Print

2014 წ. 10 დეკემბრის მიმართვა ილია მეორეს

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს,

სინოდის თავმჯდომარეს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

უწმიდესსა და უნეტარეს

ილია II-ს

 

თქვენო უწმიდესობავ!

 

საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე ისტორიის გზასავალზე ქართული სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის სიმყარე დიდწილად განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის სულიერ თუ ფიზიკურ სიძლიერეს.

საბჭოთა იმპერიის ათეისტური იდეოლოგია, მთელი სამოცდაათი წლის მანძილზე, თანამიმდევრულად ცდილობდა შემოქმედისთვის დაეცილებია მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მაცხოვრებელნი.

1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნებით, ღმერთის ნებითა და საქართველოს მაცხოვრებელთა ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ღმერთისაკენ შემობრუნებული ერის წინამძღოლობა დაისახა მიზნად.

1991 წ. 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ზვიად გამსახურდიამ, 1991 . 7 ივნისს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე, ბიბლიაზე ხელდადებით წარმოთქმული საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, კერძოდ განაცხადა:

 „...საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიან ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას.

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათთვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც...

ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად...

ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროუ-ლად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც ემყარება. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადი-დებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს...“.

ჩვენი შეცოდებების გამო მომძლავრებული უკეთური ძალის გავლენით მომქმედი ქვეყნის გარე და შიდა დამნაშავე ელემენტების ერთობლივმა ქმედებამ, ქვეყნის მიერ სწორად განსაზღვრული გზასავალი დროებით შეცვალა.

ღმერთისადმი შინაგანი დამოკიდებულების, ფიზიკურ ქმედებაში გამოვლენის ნიმუშად გამოდგება ისიც, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებულმა“ პრეზიდენტებმა, ჯერ - ედ. შევარდნაძემ, ხოლო შემდგომად მ. სააკაშვილმა და გ. მარგველაშვილმა, საპრეზიდენტო ფიცის აღვლენა არა - ბიბლიაზე, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავთა ნააზრევის ერთობის ამსახველ იურიდიულ დოკუმენტზე - კონსტიტუციაზე ხელდადებით წარმოთქვეს.

ღმერთის სიტყვასა და ადამიანის ნამოღვაწარს შორის გაკეთებული ამ საბედისწერო არჩევანის შედეგმაც არ დააყოვნა: 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების გზით ქვეყნის სათავეში მოსული უკანონო და დამნაშავე ხელისუფალისა და მის სამართალმემკვიდრეთა ქმედებამ დღევანდელი რეალობის სურათი შექმნა.

 

თქვენო უწმიდესობავ!

თქვენ ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისა და აქ მაცხოვრებელთა ხსნა მხოლოდ ღმერთისაკენ მავალ ჭეშმარიტ გზისკენ შემობრუნებაშია.

მონანიების მადლით გამოვლენილმა საეკლესიო და პოლიტიკურმა ნებამ, ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს. 

სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე პირთა მიმართ ჩვენი ისტორიული ტოლერანტული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ოცდაოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, დღესაც აქტუალურია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული - „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრფეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავისუფლება, იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიის ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა...“.

 

თქვენო უწმიდესობავ!

გვინდა წარმოგიდგინოთ, საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების სახით გადასაცემად განკუთვნილი, ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებული კანონპროექტი - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“.

იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით შეფასებული წინამდებარე დოკუმენტი, იმ დიადი მიზნის განხორციელების ერთგვარ საფუძვლად იქცევა, რასაც - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჰქვია.

ცალკეულ საკითხთა ურთიერთ შეჯერების მიზნით, თქვენი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ თქვენთან, ან თქვენი კურთხევით მომქმედ ნებისმიერ პირთან გამართულ შეხვედრაში.         

ერი და ბერი - ჭეშმარიტ რწმენაზე დაფუძნებული საქმის მოლოდინშია - „ვინაიდან, როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე“ [იაკობ. 2,26].

და - „თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

 

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

დანართი:

კანონპროექტი - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, 14 გვ.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

"სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს 

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

თბილისი,

10 დეკემბერი, 2014 წ.