Print

2012 წ. 24 ნოემბრის მიმართვა - საქართველოს პარლამენტს: დ. უსუფაშვილსა და ვ. ხმალაძეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

დავით უსუფაშვილს!

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს

ვახტანგ ხმალაძეს!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

ღია მიმართვა

 

ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში დამკვიდრებულმა პოლიტიკურმა გუნდმა, მოგვიანებით [2006 წ. 27 დეკემბერსა და 2008 წლის 11 მარტს] განხორციელებული - [ანტიკონსტიტუციური] საკონსტიტუციო ცვლილებებით, საკონსტიტუციო ნორმათა ურთიერთწინააღმდეგობის რეალური საფუძველი შექმნა. კერძოდ:

- ერთის მხრივ, 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია, მკაცრად განსაზღვრავს, რომ - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“ [მუხლი 70,1]. შესაბამისად მ. სააკაშვილს - საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიანი ვადა, 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, 2013 წ. 5-20 იანვარს ეწურება;

- მეორეს მხრივ, 2006 წ. 27 დეკემბერს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ - „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 70,9]. რომლის ძალითაც, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დრო კიდევ 9 თვით უხანგრძლივდება.

ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

ვითვალისწინებთ რა დღეს შექმილ რეალობას, გთავაზობთ კონკრეტულ მექანიზმს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელი ხდება  კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გარეშე მოვახერხოთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა.

თავიდანვე მკაცრად უნდა განისაზღვროს, რომ კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის მოთხოვნიდან გამომდინარე [„არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“],  კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ყოველი ვადაგადაცილებული დღე - ანტიკონსტიტუციურია.

მაშასადამე, 2013 წლის 5-20 იანვრის პირველივე დღიდან, იქმნება სიტუაცია, რომლის ძალითაც მ. სააკაშვილს აღარ ექნება - კანონიერად, თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციაში შემდეგი მოთხოვნაა გათვალისწინებული:

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე..“ [მუხლი 76,1].

 ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

კონსტიტუციის მუხლი 76,1-ი, როგორც ვხედავთ ორ შემთხვევას ითვალისწინებს:

- აშკარაა, რომ 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წ. 5-20 იანვარს ამოეწურება. შესაბამისად, ამ დროიდან ათვლით მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოცილება, ვერ იქნება - „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევა“;

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წლის 5-20 იანვრიდან, ანუ მ. სააკაშვი-ლისათვის 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ძალაში შედის მუხლი 76,1-ის პირველი მოთხოვნა, ანუ სახეზე იქნება - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის“ მდგომარეობა.

მაშასადამე, 2013 წლის 5-20 იანვრამდე, მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის ნორმათა [მუხლი 70,1] სრული დაცვით ექნება საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაკავებული; და მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმის [მუხლი 5,3 და მუხლი 70,1] დარღვევა, მხოლოდ - 2013 წ. 20 იანვრის შემდგომად, პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში დაფიქსირდება.

 ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა, პრობლემის კონსტიტუციურ [მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის მიზნით, 2012 წლის 21 დეკემბრამდე [საშემოდგომო სესიის ბოლო დღემდე] უნდა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი, სავარაუდოდ ასეთი სახის უნდა იყოს:

პროექტი

 საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

„მიხეილ სააკაშვილისთვის

2013 წლის 20 იანვარს

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის

ამოწურვასთან დაკავშირებით“

1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით - „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“;

2. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“;

3. ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილი მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს იწურება;

და

4. ვითვალისწინებთ რა, რომ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით - 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვექნება მ. სააკაშვილის მხრიდან - „საქარ-თველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევასთან,

ვადგენთ:

1. კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს - 2013 წ. 20 იანვარს;

2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი ექნება - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს;

4. მიღებული გადაწყვეტილება ამოქმედდეს - 2013 წ. 20 იანვრიდან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დ. უსუფაშვილი

 

ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის მუხლი 67,1-3 შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დაფიქსირების შემდეგ, მისაღებ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს - „კანონის“, „ორგანული კანონის“ ან „კონსტიტუციური შეთანხმების“ სახე [იხ. მუხლი 66].

კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, ამდაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგი მოთხოვნის დაცვაა საჭირო:

„1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა [რაც - მინიმუმ 50 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.], თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

11 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი [რაც - მინიმუმ 90 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.].

2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი... [რაც - მინიმუმ 76 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.]“ [მუხლი 66,1-2].

ჩვენის აზრით, სასურველია თუკი აღნიშნული დადგენილება - „კონსტიტუციური შეთანხმების” სახით, ანუ - 90 სადეპუტატო ხმით იქნება მიღებული, რამეთუ კონსტიტუციის მუხლი 68,4-ის თანახმად პრეზიდენტის მიერ დაწუნებული კანონპროექტის საბოლოო მისაღებად, სწორედ - 90 სადეპუტატო ხმაა საჭირო.

 ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

დადგენილების საბოლოო მიღებიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული 7 დღის თავზე - „თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“ [მუხლი 68,5], საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალაში შესულად ჩაითვლება, ხოლო ამოქმედდება - 2013 წლის 20 იანვრიდან.

ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან  გამოსვლა, საქართველოს კონსტიტუციის ყველა მოთხოვნის [კერძოდ: მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] დაცვით იქნება შესაძლებელი:

- 2013 წ. 20 იანვრიდან მ. სააკაშვილი დაამთავრებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიან ვადას, ხოლო

- 2013 წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღისათვის დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, დროებით [მუხლი 76.1] - საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე შეასრულებს.

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 ნოემბერი,

ტელ.: 5 (91) 63-63-36