Print

კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე

 

ბატონო ირაკლი!

ყველა ხელისუფალი, საკუთარი მოსახლეობის მიერ გამოხატული ნებიდან გამომდინარე, ვალდებულია ქვეყნის ძირითად კანონში [კონსტიტუციაში] ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით, ისეთი საკანონმდებლო სივრცის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, რომელიც ქვეყნის სტაბილურ სახელმწიფოებრივ განვითარებას უზრუნველყოფს.

ამასთან, ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, ამათუიმ აუცილებლობიდან გამომდინარე, ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებათა შეტანის პრაქტიკულად შესაძლო მექანიზმი.

 

როგორც მოგეხსენებათ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტში კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი 77-ე მუხლშია მოცემული, რომლის მიხედვით:

3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევო მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცების შემდეგ. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით და საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე.

5. კონსტიტუციურ კანონს კონსტიტუციის 46- მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი“ [მუხლი 77,3-4].

 

ბატონო ირაკლი!

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის შემოთავაზებული თეორიული მექანიზმი აბსოლუტურად გამორიცხავს მისი პრაქტიკულად რეალიზების შესაძლებლობას. და აი, რატომ.

 

კონსტიტუციური კანონპროექტის 37-ე თავის [„პარლამენტის არჩევნები“] მე-6 პუნქტის თანახმად:

6. პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

  აღნიშნული მუხლის თაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორთა მიერ მომზადებულ კონსტიტუციური კანონპროექტის თანამდევ „განმარტებით ბარათში“ ვკითხულობთ, რომ:

37- მუხლი ადგენს პარლამენტის არჩევის ახალ წესს.

მოქმედი შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იცვლება პროპორციული საარჩევნო სისტემით.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი შერეული სისტემა არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს, მისი გაუქმება მიზანშეწონილად ჩაითვალა ქვეყნის წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. კერძოდ, სწორედ აღნიშნულმა სისტემამ გახადა შესაძლებელი ჯერ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის, ხოლო მოგვიანებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ამ უმრავლესობის სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის ბოროტად გამოყენება.

იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან იქნეს არიდებული ამგვარი საფრთხე, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო ან ზოგადად, ჭარბი უმრავლესობის მოპოვებას...“.

 

ბატონო ირაკლი!

როგორც ვხედავთ, სახეზე გვაქვს შემდეგი სურათი:

ერთის მხრივ - კონსტიტუციური კანონპროექტის 77-ე მუხლში მოცემული კონსტიტუციის გადასინჯვის შემოთავაზებული თეორიული მექანიზმის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილების პრაქტიკულად განხორციელებისათვის, ცალკეულ შემთხვევევბში, საჭიროა:

 - პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი;

- ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.

მეორეს მხრივ, კონსტიტუციური კანონპროექტის ინიციატორები თანმდევ „განმარტებით ბარათში“ აღნიშნავთ, რომ - „კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო ან ზოგადად, ჭარბი უმრავლესობის მოპოვებას...“.

ამდენად, როდესაც განსახილველი კონსტიტუციური კანონპროექტის მიხედვით - გამოირიცხება  - „ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო ან ზოგადად, ჭარბი უმრავლესობის მოპოვებაც“ კი, მაშინ ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიების რადიკალურად განსხვავებული პოზიციების არსებობის პირობებში, პრაქტიკულად თითქმის მთლიანად გამოირიცხება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის საჭირო ხმათა 2/3-ისა თუ 3/4-ი ხმების მოგროვების ალბათობა.

 

ბატონო ირაკლი!

კონსტიტუციის გადასინჯვის პრაქტიკულ შესაძლებლობას გამორიცხავს კანონპროექტში არსებული შემდეგი ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც:

3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევო მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცების შემდეგ...“ [მუხლი 77,3-4].

განა ძნელი წარმოსადგენია იმის ალბათობის დაშვება, თუ რამდენადაა შეუძლებელი - ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების უცვლელად დასამტკიცებლად, მომდევნო მოწვევის პარლამენტში - პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მოგროვება?

 

ბატონო ირაკლი!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ნათელია, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის მიხედვით შემოთავაზებული კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი, პრაქტიკულად გამორიცხავს, 2016 წლის მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ შემუშავებული და მიღებული კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ გამოვლენილ, თუნდაც უნებლიედ დაშვებული ისეთი ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას, რომელმაც შეიძლება უდიდესი ზიანო მოუტანოს ჩვენი ქვეყნის ნორმალურ სახელმწიფოებრივ განვითარებას.

შესაბამისად, შემოვდივართ წინადადებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის კანონპროექტის 77-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე.“.

 

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი

 

წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.