავის ნებას ახვევდა საქართველოს კომპარტიას;

- 1989 წლის 19 ნოემბერს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ, როგორც ანტიკონსტიტუციური აქტი, ბათილად ცნო „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მიერ 1989 წლის ნოემბრის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება: ოლქის, ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ.

- 1990 წლის 9 მარტს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება - საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

„საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო

 ადასტურებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს...

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად:

- 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის;

-  1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ.

დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის შესახებ, ვინაიდან 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შექმნის შესახებ საქართველოს მიმართ არაკანონიერია“;

- 1990 წლის 20 ივნისს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებაში: „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტირების შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“ ვკითხულობთ:

„1. დადგენილებას, მეათე აბზაცის შემდეგ, დაემატოს შემდეგი აბზაცი:

„აღნიშნავს რა, რომ ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდგომ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები... არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ, თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს:

უკანონოდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით (ე.წ. საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 და 26 თებერვალს, 24 მარტის გადაწყვეტილებანი და სხვა)“.

2. დადგენილებას ბოლოში დაემატოს შემდეგი ტექსტი:

„დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს სსრ და რუსეთის სფსრ შორის პრინციპულად ახალი, სუვერენული სახელმწიფოებისათვის შესაფერისი ურთიერთობების დამყარების მიზნით, რასაც საფუძვლად უნდა დაედოს 1921 წლის თებერვალ-მარტში რსფს რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის აღიარება და მისი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების სათანადო შეფასება რსფსრ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ...“.

ამდენად, 1921 წელს განხორციელებული კომუნისტური აგრესიის გზით ხელისუფლებაში მოსულთა სამართალმემკვიდრის - საქართველოს  სსრ უზენაესი საბჭოს მიერ, მიღებული იქნა, მსოფლიო პრაქტიკაში თითქმის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც, საქართველოში დამყარებული 70 წლიანი მმართველობა და ამ დროს მიღებული - „...ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით“, გამოცხადდა - უკანონოდ და ბათილად.

ბუნებრივია, რომ ეს შეეხო ყველა იმ სამართლებრივ აქტსაც, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. „სამხრეთ ოსეთად“ მოაზრებულ რაიმე სახის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა.

 

 

თავი მეოთხე:

1990 – 1991  წლებში მიმდინარე პროცესები

1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული ეროვნული ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:

1990 წლის 22 ნოემბერს მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება  სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელით სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ“, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეინიშნება სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ამის დამადასტურებელია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტათა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის დადგენილება, ოლქის .. – „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესიის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მიუხედავად ამისა . . 16 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია, რომელმაც დაადასტურა თავისი წინა გადაწყვეტილება, აირჩია . . „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულებასამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის . . „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ. აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბერის დადგენილებას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად“.

მიუხედავად აღნიშნულისა, კრემლის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით გადადგმული იძულებითი ნაბიჯი და მიღებულ იქნა:

საქართველოს რესპუბლიკის კანონი -  სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შეახებ“ და დადგენილება . ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესაებ(1990 . 11 დეკემბერი);

ხოლო მოგვიანებით მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება - კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ“ (1990 წლის 28 დეკემბერი).

ქ. ცხინვალის რეგიონში, არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით, 1991 წლის 23 მარტს, საქართველოს ტერიტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც კერძოდ აღინიშნა:

„1) 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონებში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად, მხარეები მორიგდნენ:

2) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთობლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირებების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4) სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5) რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასრ მინისტრთა საბჭომ დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ. უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6) საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოჰყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7) შექმნილი კომისიებისა და რაზმების ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8) შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს“ (დაბა ყაზბეგი, 1991 . 23 მარტი).

აღნიშნულ რეგიონში შექმნილ მძიმე მდგომარეობის დარეგულირებას ისახავდა მიზნად საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცემული ბრძანებულება შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„...საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ქვეყნის უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121- მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:

ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ანტიკონსტიტუციური ანტისახელმწიფოებრივი ორგანოს . . სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებები.

- დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე შიდა ქართლში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების საქართველოს რესპუბლიკის ტერირტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ“ (1991 წლის 2 დეკემბერი).

 

თავი მეხუთე:

1992 – 2012  წლებში მიმდინარე პროცესები

- 1991-1992 წლების გასაყარზე, ქვეყნის გარე და შიდა კრიმინალური ძალების ერთობლივი ქმედებით, საქართველოში განხორციელებული ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შედეგად, 1992 წ. 2 იანვარს ჩამოყალიბებული „სამხედრო საბჭოსა“ და ე.წ. „დროებითი მთავრობის“ სამართალმემკვიდრის, 1992 წ. 10 მარტს შექმნილი ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ დასტურით, 1992 წლის 24 ივნისს სოჭში, დაგომისში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა სოჭის შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ“.  

ეს ხელშეკრულება მიღწეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის დაგომისში სამუშაო შეხვედრის შედეგად.

[დაგომისის შეთანხმება ძალაში შევიდა ხელმოწერის მომენტიდან. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იმავე წლის 1 სექტემბერს საქართველომ შეწყვიტა დაგომისის შეთანხმების მოქმედება].

- 1992 წლის 14 ივლისს დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის . . „სამშვიდობო ძალები“ შევიდნენ, რომელთა ოფიციალური სახელწოდება იყო - მშვიდობის უზრუნველყოფის შერეული სამშვიდობო ძალები“. აღნიშნული სამხედრო ძალა სამი - რუსული, ქართული და ჩრდილო ოსური ბატალიონისგან შედგებოდა;

-  მ. სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის . . „სამშვიდობო ძალების“ განთავსების პირობებში, 2008 წლის 7-12 აგვისტოს, რუსულ-ოსური ძალების მიერ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში ქართული შეიარაღებული ძალების გაუაზრებელ და დანაშაულებრივ ჩართვას, ჩვენი ქვეყნისათვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვა:

2008 წ. 12 აგვისტოს, ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის ნ. სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომელსაც - საქართველომ [მ. სააკაშვილი სახით] თბილისში 15 აგვისტოს, ხოლო - რუსეთმა [დ. მედვედევის სახით] მოსკოვში - 16 აგვისტოს მოაწერა ხელი; მიუხედავად ამისა

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ ე.წ. „სამხრეთ ოსეთისა“ და „აფხაზეთის“ დამოუკიდებლობა ცნო.

ძირძველ ქართულ მიწაზე განხორციელებული მორიგი ეთნიკური წმენდის ფონზე, 2008 წ. 23 ოქტომბერს ძალაში შევიდა 2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

 

თავი მეექვსე:

ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად გადასადგმელი ნაბიჯი

ძველი მსოფლიოს გამოჩენილი ისტორიკოსი და გეოგრაფი ბერძენი სტრაბონი (ძვ.. 46-ახ.. 23;), თავის ნაშრომში „გეოგრაფია“, იბერიის, ანუ „ქართლის სამეფოს“ ჩრდილოეთი საზღვარის შესახებ აღნიშნავს - „ეს მთა [აქ - კავკასიონი] საზღვრავს სამხრეთისაკენ ალბანიას და იბერიას, ხოლო ჩრდილოეთისაკენ სარმატთა დაბლობებს“-ო.

[სარმატები არის - ირანულენოვანი მომთაბარე-მესაქონლე ტომების (ძვ. წ. IV - ახ. წ. IV ს.ს.) საერთო დასახელება. სახლობდნენ სტეპეპში სამხრეთ ურალისა და დასავლეთ ყაზახეთიდან დუნაიმდე. ანტიკური ხანის ავტორები გამოყოფდნენ სარმატთა სხვადასხვა ჯგუფებს, თავიანთი სახელწოდებებით - ალანები, აორსები, იაზიგები, როქსოლანები, სირაკები,რომლებიც სხვადასხვა დროს ლიდერობდნენ მომთაბარე სამყაროში].

მე-10 საუკუნის ქართველი მწერლის გიორგი მერჩულეს აზრით, „ქართლი" მხოლოდ ეთნოგრაფიული ერთეული როდია - „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების"-ო.

ძველქართული წყაროების მიხედვით („ქართლის ცხოვრება” და „მოქცევაი ქართლისაი”), ფარნავაზიდან ვახტანგ გორგასლამდე „ქართლის სამეფო“ მოიცავდა დასავლეთ საქართველოსაც და მისი საზღვარი მდ.  ეგრისწყალზე [სავარაუდოდ ეს უნდა იყოს მდინარე ენგური, მდინარე ოხოჯა ან კიდევ მდინარე ღალიძგა.] გადიოდა (შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით უფრო განივრცო) - „ხუნანთაგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა“ („ქართლის ცხოვრება”).

საქართველოს მთავარი მდინარის - მტკვრის დინებამ განსაზღვრა ისტორიული ქართლის დაყოფა: ზემო, შიდა და ქვემო ქართლად.

- XVI საუკუნემდე - „ზემო ქართლი“ ეწოდებოდა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს - მტკვრის ზემო წელს: ტაშისკარიდან მდინარე მტკვრის სათავემდე [სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი, არტაანი და კოლა] და ჭოროხის აუზის ზემო წელს [კლარჯეთი, შავშეთი, ტაო და სპერი].

ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, „ზემო ქართლი“ ქართველთა ლეგენდარული მამამთავრის ქართლოსის უფროსი ძის მცხეთოსის შვილების ოძრხოსის და ჯავახოსის წილხდომილი მხარეა. იგი მესხების და ჯავახების თავდაპირველი განსახლების ტერიტორიაა.

XV საუკუნის II ნახევარში ჯაყელების საგვარეულოს მეთაურობით „ზემო ქართლი“ დამოუკიდებელ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო) ჩამოყალიბდა, რომლის ცენტრიც ახალციხე იყო;

- საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე: ქვემო ქართლი, შემოსაზღვრული იყო - თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები იხსენიებიან სხვადასხვა სახელებით (თრიალეთი, გაჩიანი, გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა;

- განსახილველი საკითხიდან გამომდინარე, ოსებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, საქართველოს მხარეთა შორის ძირითად ყურადღებას სწორედ შიდა ქართლი იქცევს.

XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით ქართლოსის უფროსი ვაჟის უფლოსის სამკვიდრებელი - შიდა ქართლი, მოიცავდა ტერიტორიას: „ტფილისითგან და არაგვითგან, ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე... უწოდა ამას ქუეყანასა ზენასოფლისაი, რომელსა აწ ჰქვიან შიდა ქართლი“ („ქართლის ცხოვრება”).

ვახუშტი ბატონიშვილი, როდესაც ქართლოსის [ქართლის ეპონიმის] წილხვდომილი ქვეყნის საზღვრებს აღწერს, მიუთითებს, რომ ქართლის ჩრდილო საზღვარი კავკასიონის ქედია.

გარდა ამისა, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოცემული სადროშოების აღწერიდან ჩანს, რომ იგი, ამ „ქვეყანას“ მთლიანად აქცევდა: არაგვის, ლეხურის, მეჯუდის, დიდი და პატარა ლიახვების, ფრონეების, ტანას, თეძამის და ნაწილობრივ თერგის [ხევი} ხეობებს, რომლებიც კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარეობდნენ.

ისტორიულად „შიდა ქართლის“ მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს - „გაღმამხარს“ უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები - ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი.

„გაღმამხარი“, ისტორიული წყაროების მიხედვით, ზოგჯერ არ შედიოდა „შიდა ქართლში“, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის „შიდა ქართლში“ იგულისხმებოდა.

ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში „შიდა ქართლის“ ტერიტორია „ქართლის საერისთავოში“ შედიოდა. მონღოლური ტომების შემოსევის შედეგად, მე-13 საუკუნის პირველი ნახევარიდან მოყოლებული მთელი „შიდა ქართლის“ მომცველი „ქართლის საერისთავოს“ დაშლის შედეგად, წარმოიშვა შემდეგი სათავადოები: ქსნის საერისთავო [მე-13 ს.], არაგვის საერისთავო [მე-14 ს.], საციციანო [მე-14 ს. მიწურული], საამილახვრო [მე-15 ს.], სამაჩაბლო [მე-15 ს.], საამირეჯიბო [მე-15 ს.], საჯავახო [მე-15 ს.], სამუხრანბატონო [მე-16 ს.]. გარდა ამისა, მე-18 საუკუნის „შიდა ქართლში“ ჩანს მთელი რიგი წვრილი სათავადოებისა.

XVI საუკუნიდან „ქართლის სამეფო“ დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად - სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა უშუალოდ „შიდა ქართლის“ ტერიტორიაზე.

XVII-XVIII საუკუნეებში „შიდა ქართლის“ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს „ზემო ქართლი“ ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული „ზემო ქართლი“ დიდი ხნით ჩამოშორდა „ქართლის სამეფოს“, და სახელწოდება - „ზემო ქართლი“ გადავიდა „შიდა ქართლის“ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული „შიდა ქართლის“ ტერიტორიის დიდი ნაწილი „შიდა ქართლის მხარეში“ შედის; მცირე ნაწილი - „მცხეთა-მთიანეთისა“ (მცხეთა, ახალგორი) და „სამცხე-ჯავახეთის“ მხარეებში (ბორჯომი).   

რაც შეეხება ისტორიული „შიდა ქართლის“ ჩრდილოეთ ნაწილს, იგი - „დუშეთის მუნიციპალიტეტისა“ და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ, ყოფილ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებზეა გადანაწილებული.

 

ყოველივე ზემოთქმულზე დაყრდნობით, ანუ

საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების

ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე,

ს/გ „უფლის სახელით...“

უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ შემდეგი:

1. ვადასტურებთ რა, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს და არსებობს კიდეც სხვა ეთნოსით, ამ შემთხვევაში - ოსებით დასახლებული ტერიტორია და არა რომელიმე ეთნოსის სახელის რაიმე ფორმით მატარებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, კერძოდ - „ოსეთი“; აგრეთვე

2. ვადასტურებთ რა, რომ  საჭიროა ანგარიში გაეწიოს დღევანდელობით შექმნილ რეალობას, რომლის თანახმადაც ქართული სახელმწიფო ვალდებული ხდება ყველა პირობა შექმნას ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის“ საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისათვის; აგრეთვე

3. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპიდან გამომდინარე, ისტორიული „შიდა ქართლის“ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილთან მიმართებაში ყოველგვარ ადამიანურ ლოგიკას მოკლებულია ტერმინ „სამხრეთი“-ს ნებისმიერი ფორმით გამოყენება, აუცილებლად მიგვაჩნია გასწორდეს, უცხო ქვეყნის მიერ თავსმოხვეული, საქართველოს ძირძველი ტერიტორიის გეოგრაფიულ სახელწოდებაში შეტანილი დამახინჯება;

შესაბამისად:

ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით ვთავაზობთ ქვეყნის სათავეში მყოფ მმართველ ძალას, რათა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის წარმოებული ბრძოლის ამ ეტაპზე, კონფლიქტურ ტერიტორიაზე ავტონომიური ერთეულის შენარჩუნებისა და ქართული სინამდვილისათვის მისაღები გეოგრაფიული სახელდების დამკვიდრების მიზნით, მიღებულ იქნეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ისტორიული „შიდა ქართლის“ ჩრდილოეთ ნაწილს, ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, ეწოდოს - „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“.

ყოველივე ზემოთქმულის ქართული სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში დამკვიდრებისათვის აუცილებელია, შემოთავაზებული კანონპროექტის: საქართველოს კანონი „ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“, ფარგლებში შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს დღეისათვის მომქმედ შემდეგ სამართლებრივ აქტებში:

1. „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში [№4625-I, 13 აპრილი 2007 წ.];

2. „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებაში;

3. „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულებაში;

4. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში [N 431 – IIს, 23 ოქტომბერი, 2008 წ.].


კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს კანონი ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“, ავტორი:  

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].       

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში