Print

ღია მიმართვა -ქ-ნ სალომე ზურაბიშვილსა და ბ-ნ გრიგოლ ვაშაძეს

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის

არჩევნების მეორე ტურში გასულ

პრეზიდენტობის კანდიდატებს

ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს!

და

ბ-ნ გრიგოლ ვაშაძეს!

 

ღია მიმართვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის

სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე

 

„...ეროვნული მოძრაობა უნდა გვიყვარდეს ჩვენ თავში,

და არა ჩვენი თავი ეროვნულ მოძრაობაში“

/მერაბ კოსტავა/

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

ამჯერად ჩვენ არ ვეხებით არცერთი თქვენთაგანის იმ მორალურ და ზნეობრივ კატეგორიებს, რომლებმაც განაპირობეს კიდეც თქვენი დღევანდელი პიროვნული სახის ჩამოყალიბება.

გვინდა გვჯეროდეს, რომ თითოეულ თქვენთაგანი ხელმძღვანელობთ უმთავრესი პრინციპით - „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ანუ - საქართველო გიყვართ თქვენს თავში და არა თქვენი თავი საქართველოში.

 

ჩვენი სათქმელის გაცნობამდე, ზოგად მონაცემებს შეგახსენებთ:

ცესკოს მიერ 2018 წ. 14 ნოემბერს მიღებული - „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ თანახმად - საქართველოში დარეგისტრირებული - 3 518 887 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 647 878 [ანუ - 46,83%] ამომრჩეველმა, ბათილად ცნობილი იქნა - 53 847 ბიულეტენი.

 

ქალბატონო სალომე!

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დაგიჭირათ სახელისუფლო პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ - 615 572 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს არჩევნებში მონაწილეთა - 38.64%-ს, ანუ საქართველოში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ - 17,49%-ს.

ამდენად, ცხადია, რომ თავად სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერმა საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობამ არ გაიზიარა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებული შემოთავაზება, და უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტად თქვენს არჩევაზე.

ვფიქრობთ ძნელი არაა იმაში გარკვევა, რომ არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ, საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის მოწინააღმდეგე ამომრჩეველთა იმ ნაწილმა რომელიც ერთის მხრივ - უშუალოდ თქვენი მომხრეა, და მეორეს მხრივ - რომელმაც ანგარიში გაუწია სახელისუფლო პარტიის მიერ თქვენდამი გამოხატულ მხარდაჭერის მოწოდებას.

 

ბატონო გრიგოლ!

თქვენ, როგორც, 11 ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ შემავალი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, თქვენი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზების პირობებში, არჩევნების პირველ ტურში ხმა მოგცათ - 601 224 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს, ერთის მხრივ არჩევნებში მონაწილეთა - 37,74%-ს, მეორეს მხრივ კი - საქართველოში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ - 17,09%-ს.

ნათელია, რომ არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ, საქართველოში 2012 წლიდან ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტიის მოწინააღმდეგე ამომრჩეველთა იმ ნაწილმა რომელიც ერთის მხრივ - უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა, და მეორეს მხრივ, რომელმაც - ანგარიში გაუწია პრეზიდენტობის კანდიდატად თქვენს წარმდგენ გაერთიანებაში შემავალი პარტიების მიერ თქვენდამი გამოხატულ მხარდაჭერის მოწოდებას.

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ, მეტ-ნაკლები სიზუსტით, 2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში მისულ ამომრჩეველთა - 61%-ს, ანუ საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა - 82%-ს, არცერთი თქვენთაგანი არ სურს იხილოს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად, იქმნება სურათი, რომ თითქოს თქვენ, გსურთ, დამატებით მოიპოვოთ:

ერთის მხრივ თქვენი კონკურენტი კანდიდატის მოწინააღმდეგე; ხოლო

მეორეს მხრივ მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის [ცხრაწლიანი თუ ექვსწლიანი] მმართველობით უკმაყოფილო ამომრჩეველთა მხარდაჭერა.

 

საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმრავლესობა აღმოჩნდა მისთვის გამოუვალ მდგომარეობაში. კერძოდ, მიუხედავად იმისა რომ:

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მათთვის, თანაბრად მიუღებელია თქვენი, როგორც 17 – 17 პროცენტიანი რეიტინგის მქონე პირთა არჩევა;

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის აუცილებლობის მოცემულობიდან გამომდინარე, ამომრჩეველი იძულებულია შესაძლო არჩევანი გააკეთოს არა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ იმიტომ რომ მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია თქვენი კონკურენტი კანდიდატი.

ჩვენის აზრით, ქვეყნის ამომრჩეველზე ასეთი ფორმით ძალადობა ყოვლად დაუშვებელია.

 

აქედან გამომდინარე, გამოვთქვამთ რა იმედს, რომ თქვენთვის მთავარია არა თქვენს მიერ სახელმწიფო იერარქიაში არსებულ რომელიმე თანამდებობაზე ყოფნა, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; და რომ

ნებისმიერი გზით თანამდებობის მაძიებელ სულმდაბალ პოლიტიკოსთაგან განსხვავებით, თქვენი შინაგანი ბუნების განმსაზღვრელი ზნეობრივი ფასეულობებიდან გამომდინარე, თქვენ სათანადოდ გაქვთ გაცნობიერებული არჩევნების პირველ ტურში, იმ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების პატივისცემის ვალდებულება, რომელთა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილიც თქვენ გამოძრავებდათ;

გთავაზობთ, ჩვენს მიერ შემუშავებულ სამართლებრივ მექანიზმს, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში:

 

ვითვალისწინებთ რა, რომ - არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევის მოწინააღმდეგეა, არჩევნების პირველ ტურში მოსულ ამომრჩეველთა - 61%, ანუ საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა - 82%; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - თქვენ არ დაუშვებთ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი ჩააყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რაც აიძულებს, მას: ან საერთოდ უარი თქვას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე; ანდა გააკეთოს არჩევანი, მისთვის - ცუდსა და უარეს კანდიდატს შორის; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რომელიმე თქვენთაგანის მიერ საკუთარი კანდიდატურის ცალმხრივად მოხსნა, კონკურენტი კანდიდატის სასარგებლოდ გაკეთებული ნაბიჯი იქნება; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, თავისი არსით საქართველოში 2004-2012 წ.წ. და 2012 წლიდან ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტიების მომხრე-მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების არეალად აქცევს; და

ვითვალისწინებთ რა, რომ - ასეთი რეალობის ფონზე, რომელიმე თქვენთაგანის საქართველოს პრეზიდენტად არჩევა, საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი დაპირისპირების მქონე ორ ძირითად ბანაკად დაყოფისა და ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის ხელშემშლელი ვითარების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს;

გთავაზობთ გადადგათ, მსოფლიოსა და, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღემდე უპრეცენდენტო ნაბიჯი; კერძოდ:

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე, საჭიროა საჯაროდ დადოთ პირობა, როგორც თქვენი, ასევე თქვენი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების წინაშე, რომ

ამ ეტაპზე თქვენ მზად ხართ უარი თქვათ თქვენს საპრეზიდენტო ამბიციებზე, და მისცეთ საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა, რათა 2018 წ. 28 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ფაქტობრივად იქცეს ერთგვარ რეფერენდუმად, რომლის შედეგადაც გაირკვევა: ერთის მხრივ 2004-2012 წ.წ. და მეორეს მხრივ - 2012 წლიდან საქართველოში მომქმედი სახელისუფლო ძალების მხარდამჭერთა რაოდენობა;

 

შესაბამისად, თქვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალზე მაფიქრალი პოლიტიკოსი, ეყრდნობით რა დღეს მოქმედი

1. „საქართველოს კონსტიტუციის“ 70-ე და 71-ე მუხლებითა;

და

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2, 104-ე, 105-ე და 106-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,

მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ, დღეისათვის შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით შემუშავებული, წინამდებარე, რამოდენიმე ეტაპიანი, სამართლებრივი მექანიზმის რეალიზებაში.

 

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით:

- „ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს... . არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ“ [2. მუხლი 104,3;6]; ამდენად, მეორე ტურის ჩატარებიდან 22-ე დღეს უკვე ცნობილი იქნება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ვინაობა;

 

- საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ საპროგრამო სიტყვისა და ფიცის დადების „...ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [1, მუხლი 71,1-2]; ამასთანავე

 

- 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუციის კანონპროექტი ძალაში შედის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, რომლის შემდეგაც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის განსხვავებული წესი.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე შემოთავაზების მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

როგორც თქვენი, ასევე თქვენი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების წინაშე, თქვენს მიერ ღიად გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, საპრეზიდენტო არჩევნებში ერთობლივად გამოხატული სათანადო მხარდაჭერის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში,

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებიდან, ვიდრე საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე, კონსტიტუციით განსაზღვრული სამი კვირის განმავლობაში [იხ.[1, მუხლი 71,1-2];

თქვენ აკეთებთ განაცხადს არჩეული პრეზიდენტის პოსტიდან თქვენი გადადგომის თაობაზე,

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მეორე ტურში არჩეულად გამოცხადებული პირის მიერ, საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე გაკეთებული გადადგომის განაცხადის გამო შეიქმნება რეალობა, როდესაც:

1. გაირკვევა: ერთის მხრივ 2004-2012 წ.წ. და მეორეს მხრივ - 2012 წლიდან საქართველოში მომქმედი სახელისუფლო ძალების მხარდამჭერთა რაოდენობა;

2. გაგრძელდება დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ ვადა;

3. რაც გახდება საფუძველი, მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებისათვის, რომელიც, - „...მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება“ [2, მუხლი 2-ე].

 

საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები საშუალებას მისცემს, არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე ყველა სუბიექტს, საქართველოს ამომრჩეველს შესთავაზოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ახლად დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი.

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

ვფიქრობთ ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის წარმოდგენილი სამართლებრივი მექანიზმი, მხოლოდ თქვენი მხრიდან სათანადო პოლიტიკური ნების გამოჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი სულიერი და ფიზიკური მორალურ-ზნეობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, აღმოგაჩნდებათ იმის შინაგანი ძალა რათა:

გადადგათ, მსოფლიოსა და, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღემდე უპრეცენდენტო ნაბიჯი, და

დღევანდელი საკუთარი პოლიტიკური ამბიციის [დროებით] უკან გაწევის გზით, მისცეთ საქართველოს ამომრჩეველს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის საჭირო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

 

დე, ღმერთმა მოქცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

 

თბილისი, 2018 წ. 18 ნოემბერი