Print

ქართული სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხისათვის

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პოლიტიკური გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“] თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბ-ნ გიორგი გახარიას!

უნდა ვიყოთ თანამიმდევრულები

 

ბატონო გიორგი!

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ - თქვენ, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრი:

იქნებით ერთგული, თქვენს მიერვე ა.წ. 24 აპრილის კონფერენციაზე გაკეთებული განაცხადისა - უკრაინაში, საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის სახელმწიფოს ვერტიკალის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს შესაძლო ქმედებების; და

ყველა, თქვენს ხელთ არსებული სამართლებრივ ბაზაზე დაყრდნობით, წინ აღუდგებით საქართველოსთვის, სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის შელახვის ნებისმიერ ქმედებას.

 

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად - ა.წ. 7 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ქართული სახელმწიფოებრივი ღირსების შემლახავი გადაწყვეტილება მიიღო:

 

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

 

7 მაისს გამოცემული ბრძანებულების თანახმად კომიტეტის თავმჯდომარე წინასწარ განსაზღვრავს რეფორმების ეროვნული საბჭოს შეხვედრების გამართვის საკითხს და განიხილავს გარკვეულ სფეროებში გასატარებელ რეფორმებს.... ის წარმოადგენს კომიტეტს უკრაინის პრეზიდენტის, სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებების, სხვა ორგანიზაციების მიერ შექმნილ სხვა დამხმარე ორგანოებთან თანამშრომლობით.

აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე რეფორმების ეროვნული საბჭოს სახელით წარმოადგენს რეფორმების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებებს აღმასრულებელ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ასოციაციებთან და მედიასთან ურთიერთობაში... მას ევალება უკრაინაში რეფორმების გატარება და მისი ეფექტიანობის მონიტორინგი.“

 

ჩვენ, ჯერ კიდევ ა.წ. 27 აპრილს მოგმართეთ „ღია წერილით“, საიდანაც აღებული კითხვის ფრაგმენტით გვინდა წინამდებარე „ღია მიმართვა“ დავასრულოთ:

 

„ბუნებრივად ჩნდება კითხვა:

„რა განსხვავებაა“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებასა [რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოყვა]

და

უკრაინის სახელმწიფოს მიერ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების დამცირებისაკენ მიმართულ ქმედებას შორის?

რუსეთის ფედერაცია თავის საქციელს, ჩვენთვის მიუღებელ, მაგრამ მისთვის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირებს...

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია რა სტრატეგიულ მიზანს ისახავს უკრაინის სახელმწიფოს მიერ, საქართველოში ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა?

 

ბატონო გიორგი!

უკრაინის სახელმწიფოს მიერ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა, მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფოს საშინაო საქმებში უხეშ ჩარევად, რაც დაუყოვნებლივ უნდა აისახოს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ ურთიერთობაში.

იმედს ვიტოვებთ, ქართულ სახელმწიფოს, თქვენი სახით პრემიერ მინისტრად ყავს პიროვნება, რომლისთვისაც მთავარი - სახელმწიფოს ღირსების სათანდო დონეზე დაცვაა.

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

პატივისცემით

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

თავმჯდომარე

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

2020 წლის 7 მაისი