Print

საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის საკითხისათვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძე

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის საკითხისათვის

 

ბატონო ირაკლი!

ქვეყნის წინაშე მდგარი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, კონსტიტუციაში ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის შემცველი ჩანაწერის დაფიქსირების საკითხს.

ერთის მხრივ - რუსეთის ფედერაციის იმპერიული განზრახულობისა და

მეორეს მხრივ - ედ. შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი მმართველობის შედეგებით განპირობებული რეალობა, განსაკუთრებით დამძიმდა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ერთეულებად აღიარებით შეფუთული ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიის შემცველი ელემენტების რეალიზების მიმდინარე მცდელობებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია უნდა შეიცავდეს ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის ისეთ განსაზღვრებას, რომელიც ყოველმხრივ გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის ხელშემშლელ ფაქტორებს.

დღევანდელობით ნაკარნახევი რეალობა ასეთია - საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის მთავარი დებულება, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობასთან მიმართებაში, უნდა დაეფუძნოს:

- ერთის მხრივ: აფხაზეთის, აჭარისა და ცხინვალის რეგიონის, და

- მეორეს მხრივ - დანარჩენი რეგიონების უფლებამოსილებათა გამიჯვნის განსხვავებულ წესს; ანუ

სამართლებრივი ენით - საქართველო, სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის მხრივ,  უნდა გახდეს - ასიმეტრიულ სამხარეო პრინციპზე აგებულ უნიტარულ სახელმწიფო.

ამასთანავე, ვინაიდან, ამ ეტაპზე უკვე დამკვიდრებული - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის“ სახელდების ფონზე, მკაცრად არ არის განსაზღვრული - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დასახელებისა და მათი უფლებამოსილებათა საკითხები, სასურველი იქნება, კონსტიტუციურ ჩანაწერში საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის შემცველი ინფორმაციის დაფიქსირებისას, ზოგადი მინიშნებითი ფორმის ასახვით შემოვიფარგლოთ.

შესაბამისად, საჭირო იქნება, საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის მე-7 და 37-ე მუხლების ახლებური ფორმულირება

 

ბატონო ირაკლი!

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციური კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციის იქნება:

„2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული ერთეულების უფლებამოსილებების გამიჯვნისა და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება, სრული ურთიერთ თანხმობის პრინციპზე დაყრდნობით შემუშავებული, საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“.

შესაბამისად, კონსტიტუციური კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს მიენიჭება მე-3 რიგითი ნომერი.

 

2. საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი რედაქციის იქნება:

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.“.

 

არჩევანი - თქვენზეა.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი

 

წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.