Print

კონსტიტუციაში სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე არსებული ჩანაწერის საკითხისათვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

 

კონსტიტუციაში სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე არსებული ჩანაწერის საკითხისათვის

 

ბატონო ირაკლი!

როგორც მოგეხსენებათ: ქვეყნის ძირითადი კანონო - კონსტიტუცია უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე აქტია. შესაბამისად, სასურველია რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ იყოს ასახული ქვეყნის ძირითადი სამართლებრივი სივრცის განმსაზღვრელი საკითხები.

საქართველოს 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციაში მოცემულია, რომ - „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები დადგენილია ორგანული კანონით“ [მუხლი 11].

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ახალი [დახვეწილი] რედაქციის შესამუშავებლად, საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წ. დეკემბერში მიღებული დადგენილებით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის“ მიერ შედგენილ კანონპროექტში ვკითხულობთ:

საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით, რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით [მუხლი 2,4].

კანონპროექტის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - „...ორგანული კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა...“.

როგორც ვხედავთ, კანონპროექტის ხსენებული ჩანაწერის მიხედვით, გამოკვეთილია - ახალი ტიპის „ორგანული კანონი, რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით“.

კანონპროექტის მე-2 მუხლის აღნიშნულ ჩანაწერთან მიმართებაში, კანონპროექტის „განმარტებით ბარათში“ ვკითხულობთ -

მე-4 პუნქტი წარმოდგენილია შეცვლილი სახით.

ახალი რედაქციის თანახმად, სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის დამდგენი ორგანული კანონები გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით.

მიზანშეწონილი არ არის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლა პარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით იყოს შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებულია სიმბოლიკის დაცვის სტანდარტის ამაღლება და მისი გადასინჯვის წესის თვისებრივი გართულება.

აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს ცვლილებებს შესაბამის ორგანულ კანონებში. კერძოდ, საჭირო გახდება სიმბოლოების დამდგენი და მათი გამოყენების მომწესრიგებელი კანონების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

სიმბოლოები უნდა დადგინდეს ორგანული კანონით, ხოლო

მათი გამოყენების წესი - ჩვეულებრივი კანონით.

კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე“.

 

ბატონო ირაკლი!

კონსტიტუციაში ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით, ვფიქრობთ, რომ სასურველი იქნება უარი ვთქვათ, ამ, ე.წ. - ახალი ტიპის „ორგანული კანონის“ შემოღებზე.

აღნიშნული საკითხი ორი პირობითი გზით შეიძლება გადაიჭრას. კერძოდ:

1. ან, მოქმედ კონსტიტუციაში არსებულ რედაქციას დაემატოს - სიმბოლოების დადგენისა და მათი გამოყენების წესის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტის ჩანაწერი. და კონსტიტუციური კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდეს:

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები დადგენილია ორგანული კანონით, ხოლო მათი გამოყენების წესი - ჩვეულებრივი კანონით“.

2. ანდა, - სიმბოლიკის დაცვის სტანდარტის ამაღლებისათვის“, სახელმწიფო სიმბოლიკა  კონსტიტუციაშივე იქნეს ასახული, ხოლო მათი მათი გამოყენების წესი, ცალკე შემუშავებული - ჩვეულებრივი კანონით განისაზღვროს.

ზემოთქმულისა და დღეისათვის მოქმედი ორგანული კანონით დადგენილი სიმბოლიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილების მიზნით შემუშავებული:

საქართველოს კონსტიტუციის კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით განსაზღვრულ სახეს მიიღებს:

4. საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი:

ა) საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის იმავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

ბ) სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლმეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.

გ) სახელმწიფო ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით.

დ) სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესი დადგენილია კანონით.“.

 

ბატონო ირაკლი!

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარმოდგენილი შემოთავაზების გათვალისწინების შემთხვევაში:

ერთის მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება - „სიმბოლიკის დაცვის სტანდარტის ამაღლება და მისი გადასინჯვის წესის თვისებრივი გართულება“, ხოლო

მეორეს მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ახალი ტიპის ორგანული კანონის შემოების აუცილებლობა.

არჩევანი - თქვენზეა.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 10 მაისი


წერილის ჩაბ. N9685,

10. 05. 2017 წ.