Print

ეკა ბესელიას - იპითეკარების თაობაზე [6.10.2014 წ.]

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს

 ქალბატონ ეკა ბესელიას!


საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ქალბატონო ეკა!

ა.წ. 3 ოქტომბერს ელ. ფოსტით გადმოგვეგზავნა თქვენი კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის ბიუროსადმი განკუთვნილი დასკვნა [№9679, 11.09-2014 წ.], რომელიც ეხება ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას  - საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“ [№6052, 18.03.2014 წ.], რომლის თაობაზე უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წ. 13 მაისს შემდგარ, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების პირველ განხილვაზე, თქვენი ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - საქართველოს მთავრობის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენამდე, საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

2014 წ, 9 სექტემბერს პარლამენტში სტუმრობისას, თქვენი კომიტეტის აპარატის უფროსისაგან შევიტყვეთ, რომ ა.წ. 31 ივლისს, ჩვენი მონაწილეობის გარეშე გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, მიღებული ყოფილა გადაწყვეტილება ჩვენი საკანონმდებლო წინადადების უარყოფის თაობაზე.

თქვენი ხელმოწერით მიღებულ „დასკვნის“ ტექსტიდან კერძოდ გვეუწყება:

„...კომიტეტს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, რასთან დაკავშირებითაც სავალდებულოა მთავრობის დასკვნა. ამდენად, კომიტეტი არ არის უფლებამოსილი მიღებულად სცნოს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება“ [იქვე, გვ. 2].

სამწუხაროდ, აღნიშნულ დასკვნასთან ერთად ჩვენ არ მიგვიღია საქართველოს მთავრობის პოზიციის გადმომცემი დასკვნა.

ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ 31 ივლისისათვის თქვენს კომიტეტს უკვე მიღებული უნდა ჰქონოდა, ჩვენს საკანონმდებლო წინადადებასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის მხრიდან მომზადებული დასკვნა.

 

ქალბატონო ეკა!

ჩვენთვის, როგორც ამ საკანონმდებლო წინადადების ავტორებისათვის, ისევე როგორც იპითეკით დაზარალებული საქართველოს მოსახლეობისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია თუ რა პოზიცია დააფიქსირა საქართველოს მთავრობამ ამ საკითხის მოგვარების, ჩვენის მხრიდან შემუშავებული მექანიზმის მიმართ, რომელიც კერძოდ ითვალისწინებს, რომ:

„საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ შექმნილი არაჯანსაღი სამართლებრივი სივრცის გამო იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას - საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული სესხის, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს;

6.  1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკარების დახმარების არასამთავრობო ფონდი“-ს შექმნის საკითხს...“ [სრულად იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რათა თქვენი კომიტეტის აპარატის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნას ხსენებული სამთავრობო დასკვნის ჩვენთვის მოწოდება.

წინასწარ გიხდით მადლობას.


ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2014 წლის  6 ოქტომბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

ჩაბ. №19 900,

6.10-2014 წ.