Print

№ 27 - განმარტებითი ბარათი [არჩევნების ჩატარებულად ცნობის ზღვართან დაკავშირებით]

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი...“

 [კონსტიტუცია, მუხლი 5,1]

 

თავი პირველი - წინათქმა

საკითხის არსში გარკვევისათვის საჭიროდ მიგვაჩნია რამოდენიმე ფაქტის გახსენება. კერძოდ:

2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდებოდა - რეფერენდუმი, რომლის მიხედვით მოსახლეობა წყვეტდა, შემცირებულიყო თუ არა საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, თავიდანვე კანონდარღვევით იქნა მიღებული, რამეთუ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის [1996 წ. 15 მაისი, №220 - II ს. პარლამენტის უწყებანი, №14, 12. 06. 96, გვ. 10] თანახმად - „რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“ [მუხლი 1,3].

ბუნებრივია, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების შეუძლებლობის გამო, 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი კანონით განსაზღვრულ ლეგიტიმაციას იყო მოკლებული.

1991-1992 წლების გასაყარზე, გარე და შიდა სამხედრო და კრიმინალური ძალების დანაშაულებრივი კავშირის შედეგად მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებიდან მოყოლებული, კერძოდ - 1992 წ. 11 ოქტომბრის, 1995 წ. 5 ნოემბრის, 1999 წ. 31 ოქტომბრისა და 2000 წ. 9 აპრილს ჩატარებული არჩევნების მსგავსად, 2003 წ. 2 ნოემბერს, ასევე ტოტალური გაყალბებით ჩატარებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

და აი, ამ პირობებში, 2003 წლის 23 ნოემბერს, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მომწყობი პოლიტიკური ძალების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულმა „საქართველოს უზენაესმა სასამართლომ“, ნსოფლიო არჩევნების ისტორიაში უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასიური გაყალბების აღიარების ფონზე:

1. გააუქმა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები, და

2. ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნებისა და ე.წ. რეფერენდუმის შედეგები.

მომავალ არჩევნებამდე, რომელიც 2004 წ. 28 მარტს ჩატარდა, ე.წ. „ერთობლივ რეჟიმში“, მუშაობა განაგრძო - 1999 წლის 31 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტისა და 2003 წ. 2 ნოემბრის არჩევნებზე მაჟორიტარული წესით არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულმა დეპუტატთა კორპუსმა.

მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში ასეთი უპრეცენდენტო გზით შეკოწიწებულმა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, 2004 წ. 6 თებერვალს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალება“ განახორციელა.

ედ. შევარდნაძის ხელდასმით არჩეული 1999 წლის 31 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო ძალებისა და მ. სააკაშვილის მხარდამჭერი 2003 წლის 2 ნოემბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით განხორციელებულმა ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმამ, მოშალა რა 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით დადგენილი სახელისუფლო შტოთა შორის არსებული წონასწორობა, სამართლებრივი საფუძველი შეუმზადა მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალის ცხრაწლიან დანაშაულებრივ საქმიანობას.

 

თავი მეორე - კანონპროექტის არსის საკითხისათვის

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება, 2004 წ. 6 თებერვალს მომხდარი ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალებით“ დამკვიდრებული ერთ-ერთი წესის შეცვლას ისახავს მიზნად.

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“ [მუხლი 6,1]. 

და აი, სახელმწიფოს ეს უზენაესი კანონი, მე-5 მუხლში, ნათლად განსაზღვრავს, რომ:

„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.

თავის მხრივ, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო - ხალხი, თავის პოლიტიკურ ნებას, არჩევნების მეშვეობით გამოხატავს. საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მიხედვით არჩევნები არის - საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა[მუხლი 2 - ].

დღეისათვის საქართველოში მოქმედი 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ თავდაპირველი რედაქციის ფორმულირება, არჩევნების ჩატარებულად გამოცხადების წინაპირობასთან მიმართებაში, ასეთი გახლდათ - „არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა“ [მუხლი 70,4].  

2004 წ. 6 თებერვალს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 70-ე მუხლის მეოთხე პუნქტიდან, პირველი წინადადება ამოღებულ იქნა და ამ პუნქტის ფორმულირება ასე ჩამოყალიბდა - „არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. (6. 02. 2004. N3272).

აქედან მოყოლებული, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმების მიერ ერთობლივად შემოღებული, და დღეისათვის მოქმედი, საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, არ ითვალისწინებს - არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის საჭირო არანაირ მინიმალურ საარჩევნო ბარიერს.

დიახ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არანაირ ზღვარს არ აწესებს იმის თაობაზე, თუ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა რამდენი პროცენტის მისვლის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები ჩატარებულად.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რა რაოდენობა მივა არჩევნებზე - იგი მაინც ჩატარებულად ითვლება.

მომქმედი „საარჩევნო კოდექსიდან“ მომდინარე ამდაგვარი დამოკიდებულება, ხელისუფლებაში მოსულ ძალას შესაძლებლობას აძლევს:

ერთის მხრივ - შექმნას მისი პოლიტიკური კურსის მომხრე, და შესაბამისად საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული, საქართველოს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი; და

მეორეს მხრივ - ყველაფერი გააკეთოს მისი პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგე საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო პროცესიდან განრიდებისათვის [ნიჰილიზმის დამკვიდრება, ბოიკოტის თემის აფიშირება და სხვა].

ზოგადად - არჩევნების პროცესისადმი, საქართველოს მოსახლეობაში, მიზეზთა გამო, დამკვიდრებული ნიჰილისტური დამოკიდებულების ფონზე, ჩვენის აზრით, აუცილებელია შეიქმნას ყველა წინაპირობა, რათა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას მიეცეს კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა და მოტივაცია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სახელისუფლო ძალების ფორმირებაში.

ზემოთაღნიშნულის რეალიზება, ჩვენის აზრით, შემდეგი პრინციპის შემოღებით შეიძლება:

საქართველოს სახელმწიფომ, ქვეყნის უმაღლესი ორგანოს მიერ მიღებული კანონის სახით, უნდა განაცხადოს, რომ მისი უპირველესი მიზანია სახელისუფლო არჩევითი რგოლების ფორმირება მოხდეს არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის [50% + 1 ამომრჩევლის] მიერ. 

არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის კანონით განსაზღვრული ზღვარის, კერძოდ: 50% + 1-ის დადგენა,  ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძალას დაავალდებულებს:

1. დაადგინოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა ზუსტი ოდენობა; და

2. ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რათა საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.

ამასთანავე, სახელისუფლო სტრუქტურათა შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, იმ შემთხვევაში თუკი, მიზეზთა გამო, საარჩევნო ოლქის რომელიმე უბანზე არ დაფიქსირდება, მის საზღვრებში შემავალ ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ნახევარზე მეტი [50% + 1 ამომრჩევლის] აქტივობა, ამ უბნებზე უნდა დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური, რომელიც ჩატარებულად ჩაითვლება, უკვე - ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.

ყოველივე ზემოთქმულის ამსახველი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი  საკანონმდებლო ცვლილება, ჩვენს მიერ შემდეგი სახითაა ფორმულირებული:

„ 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:

„9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.

10. საარჩევნო ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრებმა ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა, ტარდება არჩევნების მეორე ტური, რომელიც ჩატარებულად ჩაითვლება უბნის ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.“. 

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, ერთის მხრივ არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობას კანონით განსაზღვრულ უფლებას მისცემს თავად განსაზღვროს სახელისუფლო სტრუქტურათა არჩევითი რგოლების შემადგენლობა; და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს სახელისუფლო არჩევითი რგოლების შეუფერხებელ ფორმირებასა და  მუშაობას.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ავტორი:

 - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].      

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.