Print

საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა რიცხოვნობის საკითხისათვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა რიცხოვნობის საკითხისათვის

 

ბატონო ირაკლი!

სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ძირითად კანონში [კონსტიტუცია], ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, პარლამენტის სტრუქტურული შემადგენლობისა და მათში დეპუტატთა რიცხოვნობის საკითხი სათანადოდ იყოს ასახული.

როგორც მოგეხსენებათ, ხსენებული საკითხი დღეს მოქმედი კონსტიტუციის მე-4 და 49-ე მუხლებშია წარმოდგენილი:

„1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა:  რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

2. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.

3. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან“ [მუხლი 4,1-3];

 

საქართველოს კონსტიტუციის თავდაპირველ, ანუ - 1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციაში, პარლამენტის წევრთა რიცხოვნობის თაობაზე ვკითხულობთ - „პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 150 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 85 პარლამენტის წევრისაგან“ [მუხლი 49,1].

2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით - საქართველოს პარლკამენტის წევრთა რაოდენობა 150-ით განისაზღვრა.

ერთის მხრივ - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციიდან დროებით გასულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რაიონულ ერთეულებში, მაჟორიტარული პრინციპით დეპუტატთა არჩევნების ჩატარების შეუძლ;ებლობისა, და

მეორეს მხრივ - საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ, საქართველოს პრეზიდენტისათვის მიკუთვნებული პარლამენტის 5 წევრის დანიშვნის უფლების დროებით შეზღუდვის გამო, პარლამენტის დეპუტატად მაჟორიტარი წესით დეპუტატთა არჩევნების ჩატარებისათვის 73 მაჟორიტარული ოლქი იქნა დადგენილი.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ჩანაწერი ასეთი რედაქციით განისაზღვრა:

 „1. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან...“ [მუხლი 49,1].

 

დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაზე დაყრდნობით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონსტიტუციით განსაზღვრული, ანუ - მოქმედი შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იცვლება პროპორციული საარჩევნო სისტემით. რაც, კონსტიტუციურ კანონპროექტში ასეა ასახული:

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან“ [მუხლი 37,1-2].

 

ბატონო ირაკლი!

როგორც ზემოთ ვნახეთ, დღეისათვის, პარლამენტის საერთო ოდენობის [150 დეპუტატი] დადგენაში თავის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა, საქართველოს ტერიტორიის დარაიონების პრინციპიდან გამომდინარე, პარლამენტში მაჟორიტარული წესით ასარჩევად [73 დეპუტატი] განსაზღვრული მაჟორიტარული ოლქების რიცხვი - 73.

მაჟორიტარული წესით დეპუტატთა არჩევნებზე უარის თქმის თაობაზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების ფონზე, აუცილებელია გადაიხედოს საქართველოს პარლამენტის საერთო რიცხოვნების საკითხი.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვეყნებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ასარჩევი დეპუტატების რიცხოვნობისა და ამ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობიდან გამომდინარე, თავისთავად ცხადი ხდება რომ საქართველოს სინამდვილეში - 150 დეპუტატიანი პარლამენტის არსებობა, როგორც - პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით - გაუმართლებელია.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციიდან დროებით გასული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არჩევნების ჩატარების შეუძლებლობის გათვალისწინებისა და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიული ერთეულების რაოდენობისა [ქ. თბილისი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და 9 მხარე] და მათში საპარლამენტო არჩევნების - მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ფონზე, საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნამდე, ყველაზე ოპტიმალური იქნება, თუკი, საქართველოს პარლამენტი - 100 პარლამენტის წევრისაგან იქნება დაკომპლექტებული.

შესაბამისად, გთავაზობთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური კანონპროექტის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით განისაზღვროს:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 100 პარლამენტის წევრისაგან.“.

 

არჩევანი - თქვენზეა.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი

 

წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.