Print

2012 წ. 5 ნოემბრის მიმართვა - ბ. ივანიშვილს

საქართველოს  პრემიერ-მინისტრს

ბიძინა ივანიშვილს!

ღია მიმართვა:

გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!

ბატონო ბიძინა!

2012 წ. 29 ოქტომბრის მომართვის შემდგომად, გვინდა რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი, წარმოგიდგენთ - საქართველოს კონსტიტუციურ ნორმებზე დაყრდნობით გაკეთებულ პოლიტიკურ ანალიზს - საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით მოსალოდნელი ქმედებების თაობაზე.

დანართის სახით წარმოგიდგენთ საგაზეთო მასალას, რომელიც გაზ. „... უფალია ჩვენი სიმართლე”-ს 2012 წ. 3 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

 

დანართი:

წერილი - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროითი საკითხისათვის”, 4 გვ.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,

2012 წლის 5 ნოემბერი,

ტელ.: 5 (91) 63-63-36

 

 

მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის

დროითი საკითხისათვის

 

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მყოფი - „ნაციონალური მოძრაობა“, მიზეზთა გამო, იძულებული გახდა ღიად დაეფიქსირებინა თავისი მარცხი და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების მზაობა.

2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის ცხრაწლიანი მმართველობითი სტილისათვის, ერთგვარად „შეუფერებელი“ საქციელი, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, შეფასდა, როგორც - საქართველოში დამკვიდრებული დემოკრატიული გარემოს დამადასტურებელი ფაქტი.

არჩევნების დამთავრებისა და წინასწარი [სავარაუდო] შედეგების დაფიქსირებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში, მ. სააკაშვილმა „მშვიდი“ სახით აღიარა საკუთარი გუნდის მარცხი, და, როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტმა, გამარჯვებული ძალისადმი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის პირობა დადო.

ამ დღიდან მოყოლებული „პოზიციიდან“ ოპოზიციაში გადასული მ. სააკაშვილი და მისი გუნდი, ყოველ ხელსაყრელ მომენტში ხაზს უსვამს, მათი მხრიდან - კონსტიტუციურ მოთხოვნათა უპირობოდ დაცვის მზაობას.

არადა, სახეზე გვაქვს აშკარად გამოხატული ორხელისუფლებიანობა - მთავრობას აკომპლექტებს არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, თუმცა, მათდამი ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტს, კონსტიტუციის მიხედვით, სრული ბერკეტები აქვს - „კანონის“ ფარგლებში, მისთვის სასარგებლოდ შეცვალოს პოლიტიკური მდგომარეობა.

მოდით, საუბარი - მთავრობის ფორმირების წესის განხილვით განვაგრძოთ.

 

მთავრობის ფორმირებისათვის გამოყოფილი ვადები

 საქართველოში დღეს მომქმედი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს - „...მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე“ [მუხლი 78,1].

მთავრობის ფორმირებაში მთავარი როლი აქვს პრეზიდენტს. იგი - „...ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, თანხმობას აძლევს პრემიერ-მინისტრს მთავრობის წევრის – მინისტრის დანიშვნაზე“ [მუხლი 73,1-ბ]; და კიდევ

- „საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლია დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე“ [მუხლი 80,1].

პარლამენტს - უფლება აქვს მოუსმინოს ახლადჩამოყალიბებულ სამთავრობო გუნდს და დაამტკიცოს, ან არ დაამტკიცოს იგი.

მოდით ვნახოთ, კონსტიტუციის მიხედვით, რა მაქსიმალური ვადებია გამოყოფილი მთავრობის საბოლოო ფორმირებისათვის

- „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში – მთავრობის წევრების კანდიდატურებს. ამ პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად“ [მუხლი 80,2].

ამდენად, ახალი მთავრობის ფორმირებისა და მისი პარლამენტში წარდგენისათვის პრეზიდენტს მაქსიმუმ - ოცდღიანი ვადის გამოყენების უფლება აქვს.

ამის შემდგომად - „პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობისგამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში...“ [მუხლი 80,3].

მაშასადამე, მთლიანობაში,ახალი მთავრობის საბოლოო ფორმირებას შეიძლება დასჭირდეს მაქსიმუმ - 30 დღე [7 + 10 + 3 + 7 + 3].

ბუნებრივია, რომ შესაბამისი გარემოებებისა გამო [პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ნება], მთავრობის საბოლოო ფორმირება შეიძლება უფრო მოკლე ვადაშიც განხოეციელდეს. ასე მაგალითად:

პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა შეიძლება ერთ დღეში შეარჩიოს;

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრობის კანდიდატები პრეზიდენტთან - ერთ დღეში შეათანხმოს;

პრეზიდენტმა ახალი სამთავრობო გუნდი პარლამენტს - ერთ დღეში წარუდგინოს;

მიზეზთა გამო, პარლამენტმა ახალი სამთავრობო გუნდისადმი საკუთარი [დადებითი] დამოკიდებულება: 1-7 დღის ვადაში შეიძლება გამოხატოს;

მთავრობის წევრები, პარლამენტის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებიდან - ერთ დღეში შეიძლება დაინიშნონ.

ასეთ შემთხვევაში, ახალი სამთავრობო გუნდის საბოლოო ფორმირების საკითხი შეიძლება: 1 + 1 + 1 + [1-7] + 1 = 5 – 11  დღეში გაირკვეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომქმედი საკონსტიტუციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი მთავრობის საბოლოო ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხი - მინიმუმ: 5-11, ხოლო მაქსიმუმ - 30 დღეში შეიძლება გაირკვეს.

 

პოლიტიკური კრიზისის შესაძლო გამოწვევის მიზეზი

 

საქართველოში მომქმედი კონსტიტუციის თანახმად - „პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

ბ) პარლამენტის მიერ კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში“ [მუხლი 511, ა-დ].

მეორეს მხრივ, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნა შეიძლება ორი ძირითადი მიზეზით მოხდეს:

1. „თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 80,5];

2. „1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან არ იზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტი არა უადრეს 90 და არა უგვიანეს 100 დღისა კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. 511 მუხლის „ა“ _ „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას უნდობლობის გამოცხადების შესახებ განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს ამ გარემოებების ამოწურვიდან 15 დღეში...

4. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დასვას მთავრობის ნდობის საკითხი პარლამენტში განსახილველ სახელმწიფო ბიუჯეტის, საგადასახდო კოდექსის და მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტებზე. პარლამენტი მთავრობას ნდობას უცხადებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 81,1; 4].

ამდენად, პრეზიდენტის მიერ, პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს:

1. ახალი მთავრობის, ან

2. „სახელმწიფო  ბიუჯეტის, საგადასახდო კოდექსის და მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის“ დაუმტკიცებლობის საბაბით.

სამთავრობო გუნდის მიმართ პრეზიდენტისა და პარლამენტის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, კონსტიტუცია მათ ასეთ უფლებებს განუსაზღვრავს:

საქართველოს პრეზიდენტი - „...უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები“ [მუხლი 73,1-გ].

საქართველოს - „პარლამენტი უფლებამოსილია დადგენილებით აღძრას მთავრობისთვის უპირობო უნდობლობის გამოცხადების საკითხი. თუ დადგენილების მიღებიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, მთავრობის უნდობლობის საკითხის დასმა შემდგომი 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია“ [მუხლი 81,2].

ამდენად, ახალი სამთავრობო გუნდის ბედის გადაწყვეტა ცალსახადაა დამოკიდებული: ერთის მხრივ - საქართველოს პრეზიდენტისა და მეორეს მხრივ - პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის, ანუ მინიმუმ 90 დეპუტატის ნებაზე.


პრეზიდენტის „კეთილი ნება“,

თუ შექმნილი რეალობით გამოწვეული იძულება

დღეს მომქმედი კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობის ფორმირების ერთპიროვნული ინიციატორი - პრეზიდენტია.

მოდით შევეცადოთ გავერკვეთ იმ ქვედინებებში, რამაც მ. სააკაშვილი აიძულა - უარი ეთქვა მისთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების გამოყენებაზე.

კონსტიტუციით, ახალი მთავრობის დასამტკიცებლად, ანუ მისადმი - „...პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა..“ [მუხლი 80,3], რაც მინიმუმ - 76 დეპუტატის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის თანახმად, უფლება აქვს მისთვის სასურველი სამთავრობო გუნდი წარუდგინოს პარლამენტს. ბუნებრივია, რომ მხარდაჭერისათვის საჭირო რაოდენობის სადეპუტატო მანდატის არქონის გამო, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა მ. სააკაშვილის მიერ ერთპიროვნულად შედგენილ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

ასეთ შემთხვევაში, როგორც ითქვა, კონსტიტუცია შემდეგ პროცედურას ითვალისწინებს

- „თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 80,5].

პარლამენტისთვის სამთავრობო გუნდის სამჯერადი წარდგენის პროცედურა, მომქმედი საკონსტიტუციო ვადების თანახმად: მინიმუმ - 3-ჯერ [5-11], ანუ: 15-33; ხოლო მაქსიმუმ - 3-ჯერ 27, ანუ: 81 დღიან მონაკვეთს მოიცავს.

კონსტიტუციის თანახმად კი, როგორც ვიცით - „პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში“ [მუხლი 511, ა; დ].

ამდენად, მ. სააკაშვილი, ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიან გადაბარების პროცედურას, არა საკუთარი კეთილი ნების გამო თანხმდება [დათანხმდა], არამედ ამის გაკეთებას მას საკონსტიტუციო ნორმა აიძულებს.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ ახალი პარლამენტის არჩევის დროს - 2012 წ. 1 ოქტომბერს, და მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს - 2013 წ. ოქტომბერს, მაშინ გამოდის, რომ - მ. სააკაშვილს, მისთვის არასასურველი შემადგენლობის პარლამენტის დათხოვნა შეუძლია მხოლოდ:

2012 წ. 1 ოქტომბრიდან 6 თვის შემდეგ, და

2013 წ. ოქტომბრიდან  6 თვით ადრე, ანუ მხოლოდ - 2013 წლის აპრილის თვეში.

მ. სააკაშვილი სწორედ ამის გამო გახდა იძულებული დათანხმებოდა მისთვის არასასურველი სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბებას, ანუ ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას.


პროცესების სავარაუდო განვითარების მონახაზი

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, საქართველოს მომქმედი პრეზიდენტი მ. სააკაშვილი - დემოკრატი მმართველის ნიღბით აღიჭურვა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის გეგმას - „დიდსულოვნად“ დათანხმდა.

საკონსტიტუციო ვადების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ახალი სამთავრობო გუნდი, 2013 წლის იანვრამდე, პარლამენტის დიდი მხარდაჭერის პირობებში, უპრობლემოდ მოახერხებს წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის დათხოვნას - ბიუჯეტის პროექტის არ მიღების საბაბით, ვერ შეძლებს.

მისთვის სასურველი პოლიტიკური მდგომარეობის შექმნის მიზნით, მ. სააკაშვილსა და მის გუნდს შემდეგი გზა რჩებათ:

1. ხელი შეუწყონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ახალი სამთავრობო გუნდის ფორმირება [რაც უკვე განახორციელეს კიდეც];

2. მაქსიმალურად გამოავლინონ მთავრობის სავარაუდო შეცდომები, და საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით მოახერხონ მთავრობისთვის სახელის გატეხვა [გაიხსენეთ ახლად არჩეული პარლამენტის პირველსავე სხდომიდან მოყოლებული „ნაცების“ მხრიდან წამოსული ბრალდებები];

3. პარლამენტის დათხოვნისათვის ხელსაყრელი - 2013 წლის აპრილის თვემდე მაქსიმუმ 81 დღით ადრე, საბოლოოდ შეამზადონ ნიადაგი, მათთვის არასასურველი მთავრობის გადაყენებისათვის.

პარლამენტის დათხოვნა შეიძლება მოხდეს 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის ამოწურვის, ანუ - 2013 წ. 1 აპრილის შემდეგ, ვიდრე - 30 აპრილამდელი დროის ნებისმიერ დღეს.

პარლამენტის დათხოვნის წინაპირობათა შექმნისათვის საჭირო, ზემოთ გამოთვლილი 81 დღიანი მიჯნის - აპრილის თვის 1-30 რიცხვებიდან უკუათვლით, ვიღებთ 2013 წ, 9 იანვრიდან - 8 თებერვლამდე დროის მონაკვეთს.

შესაბამისად, თუკი მ. სააკაშვილი და მისი გუნდი მათ ხელთ დაგროვილ „მამხილებელ“ მასალას საკმარისად ჩათვლის, მაშინ - საქართველოში, მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას [დადგომას], როგორც მინიმუმ - 2013 წლის იანვარ-თებერვლის თვის გასაყარზე შეიძლება [უნდა] ველოდოთ.

ასეთ შემთხვევაში მ. სააკაშვილი, მისთვის იმ მომენტისათვის სასურველი ნებისმიერი მიზეზით, საკუთარი ინიციატივით გადააყენებს მთავრობას [მუხლი 73,1-ბ], და იმოქმედებს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა სრული დაცვით.

იმ შემთხვევაში, თუკი ბ. ივანიშვილი და მისი გუნდი „არასაკმარის“ შეცდომებს დაუშვებს, მაშინ, დროის მოგების მიზნით, მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივად ამუშავდება მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო მინიმალური საკონსტიტუციო ვადები, კერძოდ:

მ. სააკაშვილი უმოკლეს დროში [მაგ. 1 დღეში] შეარჩევს პრემიერ-მინისტრის მისთვის სასურველ კანდიდატურას;

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან უმოკლეს დროში [მაგ. 1 დღეში] შეათახმებს სამთავრობო გუნდს;

პრეზიდენტი უმოკლეს დროში [მაგ. 1 დღეში] წარუდგენს პარლამენტს მთავრობის ახალ გუნდს;

დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით, პარლამენტი სავარაუდო: 1-7 დღიან ვადას გამოიყენებს, და ბუნებრივია რომ არ დაამტკიცებს მისთვის არასასურველ მთავრობას.

ყოველივე ამას, სავარაუდოდ: 4-10 დღე დასჭირდება.

ახალი მთავრობის წარდგენის პირველი პროცედურის დამთავრების შემდეგ, კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, ასე განმეორდება კიდევ მინიმუმ ორჯერ, და საბოლოოდ, სავარაუდო: 12-30 დღიანი დაპირისპირების „დამთავრებიდან“, მ. სააკაშვილი - იხელმძღვანელებს კონსტიტუციური მოთხოვნების სრული დაცვით, კერძოდ:

– „თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 80,5].

ამდენად, აქ მოცემული 5 + 5 = 10 დღიანი მონაკვეთის გათვალისწინებით [რაც შეიძლება: 1 + 1 = 2 დღემდეც დავიდეს], მ. სააკაშვილს, მისთვის არასასურველი მთავრობის სავარაუდო გადაყენებიდან: მინიმუმ - 14, და მაქსიმუმ - 40 დღის შემდეგ, კონსტიტუციური მოთხოვნების სრული დაცვით შეეძლება - დაითხოვოს პარლამენტი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წ. 1-30 აპრილიდან უკუათვლით, პარლამენტის დათხოვნის წინაპირობათა შემზადებისათვის საჭირო მინიმალური -14, და მაქსიმალური - 40 დღიანი მიჯნების გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მხრიდან ბ. ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო გუნდის დათხოვნას შეიძლება ველოდოთ:

- მინიმალური 14 დღიანი დროის გათვალისწინებით: 2013 წ. 17 მარტიდან - 16 აპრილამდე; ხოლო

- მაქსიმალური 40 დღიანი დროის გათვალისწინებით: 2013 წ. 9 თებერვლიდან - 21 მარტამდე.

მაშასადამე, თუ შევაჯერებთ აღნიშნულს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მ. სააკაშვილი, მისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების გამოკვეთის შემდეგ, ბ. ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ სამთავრობო გუნდის დათხოვნისა და ახალი - დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ნაბიჯებს - 1. ან: 2013 წ. 9 იანვრიდან - 8 თებერვლამდე, 2. ანდა: 2013 წ. 9 თებერვლიდან 16 აპრილამდელ დროით მონაკვეთში გადადგავს.

დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისა და პარლამენტის დათხოვნის შემდეგ, მ. სააკაშვილი, დაეყრდნობა რა კონსტიტუციის 50-ე მუხლის 21 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს, 2013 წლის ოქტომბერში ერთდროულად დანიშნავს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს.

ყოველივე აღნიშნულის ფონზე, მოდით ვნახოთ დღევანდელ საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით - არის თუ არა შესაძლებელი თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისი.

 (გაგრძელება იქნება)