Print

ღია მი მართვა - ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს [09. 11. 2018]

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის

არჩევნების მეორე ტურში გასულ

პრეზიდენტობის კანდიდატს

სალომე ზურაბიშვილს!

 

ღია მიმართვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის

სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე

 

ქალბატონო სალომე!

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოში დარეგისტრირებული - 3 504 082 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო - 1 637 956 ამომრჩეველმა, ანუ - 46,74%-მა.

 

მიუხედავდ იმისა, რომ თქვენ, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დაგიჭირათ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერის მქონე სახელისუფლო პარტიამ - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“,

დიახ, მიუხედავად ამისა

- არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ - 615 572 ამომრჩეველმა, რაც, ბათილად ცნობილი ბიულეტენების გამოკლებით, შეადგენს არჩევნებში მონაწილეთა - 38.64%-ს, ანუ საქართველოში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ - 17,57%-ს.

ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ თავად სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერმა საქართველოს ამომრჩეველმა არ გაიზიარა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებული შემოთავაზება, და უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტად თქვენს არჩევაზე.

 

ქალბატონო სალომე!

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში - თქვენი და, 2004 -2012 წ,წ, ქვეყნის სათავეში მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი „ნაც. მოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის გასვლის გამო, საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან, მათ კარგად იციან, რომ:

ერთის მხრივ აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტის არჩევა; თუმცა

მეორეს მხრივ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მათთვის, თანაბრად მიუღებელია - თქვენი, ან - გრიგოლ ვაშაძის არჩევა.

 

ქალბატონო სალომე!

ვფიქრობთ, რომ თქვენთვის, როგორც პოლიტიკაში სხვადასხვა დონით ჩართული პირისათვის, ცნობილია ის მორალურ-ზნეობრივი კატეგორიის ჩარჩოები, რომ - არ შეიძლება იმ ქვეყნის ამომრჩევლის ნების არ გათვალისწინება, რომელი ქვეყნის პრეზიდენტად გახდომის სურვილიც გაქვთ.

დამდგარი რეალობა სამწუხაროდ ასეთია - თქვენ, თანაბრად უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ, როგორც სახელისუფლო პარტიას: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, ასევე ამ პარტიის მხარდამჭერ საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობას.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ თქვენ:

ერთის მხრივ არ გსურთ დაუშვათ დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის საპრეზიდენტო პოსტზე არჩევა; ხოლო

მეორეს მხრივ - ნამდვილად შეგტკივათ გული საქართველოს მომავალზე და პატივს ცემთ საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას,

მინდა შემოგთავაზოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი, რომლის განხორციელებაც, თქვენს მიერ შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაშია შესაძლებელი. კერძოდ:

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე, საჭიროა საჯაროდ დადოთ პირობა, როგორც სახელისუფლო პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ და მისი მხარდამჭერი საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის წინაშე, რომ:

თქვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალზე მაფიქრალი პოლიტიკოსი, ეყრდნობით რა დღეს მოქმედი

1. „საქართველოს კონსტიტუციის“ 70-ე და 71-ე მუხლებითა; და

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2, 104-ე, 105-ე და 106-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,

მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ, დღეისათვის შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით შემუშავებული, რამოდენიმე ეტაპიანი, სამართლებრივი მექანიზმის რეალიზებაში.

 

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით:

- „ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს... . არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ“ [2. მუხლი 104,3;6]; ამდენად, მეორე ტურის ჩატარებიდან 22-ე დღეს უკვე ცნობილი იქნება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ვინაობა;

- საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ საპროგრამო სიტყვისა და ფიცის დადების „...ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [1, მუხლი 71,1-2]; ამასთანავე

- 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუციის კანონპროექტი ძალაში შედის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, რომლის შემდეგაც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის განსხვავებული წესი.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე შემოთავაზების მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

სახელისუფლო პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ და მისი მხარდამჭერი საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის წინაშე თქვენს მიერ ღიად კაეთებული განაცხადის საფუძველზე, საპრეზიდენტო არჩევნებში ერთობლივად გამოხატული სათანადო მხარდაჭერის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში,

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებიდან, ვიდრე საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე, კონსტიტუციით განსაზღვრული სამი კვირის განმავლობაში [იხ.[1, მუხლი 71,1-2];

თქვენ აკეთებთ განაცხადს არჩეული პრეზიდენტის პოსტიდან თქვენი გადადგომის თაობაზე,

რაც გახდება საფუძველი, დღეისათვის მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებისათვის, რომელიც - „...მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება“ [2, მუხლი 2-ე].

საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები საშუალებას მისცემს, როგორც სახელისუფლო პარტიას, ასევე არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე ყველა სუბიექტს, საქართველოს ამომრჩეველს შესთავაზოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დასახელებულ კანდიდატთა შორის გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი.

 

ქალბატონო სალომე!

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი სულიერი და ფიზიკური მორალურ-ზნეობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, აღმოგაჩნდებათ იმის შინაგანი ძალა რათა:

გადადგათ, მსოფლიოსა და, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღემდე უპრეცენდენტო ნაბიჯი, და

დღევანდელი საკუთარი პოლიტიკური ამბიციის [დროებით] უკან გაწევის გზით, მისცეთ საქართველოს ამომრჩეველს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის საჭირო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

 

დე, ღმერთმა მოქცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

 

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

თბილისი, 2018 წ. 9 ნოემბერი

მიმართვის ჩაბ. N 01/141 [10. 11. 2018]