Print

ეკა ბესელიას - ანტიდისკრიმინაციული კანონის თაობაზე [6.10.2014 წ.]

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს

 ქალბატონ ეკა ბესელიას!

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ქალბატონო ეკა!

ა.წ. 3 ოქტომბერს ელ. ფოსტით გადმოგვეგზავნა თქვენი კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის ბიუროსადმი განკუთვნილი დასკვნა [№9646, 11.09-2014 წ.], რომელიც ეხება ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას  - საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, [№9789, 08.05.2014 წ.], რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ, რომ თითქოსდა ჩვენ, ანუ:

„საკანონმდებლო წინადადების ავტორები მოითხოვენ ერთადერთ ცვლილებას კანონის პირველ მუხლში „კანონის მიზანი“, რომ ნიშნების ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნას შემდეგი „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“...“ [იხ. იქვე, გვ. 1].

 

ქალბატონო ეკა!

თავიდანვე, მორიდებით გვინდა შეგეკითხოთ:

1. პირადად თქვენ და თქვენი კომიტეტის წევრებს - ჩვენი საკანონმდებლო წინადადება წაკითხული გაქვთ?

2. თუ არ წაგიკითხავთ, მაშინ საკომიტეტო მოსმენაზე როგორ იმსჯელეთ მასზე?

3. და თუ წაკითხული გაქვთ, მაშინ განა არ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვითხოვთ არა - „ერთადერთ ცვლილებას“  [როგორც ამაზე თქვენს მიერ მომზადებულ დასკვნაშია მითითებული], არამედ, საქართველოს პარლამენტს ვთავაზობთ, რომ უკვე მიღებულ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის პირველ მუხლში „კანონის მიზანი“  შესულიყო - ორი ცვლილება; კერძოდ, კანონის ამ მუხლის არსებული რედაქციიდან [ჩამონათვალიდან] ამოღებული ყოფილიყო შემდეგი ფრაზები:

1. „მოქალაქეობისა“ და

2. „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“.

 

აი, რას ვკითხულობთ ჩვენი საკანონმდებლო წინადადების „განმარტებით ბარათში“:

„...თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში დამკვიდრებული ნორმის მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისაგან განსხვავებით, უფრო მეტ უფლებებს ითვალისწინებს [მაგ. არჩევნებთან მიმართებაში].

შესაბამისად, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში არსებული ჩანაწერი, რომელიც „მოქალაქეობის“ მიუხედავად, „ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა“-ს ისახავს მიზნად, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, და აუცილებლად უნდა გასწორდეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველი მუხლიდან ჩანაწერის - „მოქალაქეობისა“ ამოღებას...“ [იხ. იქვე, გვ. 2].

 

 ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია რამ გამოიწვია თქვენი კომიტეტის მხრიდან, ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადებისადმი ასეთი უყურადღებო დამოკიდებულება.

ქალბატონო ეკა!

აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ა.წ. 9 სექტემბერს პარლამენტში ყოფნისას, თქვენი კომიტეტის აპარატის უფროსის ბატონ ვალერიან ტეტუნაშვილისაგან  შევიტყვეთ, რომ 10 სექტემბერს 14.00 სთ-ზე ჩანიშნული თქვენი კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხის - „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის განხილვა" იყო დაგეგმილი.

იქვე, თქვენი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ბატონ გედეონ ფოფხაძესთან, თქვენი კომიტეტის აპარატის უფროსის თანდასწრებით შევთანხმდით, რომ 10 სექტემბერს ჩანიშნული თქვენი კომიტეტის სხდომის შემდეგ, კერძოდ 16.00 სთ-ზე კომიტეტში გეწვეოდით.

რაოდენ დიდი იყო ჩვენი გაოცება, როდესაც დათქმულ დროს თქვენთან მოსულებმა შევიტყვეთ, რომ თქვენ, კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენი ინფორმირებისა და თანდასწრების გარეშე, მეორე საკითხად განგიხილავთ ჩვენი ზემოთხსენებული საკანონმდებლო წინადადება.

ქალბატონო ეკა!

განა რა სიძნელეს წარმოადგენდა, რომ თქვენი აპარატის უფროსს ტელეფონით შეეტყობინებინა ჩვენთვის, და დათქმული 16.00 სთ-ის მაგივრად ისეთ დროს გეწვეოდით, რომ კომიტეტის სხდომაზე ჩვენივე საკითხის განხილვას დავსწრებოდით.

თქვენს კაბინეტში გამართულ მცირე შეხვედრაზე, აღნიშნული საკითხის ჩვენი თანდასწრების გარეშე განხილვის ჩატარების მიუღებლობის თაობაზე გამოთქმულ ჩვენს გულისტკივილს, ბუნებრივია არავითარი შედეგეი არ მოჰყოლია.

ფაქტი კი ერთია - ჩვენ რომ კომიტეტის სხდომაზე ჩვენივე საკითხის განხილვის შესაძლებლობა მოგვცემოდა, როგორც მინიმუმ, რბილად რომ ვთქვათ - იმ შეცდომას აიცილებდით, რაზეც თავში უკვე მოგახსენეთ.

 

ქალბატონო ეკა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე შემოვდივართ წინადადებით, რომ - ვინაიდან თქვენი კომიტეტი, მიზეზთა გამო, სათანადოდ ვერ გაერკვა ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მოთხოვნათა მთავარ არსში, დააყენოთ საკითხი რათა აღნიშნული საკითხი, კომიტეტის წევრთა მიერ მისი საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, კვლავ შევიდეს საკომიტეტო მოსმენის დღის წესრიგში.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად მაინც მოგვეცემა აღნიშნულ საკომიტეტო მოსმენაზე დასწრების შესაძლებლობა.

წინასწარ გიხდით მადლობას.


ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2014 წლის  6 ოქტომბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

ჩაბ. №19 910,

6.10 -2014 წ.