Print

ღია მიმართვა - ბ. ივანიშვილსა და თ. წულუკიანს [09. 11. 2018]

პარტია „ქართული ოცნება -

დემოკრატიული საქართველოსათვის“

თავმჯდომარეს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრს

ქალბატონ თეა წულუკიანს

 

ღია მიმართვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის

სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე

 

ბატონო ბიძინა!

ქალბატონო თეა!

 

როგორც მოგეხსენებათ 2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში თქვენს მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა - 615 572 ამომრჩეველმა, რაც, ბათილად ცნობილი ბიულეტენების გამოკლებით, შეადგენს არჩევნებში მონაწილე 1 637 956 ამომრჩეველთა - 38.64%-ს, ანუ საქართველოში დარეგისტრირებულ - 3 504 082 ამომრჩეველთა მხოლოდ - 17,57%-ს. [მეორე ადგილზე გასული კანდიდატისთვის ეს მაჩვენებელი - 17,16%-ს შეადგენს].

 

ვითვალისწინებთ რა 2012 წლის შემდგომად დღემდე შექმნილ რეალობას, დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებიდან გამომდინარე, ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტიის - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ რეალურ მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ხსენებული მაჩვენებელი

ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ თავად სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერმა საქართველოს ამომრჩეველმა არ გაიზიარა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებული შემოთავაზება, და უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტად ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის არჩევაზე.

 

ბატონო ბიძინა!

ქალბატონო თეა!

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში - ქ-ნ სალომე ზურაბიშვილისა, და 2004 -2012 წ,წ, ქვეყნის სათავეში მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი „ნაც. მოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის გასვლის გამო, საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან, მათ კარგად იციან, რომ:

ერთის მხრივ აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტის არჩევა; თუმცა

მეორეს მხრივ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მათთვის, თანაბრად მიუღებელია, როგორც - 17,57%-იანი რეიტინგის მქონე ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის, ასევე - 17,16%-იანი რეიტინგის მქონე - გრიგოლ ვაშაძის არჩევა.

 

ბატონო ბიძინა!

ქალბატონო თეა!

ვხელმძღვანელობთ რა „საქართველოს კონსტიტუციის“ მოთხოვნით, რომ - „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში“ [მუხლი 5,1],

და

ვითვალისწინებთ რა დღეს მოქმედი - 1. „საქართველოს კონსტიტუციის“ 70-ე და 71-ე მუხლებითა; და 2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2, 104-ე, 105-ე და 106-ე მუხლებით გამოკვეთილ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა მიხედვით:

- „ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს... . არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ“ [2. მუხლი 104,3;6]; ამდენად, მეორე ტურის ჩატარებიდან 22-ე დღეს უკვე ცნობილი იქნება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ვინაობა;

- საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ საპროგრამო სიტყვისა და ფიცის დადების „...ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [1, მუხლი 71,1-2]; ამასთანავე

- 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუციის კანონპროექტი ძალაში შედის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, რომლის შემდეგაც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის განსხვავებული წესი;

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე

გვინდა შემოგთავაზოთ, დღეისათვის შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით შემუშავებული, რამოდენიმე ეტაპიანი, სამართლებრივი მექანიზმი, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე, საჭიროა ქ-მა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ დადოს პირობა - სახელისუფლო პარტიისა და მისი მხარდამჭერი, საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის წინაშე, რომ:

1. იგი, როგორც საქართველოს მომავალზე მაფიქრალი პოლიტიკოსი, ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას 2004 -2012 წ.წ. ქვეყნის სათავეში მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი, და რევანშისტურად განწყობილი „ნაც. მოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება; შესაბამისად

2. იგი, ითვალისწინებს რა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში საქართველოს ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებას, მზად არის, საკუთარი პოლიტიკური ამბიციის [დროებით] უკან გაწევის გზით, გადადგას, მსოფლიოსა და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღემდე უპრეცენდენტო ნაბიჯი, და საქართველოს ამომრჩეველს მისცეს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის საჭირო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. კერძოდ:

3. იგი, სახელისუფლო პარტიისა და მისი მხარდამჭერი საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის წინაშე, საჯაროდ დადებს პირობას, რომ მათი მხრიდან ერთობლივად გამოხატული სათანადო მხარდაჭერის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში,

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებიდან, ვიდრე საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე, კონსტიტუციით განსაზღვრული სამი კვირის განმავლობაში [იხ.[1, მუხლი 71,1-2],

გააკეთებს განაცხადს არჩეული პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომის თაობაზე.

 

ბატონო ბიძინა!

ქალბატონო თეა!

2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მეორე ტურში არჩეულად გამოცხადებული პირის მიერ, საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე გაკეთებული გადადგომის განაცხადის გამო შეიქმნება რეალობა, როდესაც:

1. გაგრძელდება დღეს მოქმედი „საქართველოს კპნსტიტუციის“ ვადა;

2. რაც გახდება საფუძველი, მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებისათვის, რომელიც, - „...მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება“ [2, მუხლი 2-ე].

 

საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები საშუალებას მისცემს, როგორც სახელისუფლო პარტიას, ასევე არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე ყველა სუბიექტს, საქართველოს ამომრჩეველს შესთავაზოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ახლად დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი.

 

წარმოდგენილი სამართლებრივი მექანიზმის პრაქტიკული განხორციელება, ერთის მხრივ - სახელისუფლო პარტიას, და მეორეს მხრივ - ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს ქვეყნის წინაშე წარსდგნენ, როგორც საქართველოს მოსახლეობის ნების გამათვალისწინებელი, მაღალი სულიერი და ფიზიკური მორალურ-ზნეობრივი კატეგორის მატარებელ ძალად.

 

დე, ღმერთმა მოქცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

 

თბილისი, 2018 წ. 9 ნოემბერი

მიმართვის ჩაბ N1190; 09. 11. 2018 წ,