Print

საპარლამენტო ფრაქციის შექმნის საკითხისათვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

საპარლამენტო ფრაქციის შექმნის საკითხისათვის

 

ბატონო ირაკლი!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ზვიადის გზა უფლის სახელით“ მიერ 2017 წ. 26 იანვარს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1433-26.01.2017), დღეს მოქმედ კონსტიტუციაში [მუხლი 87,3] საპარლამენტო ფრაქციის შექმნის ახლებური წესის შემოტანას ითვალისწინებდა, რომლის თანახმადაც - „ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამნეტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია“.

მიზეზთა გამო, „საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა“, 2017 წ, 17 თებერვალს გამართულ სხდომაზე, ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვის ბოლოს გამართულ კენჭისყრაში მონაწილე კომიტეტის 8 წევრიდან [გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგა ბუკია, კარლო კოპალიანი, ზაზა კედელაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და ზაზა გაბუნიას უფლებამონაცვლე ირაკლი აბუსერიძე] ექვსის მიერ გამოხატული უარყოფითი პოზიციის გამო, საპარლამენტო ფრაქციის შექმნის ახლებური წესის შემოტანაზე უარი განაცხადა [იხ. კომიტეტის შესაბამისი სხდომის ოქმი}.

 

ზემოთქმულის ფონზე მისასალმებელია, რომ ხსენებული პარლამენტარებიდან ექვსი მათგანი [გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, გიგა ბუკია, კარლო კოპალიანი, ენძელა მაჭავარიანი და ირაკლი აბუსერიძე], ორიოდე თვის შემდეგ, თავადვე მოგვევლინნენ იმ ინიციატორ საქართველოს პარლამენტართა შორის, რომლებიც მხარს უჭერენ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციური კანონის პროექტში საპარლამენტო ფრაქციების შექმნის ახლებური წესის შემოტანას, რომლის თანახმადაც - „ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში“ [მუხლი 41,3].

იქვე, მითითებულია ისიც, რომ  საპარლამენტო ფრაქციაში - „ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები“ [მუხლი 41,3].

 

ბატონო ირაკლი!

ვფიქრობთ რომ საკონსტიტუციო კანონპროექტში, სრულიად ზედმეტია ახლებური წესის მიხედვით შესაქმნელი საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რიცხვის დადგენა, რადგანაც:

კონსტიტუციურ კანონპროექტში არსებული ჩანაწერი - ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში“, თავისთავად გულისხმობს, რომ

- საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 5%-იანი მინიმალური საარჩევნო ბარიერის გადამლახავ პოლიტიკურ პარტიას, მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მეშვეობით, მიუხედავად მის მიერ მოპოვებული სადეპუტატო მანდატის რაოდენობისა, უფლება ეძლევა შექმნას მხოლოდ ერთი საპარლამენტო ფრაქცია, ანუ:

- საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის მიერ, საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა აღარ არის დამოკიდებული ფრაქციის წევრთა მინიმალურ რაოდენობაზე.

 

ბატონო ირაკლი!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გთავაზობთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ტექსტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება - „ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები“, რომლის შემდეგაც საკონსტიტუციო კანონპროექტის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია შემდეგ სახეს მიიღებს:

  „3. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.“.

 

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი

 

წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.