Print

20 სექტემბრის მიმართვა ქ-ნ თეა წულუკიანს

                                                       თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

                                                                     უწყებათაშორისი კომისიის

                                                             თავმჯდომარეს ქ-ნ თეა წულუკიანს

 

                                                                   კანონის დაცვა აუცილებელია

 

ქალბატონო თეა!

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, 2018 წლის 19 სექტემბერს მიღებულ იქნა N111/2018 განკარგულება - „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტისგირჩი პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ .

აღნიშნულთან მიმართებაში უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის [მუხლი 98. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი] თანახმად:

„ცესკოში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი“ [მუხლი 98,1].

ამავე კანონის მე-2 მუხლის [ტერმინთა განმარტება] თანახმად:

„პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით“;

 

ამდენად, დღეს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად - საპრეზიდენტო კანდიდატის წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანება უნდა იყოს - „ცესკოში რეგისტრირებული პარტია“.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის მე-10 პუნქტზე დაყრდნობით, ცესკოს თავმჯდომარის მიერ 2017 წ. 10 აგვისტოს მიღებული N16/2017 განკარგულების თანახმად, პ/გ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას „გირჩი“, უარი ეთქვა 2017 წ. 21 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მოთხოვნილ საარჩევნო რეგისტრაციაზე [არ წარმოადგინა მხარდამჭერთა სიები ხარვეზის შესწორების მიზნით], და, ამ მიზეზით, გამოეთიშა საარჩევნო პროცესს.

 

შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძის წარმდგენი - პ/გ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“, არ გახლავთ რა - ცესკოში რეგისტრაციის მქონე პარტია, , საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მას არ აქვს პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარ ცხადია, რომ:

საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პ/გ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“-ს მიერ დასახელებული ზურაბ ჯაფარიძის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე, ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებული განკარგულება N111/2018 [19. 09. 2018], წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან.

 

ქალბატონო თეა!

აქვე უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

2018 წ. 13 აგვისტოს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება №42/2018 – „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“. რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30 - ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების ა და 77- ე მუხლის მე -5 პუნქტის საფუძველზე , საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია...“.

 

ამ დადგენილებაში მითითებული კანონისმიერი მოთხოვნები ასეთია:

„მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება

3. ცესკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ცესკოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც“.

 

მუხლი 30. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები

2. ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას“.

 

როგორც ვხედავთ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება №42/2018 – „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, რომლის თანახმადაც - საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება მიეცათ აგრეთვე - „...იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია...“, წინააღმდეგობაში მოდის „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 98-ე მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან.

 

შესაბამისად:

ერთის მხრივ - 2018 წ. 13 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილებითა [№42/2018], და

მეორეს მხრივ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, 2018 წლის 19 სექტემბერს მიღებული N111/2018 განკარგულებით განსაზღვრული რეგულაციების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც:

2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დარეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

 

ქალბატონო თეა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე ვეყრდნობით რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს 


მოგმართავთ წინადადებით, რათა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორის კომისიამ, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ სახელზე შეიმუშაოს შემდეგი სახის რეკომენდაცია:

 

პროექტი

                                               საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

                                                  „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“

                                                                    უწყებათაშორისი კომისიის

                                                                                  რეკომენდაცია

                                                      „საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

 

2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დარეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის მონაწილეობის გამორიცხვის მიზნით:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 98-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, მოგმართავთ წინამდებარე რეკომენდაციით, რათა თქვენს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით გააუქმოთ:

ერთის მხრივ - 2018 წ. 13 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება №42/2018, და

მეორეს მხრივ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, 2018 წლის 19 სექტემბერს მიღებული N111/2018 განკარგულება.

 

ქალბატონო თეა!

იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოთქმული საკითხის განხილვა მოხდება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის2018 წ. 20 სექტემბრის სხდომაზე.

 

პატივისცემით

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე

პრეზიდენტობის კანდიდატი,

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე

20 სექტემბერი, 2018 წ,