Print

2012 წ. 22 ნოემბრის ღია მიმართვა პარლამენტს

2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის

საქართველოს პარლამენტის

უმრავლესობის წევრებს

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

ღია მიმართვა

 

2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში დამკვიდრებულმა პოლიტიკურმა გუნდმა, მოგვიანებით [2006 წ. 27 დეკემბერსა და 2008 წლის 11 მარტს] განხორციელებული - [ანტიკონსტიტუციური] საკონსტიტუციო ცვლილებებით, საკონსტიტუციო ნორმათა ურთიერთწინააღმდეგობის რეალური საფუძველი შექმნა. კერძოდ:

- ერთის მხრივ, 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია, მკაცრად განსაზღვრავს, რომ - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“ [მუხლი 70,1];

- მეორეს მხრივ, 2006 წ. 27 დეკემბერს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ - „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 70,9].

ვითვალისწინებთ რა დღეს შექმილ რეალობას, გთავაზობთ კონკრეტულ მექანიზმს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელი ხდება  კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გარეშე, მოვახერხოთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა.

თავიდანვე მკაცრად უნდა განისაზღვროს, რომ კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის მოთხოვნიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ყოველი ვადაგადაცილებული დღე - ანტიკონსტიტუციურია, ანუ - დაუშვებელია.

მაშასადამე, 2013 წლის 5-20 იანვრის პირველივე დღიდან, იქმნება სიტუაცია, რომლის ძალითაც მ. სააკაშვილს აღარ ექნება - კანონიერად, თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციაში შემდეგი მოთხოვნაა გათვალისწინებული:

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე..“ [მუხლი 76,1].

მოდით, აქ დაფიქსირებული ორივე შემთხვევა განვიხილოთ:

- აშკარაა, რომ 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წ. 5-20 იანვარს ამოეწურება. შესაბამისად, ამ დროიდან ათვლით მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოცილება, ვერ იქნება - „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევა“;

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წლის 5-20 იანვრის შემდეგ, ძალაში შედის მუხლი 76,1-ის პირველი მოთხოვნა, ანუ სახეზე იქნება - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის“ მდგომარეობა.

მაშასადამე, 2013 წლის 5-20 იანვრამდე, მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის ნორმათა [მუხლი 70,1] სრული დაცვით ექნება საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაკავებული; და მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმის [მუხლი 5,3 და მუხლი 70,1] დარღვევა, მხოლოდ - 2013 წ. 20 იანვრის შემდგომად, პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში დაფიქსირდება; რაც პარლამენტს, მ. სააკაშვილის - „...იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება“-ს [მუხლი 63,1] აძლევს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 63-ე და 75-ე მუხლებით გათვალისწინებული - იმპიჩმენტის წესით სარგებლობის უფლების არ [ვერ] გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა, პრობლემის კონსტიტუციურ მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის მიზნით, 2012 წლის 21 დეკემბრამდე [საშემოდგომო სესიის ბოლო დღემდე] უნდა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი, სავარაუდოდ ასეთი სახის უნდა იყოს:

 

პროექტი

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

„მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის

ამოწურვასთან დაკავშირებით“

 

1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით - „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“;

2. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“;

3. ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილი მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს იწურება; და

4. ვითვალისწინებთ რა, რომ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით - 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვექნება მ. სააკაშვილის მხრიდან - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევასთან,

ვადგენთ:

1. კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს - 2013 წ. 20 იანვარს;

2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი ექნება - საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს;

4. მიღებული გადაწყვეტილება ამოქმედდეს - 2013 წ. 20 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დ. უსუფაშვილი

 


ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, 2013 . 20 იანვრიდან . სააკაშვილი დაამთავრებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიან ვადას, ხოლო 2013 წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღისათვის დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, დროებით [მუხლი 76.1] - საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე შეასრულებს.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, გამოიჩენს თანამდებობრივ გულგრილობას და უახლოეს დღეებში არ დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ მუხლებზე დაყრდნობით გათვალისწინებულ ქმედებას, მაშინ:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო „ლასკარი“, უფლებამოსილი და ვალდებული იქნება  თხოვნით მიმართოს საქართველოს პროკურატურას, რათა:

აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მაფორმირებელ წევრთა მიმართ, მათი მხრიდან დაკავებული თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტის გამო.

   იმედი გვაქვს თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ნოემბერი,

ტელ.: 5 (91) 63-63-36