Print

10 სექტემბერი 2012 წ. - მიმართვა პროკურატურას

საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ მურთაზ ზოდელავას!

 

„უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 ლასკარის

მიმართვა

ბატონო მურთაზ!

2012 წლის 7 თებერვალს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბატონ ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაკეთებულ მიმართვაში ვწერდით:


ოცი წლის წინ საქართველოში შეიარაღებული გამოსვლის გზით კანონიერი ხელისუფლების დამხობამ, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას.


„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ სრულიად ეთანხმება 1992 წ. 13 მარტს, ქ. გროზნოში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის ძალითაც:

“1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, დაკვალიფიცირებულ იქნეს, როგორც - სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი.


გიგზავნით რა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 21 იანვრის სხდომაზე მიღებულ დოკუმენტს - “1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის”, იმედს ვიტოვებთ, რომ გაიზიარებთ მათში გადმოცემულ ჩვენს მოთხოვნებს, და შესაბამისი გამოხმაურებით მხარს დაუჭერთ მის - შემდგომ მსვლელობაში მიცემის საკითხს.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.


დანართი:

“1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის”, თბ., 2012 წ., გვ. 56.“

[წერილის ჩაბარების № 01/8311, 07.02.2012 წ.].


აღნიშნულ თანდართულ დოკუმენტში, კერძოდ ვკითხულობთ:

„...1991 წლის 22 დეკემბრიდან დაიწყო კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული გზით ქვეყნის მმართველობიდან ჩამოცილება, რაც 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭოსა (თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი) და დროებითი მთავრობის (თავმჯდომარე თენგიზ სიგუა) შექმნით დამთავრდა - ჩამოგდებულად გამოცხადდა პრეზიდენტი, გაუქმებულ იქნა უზენაესი საბჭო და ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია. ამავე დროს, პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და „დემოკრატიის მებრძოლთა არმიაში“ ჩართეს დაახლოებით 4000-მდე პატიმარი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დაინახა რა, რომ ომის გაგრძელებას სისხლისღვრა და დედაქალაქის სრული ნგრევა მოჰყვებოდა, 1992 წლის 6 იანვრის გამთენიას დატოვა საქართველოს ტერიტორია.

1992 წლის 6 იანვრიდან, ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ხუნტამ დაიწყო ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის მომხრეთა რეპრესიები და სიკვდილით დასჯა. თბილისსა და საქართველოს ბევრ სხვა ქალაქში იმართებოდა მოსახლეობის მრავალათასიანი დემონსტრაციები და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, საქართველოს პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს მხარდასაჭერად.

საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აგრძელებდა თავის მოღვაწეობას დევნილობაში. 1992 წლის 13 მარტს, ქ. გროზნოში გამართულ სესიაზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება;

2. არაკანონიერი ხელისუფლების სტრუქტურების „სამხედრო საბჭო“ და ა.შ. შექმნა კვალიფიცირებული იქნეს, როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3. ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფ-ლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ;

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი;

5. საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ უკანონო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისაკენ“ [იხ. იქვე, გვ. 39-40].

მეორეს მხრივ, საქართველოს 2003/2004 წლის მოწვევის პარლამენტის მიერ, 2005 წლის 11 მარტს მიღებულ „საქართველოს პარლამენტის დადგენილება”-ში: „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ”, ვკითხულობთ:

- „საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლო-ბისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”.

ამდენად, სახეზე გვაქვს ორი უმაღლესი საკანონმდებლო სტრუქტურის მიერ მიღებული დადგენილება:

1. 1990-1995 წლების მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული  დადგენილება - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, სადაც ნათლად ჩანს საკანონმდებლო ორგანოს პოზიცი:

- „1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი...“ [1992 წ. 13 მარტი]; და

2.  2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ,  მიღებული დადგენილება  -  „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ”, სადაც ასევე ნათლად ჩანს საკანონმდებლო ორგანოს პოზიცია:

- „1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება...“ [2005 წ. 11 მარტი].

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარი,

მოგმართავთ თხოვნით,

რათა:

1. 1990-1995 წლების მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული  დადგენილების - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“ [1992 წ. 13 მარტი], და - 2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ,  მიღებული დადგენილების -  „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ” [2005 წ. 11 მარტი] საფუძველზე:

- აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა 1991/1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას“;

2. ზემოხსენებული სისხლის სამართლის აღძვრის დღიდანვე გამოძიების დასასრულამდე, როგორც მინიმუმ, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კერძო პირსა თუ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას, აეკრძალოს აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, მათ შორის 2012 წლის 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეჩერების ჩათვლით.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პროკურატურა, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის წვლილს შეიტანს საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეთა კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლების საქმეში, რაც გახდება კიდეც  ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამყარების მტკიცე საფუძველი.

ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ხელმძღვანელი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი


ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი,  2012 წ. 10 სექტემბერი