Print

N8 [40] საკანონმდებლო წინადადება - საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესის დახვეწა

ჩაბ. №20596

23 ოქტომბერი, 2017 წ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ რაკლი კობახიძეს

N28 საარჩევნო გაერთიანების:

ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

ვითვალისწინებთ რა საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის აუცილებლობას, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული - საუბნო კომისიის შექმნის ვადისა და მათი საქმიანობის განმსაზღვრელი ცალკეული წესი. შესაბამისად:

 ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“.   

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“   - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  10 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

N28 საარჩევნო გაერთიანების:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2017 წლის 23 ოქტომბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისათვის გამოიყენოს. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღისა.“;

 

2. 28-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს - „ი“ ქვეპუნქტი, შემდეგი რედაქციით:

„ი) გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარი.“;

 

3. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის არჩეულ წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში);

 

4. 61-ე მუხლის მე-2 მუხლის „დ1)“ ქვეპუნქტი - გაუქმებულ იქნეს.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

  განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის ვადებისა [უფლებამოსილების გასვლის წლის ოქტომბერი] და, აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადის ახლებურად განსაზღვრამ [„წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე...“ მუხლი 45,1], დღის წესრიგში დააყენა სხვა თანმდევი ნორმების დაზუსტების აუცილებლობა.

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში, გთავაზობთ - საუბნო საარჩევნო კომისიის  შექმნის ვადის კორექტირებას. კერძოდ:

ერთის მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, კანონმდებლობით - ოქტომბრის თვეზე ორიენტირებულ - საპრეზიდენტო [2013 წ. 27 ოქტომბერი], საპარლამენტო [2016 წ, 8 ოქტომბერი] და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების [2017 წ. 21 ოქტომბერი] თარიღებს, თავისთავად იკვეთება, უკვე აღნიშნული - :კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე „წინასაარჩევნო  კამპანიის [აგიტაციის]“ სავარაუდო დაწყების ქვედა მიჯნა - საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტოს თვის მეორე ნახევარი.

მეორეს მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით განსაზღვრული, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა-დანიშვნის [იხ. მუხლი 25,4-5], ასევე ამ კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ვადები [იხ. მუხლი 25,21], შესაბამისად, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე და 30-ე დღეებიდან იწყებს ათვლას; რაც ასევე საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტო-სექტემბრის თვეზე მოდის.

ზემოთქმულზე დაყრდნობით, ვხელმძღვანელობთ რა - სახელისუფლო რესურსისა და საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული  საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ვადა, და კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში დღეისათვის არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა“, შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი“.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი და ...“ - შემდეგ როფორც ტექსტშია.

არჩევნების ჩატარების პრაქტიკამ აჩვენა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ  დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ცალკეული წევრები, სხვადასხვა მიზეზით, უმეტეს შემთხვევაში, უარს აცხადებენ გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მათთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე.

ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობთ, შესაბამის ეფექტურობას მოკლებულია, საარჩევნო კოდექსით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის მინიჭებული უფლებამოსილება [იხ. მუხლი 61,1-ის „დ1“ ქვეპუნქტი].

აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, გთავაზობთ:

1. კანონის დონეზე განისაზღვროს, და გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში ასარჩევ წევრთ წილისყრაში მონაწილეობის ვალდებულება დაუწესდეს საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არჩევის წესით შერჩეულ წევრებს [იხ. მუხლი 24].

შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტში, საჭირო გახდება ორი ცვლილების განხორციელება. კერძოდ:

ა) „დ)“ ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის არჩეულ წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში);

ბ) აღნიშნულიდან გამომდინარე „დ1)“ ქვეპუნქტი უნდა გაუქმდეს.

 

2. შემოთავაზებული ცვლილების პარალელურად, ჩვენის აზრით, სასურველია ერთგვარად გაფართოვდეს, საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრული - „. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები“, და ამ მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის - „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) გადასატან საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიაში მისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე უარი.“.

 

საქართველოს პარლამენტის მიერ ზემოთქმული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, კერძოდ:

ერთის მხრივ - საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის ვადები; და

მეორეს მხრივ ამ კომისიის წევრების მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულების შემოთავაზებული რეგულაცია,

ვფიქრობთ თავის წვლილს შეიტანს საარჩევნო პროცესის უფრო მეტად გაუმჯობესების საქმეში.

 

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“  ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

N28 საარჩევნო  გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი   

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია N28 სარჩევნო  გაერთიანება:ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გოხელაშვილი ნათელა, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი,

ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქოჩიაშვილი ელგუჯა, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი,

ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]...