Print

ღია მიმართვა თეა წულუკიანს!

                                                         თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

                                                                        უწყებათაშორისი კომისიის

                                                                თავმჯდომარეს ქ-ნ თეა წულუკიანს

 

                                                                     დავიცვათ/უზრუნველყოთ

                                            2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების

                                                     სათანადო სამართლებრივი ლეგიტიმაცია

 

ქალბატონო თეა!

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი 48- მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, თქვენს მიერ მიღებული ბრძანების თანახმად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სამოქმედო მიზანი, ასეთია:

„საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია“ [მუხლი 48,4]; ამასთან

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად - „საჯარო სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში“ [მუხლი 1,1]; ხოლო

- საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად - „საბიუჯეტო ორგანიზაცია − მხარჯავი დაწესებულება ან/და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების თანახმად“.

 

ქალბატონო თეა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ წინამდებარე წერილით, რათა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი 48- მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უწყებათაშორისი კომისიის მიერ განხილულ იქნეს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემდეგი ფაქტი.

საქმე ეხება - სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების მქონე - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, კერძოდ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ორი სამართლებრივი აქტის შეუსაბამობას საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

 

ჩვენს მიერ 2018 წ, 20 სექტემბერს თქვენდამი გამოგზავნილ წერილში [N20/09-1], უკვე მოგახსენეთ, რომ:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება №42/2018 – „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, რომლის თანახმადაც - საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება მიეცათ აგრეთვე - „...იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია...“, წინააღმდეგობაში მოდის „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 98-ე მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც - საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ - ცესკოში რეგისტრირებულ პარტიას.

იმავე წერილში გაცნობეთ, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას „გირჩი“, როგორც საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პოლიტიკურ პარტიას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უფლება არ ჰქონდა დაესახელებინა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი [ზურაბ ჯაფარიძე].

მიუხედავად ამისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, 2018 წლის 19 სექტემბერს მიღებულ იქნა N111/2018 განკარგულება - „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტისგირჩი პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“.

 

ამდენად, დღეისათვის არსებული რეალობიდან გამომდინარე, 2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებული 25 კანდიდატიდან ერთი - ზურაბ ჯაფარიძე, გახლავთ - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დარეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატი.

 

ქალბატონო თეა!

საპრეზიდენტო არჩევნების მოსალოდნელი შედეგების ვარიანტებს შორის, თუ განვიხილავთ - მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით დარეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის გამარჯვების დაშვების თეორიულ შესაძლებლობას, მაშინ იქმნება საშიშროება, რომ, 2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეყოლება, შესაბამისი კანონიერი ლეგიტიმაციის არმქონე, ანუ - უკანონო პრეზიდენტი.

მეორეს მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით დარეგისტრირებული, საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის სასარგებლოდ საქართველოს ამომრჩეველთა ნებისმიერი რაოდენობის მიერ გამოხატული მხარდაჭერა [თეორიული დაშვებით - საერთო რაოდენობის მე2, მე-3 და ა.შ. შედეგი] ასევე იქონიებს შესაბამის გავლენას - საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული ნებისმიერი კანდიდატის ლეგიტიმაციის კანონიერებაზე.

 

ქალბატონო თეა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე ვეყრდნობით რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს

 

მოგმართავთ წინადადებით,

რათა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორის კომისიამ, „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისსახელზე

შეიმუშაოს შემდეგი სახის რეკომენდაცია:

 

პროექტი

                                                     საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული

                                                          „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“

                                                                                 უწყებათაშორისი კომისიის

                                                                                             რეკომენდაცია

                                                                „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე,

ვხელმძღვანელობთ რა 2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დარეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის მონაწილეობის გამორიცხვისა და

2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მაღალი კანონიერი ლეგიტიმაციის უზრუნველყოფის მიზნით:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 98-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, მოგმართავთ წინამდებარე რეკომენდაციით, რათა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, თქვენს მიერვე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით გააუქმოთ:

ერთის მხრივ - 2018 წ. 13 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება №42/2018, და

მეორეს მხრივ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, 2018 წლის 19 სექტემბერს მიღებული N111/2018 განკარგულება.

 

ქალბატონო თეა!

იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოთქმული საკითხის განხილვა მოხდება „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის2018 წ. 5 ოქტომბრის სხდომაზე.

 

პატივისცემით

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე

პრეზიდენტობის კანდიდატი,

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე

4 ოქტომბერი, 2018 წ,