Print

N 46 საკანონმდებლო წინადადება -დამნაშავე რეჟიმი [2004 - 2012 წ.წ.]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს!

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანების

`ზვიადის გზა - უფლის სახელით”

 

ღია მიმართვა

ბატონო ირაკლი!

გვჯერა რა, რომ 2016 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობა ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება და ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე, სათანადო სამართლებრივი რეგულაციის ჩარჩოებში მოაქცევს საქართველოში, მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მიერ 2004 – 2012 წ.წ. დამყარებული „სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ დანაშაულებრივ საქმიანობას, ამიტომ:

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ- 5 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  27 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „ზვიადი გზა - უფლის სახელით „

თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2018 წლის 5 თებერვალი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ჩაბ. №1620

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

 საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.06.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კანონის მიზანი

 ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივებისა და რევანშისტულად განწყობილი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.“;

 

2. მეორე მუხლს: „ტერმინთა განმარტება,“ დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) დანაშაულებრივი  რეჟიმი      - 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი ხასიათისა და სისტემური დანაშაულის შემცველი სახელმწიფო მმართველობითი რეჟიმი.“;

3. მე-7 მუხლის - პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიებისა და  დამნაშავე რეჟიმის რევანშისტულად განწყობილ წარმომადგენელთა პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“;

„3. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა, ასევე იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს. კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.

4. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა, ასევე იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან

5. კომისია უზრუნველყოფს როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა, ასევე იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთანგარდა  კანონით  დადგენილი  გამონაკლისებისა.“;

„7. კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, აგრეთვე წარმოადგენდნენ დანაშაულებრივ რეჟიმს და უკავიათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით, კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.“;

 

4. მერვე მუხლს [„თანამდებობრივი შეზღუდვები“] დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „ე“ და :ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) საქართველოს გენერალურ და ქალაქის პროკურორებს;

ვ) საქართველოს პარლამენტის დეპუტატს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლებს: მერს, მერის მოადგილეებს, გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს.“;

5. მეცხრე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „11“ ქვეპუნქტი:

„11. ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრულ  თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება  დანიშნულ ან არჩეულ  იქნენ  დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირებირომლებსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“; 

6. დაემატოს - „მუხლი 101.“ , რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლები

ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის  თანამშრომლებს  მიეკუთვნებიან: 2004 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიათა წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

 

7.  მე-11 მუხლის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირის შესახებ მონაცემები, რომელიც საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსითდადგენილი წესით მიმართავს მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ კომისია დაადგენს, რომ კანდიდატი არის დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი თანამდებობის მქონე პირი, რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიათა წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა; ან პირი, რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და არის ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელი, კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში აქვეყნებს კანდიდატის შესახებ არსებულ საიდუმლო მონაცემებს.“.

 

8. მეთორმეტე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - მე-5 ქვეპუნქტი:

„5. არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: საქართველოს კანონი

 საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“

ცვლილების შეტანის შესახებ  

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე  8,11]

 

თავი 1. შესავალი

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ, გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო, ქვეყნის გამრუდებული სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზის გამართვისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით  დაწყებული საქმიანობის ახალ ეტაპზე აყვანის რეალური საფუძველი შექმნა...

2012 წ. 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატული საქართველოს მოსახლეობის ნების რეალურად განმახორციელებელი პოლიტიკური გუნდისათვის, ნათელი უნდა ყოფილიყო, თუ რა ზიანის მომტანი აღმოჩნდა 2003 წ. ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ქვეყნის სათავეში მოსული მ. სააკაშვილის მიერ დამყარებული, დანაშაულებრივი რეჟიმისა და მისი შემქმნელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობა.

სამწუხაროდ, 2004 – 2012 წლებში საქართველოში დამყარებული სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმისათვის სათანადო სამართლებრივი შეფასების მიცემა, ხელისუფლების სათავეში მოსულმა პოლიტიკურმა გუნდმა, მიზეზთა გამო, დღემდე ვერ მოახერხა.

ვფიქრობთ რა, რომ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, წარმოგიდგენთ კიდეც ამ მიზნით შექმნილ საკანონმდებლო რეგულაციის მექანიზმს.


თავი 2. 2004 – 2012 წლებში

საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმების

პოლიტიკური  შეფასებისა და მისი  პოლიტიკური ხელმძღვანელობის

საქმიანობის საკითხისათვის

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1999 წლის მოწვევის პარლამენტის მიერ,  2003 წლის ნოემბერში, .. ვარდების რევოლუციის“ გზით ხელისუფლების სატავეში მოსული მ. სააკაშვილის გუნდის ზეწოლით განხორციელებული საკანონმდებლო [კონსტიტუციური] ცვლილებები:

ერთის მხრივ მ. სააკაშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოკალათებული ძალისათვის განუზომელი ძალაუფლების თავმოყრის იურიდიულ საფუძვლად იქცა;

და მეორეს მხრივ, ხელისუფლებაში დამკვიდრებული ძალის მიერ გაუგონარი მაშტაბების უკანონო ქმედებებმა, კიდევ უფრო ცხადი გახადა 2004 წლიდან მოყოლებული გაყალბების გზით ჩატარებული საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა .. არჩევნების არალეგიტიმურობა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2008 წლის აგვისტოში, . სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუაზრებელმა ქმედებებმა, ყოველმხრივ შეუმზადა ნიადაგი რუსეთის ფედერაციას, რათა იგი, თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად, არა მარტო ჩართულიყო სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დაწყებულ საომარ ქმედებებში, არამედ ეღიარებინა კიდეც აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის“ ფორმალური დამოუკიდებლობა და ამ .. დამოუკიდებელი სახელმწიფოების მოთხოვნით თავისი შეიარაღებული ძალების იქ ყოფნა დაეკანონებინა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2004 და 2008 წლების ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო „არჩევნებით“ ქვეყნის მართვის სათავეებთან მოსული მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუთვლელი ქმედებების  შედეგად გაუგონარ მაშტაბებს მიაღწია ქართული ცნობიერების მოშლა-გადაგვარებისაკენ მიმართულმა საქმიანობამ... ფეხქვეშ გაითელა ადამიანის თითქმის ყველა უფლება... ციხეები გაივსო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაკავებული პირებისაგან...

ქვეყანაში მცხოვრები აბსოლუტური უმრავლესობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ნათლად გამოიკვეთა ე.წ. სახელისუფლებო ელიტაში მყოფი და მათთან დაახლოებულ ჯგუფში შემავალი მცირე წრის უზომო ფუფუნება, რომელთა კეთილდღეობის ყოველდღიური წარმოჩენა, მთლიანად ქვეყნის წინსვლის დემონსტრირების ფორმალურ საფუძველად იქცა...

მხედველობაში ვიღებთ, რომ

აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტისა და ამ პოლიტიკური გაერთიანების რიგითი წევრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა,

ყოველივე ზემოთქმულიდან [და არამარტო აქედან] გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ყველა საფუძველი არსებობს დღის წესრიგში დადგეს, და გადაიჭრას კიდეც, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული  საკითხი - „საქართველოს კანონი  საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

 

თავი 3.

დღეისათვის

სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში

არსებული ანალოგები

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების არსის გაცნობამდე, მოდით თვალი გადავავლოთ, მეტ-ნაკლებად ანალოგიური მიზნით გადადგმულ იმ ნაბიჯებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში განხორციელდა.

საბჭოთა კავშირში გაერთიანებული ქვეყნებისა და ყოფილ სოციალისტურ ბანაკში შემავალი სახელმწიფოების საკანონმდებლო რეგულაციათა გახსენება, უპირველესად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, 1991 წ. 26 აგვისტოს მიღებული დადგენილების ფრაგმენტის მოყვანით გვინდა დავიწყოთ.

 

1991 წლის 19-21 აგვისტოს სსრ კავშირში ადგილი ჰქონდა, თვით სსრკ კონსტიტუციის უხეში დარღვევით მომხდარ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მათთვის მოვლენათა არასასურველ განვითარებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის განკარგულებით მიღებული - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება მოჰყვა.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, იმავე დღეებში მიღებულ, ზემოთხსენებულ დადგენილებაში - „1991 წლის 19-21 აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, აფხაზეთის კპ რესპუბლიკური კომიტეტის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის კპ საოლქო კომიტეტისა და .. სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედებათა შესახებ“, კერძოდ ვკითხულობათ:

„... 5. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ განიხილოს და გადაწყვიტოს იმ პირთა იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც 1991 წლის 19-21 აგვისტოს სსრ კავშირში მიმდინარე მოვლენების დროს საქართველოს რესპუბლიკის მიმართ ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები.

6. შეჩერდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეულ დეპუტატთა უფლებამოსილება; სამანდატო და დეპუტატის ეთიკის კომისიამ მოამზადოს და სესიის მომდევნო სხდომაზე დააყენოს ამ დეპუტატების უფლებამოსილების საკითხი.

7. არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი კომუნისტური პარტიის წევრობის გამო“.

 

აღნიშნული დადგენილების რეალიზებას, საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების აგენტურის რევანშისტული ქმედება მოჰყვა. კერძოდ, ჯერ - 1991 წ. 21-23 სექტემბრის „უშედეგო“, ხოლო მოგვიანებით - 1991 წ. 22 დეკემბრიდან 1992 წ. 6 იანვრის ჩათვლით, „წარმატებით“ განხორციელებულმა სამხედრო გადატრიალებამ, მთლიანად შეცვალა დამოუკიდებლობის მოპოვება-განმტკიცებისაკენ მავალი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ხაზი.

1992 წ. 2 იანვარს შექმნილი „სამხედრო საბჭოსა“ [ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი] და „დროებითი მთავრობის“ [თ.სიგუა] მიერ ფუძეჩაყრილმა სახელმწიფოს უკანონო  მართვის სისტემამ, ქვეყნის სათავეში ჯერ - ედ. შევარდნაძის [1992 -2003 წ.წ.], ხოლო შემდგომად - მ. სააკაშვილის [2004 – 2012 წ.წ.] დანაშაულებრივი რეჟიმების მოსვლა განაპირობა.

წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილება, სწორედ ამ დანაშაულებრივი რეჟიმების შედეგების აღმოფხვრის პირველ რეალურ ნაბიჯს წარმოადგენს.

სხვადასხვა ქვეყნებში, მეტ-ნაკლებად ანალოგიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით გადადგმული ნაბიჯების მოკლე ისტორიის გაცნობისათვის შემოგთავაზებთ ფრაგმენტებს - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მიერ მომზადებული მასალიდან - „თავისუფლების ქარტია“ და ლუსტრაციის კანონი [ავტორი: სალომე ჩუხუა].

საუბარს დავიწყებთ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების, კერძოდ - ლიტვა, ლატვია, ესტონეთის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო რეგულაციათა გახსენებით.

 

ლიტვა

1998 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი სსრკ-ს ყოფილ სპეც-სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაში მყოფი პირების რეგისტრაციის, აღიარების, შეტყობინებისა და დაცვის კანონის მიხედვით სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) ყოფილ თანამშრომლებს და სხვა საბჭოთა საიდუმლო სპეც-სამსახურების თანამშრომლებს უნდა შეეტყობინებინათ თავიანთი სტატუსის შესახებ სპეციალური კომისიისთვის. 1 500-მდე ადამიანმა მიმართა კომისიას და მათი ვინაობა საიდუმლოდ დარჩა.

კანონი ყოფილ სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) თანამშრომლებს უკრძალავდა იურიდიულ საქმიანობასა და ბანკში მუშაობას. ამასთანავე, უზღუდავდა კერძო სექტორში დასაქმებასაც.

როგორც ლიტვის მასმედია ირწმუნება, ჯერ კიდევ 2005 წლისთვის, სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) 1000-ზე მეტი აგენტი და 4 000-მდე ყოფილი უშიშროების სამსახურების აგენტი დარჩა ლუსტრაციის მიღმა.

 

ლატვია

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ლატვიაში მხოლოდ 5000 დოკუმენტი დატოვა, რომლებიც ახლა ინახება ტოტალიტარიზმის შედეგების აღრიცხვის ცენტრში. დოკუმენტები მხოლოდ აგენტებისა და ინფორმატორების ვინაობას მოიცავს და არაფერს ამბობს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, რამაც გაართულა ლუსტრაციის პროცესი.

ლუსტრაციის პროცესი ლატვიაში 1994 წელს დაიწყო, როცა მაისიდან ყოფილი სსრკ-ს საიდუმლო სამსახურებთან მოკავშირე პირებს აეკრძალათ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა.

ასეთივე აკრძალვა ვრცელდებოდა იმ პირებზე, ვინც ლატვიის კომუნისტური პარტიის რიგებში ირიცხებოდა 1991 წლის 13 იანვრამდე (ლატვიის დამოუკიდებლობის დღე).

როცა 2004 წელს პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა ყოფილი აგენტებისა და ინფორმატორების გარკვეულ სამსახურებში დასაქმების შეზღუდვის გახანგრძლივებას, პრეზიდენტმა კანონს დაადო ვეტო და მხარი დაუჭირა იმ კანონის გახანგრძლივებას 2014 წლამდე, რომელიც საიდუმლოდ ინახავს „სუკ“-ის არქივების მასალებს.

 

ესტონეთი

ესტონეთში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დოკუმენტები თითქმის არ დარჩენილა, შესაბამისად, ლუსტრაციის პროცესი მთლიანად ვოლუნტარისტული იყო. კერძოდ კი, 1995 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც კომუნისტური რეჟიმის ყოფილი თანამდებობის პირები და საიდუმლო სამსახურების თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ, საკუთარი სტატუსის შესახებ განეცხადებინათ და ამ შემთხვევაში, მათი ვინაობა რჩებოდა საიდუმლოდ.

კანონის ამოქმედების შემდეგ დანაშაულებრივ რეჟიმთან თანამშრომლობა  მხოლოდ 1 153-მა მათგანმა აღიარა; პარალელურად კი, 1997 წლიდან 2004 წლამდე 250 სახელი გამოქვეყნდა იმ პირებისა, ვინც თავისი წარსულის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას თავი აარიდა.

გარდა ვოლუნტარული აღიარების სისტემისა, სახელმწიფოში სხვა საშუალებები გამოყენებული არ ყოფილა.

 

მოდით ვნახოთ, თუ როგორია ამ მხრივ, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში [ალბანეთი, ბოსნია - ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, გერმანია, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი და მონტენეგრო (ჩერნოგორია), სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და ხორვატია] მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა რეგულაციის ისტორია.

 

ალბანეთი

ალბანეთში ლუსტრაციის კანონი რამდენჯერმე მიიღეს. პირველი იყო 1993 წელს მიღებული კანონი, რომელიც სხვა ქვეყნების ლუსტრაციის კანონისგან განსხვავებით უფრო ვიწრო სფეროს მოიცავდა. მის ფარგლებში შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა საადვოკატო ლიცენზიის ჩამორთმევა ტოტალიტარული საიდუმლო პოლიციასთან კავშირის მქონე პირებისა და ალბანეთის კომუნისტური პარტიის წევრებისთვის.

ეს კანონი მალევე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

შემდეგი კანონი მიიღეს 1995 წლის შემოდგომაზე - კანონი ლუსტრაციის შესახებ; ეს კანონი რამდენჯერმე შეიცვალა და ძალაში დარჩა 2001 წლის 31 დეკემბრამდე. ვადის გასვლის შემდეგ კი ძალაში დარჩა მხოლოდ მისი მე-16 მუხლი, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი საარქივო მასალები უნდა დარჩენილიყო საიდუმლოდ 2025 წლამდე. ალბანური საიდუმლო სამსახურების ფაილები საჯაროდ ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა.

1998 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელსაც სურდა არჩევითი თანამდებობის დაკავება, უნდა ყოფილიყო სპეციალური კომისიის მიერ „შემოწმებული“  არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე ან პოსტზე წარდგენამდე.

ასევე, ლუსტრაციის პროცესის ფარგლებში ალბანეთში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ადგენდა 1944-1991 წლებში კომუნისტური რეჟიმის იმ მსხვერპლთა ვინაობას, რომლებიც შკოდერსა და მიმდებარე უბნებში სახლობდნენ. პირველი შედეგები გამოქვეყნდა 1993 წლის ოქტომბერში. კომისიამ აღმოაჩინა ექვსი მასობრივი საფლავი შკოდერში და დაადგინა 40 მსხვერპლის ვინაობა. თუმცა, ვარაუდობდნენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი 2000-ს აღემატებოდა.

2008 წელს ალბანეთის პარლამენტმა კიდევ ერთხელ მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ (Act. No. 10034, of 22 December, 2008), რომელიც ძალაში რჩება 2014 წლამდე. კანონის მიხედვით, მოხდება ხელისუფლების აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებში დასაქმებული პირების ლუსტრაცია.


ბოსნია - ჰერცოგოვინა

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ამ ქვეყნის თაობაზე არსებული მოკლე ცნობები ასეთია:  იგი - 1945 წლიდან იყო იუგოსლავიის ფედერაციაში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკა. მოიცავს ორი ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქის ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მიწებს. ფართობი - 51 129 კვ.კმ.

ქვეყნის ტერიტორიაზე ამჟამად სამი პოლიტიკურ-ეთნიკური ერთეულია: სერბიული რესპუბლიკა, მუსულმანურ-ხორვატული ფედერაცია, აგრეთვე საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბრჩკოს რაიონი.

სახელმწიფოს მეთაური: საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე. ეს არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც შედგება 4 წლის ვადით არჩეული სამი წევრისაგან. ამათგან ერთი არის ბოსნიელი, მეორე - ხორვატი, მესამე - სერბი. როტაციის წესით ისინი თავმჯდომარეობენ საბჭოს და იცვლებიან ყოველ 8 თვეში.

საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი სკუპშტინა (42+15 წევრი).

მოსახლეობა - 3 920 000[2] (2014), მათ შორის: ბოსნიელები - 48%, სერბები - 37.1%, ხორვატები - 14.3%, სხვა - 0.6%

სახელმწიფო ენა : ბოსნიური, სერბული და ხორვატული. რელიგია - მუსლიმები, მართლმადიდებლები, კათოლიკეები. დედაქალაქი - სარაევო (438 ათასი).

ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში კანონი ლუსტრაციის შესახებ არ მიუღიათ. წარსულში საიდუმლო მასალებზე წვდომა რეგულირდება ინფორმაციაზე წვდომის თავისუფლების აქტით.

საიდუმლო მასალების ირგვლივ დიდი დისკუსია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2003 წლის ნოემბერში გამოვიდა ივან ბესლიკის ბესტსელერი „იუგოსლავიის მცველები“. წიგნში შესულია გრიფით საიდუმლო მასალები ბოსნიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არქივიდან და მოცემულია 1350 ინფორმატორის სახელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინაში არ მიუღიათ სპეციალური ლუსტრაციის კანონი, 1999 წელს ბოსნიაში მიიღეს ე.წ. მოსამართლეების კანონი, რომელიც იმ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩადენილი ჰქონდათ ადამიანის უფლებათა დარღვევის რამე სახის ქმედება, უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ახალ არჩევნებში მანდატის გასვლის შემდეგ. ასევე, 1999-2004 წლებში მოხდა ე.წ. დესერტიფიცირების პროცესი, რომელიც 24 000 პოლიციელსა და 1000-მდე მოსამართლეს შეეხო.


ბულგარეთი

ლუსტრაცია ამ ქვეყანაში ძირითადად გავრცელდა უშიშროების სექტორსა და მის აგენტურულ ქსელზე. პირველმა ლუსტრაციის კანონმა, რომელსაც პანევის კანონს უწოდებენ და რომელიც 1992 წელს მიიღეს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამდებობის პირებს აუკრძალა პოლიტიკური პარტიების წევრობა. გათავისუფლებული იქნა ყველა ის მაღალი თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თანამდებობას იკავებდა კომუნისტური რეჟიმის მთავრობაშიც. ამავე კანონის ფარგლებში, აკადემიურ თანამდებობებზე მყოფ პირებს მოეთხოვათ წერილობითი განცხადების წარდგენა საკუთარი წარსულისა და კომუნისტურ პარტიასთან კავშირების შესახებ.

1992 წელსვე ხელმისაწვდომი გახდა საიდუმლო არქივებში დაცული ინფორმაცია.  ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემდა „სუფთა წარსულის სერთიფიკატს“.

თუმცა 1993 წლის იანვარში სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აკრძალა პირად საქმეებზე წვდომა და ამ ინფორმაციის გავრცელებას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა.

შემდეგი ნაბიჯი იყო 1997 წელს მიღებული კანონი - საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც კრძალავდა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ნამსახურევი პირების მიერ საჯარო თანამდებობის დაკავებას.

2001 წლის შემდეგ ლუსტრაციის კანონს ზედამხედველობას უწევდა ე.წ. „ანდრეევის კომისია“. კომისიამ 1989 წლიდან ზედიზედ ოთხი მოწვევის პარლამენტის 1 225 წევრიდან 129-ს აღმოუჩინა ყოფილ უშიშროების სამსახურებთან კავშირები.

2002 წელს მიიღეს კიდევ ერთი კანონი საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით. 2006 წლის მაისში კი მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პირადი მონაცემები არ გახდებოდა საჯარო.

 

გერმანია

ე.წ. წმენდის პროცესი გერმანიაში საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. 1990 წლის აგვისტოში გერმანიაში გაფორმდა გერმანიის გაერთიანების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გერმანიის ყველა მოქალაქეს მიეცა უფლება, გასცნობოდა სპეცსამსახურების არქივებში საკუთარ თავზე დაცულ ინფორმაციას. გარდა ამისა, ამავე ხელშეკრულებამ დამსაქმებლებს მისცა უფლება, მოეთხოვათ საკუთარი თანამშრომლების წარსულის „გადამოწმება“.

იმავე წელს მიიღეს კანონი ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მონაცემების დაცვისა და გამოყენების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს ანიჭებდა უფლებამოსილებას, ჰქონოდათ ინფორმაცია არქივებიდან, თუმცა მოქალაქეებს არ ჰქონდათ დოკუმენტების მიღების, მათი ასლების გადაღების უფლება. 1992 წლის იანვარში მიღებულმა კანონმა კი დოკუმენტებზე წვდომაც უზრუნველყო.

ლუსტრაციის მიზნით გერმანიაში ორი კომისია შეიქმნა:

პირველი, გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის დიქტატურის შედეგებისა და ისტორიის შესაფასებელი კომისია 1992 წელს შეიქმნა. კომისიის მიზანი იყო შეესწავლა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს რეპრესიული აპარატის მუშაობა. კომისიამ 150 000 გვერდის ოდენობის მასალა მოიპოვა და ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

მეორე საგამოძიებო კომისია შეიქმნა 1995 წლის მაისში და მისი მიზანი იყო „გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის დიქტატურის შედეგებთან ბრძოლა გერმანიის გაერთიანების პროცესის პარალელურად“.

გერმანია იყო პირველი, რომელმაც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (Stasi) არქივებში დაცული ინფორმაცია, რის შედეგადაც, ყველას, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩათვლით, აქვს უფლება ნახოს მასზე არსებული ფაილები და გაიგოს, თუ რა გავლენა იქონია გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მის ცხოვრებაზე. სააპლიკაციო ფორმის შევსება ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი, ჩაბარებიდან 12 კვირაში კი გამგზავნი იღებს პასუხს, არსებობს თუ არა მის შესახებ საქმე „შტაზის" არქივში.

სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს არქივების ფედერალური კომისია (BStU) ხელს უწყობს ამ პროცესს საჯარო დაწესებულებაში ჩატარებული გამოძიებებით, რომლის მიზანია, გაირკვეს, არის თუ არა ამ ოფიციალური უწყებების რომელიმე თანამშრომელი ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი წევრი.

 

მაკედონია

მოკლე ისტორიული ცნობები:

მაკედონია, ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ ევროპაში. არის იუგოსლავიის ერთ-ერთი მემკვიდრე ქვეყანა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. ფართობი - 25 713 კვ. კმ.

მისი დროებითი სახელია ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“, ვინაიდან ამ სახელის წინააღმდეგ გაილაშქრა საბერძნეთმა, რადგან მისი ჩრდილოეთი ოლქი, რომლის ცენტრია სალონიკი, ატარებს იგივე სახელს. [აღსანიშნავია, რომ ისტორიული მაკედონიის ტერიტორია სამი მეზობელი სახელმწიფოს - საბერძნეთის, ბულგარეთის და დღევანდელი მაკედონიის რესპუბლიკის მიწებს მოიცავდა].

2009 წ. მიხედვით მოსახლეობა არის დაახლოებით 2 050 671 ადამიანი. მათ შორის - მაკედონელები 67%, ალბანელები 23%, თურქები 4%, ბოშები 2%, სერბები 2%. სახელმწიფო ენა : მაკედონური.

ბოლო მონაცემებით მოსახლეობის უმეტესობა არის მართლმადიდებელი - 64.7%, მოსახლეობის 33.3% არის ისლამის მიმდევარი, ხოლო 0.3% სხვა ქრისტიანული რელიგიების აღმსარებელი.

დედაქალაქი: სკოპიე (506,926).

მაკედონიაში უშუალოდ კანონი ლუსტრაციის შესახებ არ მიუღიათ. თუმცა, მიიღეს საიდუმლო მასალებზე წვდომის კანონი - სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არქივებში დაცული პირადი ინფორმაციის განსაჯაროების შესახებ, რომელიც 2000 წელს შევიდა ძალაში, რის შედეგადაც, საიდუმლო სამსახურების მიერ რეპრესირებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 15 000 პირადი საქმე;

თუმცა აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუქვეყნებია გამოთხოვილ მასალათა სტატისტიკა. საჯარო არ გამხდარა ასევე სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშიც.

 

პოლონეთი

პოლონეთში ლუსტრაციის პროცესესის დაწყება იან ოსლევსკის მთავრობის 1991 წლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი ხდებოდა არსებული თანამდებობის პირების კომუნისტების საიდუმლო სამსახურებთან კავშირების შესწავლა. პროცესის შედეგად, პარლამენტის 64 წევრს ბრალი წაუყენეს.

ამას მოჰყვა ლიბერალ-დემოკრატების კონგრესის წარუმატებელი კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ.

1995 წლის დეკემბერში კი ლუსტრაციის თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, როცა ყოფილ კომუნისტ პრემიერს, იოსიფ ოლეკსის ბრალი დასდეს საბჭოთა და რუსეთის აგენტობაში. საპასუხოდ კი პოლონეთმა 1997 წელს მიიღო ლუსტრაციის კანონი, რომელიც ვრცელდებოდა ყველა არჩეულ სახელმწიფო თანამდებობის პირზე, საპარლამენტო კანდიდატების ჩათვლით, ყველა მინისტრზე, მოსამართლეებზე, პროკურორებსა და ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებზე.

1998 წელს შეტანილი ცვლილებების შედეგად კი კანონის მოქმედების სფერო გაფართოვდა და მოიცვა ადვოკატებიც, რის შედეგადაც ლუსტრირებულ ადამიანთან რაოდენობამ 23 000-ს მიაღწია.

იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება იცრუებდა საკუთარი წარსულის შესახებ, მას კანონით ეკრძალებოდა 10 წლის მანძილზე სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

თანამდებობის პირებს მოეთხოვებოდათ წერილობითი ჩვენების წარმოდგენა, რომელიც შეეხებოდა მათ შესაძლო კავშირებს საიდუმლო პოლიციასთან. ლუსტრაციის პროკურორი ამოწმებდა ამ ჩვენებებს და საეჭვო საქმეებს გადასცემდა ლუსტრაციის სასამართლოს, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგებოდა და რომლის გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა აპელაციას.

2000 წელს „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის“ ინიციატივითა და პარლამენტის თანხმობით, მოქალაქეებს მიეცათ საიდუმლო მასალებზე წვდომის უფლება. დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბრიდან 1989 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება. დანაშაული პოლონელი ერის წინაშე მოიცავდა ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, დანაშაულს მშვიდობის და კაცობრიობის წინაშე, ომში ჩადენილ დანაშაულებს ჩადენის ადგილის მიუხედავად (თუ საქმე ეხებოდა პოლონეთის მოქალაქეს) და დაზარალებულის წარმომავლობის მიუხედავად, თუ ეს დანაშაული ჩადენილი იყო პოლონეთის ტერიტორიაზე.

2004 წლის ივნისში უკვე 2 359 გამოძიება იყო ჩატარებული, გამოვლინდა 363 ნაცისტური რეჟიმის, 918 კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი და სხვა სახის 78 დანაშაული.

2001 წლიდან 2004 წლამდე 15 485-მა ადამიანმა გამოითხოვა ინფორმაცია. დაზარალებულებს აქვთ ინფორმაციაზე სრული წვდომა, არ არსებობს არავითარი შეზღუდვა.

2005 წლის იანვარში, გაზეთ Rzeczpospolitica-ს ჟურნალისტმა, ბრონისლავ უილდშტეინმა ინტერნეტში გამოაქვეყნა იმ ადამიანთა სავარაუდო სია, ვინც შესაძლოა, პოლონურ უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობდა. ეს სია დაახლოებით 240 000 ადამიანისგან შედგებოდა.

ლუსტრაციის პროცესმა სასულიერო პირებიც მოიცვა.

2007 წლის იანვარში ვარშავის მიტროპოლიტმა სტანისლავ ველგუსმა აღიარა კავშირი პოლონეთის უშიშროების სამსახურებთან. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა 45 ეპისკოპოსის საქმიანობისა და სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირის შესწავლა.

 

რუმინეთი

1999 წლის დეკემბერში რუმინეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მოქალაქეებს აძლევდა უფლებას, გამოეთხოვათ მათზე არსებული ინფორმაცია, მიეღოთ დოკუმენტების ასლები, თუმცა ის მასალები, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას, რჩებოდა საიდუმლოდ.

2000 წელს შეიქმნა სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის არქივების შემსწავლელი ეროვნული საბჭო, თუმცა მის მუშაობას სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია. მათ მასალებიც არ მოეპოვებოდათ, რადგან უშიშროების დეპარტამენტმა მათ გაცემაზე უარი განაცხადა.

უშუალოდ კანონი ლუსტრაციის შესახებ მიიღეს 2010 წლის 19 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჯერ კიდევ 2006 წლის აპრილში დამტკიცებული იყო სენატის მიერ, დეპუტატთა პალატამ მისი მიღება 4 წლით გადადო. კანონის მიხედვით, საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალათ იმ პირებს, ვინც კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობდა 1945 წლის მარტიდან 1989 წლის დეკემბრამდე.

 

სერბეთი და მონტენეგრო

მოკლე ისტორიული ცნობები: სერბეთი და ჩერნოგორია [ან მონტენეგრო] - ყოფილი კონფედერაციული რესპუბლიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ჩამოყალიბდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, ორი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის სერბეთის და ჩერნოგორიის გაერთიანების შემდეგ. ახალ შექმნილ სახელმწიფოს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა დაერქვა, 2003 წლიდან კი სახელი შეეცვალა და სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფოთა კავშირი ეწოდა.

 2006 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 3 ივნისს. დღეს სერბეთის და ჩერნოგორიის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სერბეთის და ჩერნოგორიის [მონტენეგროს] რესპუბლიკებია.

 

ადამიანის უფლებათა დარღვევაზე ანგარიშვალდებულების აქტი მიღებული იქნა 2003 წლის მაისში. კანონი მოიცავდა ყველა სახის ადამიანის უფლებათა დარღვევის პრეცედენტს 1976 წლის 23 მარტიდან, როცა ძალაში შევიდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი.

დაზარალებულთა საერთო რაოდენობა უცნობია. შექმნილია სპეციალური კომისია ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოსაძიებლად, რომელშიც 9 წევრი შედის. სამი წევრი უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეა, სამი - ცნობილი სამართლის ექსპერტი, ერთი - სერბეთი პროკურორის მოადგილე, დანარჩენი ორი წევრი კი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეა.

2002 წლის 31 მაისს სერბეთში არქივებში დაცულ პირად საქმეებს გრიფით საიდუმლოს სტატუსი მოეხსნა, თუმცა ეს არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 2003 წლის ოქტომბერში.

 

იგივე ბრძანებულება, 2002 წლის სექტემბერში, მიიღეს მონტენეგროშიც, რომელიც სერბეთისგან განსხვავებით, ძალაშია. 2001 წლის მარტში პრეზიდენტმა კოშტუნიცამ ჩამოაყალიბა სიმართლისა და შერიგების კომისია, თუმცა წლების შემდეგ ეს კომისია გაუქმდა ისე, რომ ქმედითი ნაბიჯები არ გადუდგავს.

 

სლოვაკეთი

ჩეხოსლოვაკიაში (რომელიც დაიშალა 1993 წელს) 1991 წელს მიღებული ხუთწლიანი კანონის ვადის გასვლის შემდეგ, ჩეხეთმა 1996 წელს მის გაგრძელებაზე იზრუნა, ხოლო სლოვაკეთში ამ კუთხით არავითარი საკანონმდებლო ინიციატივა არ გატარებულა. მეტიც, სლოვაკეთში, (ჯერ კიდევ როგორც ჩეხოსლოვაკიის შემადგენელ ნაწილში) 1991 წელს მიღებული ხუთწლიანი კანონი, პრაქტიკაში სერიოზულად არ განხორციელებულა.

სანაცვლოდ, 1996 წელს სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო კანონი კომუნისტური რეჟიმის უსამართლოდ ცნობის შესახებ, თუმცა, 1991 წელს მიღებული კანონის მსგავსად, ამ საკანონმდებლო ინიციატივასაც არ მოჰყოლია ქმედითი ნაბიჯები.

2002 წლის აგვისტოში მიღებული იქნა კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო წვდომას სახელმწიფო უშიშროების ძალების მიერ 1939-1989 წლებში გატარებული ქმედებების შესახებ ინფორმაციაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონი არ ითვალისწინებდა არავითარ სანქციას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისი დანაშაულებრივ რეჟიმთან თანამშრომლობაც დასტურდებოდა;

2003 წლის 1 მაისს კი შეიქმნა „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი“, რომელიც გარდა ინფორმაციის გასაჯაროებისა, ასევე იკვლევს ტოტალიტარული რეჟიმის ისტორიას.

 

უნგრეთი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე დაიწყო ლუსტრაციის პროცესის დაწყების მოთხოვნა უნგრეთშიც და 2002 წლისთვის უკვე ათამდე საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა ადგილობრივ პარლამენტში. თუმცა აქედან პირველი, 1990 წლის „დემსკი-ჰაკის“ კანონპროექტი ჩავარდა. 1991 წლის მაისში კანონპროექტი ისევ იქნა შემუშავებული, თუმცა ის მიიღეს მხოლოდ სამი წლის შემდეგ - 1994 წლის მარტში და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2000 წლის ივნისამდე.

ეს იყო კანონი ლუსტრაციის შესახებ. კანონის მიხედვით უნდა შესწავლილიყო დაახლოებით 12 000 თანამდებობის პირის კავშირები კომუნისტური პარტიის საიდუმლო პოლიციასთან.

1996 წელს პარლამენტმა, სადაც დომინირებდნენ სოციალისტები (ყოფილი კომუნისტები), შეზღუდა კანონის მოქმედების სფერო და მოიცვა მხოლოდ 500-დან 1000-მდე თანამდებობის ჩამონათვალი პარლამენტარების, მინისტრების, სხვა მაღალი თანამდებობის პირების, სასამართლო სისტემისა და მედიის წარმომადგენლების ჩათვლით.

2000 წელს კი, როცა პარლამენტში უმრავლესობით ანტი-კომუნისტური, მემარჯვენე, უნგრეთის სამოქალაქო პარტია მოვიდა, კანონის მოქმედების ფარგლები კვლავ გაიზარდა.

უნგრეთში შეიქმნა ლუსტრაციის დამოუკიდებელი სასამართლო, რომელსაც ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალებზე და რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა მაღალი თანამდებობის პირების საქმეთა გამოძიება. მთავარ სამიზნეს წარმოადგენდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები ან მფარველობა საბჭოთა სახელმწიფოს მხრიდან. მოხდა 600-მდე ადამიანის ლუსტრაცია. ამ პირებს ურჩიეს დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები, მაგრამ „რჩევა“ რეალურად არასდროს ყოფილა გათვალისწინებული.

მას შემდეგ კი, რაც 2002 წელს გამჟღავნდა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მედიეში წარსულში თანამშრომლობდა კომუნისტურ რეჟიმთან დაზვერვის საკითხებში, მთავრობამაც და ოპოზიციამაც გადაწყვიტა უფრო მკაცრი ლუსტრაციის კანონის მიღება. რის შედეგადაც, 2003 წელს მიღებული იქნა კანონი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს უფლებას, გაეცნონ მათზე არსებულ საიდუმლო დოკუმენტებს; ასევე, მიიღონ იმ ადამიანთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მათზე ჯაშუშობდნენ.

 

ჩეხეთი

ჩეხეთში (მაშინდელი ჩეხოსლოვაკია) ჯერ კიდევ 1991 წლის ოქტომბერში მიიღეს კანონი კომუნისტური რეჟიმის უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რომელიც შეეხო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის აგენტებს, კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებს, სახალხო მილიციის, ეროვნული უსაფრთხოების კორპუსისა და 1948 და 1968 წლების წმენდის კომისიების წევრებს, სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) სკოლების სტუდენტებსა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კონსპირაციული ბინების მფლობელებს.

ეს კანონი ხუთი წლით კრძალავდა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ პოზიციების დაკავებას. კანონის მოქმედების ძალაც ხუთი წლით განისაზღვრა.

1996 წელს კიდევ ერთი კანონი იქნა მიღებული, რომელმაც უზრუნველყო საიდუმლო პოლიციისა და ცენტრალური და რეგიონული კონტრ-დაზვერვის დეპარტამენტების დოკუმენტებზე საჯარო წვდომა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 2002 წელს, მიიღეს რეგულაციები ინფორმაციაზე საჯარო წვდომის დასარეგულირებლად, რის შემდეგაც, ხელმისაწვდომი გახდა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მასალებიც;

2004 წელს მიღებული კანონით კი მოქალაქეებს უკვე ხელი მიუწვდებოდათ როგორც ანტი-კომუნისტი დისიდენტების შესახებ ინფორმაციაზე, ასევე პირადად მათ წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებზეც.

ადრეულ 1990-იანებში ყოფილმა დისიდენტმა და პოლიტიკურმა პატიმარმა პეტრ ციბულკამ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არქივებიდან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე გამოაქვეყნა იმ 160 000 პირის სახელები და გვარები, რომლებიც თანამშრომლობდნენ რეჟიმთან.

2003 წელს კი ჩეხეთის რესპუბლიკამ ინტერნეტის მეშვეობით საჯარო გახადა იმ 100 000 ადამიანის ვინაობა, ვინც ასევე კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობდა.

კომუნიზმის დანაშაულთა გამოძიებისა და აღრიცხვის ბიუროს ცნობით, 25 ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოფიცერი პასუხისგებაში მიეცა „ასანანსის“ ოპერაციისას განხორციელებული ანტი-დისიდენტური რეიდების გამო.

გარდა ამისა, 2005 წლის სექტემბერში 70-იან წლებში დისიდენტების წამებისა და დევნის ბრალდებით დაკავებული იქნა ორი ყოფილი საიდუმლო სამსახურების თანამშრომელი.

1989 წლის შემდეგ, სულ მთლიანობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი 90 და დაპატიმრებული იქნა 26 ყოფილი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი.

 

ხორვატია

ამ ქვეყნის მოკლე ისტორიული მონაცემები ასეთია: ოფიციალურად ხორვატიის რესპუბლიკა - უნიტარული, დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკაა, ცენტრალური ევროპის, სამხრეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის გზაჯვარედინზე. დედაქალაქია ზაგრები. ხორვატიის ტერიტორია 56 594 კმ²- მოიცავს.

ქვეყნის მოსახლეობა 4,28 მლნ ადამიანს შეადგენს, რომელთა უმრავლესობა ხორვატია. ყველაზე გავრცელებულ რელიგიას წარმოადგენს კათოლიციზმი.

I მსოფლიო ომის შემდეგ, 1918 წელს ხორვატია შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების არაღიარებული სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც ავსტრია-უნგრეთს გამოეყო და იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

1929 წლიდან ქვეყანას სახელი შეეცვალა და ეწოდა იუგოსლავიის სამეფო, 1939 წლის 26 აგვისტოს ცვეტკოვიჩ-მაჩეკის შეთანხმების მიხედვით ხორვატიას სამეფოს ფარგლებში ავტონომიის სტატუსი მიენიჭა.

II მსოფლიო ომის პერიოდში არსებობდა ხორვატიის ფაშისტური, მარიონეტული სახელმწიფო.

1945 წელს კომუნისტი იოსიპ ბროზ ტიტოს პარტიზანების ზეწოლის შედეგად ხორვატიაში პაველიჩისა და სერბეთში ნედიჩის მთავრობები დაემხო და შეიქმნა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (ისფრ), რომლის შემადგენლობაშიც შევიდა 6 რესპუბლიკა (მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია, ხორვატია, სერბეთი და ჩერნოგორია).

1991 წლის ივნისში, ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც ძალაში ამავე წლის 8 ოქტომბერს შევიდა. ამას მოჰყვა ხორვატიის ომი დამოუკიდებლობისათვის, რომელიც 4 წელს გაგრძელდა და საბოლოოდ, წარმატებით დასრულდა. ხორვატიის ტერიტორიული მთლიანობა საბოლოოდ 1998 წელს აღდგა.

2013 წლიდან ხორვატია ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა.

 

ხორვატიაში ლუსტრაციის კანონი არ მიუღიათ. კანონპროექტი ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის შედეგების აღმოსაფხვრელად წარადგინა ხორვატიის მემარჯვენეთა პარტიამ 1998 და 1999 წლებში.

ამ კანონპროექტის მიხედვით, კომუნისტური რეჟიმის დროს თანამდებობის მქონე პირებს ეკრძალებოდათ თანამდებობის დაკავება, თუკი გამოვლინდებოდა მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა კომუნისტური რეჟიმისას თანამდებობაზე ყოფნის დროს. თუმცა, ეს კანონი ორივე ჯერზე ამოღებული იქნა დღის წესრიგიდან. რაც შეეხება ინფორმაციაზე საჯარო წვდომას, ამ საკითხის ირგვლივაც არ ყოფილა განხილვა და არც კანონი შესულა ძალაში.

2002 წლის მარტში ხორვატიაში მიიღეს კანონი ხორვატიის რესპუბლიკის საიდუმლო სამსახურების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა საიდუმლო სამსახურების მუშაობის მონიტორინგის ეფექტური მეთოდის შემუშავებასა და საიდუმლო სამსახურების დეპოლიტიზებას. კანონი ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა დოკუმენტებს. ამასთანავე, კანონი ავალდებულებს საიდუმლო სამსახურებს, თითოეული მოქალაქის მოთხოვნას უპასუხონ და გასცენ ინფორმაცია, გროვდებოდა თუ არა მასალა ამა თუ იმ კონკრეტულ პირზე.

 

 

თავი 4.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ

მიღებული გადაწყვეტილება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ [კოლეგიის შემადგენლობა: ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე; ოთარ სიჭინავა - წევრი; ლალი ფაფიაშვილი - წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი], 2013 წლის 27 დეკემბრის №2/10/560 საოქმო ჩანაწერით, განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი - 560 [საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ], სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის - „თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა“, აღნიშნულ ქვეპუნქტებში ვკითხულობთ:

1. ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრულ  თანამდებობებზე  არ შეიძლება  დანიშნულ ან არჩეულ  იქნენ  პირებირომლებიც  1921  წლის  25 თებერვლიდან  1991  წლის 9 აპრილამდე იყვნენ...

) ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები;

) ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები;“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მითითებული მონაკვეთების შინაარსი ასეთია:

მუხლი 14: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. 

მუხლი 17: 1. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია

მუხლი 29: 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების, სამოტივაციო ნაწილში, კერძოდ ვკითხულობთ:

„16. სადავო ნორმებით მოსარჩელეს და მის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს სრულად და უვადოდ ერთმევა სახელმწიფო სამსახურის მნიშვნელოვან სეგმენტში საქმიანობის უფლება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე  ყოფილი სსრკ-ის პერიოდში გარკვეულ პარტიულ თანამდებობებს იკავებდა“;

„22. სადავო ნორმით  კანონმდებლობა  ადგენს უფლების მზღუდავ სპეციალურ რეგულირებას და ქმნის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს სადავო აქტით განსაზღვრული პირებისთვის თითოეული მათგანის პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის ხარისხის, გაწეული  საქმიანობის ინდივიდუალური შეფასების გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ  საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირების დაწესებისათვის სადავო რეგულირება უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ინდივიდის საქმიანობის, ფუნქციური დატვირთვის შესწავლის და იმის შეფასების სავალდებულო წინა პირობას, თუ რამდენად არსებითი და ხელშესახებია დღესაც ამ პირებისგან მომდინარე საფრთხეები სადავო აქტის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობაზე მათი განწესების შემთხვევაში“;

„23. მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი ყველა პირის მიმართ ერთნაირი მიდგომა თითოეული ინდივიდის კონკრეტული ფუნქციური დატვირთვის, როლის, გაწეული საქმიანობის შეფასების გარეშე ყველას მიმართ თანაბრად უარყოფითი დამოკიდებულების და უფლების თანაბარი ინტენსივობით შეზღუდვის  შესაძლებლობის შექმნა ლახავს მოსარჩელის  პატივს და ღირსებას“;

„25. სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა მოქმედებს უვადოდ. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პირებმა, რომლებიც, თუნდაც ერთ დროს იზიარებდნენ კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიას და იკავებდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებს კომუნისტურ პარტიაში, გარკვეული დროის შემდეგ შეიცვალონ დამოკიდებულება. კანონმდებელი არ ითვალისწინებს ადამიანის როგორც თავისუფალი ინდივიდის უნარს, შეიცვალოს შეხედულებები და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესის საფუძველზე პირებს სამუდამოდ და უპირობოდ აქვთ წართმეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება.

26. მოსარჩელისთვის სადავო აქტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების უვადო შეზღუდვა მთელი ცხოვრების მანძილზე სასჯელის ელემენტების მატარებელი რეპრესიული ღონისძიება უფროა, ვიდრე საფრთხეების პრევენციის საშუალება“.

საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წ. 28 ოქტომბერს მიღებული იქნა შემდეგი სახის გადაწყვეტილება [№ 2/5/560]:

 

საქართველოს

საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

  1. 1.კონსტიტუციური სარჩელი #560 (საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
  2. 2.კონსტიტუციური სარჩელი #560 (საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
  3. 3.არაკონსტიტუციური ნორმები იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
  4. 4.გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
  5. 5.გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
  6. 6.გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

გადაწყვეტილებასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიგამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.“.

 

თავი 5.

ჩვენს მიერ შემუშავებული ცვლილების მთავარი არსი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, როგორც ვნახეთ, თავისი გადაწყვეტილების მიღებისას, მომქმედ კონსტიტუციურ ნორმასთან შეუსაბამოდ ცნო არსებული კანონის ის კონკრეტული რეგულაციები, რომლებშიც:

- არ არის გამოკვეთილი ამ კანონის მოქმედების არეალში მოქცეულ პირთა წრე, შესაბამისად „ყველა პირის მიმართ ერთნაირი მიდგომა თითოეული ინდივიდის კონკრეტული ფუნქციური დატვირთვის, როლის, გაწეული საქმიანობის შეფასების გარეშე ყველას მიმართ თანაბრად უარყოფითი დამოკიდებულების და უფლების თანაბარი ინტენსივობით შეზღუდვის  შესაძლებლობის შექმნა ლახავს მოსარჩელის  პატივს და ღირსებას“; და

- არ არის დადგენილი კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადები, ამიტომ „სადავო აქტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების უვადო შეზღუდვა მთელი ცხოვრების მანძილზე სასჯელის ელემენტების მატარებელი რეპრესიული ღონისძიება უფროა, ვიდრე საფრთხეების პრევენციის საშუალება“.

 

ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში სრულად არის გათვალისწინებული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სავსებით სამართლიანად მიღებული გადაწყვეტილების ყველა ეს რეგულაცია. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობით.

 

განსახილველი კანონის მეორე მუხლს: ტერმინთა განმარტება,“ ჩვენი შემოთავაზებით ემატება შემდეგი რედაქციის მქონე - „ზ“ ქვეპუნქტი:

ზ) დანაშაულებრივი  რეჟიმი  -  2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი ხასიათისა და სისტემური დანაშაულის შემცველი სახელმწიფო მმართველობითი რეჟიმი.“;

 

შესაბამისად, ტერმინი „დანაშაულებრივ რეჟიმი“ აისახება კანონის : მე-7 მუხლის - პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 ქვეპუნქტებში.

 

აღნიშნულის პარალელურად, გამოკვეთილია, მისაღები ცვლილებების არეალში მოაზრებულ დამატებით პირთა წრე. კერძოდ, მოქმედი კანონის მე-8 მუხლს, ემატება შემდეგი რედაქციის მქონე - „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

ე) საქართველოს გენერალურ და ქალაქის პროკურორებს;

ვ) საქართველოს პარლამენტის დეპუტატს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლებს: მერს, მერის მოადგილეებს, გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს.“;

 

შემოთავაზებული ცვლილებით დგინდება კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ არჩევით და დანიშნულ თანამდებობაზე მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთათვის დაწესებული შეზღუდვების კონკრეტული ვადა.

შესაბამისად, კანონის მე-9 მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „11“ ქვეპუნქტი:

„11. ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრულ  თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება  დანიშნულ ან არჩეულ  იქნენ  დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირებირომლებსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

 

საკანონმდებლო წინადადება, კანონში დღეისათვის არსებული მე-10 მუხლის [ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურები და მათი თანამშრომლები] პარალელურად ითვალისწინებს, შემდეგი შინაარსის 101 მუხლის დამატებას:

- „მუხლი 101. ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლები:

ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის  თანამშრომლებს  მიეკუთვნებიან: 2004 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიათა წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

 

შესაბამისი ცვლილების შეტანაა გათვალისწინებული კანონის მე-11 მუხლის [კომისიიდან ინფორმაციის მიღების აუცილებლობა] მე-2 პუნქტში, სადაც გასატარებელ შემოწმებას დაქვემდებარებულ პირთა წრეს ემატება დანაშაულებრივი რეჟიმის შესაბამის ჯგუფს მიკუთვნებული წარმომადგენლები;

 

ამასთანავე, შემოთავაზებულ ცვლილებათა პაკეტში მითითებულია, რომ - არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“ [იხ. მუხლი 12].

 

ყოველივე ზემოთქმული, შესაძლებლობას იძლევა დავასკვნათ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სრულად პასუხობს, როგორც საერთაშორისო ნორმების, ასევე, დღეს საქართველოში მომქმედი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას.

 

თავი 6.

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ ავტორი:

მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა  გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;


კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატორია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო],ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

 

თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა,

 

რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქოჩიაშვილი ელგუჯა, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი,

 

ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...