Print

19 აგვისტო 2019 წ. - საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს

ბატონ ივანე ცარციძეს

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

 

ბატონო ივანე!

გაცნობებთ, რომ კავშირის წესდების მუხლი 6,1-ის შესაბამისად, 2019 . 17 აგვისტოს გაიმართა / სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე- სათათბიროს მე-11 სხდომა.

კავშირის უმაღლეს თანამდებობის პირად: ლასკარის თავმჯდომარედ კვლავ მიხეილ [გელა] სალუაშვილი იქნა არჩეული.

კავშირის წესდების მუხლი 6,3-ის შესაბამისად არჩეულ იქნენ ლასკარის წევრები და სარევიზიო კომისია

 

დანართი:

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“- მე-11 სათათბირო სხდომის ოქმის ამონაწერი - 1 ფურც.

კავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობა - 1 ფურც.

პატივისცემით:

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

წერ. ჩაბ. N382463/17,

19. 08. 2019 წ.


პ ა ს უ ხ ი


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

N302733 29 / აგვისტო / 2019 წ.

სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე თავმჯდომარეს ბატონ

მიხეილ სალუაშვილს

ბატონო მიხეილ,

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხილულ იქნა თქვენი 2019 წლის 19 აგვისტოს განცხადება (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის თარიღი: 19.08.2019წ.; რეგისტრაციის ნომერი: 382463/17) თანდართულ დოკუმენტებთან (სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე თავმჯდომარის 2019 წლის 19 აგვისტოს N19/08-01 მიმართვა, სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე მე-11 სათათბირო სხდომის ოქმის ამონაწერი (N19/08-01; 19.08.2019 წ.წ.)) ერთად, წარმოდგენილი ინფორმაციის ცნობად მიღების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით განგიმარტავთ შემდეგს:

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მარეგისტრირებელ ორგანოში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - თავმჯდომარის არჩევის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნობის სახით წარდგენის რეგულაციას არ ითვალისწინებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2016 წლის 27 მაისს შეტანილი ცვლილებებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს № 161 ბრძანებით დამტკიცებულ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესის“ გათვალისწინებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე ხელმძღვანელობასა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება (ახალი თავმჯდომარის არჩევა ან მოქმედი თავმჯდომარის ახალი უფლებამოსილების ვადით არჩევა) ექვემდებარება რეგისტრაციას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №161 ბრძანებით დამტკიცებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით „რეგისტრაცია არის პარტიის შექმნის, მის წესდებაში და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული მონაცემების ცვლილებისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.“. ამავე წესის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სავალდებულო მონაცემს წარმოადგენს პარტიის ხელმძღვანელი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ მონაცემები (თანამდებობა, სახელი, გვარი, ასევე მათი უფლებამოსილების შეზღუდვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)).

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მიხედვით,

„1. პარტია ვალდებულია წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“– „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტი (დოკუმენტები).

2. თუ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით ან პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია პარტიის ყრილობის მიერ სათანადო წესით მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიზნით ჩატარებულ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი. არ არის სავალდებულო ნოტარიუსის დასწრება ყრილობის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ისეთ საკითხს, რომელზე მიღებული გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებაც გათვალისწინებულია ამ პუნქტით, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ ყრილობის ოქმში.

3. ცვლილების რეგისტრაცია ხდება ამ კანონის 23-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

4. წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ.“.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამავე კანონის 22 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების, მათ შორის, პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება იმავე პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელშიც (რომლებშიც) ასახულია განახლებული ინფორმაცია შესაბამის ფაქტთან დაკავშირებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №161 ბრძანებით დამტკიცებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით პარტიის რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანისათვის დადგენილია სარეგისტრაციო მოსაკრებელი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 500 (ხუთასი) ლარის 25%-ის ოდენობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №161 ბრძანებით დამტკიცებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პარტიის რეგისტრაციის, განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული მონაცემის, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე ხელმძღვანელობასა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ცვლილება (თავმჯდომარის არჩევის შესახებ მონაცემი) ექვემდებარება რეგისტრაციას. შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო მოთხოვნის, კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი შესაბამისი დოკუმენტების (სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონით დადგენილი წესით შედგენილი და დამოწმებული ყრილობის ოქმი (სათათბიროს სხდომის ოქმი)) წარმოდგენის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე ხელმძღვანელობასა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების დადგენილი წესით რეგისტრაციის თაობაზე.

პატივისცემით,

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების

რეგისტრაციის სამსახურის უფროსი

მანანა ცინაძე