Print

5 ივნისი 2012 წელი - პარლამენტის თავმჯდომარეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით ბაქრაძეს!

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი  ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

 

მიმართვა

ბატონო დავით!

„საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად: საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, ოთხი წლის ვადით აირჩევა [იხ. მუხლი 49-1].

კონსტიტუციური ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, რომლის პირველი სხდომაც 2008 წლის 7 ივნისს გაიმართა, თავისი - ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა - 2012 წლის 7 ივნისს ამოეწურება. მაშასადამე:

2012 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული, 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტის საქმიანობა მომქმედ კანონმდებლობასთან მოვა წინააღმდეგობაში, ანუ - ანტიკონსტიტუციური იქნება.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი, ეყრდნობა რა ქვეყანაში მომქმედ კონსტიტუციურ მოთხოვნებს, მოგმართავთ თხოვნით, რათა:

1. საქართველოს პარლამენტის საქმიანობა, შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „საქართველოს კონსტიტუციასთან“ [მუხლი 49-1];

2. უახლოესი 48 საათის განმავლობაში მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა [მუხლი 61-2], წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით [მუხლი 61-3]:

ა) პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა [54-ე მუხლის 1 პუნქტი];

ბ) პარლამენტის წევრთა მხრიდან დადგენილ გასამრჯელოს მიღებაზე უარის თქმა [53-ე მუხლის 3 პუნქტი].

თუკი, მიზეზთა გამო, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტი უარს იტყვის - თავისი საქმიანობის მომქმედ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ეს უდავოდ გახდება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, რამეთუ სახეზე იქნება:

1. საქართველოს პარლამენტისა და მისი წევრების მიერ ხელისუფლების უზურპაციას;

2. საქართველოს პარლამენტისა და მისი წევრების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება;

3. საქართველოს პარლამენტისა და მისი წევრების მიერ საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვა.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პარლამენტი - ზოგადად, და მისი თითოეული წევრი გამოიჩენს კეთილგონიერებას, და თავის საქმიანობას არ დააყენებს მომქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებს მიღმა.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი


ტელ.:

5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა

- This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი,

2012 წ. 5 ივნისი