Print

N 48 საკანონმდებლო წინადადება - „საქართველო“ - „Sakartvelo“, და: „ქართველი“ - „Kartveli“


შ ი ნ ა ა რ ს ი

ღია მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

- საკანონმდებლო წინადადება;

- საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათი;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი

- საპასუხო განმარტება;

- საქართველოს პარლამენტის - განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასკვნა



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

მიგვაჩნია რა, რომ საჭიროა მსოფლიო საზოგადოების წინაშე დაისვას საკითხი - მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის დასახელებისდა ეროვნების აღსანიშნავად, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, გამოყენებული იქნეს ის სახელდება, რომელსაც, ჩვენ. ქართველები ვიყენებთ: საქართველო“ - „Sakartvelo“, და: ქართველი“ - „Kartveli“, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს:საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 11 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2018 წლის 26 თებერვალი

წერილის ჩაბ. 3050

26. 02. 2018 წ.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მუხლი 1. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფოსა, და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების, სახელწოდებათა ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის დროს წარმოქმნილ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირება.

 

2. მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება

1. საქართველოს სახელმწიფოსა, და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“;

 

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ა1“ პუნქტი:

„ა1) საქართველო - საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება;“;

 

4. მე-4 მუხლის „ა“ ქუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა). საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება;“;

5. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება და გამოყენება“;

 

6. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები, რომლებიც იხმარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქართულენოვან კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში აღინიშნება ქართულ და, საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენებზე, ხოლო ამ ობიექტების სახელწოდებათა უცხოურენოვანი დაწერილობა უნდა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს.“;

 

7. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“;

 

8. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი დედაქალაქების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების სხვა წესი ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

 

9. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 პუნქტი:

„ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათში შემავალი ქვეყნების სათანადო წესით ინფორმირება, რათა საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება - „საქართველო“-ს უცხოურენოვანი დაწერილობა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს, რათა საქართველოს მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება - „საქართველო“-ს უცხოურენოვანი დაწერილობა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია - იურიდიული საფუძვლის შემზადება - დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მათი სხვადასხვა გაერთიანებებისადმი განკუთვნილი მიმართვისათვის, რათა, მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის დასახელებისა და ეროვნების აღსანიშნავად, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, გამოყენებული იქნეს ის სახელდება, რომელსაც, ჩვენ. ქართველები ვიყენებთ:

„საქართველო“ - „Sakartvelo“, და: „ქართველი“ - „Kartveli“.

ქვეყნის საერთაშორისო კოდი, დღეისათვის არსებული - „GE“ ნაცვლად, გახდება - SAQ“.

ვითვალისწინებთ რა, რომ შემოთავაზებული წინადადების გაზიარებისათვის მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვაა საჭირო, და არავითარი დასაბუთების მოტანის აუცილებლობა არ დგას, შევეცდებით მხოლოდ ზოგადი სახის რამოდენიმე ინფორმაცია წარმოგიდგინოთ.

ამჯერად, არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ:

საყოველთაოდ მიღებული ტრადიციის მიხედვით, სახელდება - „საქართველო“ ნაწარმოებია „ქართლოს“-იდან, რომელიც, ერთ-ერთი უძველესი ქართული საისტორიო წყაროს „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, გახლდათ ბიბლიური ნოეს ვაჟის - იაფეტის ბადიშიშვილი;

თავად ტერმინი - საქართველო“, დღეისათვის აღმოჩენილ ქართულ საისტორიო ხელნაწერებში, პირველად ქართლის ცხოვრებაში“ შემავალი V-VIII საუკუნეების ამსახველ, ჯუანშერის ავტორობით ცნობილ თხზულებაში დასტურდება;

და, რომ - საქართველო, ადრეულ შუა საუკუნეებში - სრულიად ქართველთა კულტურული და პოლიტიკური ერთიანობის შედეგად ჩამოყალიბებული, ქართველი ერის ეროვნული სახელმწიფოს თვითდასახელებაა.

 

მოდით, თავდაპირველად, თავად ამ სიტყვის კონსტრუქცია განვიხილოთ.

სახელდების აღმნიშვნელი სიტყვა - „საქართველო“, შედგება სამი ნაწილისგან:

„სა-ქართველ-ო“. სადაც:

„სა“ - სიტყვის ფუძის წინ მოთავსებული თავსართია [პრეფიქსი] [ამ შემთხვევაში სტანდარტული გეოგრაფიული კონსტრუქცია, რომელიც აღნიშნავს - „ადგილს, სადაც დასახელებული ეთნოსი [ქართველი] ცხოვრობს“];

 

„ქართველ“-ი სიტყვის ფუძეა, და განსაზღვრულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ერის, ეთნიკური ჯგუფისა თუ ეთნოსის თვითსახელწოდებაა.

 

„ო“ - ფუძის ბოლოსართი [სუფიქსი], დანიშნულების ან განკუთვნილების გამომხატველ სიტყვებში გამოყენებულ „სა“- პრეფიქსთან ერთად, ვითარებითი ზედსართავის, ანუ ადიექტივის როლში გამოდის და შეკავშირებულ, ანუ სინტაქსურ წყვილში მსაზღვრელის ფუნქციას ასრულებს.

ზოგადად, დანიშნულების სახელების მაწარმოებელთაგან [სა-ე, სა-ო, სა-ურ], ყველაზე ხშირად გამოყენებული „სა-ო“ თავსართ-ბოლოსართი [კონფიქსი], დაერთვის თითქმის ყოველგვარ სახელს [ძირეულ ქართულს თუ უცხოური წარმოშობისას].

„სა-ო“ დაერთვის არსებით სახელებს, როგორც - მარტივ, ისე- ნაწარმოებ და რთულ ფუძეებს (სა-ბავშვ-ო, სა-პატარძლ-ო, სა-სულიერ-ო, სა-უკეთეს-ო...), ზედსართავებს (სა-აშკარა-ო...), ნაცვალსახელებს (სა-ჩემ-ო, სა-იმის-ო...), სახელზმნებს (სა-ოცნებ-ო, სა-მლოცველ-ო...); რიცხვით სახელს (სა-ერთ-ო), თანდებულს (სა-თანა-ო), ნაწილაკს (სა-თუ-ო), ზმნისართს (სა-შინა-ო). ზმნურ ფუძეებს (სა-რჩ-ო, სა-ბჭ-ო...).

„სა-ო“ თავსართ-ბოლოსართი [კონფიქსი] ხშირად დაერთვის აგრეთვე ეთნონიმებს, გვარსახელებს და აწარმოებს ადგილის სახელებს: სა-ქართველ-ო, სა-მა-ჩაბლ-ო, სა-ინგილ-ო...

ჩვენს შემთხვევაში, სიტყვის ფუძე: „ქართველ“-თან გამოყენებული „სა-ო“ თავსართ-ბოლოსართი [კონფიქსი]: „სა-ქართველ-ო“, გამოკვეთავს - ეთნიკური ჯგუფის, ეთნოსის - ქართველი ერისთვის განკუთვნილ გეოგრაფიულ ტერიტორიას.

 

როგორც ვიცით, საქართველოს სახელწოდებად:

- დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრებულია, როგორც - გეორგია“ [Georgia]; ხოლო

- უმეტეს სლავურ საზოგადოებებში [რუსული გავლენით], სახელი გრუზია (gruzʲɪjə/).

 

ევროპულ ენებში გავრცელებულ ჩვენი ქვეყნის სახელწოდებას, კერძოდ:

ინგლისურ ჯორჯიას,

ფრანგულენოვან - ჟეორჟის,

იტალიურ - ჯორჯას,

ესპანურ - ხეორხეიას,

გერმანულ გეორგიენს, და ა.შ.

[რის შესაბამისადაც ქართველებს ინგლისურად - ჯორჯიანს, ფრანგულად - ჟეორჟიენ, იტალიურად - ჯორჯანი, ესპანურად - ხეორხიანოს, გერმანულად გეორგიერ - ეწოდებათ],

მეცნიერები, ტრადიციული თვალსაზრისით, ქართველთა აღმნიშვნელ ევროპულ ეთნონიმებს ბერძნულ სიტყვას “გეორგიოს“ უკავშირებენ; და იგი:

ერთ შემთხვევაში - მიწის მუშას, ანუ - მიწათმოქმედს ნიშნავს,

მეორე შემთხვევაში კი - წმინდა გიორგის თაყვანისმცემელს.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველთა - გეორგიანელებად მოხსენიების ორივე ვერსიას - სრული დასაბუთება ეძებნება, რადგან ქართველები, ერთ-ერთი უძველესი მიწათმოქმედნიც ვიყავით, და, ქრისტიანობის მიღების შემდგომად, წმინდა გიორგის თაყვანისმცემელნიც ვართ.

 

ჩვენი ქვეყნის სახელდებითი ტერმინი - „საქართველო“ (რუსულად „გრუზია“, სომხურად „ვრასტან“, სპარსულ-თურქულად „გურჯისტან“ და სხვა), თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ენებში, უფრო მეტად ეთნიკურ-გეოგრაფიული ცნებაა.

როგორც დასავლური ისევე რუსულენოვანი ეგზონიმები ["გარეთა სახელწოდება“] ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ განსაზღვრება - „vrkan/gurgan“-, რომელიც მგლების ქვეყანას ნიშნავს, და რაც - გმირობისა და სიძლიერის სიმბოლო იყო.

არაბებისათვის ქართველები - „ჯურზანის“ ეთნონიმით არიან სახელდებულნი, რაც, თავის მხრივ, სირიული - „გურზანიდან“ მომდინარეობს.

„ჯურზანი“-დან გაჩნდა - „ქურჯი“, „ქურჯი“-დან - „გურჯი“ [რაც ლამაზის სინონიმიც იყო], რითაც დღეს ქართველები მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში არიან ცნობილნი, მაგალითად, თურქეთში.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლეთში დამკვიდრებული საქართველოს თანამედროვე სახელწოდება - გეორგია“ [Georgia], „ჯურჯია“, „გგეორგია“-ს არაბულ ფორმას წარმოადგენს.

X-XV ს-ბის სპარსული საისტორიო წყაროები საქართველოს - „გორჯესთანს“ უწოდებენ, ხოლო ქართველებს - „გორჯიანს“.

თურქებისთვის საქართველო - „გურჯისტანი“, ხოლო ქართველები - „გურჯები“ არიან.

რუსულ მატიანეებში XVI საუკუნიდან ჩნდება „გურჯი“-დან მიღებული რუსული - „გრუზინ“, რომელიც თავდაპირველად გამოითქმოდა როგორც - „გურზი“.

ეთნონიმი „გრუზია,“ „გრუზინი“ სხვადასხვა ხალხებში, განსაკუთრებით სლავურ ენებში, რუსული ენიდან გავრცელდა.

ლიტველები ქართულს - „გრუზინიშკაი“-დ უხმობენ, ხოლო საქართველოს - „გრუზიოსს“.

საქართველოს იაპონურად - „გურუჯია“ ჰქვია; ჩინურად კი (ჰანის დიალექტზე - „გელუჯია.“

 

რაც შეეხება ინგლისურენოვან სიტყვა - გეორგია“, „Georgia“-ს.

ტერმინი - „Georgian“, ინგლისურ ენაში, ძირითადად: XVIII - XIX-ე საუკუნეების (1714 - 1830) ბრიტანეთის იმპერიის „გეორგიანულ“ ეპოქას აღნიშნავს.

ამ დროს ინგლისს მართავდნენ ჰანოვერის დინასტიის მეფეები:

ჯორჯ I (George I) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე 1714-1727 წლებში;

ჯორჯ II (ინგლ.George II) დიდი ბრიტანეთის მეფე 1727 - 1760 წ.წ.;

ჯორჯ III (ინგლ.George III) დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე 1760-1801 წ.წ. დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801-1820 წ.წ.;

ჯორჯ IV (ინგლ. George IV) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ჰანოვერის მეფე 1820-1830 წლებში.

 

გეორგია“, „Georgia“-თა მმართველობის ეპოქამ ბევრი სიახლე და „სიკეთე“ მისცა ბრიტანეთისა და მსოფლიოს ისტორიას, კულტურას და არქიტექტურას. კერძოდ:

ამ დროს მიმდინარეობს ამერიკის ინტენსიური კოლონიზაცია, სასტიკი ომები ინდიელებთან და მათი მეთოდური განადგურება;

ამ დროს მიმდინარეობს ბრიტანეთის იმპერიის ძლევამოსილი ექსპანსია ინდოეთისკენ და სამხრეთ ზღვებისკენ;

ამ დროს გაიმარჯვა ინგლისმა ტრაფალგარისა და ვატერლოოს სახელგანთქმულ ბრძოლებში; და სხვა.

შესაბამისად, გეორგია“, „Georgia“-თა მთელ ამ, ას წელზე მეტი ხნიან, მმართველობის პერიოდს მადლიერმა შთამომავლობამ - „გეორგიანული“ დაარქვა.

 

როგორც ვხედავთ, „ჯორჯიან ერა/Georgian era“ უკვე არსებული კულტურულ-ისტორიული ფენომენია ანგლო-საქსურ სამყაროში და მას სრულიად კონკრეტული შინაარსი აქვს ინგლისელისა თუ ინგლისურად მკითხველისათვის.

 

ტერმინი - „ჯორჯიან“, „Georgian“, ჩვეულებრივ გამოიყენება სოციალური ისტორიისა და არქიტექტურის კონტექსტში, რაც ალბათ, გარკვეულ დაბნეულობას იწვევს „ჯორჯიან“-ის ეთნონიმად, მითუმეტეს ბრიტანეთიდან გეოგრაფიულად საკმაოდ მოცილებული საქართველოს, აღსანიშნავად.

 

აქვე გვინდა შემოგთავაზოთ, მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში დაფიქსირებული, სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ, საკუთარი სახელდების შეცვლის რამოდენიმე მაგალითი:

„ირანის ისლამური რესპუბლიკა“, „ირანი“.

ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან - „არიელების ქვეყანა" (პროტო-ინდოევროპულ ენაზე სიტყვა - „არია“-ს ზოგადი მნიშვნელობაა „კეთილშობილი“ ან „თავისუფალი“). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით.

1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც - ირანი.

 

მიანმარის კავშირის რესპუბლიკა“ [ყოფილი „ბირმის კავშირი“).

1989 წელს, ქვეყნის მმართველმა სამხედრო ხუნტამ ქვეყნის სახელწყოდების ინგლისური ვერსია - „ბირმა“, ოფიციალურად შეცვალა საკუთარი იდენტობის გამომხატველი სახელით - „მიანმარი“. (შეიცვალა ქვეყნის ყველა სხვა ინგლისურენოვან დასახელება, დედაქალაქის ჩათვლით, რომელსაც - „რანგუნი“-ს ნაცვლად ეწოდა - „იანგონი“).

 

მოლდოვა (რუმ. Moldova), ოფიციალურად [1991 წ.] „მოლდოვის რესპუბლიკა“ (რუმ. Republica Moldova). ყოფილი „მოლდავეთის რესპუბლიკა“.

 

„მონტენეგროს რესპუბლიკა“ [Република Црна Гора] „მონტენეგრო“ (სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე Црна Гора / ლათინურ ვარიანტზე Crna Gora. წარმოითქმის როგორც [ცრნაგორა]) ყოფილი „ჩერნოგორიის რესპუბლიკა".

ქვეყნის ორივე სახელწოდება (მონტენეგროცა და ჩერნოგორიაც) ერთსა და იმავეს, - „შავ მთას“ აღნიშნავს. ფორმა „ჩერნოგორია“ რუსული ენის საშუალებით შემოვიდა და მონტენეგროს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე [2006 წ.] გამოიყენებოდა.

 

ჩვენი ქვეყნის სახელდებასთან მიმართებაში, ბოლო ასწლეულის ისტორია ასეთია:

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“;

1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, პოლიტიკურ წყობილებასთან ერთად სახელიც შეეცვალა და ამჯერად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ეწოდა;

1990 წლის 14 ნოემბერს, ეწოდა:საქართველოს რესპუბლიკა“;

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით, ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება გახდა: საქართველო“.

 

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება, არსებული კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, ითვალისწინებს „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან შემდეგ ცვლილებას:

 

1. მოქმედი კანონის პირველი მუხლი [კანონის მიზანი], მასში ფრაზის: საქართველოს სახელმწიფოსა, და“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფოსა, და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების, სახელწოდებათა ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის დროს წარმოქმნილ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირება“;

 

2. მოქმედი კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი, მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა, და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„1. საქართველოს სახელმწიფოსა, და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“;

 

3. მოქმედი კანონის მე-3 მუხლს ტერმინთა განმარტება], დაემატოს შემდეგი შინარსის - „ა1 პუნქტი:

„ა1) საქართველო - საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება;“;

 

4. მოქმედი კანონის მე-4 მუხლის „ა)“ პუნქტი, მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„ა). საქართველოს სახელმწიგოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება;“;

 

5. მოქმედი კანონის მე-7 მუხლი, მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება და გამოყენება“;

 

6. მოქმედი კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი, მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„4. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები, რომლებიც იხმარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქართულენოვან კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში აღინიშნება ქართულ და, საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენებზე, ხოლო ამ ობიექტების სახელწოდებათა უცხოურენოვანი დაწერილობა უნდა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს.“;

 

7. მოქმედი კანონის მე-10 მუხლის სათაური, მასში ფრაზის: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

„მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“;

 

6. მოქმედი კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, მასში ორი ფრაზის:

- „საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დედაქალაქის“; და

- „თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების სხვა წესი“ - ჩამატების შემდეგ, ასეთ სახეს მიიღებს:

2. საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი დედაქალაქების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების სხვა წესი ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

 

მოქმედი კანონის მესამე თავის [„გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“] მე-14 მუხლს უნდა დაემატოს მე-6 პუნქტი, რომელშიც მოცემულია: ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალი.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

N28 საარჩევნო გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ინიციატორია N28 სარჩევნო გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, საინიციატივო ჯგუფი:

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო],ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა,

რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქოჩიაშვილი ელგუჯა, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი,

ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...



საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

№2578 - 13 აპრილი / 2018 წ.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო

მდივნის მოვალეობის შემსრულებელს,

ქალბატონ ნათია მიქელაძეს

 

ქალბატონო ნათია,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განიხილა „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს სახელდების საკითხის რეგულირებას, აგრეთვე, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, საქართველოს დასახელება „Georgia“-ს შეცვლას დასახელებით − „Sakartvelo“, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო კოდ „GE“-ს შეცვლას კოდით − „SAQ“. საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, მათ შორის, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ პოზიციის გათვალისწინებით, გაცნობებთ შემდეგს:

1. კანონპროექტით კანონის მე-3 მუხლს ემატება „ა1 ქვეპუნქტი, რომლითაც „საქართველო“ არის საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით, ხოლო კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის ცვლილების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სახელწოდების უცხო ენაზე მითითების პრინციპის და არა მისი სახელწოდების განსაზღვრა. შესაბამისად, ბუნდოვანია, რა მიზანს ემსახურება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდების განსაზღვრა.

2. კანონპროექტით გათვალისწინებული „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ მოცემული პუნქტის როგორც მოქმედი რედაქციის, ისე ცვლილების პროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის ნაცვლად მოხსენიებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, მაშინ, როდესაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი“. შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ზემოხსენებული ჩანაწერი შესაბამისობაშია მოსაყვანი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტთან.

3. კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის მე-7 მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს უცხოურენოვანი „დაწერილობა“ (სახელდება) უნდა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, ამავე პროექტით კანონის მე-14 მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს ევალება, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდების – „საქართველო“ - უცხოურენოვანი დაწერილობის დატანა ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ინგლისურენოვანი დასახელება „GEORGIA“-ს შეცვლა დასახელებით – „SAQARTVELO“ და, შესაბამისად, ქვეყნის კოდ „GE“-ს - შეცვლა კოდით – „SAQ“.

ზემოაღნიშნულთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ხანგრძლივ და რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული, კერძოდ:

კანონპროექტით შემოთავაზებულ ქვეყნის კოდის ცვლილებასთან („GE“-ს ჩანაცვლება „SAQ“-ით) მიმართებით მხედველობაშია მისაღები, რომ ISO 3166-1 სტანდარტით (alpha-2 ნოტაციით) განსაზღვრულია ქვეყნების ორნიშნა კოდები. შესაბამისად, ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ქვეყნის კოდად განისაზღვრება „SA“, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის სამეფოს კოდს წარმოადგენს.

გარდა ამისა, საქართველოს სამგზავრო დოკუმენტები შედგენილია და აკმაყოფილებს „ICAO Document 9303“-ით განსაზღვრულ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს (მაგ.: ISO). ეს დოკუმენტები ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და მასზე დატანილია დასახელება „Georgia“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის დასახელების შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოებს და პროცესში უნდა იყვნენ ჩართული საქართველოს შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები.

ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ თავად არ აწარმოებს სამგზავრო დოკუმენტების ბლანკებს და ამ მიზნით გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა მწარმოებელთან. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯს უკავშირდება, ვინაიდან აღნიშნულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას წარმოშობს.

ამასთან, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედებით გამოწვეული მასშტაბური ცვლილებები შესაძლოა, ვერ განხორციელდეს არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, რა შემთხვევაშიც საჭირო იქნება ახალი, სანდო მომწოდებლის მოძიება, რაც, ამავე დროს, დროის ფაქტორთანაა დაკავშირებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ხელშეკრულებების გაუქმების გარეშეც დოკუმენტების ბლანკებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება თავისთავად იქნება დაკავშირებული მნიშვნელოვან დროის რესურსებთან, დოკუმენტების მაღალი უსაფრთხოების სტანდარტით ბეჭდვის აუცილებლობიდან გამომდინარე. ასევე, არამიზნობრივ ფინანსურ დანახარჯს გამოიწვევს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ უკანასკნელ პერიოდში შეძენილი პირადობის დამადასტურებელი ბლანკების რეზერვის გამოუყენებლობა.

გარდა ზემომითითებული გარემოებებისა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქვეყნის კოდის ცვლილება დაკავშირებულია ეროვნული ვალუტის ბანკნოტების და ინტერნეტმისამართების ცვლილებასთან, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ და სხვა სახის რესურსებთანაა დაკავშირებული, მაშინ, როდესაც „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით შემოთავაზებული ცვლილებების იმპლემენტაციისათვის 6-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თავდაპირველად უნდა შეფასდეს კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობა და საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ უნდა დადგეს საამისოდ მნიშვნელოვანი მთელი რიგი გარემოებების გაუთვალისწინებლად.

 

პატივისცემით,

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი

მოადგილე

ალექსანდრე ბარამიძე

 

 

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის

კომიტეტის თავმჯდომარეს

ქალბატონ მარიამ ჯაშს.

კომიტეტის წევრებს

 

                                                                                             ღია მიმართვა

 

ქალბატონო მარიამ!

პატივცემულო კომიტეტის წევრებო!

როგორც მოგეხსენებათ, თქვენი კომიტეტის ა/წ 8 მაისის სხდომის დღის წესრიგით დაგეგმილია ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N3050; 26.02.2018) - განხილვა;

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტოს მიერ თქვენდამი განკუთვნილ წერილში [№2578 – 13 აპრილი, 2018 წ.] გამოხატულ თვალსაზრისთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ, კომენტარის სახით გვინდა გაცნობოთ შემდეგი.

 

შენიშვნა პირველი

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს წერილში ვკითხულობთ:

„... 1. კანონპროექტით კანონის მე-3 მუხლს ემატება „ა1 ქვეპუნქტი, რომლითაც „საქართველო“ არის საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით, ხოლო კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის ცვლილების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სახელწოდების უცხო ენაზე მითითების პრინციპის და არა მისი სახელწოდების განსაზღვრა. შესაბამისად, ბუნდოვანია, რა მიზანს ემსახურება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდების განსაზღვრა“.

 

კომენტარი:

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების მოქმედ კანონებში ასახვა. ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში დადგენილი დიდი ხნის წესია.

ამდაგვარი პრინციპის გამოყენების ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომელიც ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პარლამენტისა [თავი მესამე] და საქართველოს პრეზიდენტის [თავი მეოთხე] ინსტიტუტთან დაკავშირებულ დებულებებს, თავის მხრივ, მე-11 და მე-12 თავებში, უცვლელად იმეორებს [ხაზს უსვამს] კონსტიტუციით უკვე დადგენილ ნორმებს.

ამდაგვარი პრინციპია დაცული ჩვენს შემოთავაზებაშიც. კერძოდ:

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი იძლევა, კანონში გამოყენებულ „ტერმინთა განმარტება“-ს. ჩვენი შემოთავაზებით, ამ მუხლში „ა1 ქვეპუნქტის შემოტანა [„ა1) საქართველო - საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება“], ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, მიზნად ისახავს კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის სახელდების, აღნიშნულ კანონში გამეორებას [ხაზგასმას].

 

შენიშვნა მეორე

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს წერილში ვკითხულობთ:

2. კანონპროექტით გათვალისწინებული „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ მოცემული პუნქტის როგორც მოქმედი რედაქციის, ისე ცვლილების პროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის ნაცვლად მოხსენიებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, მაშინ, როდესაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი“. შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ზემოხსენებული ჩანაწერი შესაბამისობაშია მოსაყვანი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტთან.

 

კომენტარი:

2000 წელს მიღებულ - „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დღეისათვის მოქმედი ჩანაწერი, კერძოდ: „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი დედაქალაქები...“ , შესაბამისობაში იყო მოსაყვანი:

ჯერ კიდევ - 2008 წელს მიღებულ - საქართველოს ორგანული კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის“ მე-5 მუხლთან, რომლის თანახმადაც: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ბათუმი“.

ქალაქ ბათუმის, აჭარის „დედაქალაქის“ მაგივრად „ადმინისტრაციულ ცენტრად“ მოხსენიებას ითვალისწინებს - 2018 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტისმიერი ჩანაწერიც - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი“.

ვფიქრობთ, რომ ხსენებულ „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დღეს მოქმედ ჩანაწერში არსებული ტერმინ „დედაქალაქი“-ს დღემდე უცვლელად დატოვება, უნდა უკავშირდებოდეს - ქვეყნის დღის წესრიგში მდგარი: დღეისათვის ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის საკითხის პოლიტიკურ მოგვარებას.

ჩვენს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში ტერმინ „დედაქალაქის“ უცვლელად დატოვებაც, სწორედ ზემოთქმული მიზეზით არის გამოწვეული.

 

შენიშვნა მესამე

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს წერილში ვკითხულობთ:

„3. ...კანონპროექტით შემოთავაზებულ ქვეყნის კოდის ცვლილებასთან („GE“- ჩანაცვლებაSAQ“-ით) მიმართებით მხედველობაშია მისაღები, რომ ISO 3166-1 სტანდარტით (alpha-2 ნოტაციით) განსაზღვრულია ქვეყნების ორნიშნა კოდები. შესაბამისად, ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ქვეყნის კოდად განისაზღვრებაSA“, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის სამეფოს კოდს წარმოადგენს“.

 

კომენტარი:

როგორც მოგეხსენებათ - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ დადგენილია ქვეყნებისა და დამოკიდებული ტერიტორიების სახელების კოდები.

სტანდარტის ოფიციალური სახელწოდებაა - „კოდები ქვეყნებისა და მათი ქვედანაყოფების აღსანიშნავად“ [მათ შორისაა - ნაწილი 1: ქვეყნის კოდები].

თავის მხრივ - ISO 3166 არის ხსენებული სტანდარტის ნაწილი.

ქვეყნის კოდები ISO 3166-1 სტანდარტის სახით პირველად - 1997 წელს გამოჩნდა ISO 3166-ის მეხუთე განახლებისას, როდესაც მოხდა ISO 3166 სისტემის შემდეგ სამ ნაწილად დაყოფა:

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემა,

ISO 3166-1 alpha-3 - სამნიშნა სისტემა, და

ISO 3166-1 რიცხვითი - სამციფრიანი სისტემა,

[ეს უკანასკნელი შემოღებული იქნა იმ ადამიანებისთვის ან/და სისტემებისთვის, რომლებიც არალათინურ დამწერლობას იყენებენ. ჩვენს შემთხვევაში ესაა კოდი - 268].

ქვეყნის ანბანური კოდები ISO 3166-ში თავიდანვე, 1974 წლიდან, იყო დართური, ხოლო ქვეყნის რიცხვითი კოდები, მეორე განახლებისას - 1981 წელს დაერთო.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს მიერ გამოთქმული მოსაზრება რომ ვინაიდან ISO 3166-1 სტანდარტით (alpha-2 ნოტაციით) განსაზღვრულია ქვეყნების ორნიშნა კოდები, და, შესაბამისად, ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ქვეყნის კოდად - SA“-ს დადგენა შეუძლებელია, რამეთუ იგი, ამჟამად, საუდის არაბეთის სამეფოს კოდს წარმოადგენს“ - ერთის მხრივ მართებულად ასახავს პრობლემას.

 

როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის, გაეროს წევრ სახელმშიფოთა შორის, სამოცდაათამდე ქვეყნისათვის, ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში დასახელების განსაზღვრისას, პირველი ორი ასოს მაგიერ გამოყენებულია: 1-ლი და მეორეს შემდგომი რომელიმე ასო-ნიშანი.

ასე მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ზოგიერთი ქვეყნის დასახელება ასე აღინიშნება:

ბელარუსი - BY; ესტონეთი - EE; თურქმენეთი - TM; ლატვია - LV; ლიტვა - LT; მოლდოვა - MD; სომხეთი - AM; ტაჯიკეთი - TJ; უკრაინა - UA; ყაზახეთი - KZ; ყირგიზეთი - KG.

ამგვარი აღნიშვნის მატარებელი ზოგიერთი ქვეყანის კოდური დასახელება ასეთია:

ავსტრია - AT; ბულგარეთი - BG; დანია - DK; თურქეთი - TR; მაკედონია - MK; მალტა - MT; მონაკო - MC; მონტენეგრო - ME; პოლონეთი - PL; პორტუგალია - PT; სერბეთი - RS; სლოვაკეთი - SK; სლოვენია - SI; შვეიცარია - CH; და ა.შ.

 

ჩვენი შემოთავაზებით, ხსენებული საკითხი, საქართველოს სახელდებასთან მიმართებაში შემდეგნაირად უნდა მოგვარდეს:

შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოს სახელდება:

ISO 3166-1 alpha-3 სამნიშნა სისტემაში იქნება - „SAQ“; ხოლო

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში, გამოყენებული იქნება არა სახელდება „SAQARTVELO“-ს პირველი ორი ასო: „SA“, არამედ: 1-ლი და მე-3 ასო-ნიშანი, და ჩაიწერება როგორც - „SQ“, რაც არანაირ სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული.

საბოლოოდ, აღნიშნული სტანდარტით, ჩვენი ქვეყნის დასახელება - „SAQARTVELO“, კოდური სისტემით ასე განისაზღვრება:

ISO 3166-1 alpha-3 სამნიშნა სისტემაში - „SAQ“;

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში - „SQ“;

ISO 3166-2-ის ოდებით - ISO 3166-2: SQ, ხოლო

დღეისათვი მოქმედი „რიცხვითი კოდი - 268“ დარჩება უცვლელი.

 

და ბოლოს, ჩვენ მთლიანდ ვიზიარებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტოს წერილში გამოთქმულ პოზიციას. რომ

„...ქვეყნის დასახელების შესაძლო შეცვლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოებს...“

და რომ, მთლიანობაში, ჩვენი საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების - „პროცესში უნდა იყვნენ ჩართული საქართველოს შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები“.

 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-100 წლისთავზე, საქართველოს სახელმწიფოს სახელდების საკითხის შესაბამისი დარეგულირება, თავის დადებით როლს ითამაშებს მსოფლიო საზოგადოების წინაშე საქართველოსა და ქართველთა იდენტობის სათანადო ფორმით წარმოჩენა დამკვიდრებაში.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით

საკანონმდებლო წინადადების ინიციატორთა სახელით

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი



საქართველოს პარლამენტის ბიუროს

ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასკვნა

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ოტგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე:გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ‘N3050, 26. 02. 2018 წ.].

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2018 წ. 8 მაისს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც კომიტეტს წარუდგინა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავნჯდომარემ მიხეილ ;გელა’ სალუაშვილმა.

საკანონმდებლო წინადადების მიზანია - იურიდიული საფუძვლის შემზადება მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მათი სხვადასხვა გაერთიანებებისადმი მიმართვისათვის, რათა, მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის დასახელებისა და ეროვნების აღსანიშნავად, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, გამოყენებული იქნეს „საქართველო“ - „Sakartvelo“, და შესაბამისად ქვეყნის საერთაშორისო კოდი, დღეისათვის არსებული - „GE“ ნაცვლად, შეიცვალოს - „SAQ“ კოდით.

საქანაონმდებლო წინადადება წაემოდგენილია გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის სახით, რომელიც დასახვეწია სამართლებრივი და შინაარსობრივი კუთხით.

კანონპროექტით შემოთავაზებულ ქვეყნის კოდის ცვლილებასთან („GE“-ს ჩანაცვლება „SAQ“-ით) მიმართებით მხედველობაშია მისაღები, რომ ISO 3166-1 სტანდარტით (alpha-2 ნოტაციით) განსაზღვრულია ქვეყნების ორნიშნა კოდები.

გარდა ამისა, საქართველოს სამგზავრო დოკუმენტები შედგენილია და აკმაყოფილებს „ICAO Document 9303“-ით განსაზღვრულ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს (მაგ.: ISO). ეს დოკუმენტები ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და მასზე დატანილია დასახელება „Georgia“. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის კოდის ცვლილება დაკავშირებულია ეროვნული ვალუტის ბანკნოტების და ინტერნეტმისამართების ცვლილებასთან, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ და სხვა სახის რესურსებთანაა დაკავშირებული, მაშინ, როდესაც

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით შემოთავაზებული ცვლილებების იმპლემენტაციისათვის 6-თვიანი ვადაა განსაზღვრული, რაც შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს ცვლილებების ცხოვრებაში გატარებისათვის.

კომიტეტი ეთანხმება საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ პრინციპს ჩვენი ქვეყნის უცხოენოვანი დასახელების ცვლილების თაობაზე. თუმცა, ამ ეტაპზე საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერა მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებები ხანგრძლივ და რთულ პროცესთან არის დაკავშირებული და მისი პრაქტიკაში განხორციელება მოითხოვს წინასწარი საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარებას, როგორც სამთავრობო ისე ცალკეული სამინისტროების დონეზე.

ამ ეტაპზე მიზანშეწონილია კომიტეტის მიერ შესწავლილ იქნეს ჩვენი ქვეყნის უცხოენოვანი დასახელების შეცვლის დადებითი და უარყოფითი მხარეები., ჩატარდეს შესაბამისი კვლევა და მოძიებულ იქნეს ყველა საჭირო ინფორმაცია.ამ ღონისძიებების შედეგების განხილვის შემდეგ კომიტეტი იმსჯელებს შესაბამისი ინიციატივის პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნო მიუღებლად.

პატივისცემით

კომიტეტის თავმჯდომარე

მარიამ ჯაში