Print

N 55. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [„უწყებათაშორისი კომისიის“ შექმნის დრო]]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვძეს

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო არჩილ!

ვითვალისწინებთ რა, რომ - საკანონმდებლო სივრცეში მეტ-ნაკლებად უკვე გამოიკვეთა საქართველოში - საერთო არჩევნების დანიშვნის პირობითი ვადები,

სახელისუფლო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებისა და წინასაარჩენო პროცესზე სათანადო რეაგირების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და შეკრების ვადები. შესაბამისად:

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 105-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.  

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 7 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 2019 წლის 5 აგვისტო,

წერ ჩაბ N 1-15029/19

07. 08. 2019 წ.

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისას ან ხელახალი არჩევნებისას − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.

5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი - კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

დღეისათვის მოქმედ არჩევნების საკითხების დამარეგულირებელ საკანონმდებლო სივრცეში, სათანადოდაა გამოკვეთილი საქართველოში - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის ვადები, კერძოდ:

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით:

- 3. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნები ტარდება პარლამენტის დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა“[მუხლი 37,3]; ხოლო

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით:

„1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში.

2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საკრებულოს, მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე“. [მუხლი 133,1-2].

აქვეა მოცემული - წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადები. კერძოდ:

„ წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1].

ამდენად, წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის] დაწყების დრო. ადრე არსებული არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების ვადიდან ათვლის ნაცვლად, უკვე -„კენჭისყრის დღემდე 60 დღითგანისაზღვრა.

შესაბამისად, მოქმედმა საკანონმდებლო რეჰულაციამ, საბოლოოდ გამოკვეთა, უშუალოდ, წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის] დაწყებასთან დაკავშირებული, როგორც - საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნის დრო [„უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე“], ასევე - საარჩევნო პერიოდის ამოქმედების ვადაც, კერძოდ - „კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე“ დროითი მონაკვეთი.

 

ზემოთქმულზე დაყრდნობით, თუ გავითვალისწინებთ, კანონმდებლობით - ოქტომბრის თვეზე ორიენტირებულ, საერთო არჩევნების ჩატარების თარიღებს, თავისთავად იკვეთება, უკვე აღნიშნული - „კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე „წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის]“ სავარაუდო დაწყების ქვედა მიჯნა - საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტოს თვის მეორე ნახევარი.

 

არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის „წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის]“ თანაბარ პირობებში ჩატარების უზრუნველსაყოფად, კერძოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო შემთხვევების მაქსიმალურად გამორიცხვის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“-ს, „მუხლი 48. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა“-ში, კერძოდ ვკითხულობთ:

1. ამ კანონის 45- მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება...

3. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია.

7. უწყებათაშორისი კომისია იხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე დარღვევის შესახებ ინფორმაციას...[მუხლი 48,1; 3; 7].

 

ამდენად, „უწყებათაშორისი კომისიის“ შექმნის მთავარი მიზანია: საჯარო მოსამსახურეების მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირება.

და, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობით, თავად ეს - „წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი“ იწყება „არჩევნებამდე 60 დღით ადრე“, რომელიც არაუადრეს საარჩევნო წლის აგვისტოს თვის მეორე ნახევრიდან დაიწყებს დროის ათვლას.

 

ამიტომ, ბუნებრივი იქნება, რომ, საარჩევნო კანონმდებლობით, თავად ამ „უწყებათაშორისი კომისიის“ შექმნის ვადაც, „წინასაარჩევნო კამპანიის“ დაწყების დროზე იყოს ორიენტირებული.

დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმის თანახმად -

„4. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისას ან ხელახალი არჩევნებისას − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში“ [მუხლი 48,4].

 

ჩვენი შემოთავაზებაც, სწორედ ამ საკითხის დარეგულირებას ითვალისწინებს. კერძოდ - სახელისუფლო რესურსის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და შეკრების ვადები.

 

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს გთავაზობთ, რომ:

1. კანონში არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა“, შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი“.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„4. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისას ან ხელახალი არჩევნებისას − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში“.

კანონით გათვალისწინებულ „წინასაარჩევნო პერიოდის [აგიტაციის]| დაწყების ვადასთან ახლო დროზე გათვლილი „უწყებათაშორისი კომისიის“ შექმნა და მისი, კანონით განსაზღვრული მიზნით ფუნქციონირება,, ვფიქრობთ, მაქსიმალურად შეამცირებს სახელისუფლო რესურსის არასათანადოდ გამოყენებით გამოწვეულ [დროით თუ ფინანსურ] ხარჯებს.

 

2. საარჩევნო კოდექსის დღეს მოქმედი ნორმა [მუხლი 48,5], კომისიის შეკრების პერიოდულობას აკავშირებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადებთან.

ტერმინ: „საარჩევნო სუბიექტების“ განმარტება მოქმედი კანონმდებლობით ასეთია

- „საარჩევნო სუბიექტიშესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი[მუხლი 2-რ].

თავის მხრივ, არჩევითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა, ზოგ შემთხვევაში - არჩევნებამდე 30-ე დღეს [იხ. მუხლი 116,10; 144,2]; ხოლო შესაძლო ხარვეზის აღმოფხვრის ვადების გათვალისწინებით [იხ. - მუხლი 145,1-2] - არჩევნებამდე, მაქსიმუმ 23-ე დღეს შეიძლება დამთავრდეს.

მოქმედი კანონმდებლობით, სწორედ ამ ვადის შემდეგ, კომისიის 2 კვირაში ერთხელ შეკრების ვალდებულება, იცვლება - ყოველკვირეული შეკრების მოთხოვნით.

 

ამ დროისათვის კი, როგორც ზემოთაც ვნახეთ, კანონის თანახმად განსაზღვრული წინასაარჩევნო კამპანიის 60 დღიანი ვადის ნახევარზე მეტი უკვე გასულია.

შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, შესაბამისი დროულობით მოახდინოს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალების შესრულება.

ყოველივე თქმულიდან გამომდინარე გთავაზობთ, რომ კომისიის შეკრების პერიოდულობა, დღეს მოქმედი საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადების სანაცვლოდ, დაუკავშირდეს ამ კანონით განსაზღვრულ - წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების 60 დღიან ვადას.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი - კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც“.


თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - „1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. [მუხლი 36,1].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი],

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.